24

ერთ კვირაში 24 წლის ვხდები.

ძაღლი მყავს. დობი დავარქვი. უკვე ათი თვისაა. სასწაული ვინმეა. უთბილესი და უსაყვარლესი. ლაპარაკი იცის. მე შტერი გამოვდექი და არ მესმის, რას ამბობს ხოლმე, მაგრამ აშკარად რაღაცებს მეუბნება. ჩვეულებრივი დანაწევრებული მეტყველება აქვს, მკაფიოდ გამოხატული ემოციური ტონით. ნაგვის გადაყრაც ისწავლა. ერთი თქმით ესმის სად მივდივარ და უნდა წამომყვეს თუ არა. ხშირად ჩემს მოსწავლეებსაც აცილებს სახლამდე და მერე ამაყად მოდის უკან. ჩემთან ერთად ვარჯიშობს და ჩემზე მეტადაც იღლება ხოლმე. რამდენიმე დღის წინ ჩემმა დამ იპოვა პატარა ლეკვი. ვიღაც ნაბიჭვარმა ნაძირალამ გადააგდო და საწყალი შიმშილისგან გასიებული იყო. ახლა უკვე კარგად არის, ოღონდ თავისით არ იძინებს, ჩვილი ბავშვივით ხელში აყვანას ითხოვს. იმას ბრუნო დავარქვით. დაახლოებით ორი თვისაა.

ამათ გარდა, წელს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა უნივერსიტეტის დამთავრება იყო. 11 სემესტრის შემდეგ, შეცვლილი ფაკულტეტის შემდეგ, უნივერსიტეტის პარალელურად სამი სამსახურის შემდეგ, ფილტვების ანთებით რამდენიმე დღეში დაწერილი და ერთ საათში “დაცული” საბაკალავრო ნაშრომის შემდეგ, როგორც იქნა დავამთავრე. წარუმატებლად ნამდვილად არა. მაგისტრატურაზე არ ვაბარებ. შემდეგი წლისთვის გადავდე. ვერ ვიტყვი, რომ მენატრება სწავლის პროცესი, ბოლო რამდენიმე სემესტრი ერთი საგნის გამო დავდიოდი უნიში, უკვე დიდი ხანია აღარ “დავრბივარ” ლექცია-სემინარებზე და აღარ ვათენებ გამოცდების წინა ღამეებს. გადავეჩვიე. სამწუხაროდ, სწორედ მაშინ გადავეჩვიე, როცა დროის სწორად განაწილება ვისწავლე და სიზარმაცე მართლა დავძლიე.

მასწავლებელი რომ ვარ, ეს ამბავი ახალი არ არის. ძალიან პოპულარული მასწავლებელი რომ ვარ – ეს არის ახალი. ძალიან ბევრი მოსწავლე მყავს წელს და წარმოუდგენლად ბევრისთვის მომიწია უარის თქმა (როგორღაც, მეც ჯერ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ და მერე არაჩვეულებრივი მასწავლებელი). ისე, ცოტათი მესმის, მცირე ასაკობრივი სხვაობა, საჭირო ცოდნა, ბევრი საერთო ინტერესი – მეც მომეწონებოდა ასეთი მასწავლებელი. მაგრამ ეს აფეთქება რამ გამოიწვია მაინც ვერ გავიგე. და ძალიან მაინტერესებს, რას ფიქრობენ, ღირდა?

წინა წელს, წინა პოსტში, ვამაყობდი, დროის მენეჯმენტი ვისწავლე, ფულისა – ვერა-მეთქი. ცოტათი წინ წავიწიე ამ საკითხში, შედეგად, ამ ზაფხულს ბარსელონაში დავისვენებ. ოღონდ რატომღაც მადრიდის ნახვას უფრო ველოდები. სტამბოლშიც ვაპირებ წასვლას, მაგრამ ჯერ არ ვიცი დროში როგორ ჩავეტევი. სამწუხაროდ, მანქანის ყიდვაც გადავწყვიტე. სახლისა ჯერ ვერა, არ ვიცი ყიდვა მინდა თუ აშენება.

სანამ 25 წლის გავხდები, უკვე უამრავი ახალი გეგმა მაქვს. ერთი განსაკუთრებით მომწონს – ათი კილომეტრი უნდა ვირბინო ერთ ჯერზე. ახლა ორს ძლივს დავხოხავ. იტალიაში უნდა წავიდე დედასთან ერთად. დაწყებული წიგნის თარგმნა უნდა დავასრულო. მანქანის მართვა ვისწავლო. და რამე სხვა ვთარგმნო, სხვა ენიდან.

მგონი, სულ ეს მქონდა სათქმელი. ახლა ტორტებს ველოდები, მერე რა, რომ ერთი კვირა კიდევ დარჩა.

