ლიტერატურა

კაზუო იშიგურო – არასოდეს გამიშვა

ერთერთი ყველაზე ინგლისური რომანი იაპონელმა დაწერაო, ამბობდნენ ამ წიგნზე. ფრანგებს რომ ეხებოდეთ საქმე, შეიძლება ჩემი აზრიც გამომეთქვა, მაგრამ ინგლისელებზე თავს შევიკავებ. ზოგადად წიგნზე მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მრავალი წვრილმანი დეტალის გამო უფრო მომეწონა, ვიდრე მთლიანად შინაარსის გამო.

არაფერს ველოდი წიგნის კითხვა რომ დავიწყე, წარმოდგენა არ მქონდა რას ვკითხულობდი და იმედგაცრუებასა თუ ზედმეტ აღფრთოვანებასაც არ ჰქონია ადგილი, მაგრამ თხრობის ტონმა წარუშლელი კვალი დატოვა ჩემზე.

ყველაფერი ნაბიჯ–ნაბიჯ ირკვევა. წინასწარ თუ არ იცით, მესამედს მაინც ისე წაიკითხავთ, ვერ მიხვდებით რას მიაწეროთ თხრობის ტონი, უცნაურობა, აქა–იქ განგებ გამოტოვებული თუ განზრახ გამორჩენილი დეტალები. გაგიჭირდებათ იმ არაადამიანურობის ახსნა, რაც მთხრობელის ტონში შევამჩნიე. არაადამიანურობა იქნებ მეტისმეტიც კი იყოს, მაგრამ ახსნას არ დაგიწყებთ, წაკითხვის გარეშე ვერ მიხვდებით, თანაც საკუთარი შთაბეჭდილება თუ მოგახვიეთ თავს, საკუთარს დაკარგავთ, ვინ იცის როგორს…

ლიტერატურული თვალსაზრისით, რომანს აქვს შესავალი (მაგრამ არც მთლად ნათელი), კვანძის შეკვრა და… აქვს კვანძის გახსნაც, მაგრამ კვანძის შეკვირსთანავე ცნობილია შედეგიც. მიუხედავად ამისა ბოლო გვერდამდე რთულია მომავლის პროგნოზირება.

პერსონაჟებით გადატვირთული არ გახლავთ რომანი, მთავარი სამი გმირი ყავს. ცოტა უცნაურია ხერხიც, რომლითაც ავტორი ამ პერსონაჟებს გვაცნობს. ერთი გოგონას თვალით დანახული სამყარო ხანდახან ისე არაადეკვატურად აღიქმება, ისეთი კუთხით წარმოაჩენს მოვლენებს, რომ დაბნეულობამ შემიპყრო. რამოდენიმეჯერ პანიკაც შევამჩნიე საკუთარ თავს. მაგრამ იმის თქმა, რომ მეც მსგავსი მომავლის მეშინია, ზედმეტად მიმაჩნია. ალბათ იმიტომ რომ დაცინვას ვუფრთხი.

ადამიანის აღზრდის მრავალფეროვნებაზე ხშირად მიფიქრია, მაგრამ ასეთ მკაცრ “რეალობას” არ შევჯახებივარ. ძნელი წარმოსადგენია, ასე იზრდებოდნენ ბავშვები, ასე გადადიოდნენ ჩვენს – “რეალურ” სამყაროში, ამდენი რამ ესმოდეთ და თან ესოდენ განსხვავებულად.

სიყვარული ყოველგვარ რომანტიკასაა მოკლებული, სექსის ცნება _ უცნაური კუთხით წარმოჩენილი.

საერთოდ ნორმალურად მგონი არც არაფერი მომჩვენებია ამ წიგნში, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც პერსონაჟები მომეწონა. მათი ხასიათის შტრიხები, გაგების უნარი, რაღაცნაირი უშუალობა – ის რასაც ადამიანებში მთელი ცხოვრება ვეძებთ, საკუთარი თავისთვის ვნატრულობთ და ამას ადამიანები კი არა, ამ წიგნის გმირები ახერხებენ.

ადამიანები რომ ვუწოდო, შეიძლება ფაქტი დავამახინჯო. თუმცა ასეთ რაღაცას რომ კითხულობ, ადამიანობა შეურაცხყოფადაც გეჩვენება.

აზრი იმის შესახებ, რომ ვინმეს შეუძლია უბრალოდ ადგეს და გაიქცეს, სცადოს მაინც ეს – წიგნში არ ჩანს. არავის უფიქრია თავად აერჩია საკუთარი ცხოვრება, თავად განესაზღვრა მომავალი. გოგონას ყოველ შემთხვევაში, რომელიც ამბავს ჰყვება, მსგავსი იდეა არ გასჩენია და ვფიქრობ ის გამონაკლისი არ ყოფილა.

რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმში გრძნობები ცოტა უფრო ადამიანურია. რასაკვირველია, ფილმში ხომ ნამდვილი ადამიანები მონაწილეობენ.

ფილმში ეჭვიანობაც კი შეინიშნება, რის კვალსაც წიგნში ვერ მივაგენი. რომანში მთხრობელი გრძნობებს ისე კარგად ნიღბავს, რომ ფინალამდე წარმოდგენა არ მქონდა მის ნამდვილ გრძნობებზე, მაგრამ ფინალში მივხვდი რა მწარედ ვცდებოდი. ფილმმა ამ მხრივ იმედი გამიცურა, არავითარი იდუმალება. ყველაფერი თავიდანვე ცხადია, რაც ფილმს გარკვეულწილად უაზრო სენტიმენტალობას სძენს.

ესეც ის შემთხვევაა, როდესაც ფილმს წიგნი სჯობია, მაგრამ თავისებურად ფილმიც არ არის ცუდი.

მეჩვენება, რომ ბევრი რამ ისე ვერ გავიგე, ბევრი რამ ვერ შევამჩნიე, ბევრი რამ სხვანაირად გადმოვეცი პოსტში…

აი სიმღერაც, რომელიც მთელ წიგნს გასდევს ფონად

ამ სიმღერამაც ძალიან ამიჩუყა გული…

19 thoughts on “კაზუო იშიგურო – არასოდეს გამიშვა”

  1. გილოცავ ახალი სეზონის გახსნას, მადამ სოფი 🙂 აბა შენ იცი, ხშირი და ასეთი საინტერესო განახლებების მოლოდინში ვართ.

    სერიოზული რევიუა. მომეწონა. წიგნი არ წამიკითხავს (არ ვარ იაპონური პროზის მაინცდამაინც დიდი მოყვარული), მაგრამ იაპონელის დაწერილი “ინგლისური რომანით” აშკარად დამაინტერესე და რევიუს დანიშნულებაც ზუსტად ეს არის.

    Like

    1. უღრმესი მადლობა მოლი, ძალიან გამამხნევე ❤
      დიდი სტიმულია ჩემთვის შემდეგი პოსტისთვის

      Like

  2. ახლა რა თავსატეხი გამიჩინე, რა წესია : )) უკვე ერთი სული მაქვს, როდის წავიკითხავ და “საკუთარ თავზე გამოვცდი” ამ წიგნს…

    Like

  3. წიგნი არ წამიკითხავს, მაგრამ ფილმი ძალიან მომეწონა..
    საერთოდაც მსახიობებიც კარგები იყვნენ და შინაარსიც 🙂

    Like

  4. ა, ძალიან მიხარია რომ ფილმი აქამდე არ მინახავს იმის მიუხედავად რომ არაერთხელ დავაპირე. ჯობია ჯერ წავიკითხო 🙂 გადასარევი პოსტია!

    Like

  5. ფილმი ვნახე თუ არა, წიგნიც მოვიძიე, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს, ახლა კი ისევ ძალიან მომინდა, აუცილებლად წავიკითხავ!

    მშვენიერი რევიუა, ძალიან საინტერესოდ დაიწყე ახალი სეზონი ❤

    Like

  6. ძალიან მომეწონა პოსტი, მხოლოდ ფილმი მაქვს ნანახი და მომეწონა, არაყველასნაირია:)

    Like

  7. ისეთი რევიუა, რომ არ მქონდეს წაკითხული, სასწრაფოდ წავიკითხავდი 🙂

    Like

  8. არაჩვეულებრივი პოსტია ❤
    ფილმი ნანახი მქონდა, თუმცა წიგნის არსებობაზე არაფერი ვიცოდი.
    ძალიან დავინტერესდი, იმედია ვიპოვნი რომ წავიკითხო : )

    Like

    1. გმადლობ შეფასებისთვის, ნამდვილად არ ინანებ, წიგნი ბევრად უფრო მძაფრი და უჩვეულოა

      Like

  9. იაპონელები ზოგადად არ არიან ცუდები, თუმცა მიკვირს ინგლისს ასე რომ გაუგეს 🙂

    Like

  10. იქნებ ვინმეს გქონდეთ პდფ? ან დამილინკეთ რომ წავიკითხო

    Like

Leave a reply to Ann Stuarter Cancel reply