Advertisements

ურსულა

uklg

სულ პირველად რომ გავუგე გემო ინტერნეტს, ბლოგინგს, სულ პირველად რომ შემოვიდნენ ჩემს ცხოვრებაში ადამიანები დისტანციურად, ნამდვილი სახელების გარეშე, რომელიმე სოციალურ ქსელში, ბლოგზე, პირველად რომ შევძელი ამერჩია წიგნი მილიონობით და მილიარდობით წიგნს შორის და არ ვყოფილიყავი შეზღუდული ამ არჩევანში, დაახლოებით 7-8 წლის წინ, გავიგე ურსულას შესახებ. კარგად არ მახსოვს, მაშინ ალბათ მხოლოდ ტოლკინსა და როულინგს ვიცნობდი, აზიმოვსა და ბრედბერის… მართლა არ მახსოვს. იმ პერიოდში შემოვიდა ჩემს ცნობიერებაში ურსულაც. არა მხოლოდ ურსულა, მაშინ ვიგებდი და ვაგემოვნებდი სახელებს, სათაურებს, ციტატებს, ყდებს, რევიუებს; ვცდილობდი კომპიუტერში მეკითხა დამტვრეული რუსულით და ინგლისურით პატარა მოთხრობები მაინც. 2012 წელს თაბახის ფურცლებზე ამობეჭდილ “წყვდიადის მარცხენა ხელის” რუსულ ვარიანტს დღესაც ვინახავ. ძალიან დიდი ხანი ვკითხულობდი, რუსულიც კი ცუდად ვიცოდი.

ცოტა ძნელი სათქმელია რას ნიშნავს ჩემთვის ურსულა. მე ხომ პირადად არც არასდროს მინახავს. მის წიგნებს ვკითხულობდი, ინტერვიუებს, სტატიებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებაც ვიცოდი ხოლმე; არც ყველაფერი მაქვს წაკითხული, რაც დაუწერია. რეალურად, რაც აქამდე იყო, ისევ ის იქნება, როგორი მიუწვდომელიც ახლაა, ადრეც ასეთივე მიუწვდომელი იყო.

12540621_1622732424656679_3258291027853497800_n

ოღონდ, აი ის ხსენებული თაბახის ფურცლები, რომლებიც დროთა განმავლობაში დაიჭმუჭნა და გაშავდა, ზღვამიწეთის მესამე ნაწილი რუსულ ენაზე, რომელიც ბათუმელებმა მაჩუქეს 2013 წელს მაისის წიგნის ფესტივალზე, ის სქრინი, სადაც ირაკლი ბაკურიძე მეუბნება, რომ ურსულა ლე გუინს მალე ქართულად წამაკითხებს, “წყვდიადის მარცხენა ხელის” პირველი ქართული გამოცემა, რომლის ყიდვაც არ დამაცადეს და მაჩუქეს, ჩემი კარგი მეგობრის მიერ ნაჩუქარი ურსულას ავტოგრაფი, მერე ზღვამიწეთის პირველი ნაწილის ქართული გამოცემა, რომელიც მაშინვე არ ვიყიდე, წაკითხული მაქვს მეთქი და მერე ათობით მოვლილი მაღაზია, რადგან ვეღარ ვშოულობდი და რატომღაც სასოწარკვეთილი ვიყავი, “Dispossessed”-ზე დაწყვეტილი ნერვები, ურსულას წიგნები, რომლებიც ორ-სამჯერ მაქვს წაკითხული, ერთი არც ისე კარგი, მაგრამ მაინც უსაყვარლესი ანიმე, ზღვამიწეთის შესახებ – არ ვიცი ალბათ კიდევ ბევრი რამ, ცხოვრების რაღაც ეტაპზე რომ განმსაზღვრავდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.

10425361_1485621275034462_4078193085793150098_n

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო იმიტომ, რომ ეს ჩემი აკვიატებული სიყვარული, ათობით, ასობით და სულაც ათასობით წლის წინ გარდაცვლილ მწერალს არ ეხებოდა. ურსულა არსებობდა, ცოცხალი იყო, თითქოს ერთი ხელის გაწვდენაზე, პატარა იმედის კონცხივით დაცარიელებულ და გამოფიტულ დღეებში.

იმ პერიოდებში, როცა ურსულას წიგნებს ისევ ვუბრუნდებოდი, ყველა ჩემი არგუმენტი ურსულას ციტატებით იყო გამყარებული. შეიძლება უბრალოდ ასე გამოვიდა და მისი ნიშა ჩემთვის სხვა მწერალს შეევსო, რომლებიც ასევე ძალიან მიყვარს და რომლებიც მერე, დროთა განმავლობაში წავიკითხე, მაგრამ მაშინ ურსულა იყო. პირველი ასეთი მწერალი და ცოცხალი ადამიანი იყო.

ზუსტად არ მახსოვს რამხელა ვიყავი როცა გავიაზრე, რომ სიყვარული ტკივილივით ან მსგავსი გრძნობასავით კონკრეტულ მომენტში ფიზიკურად შეგრძნებადი ემოცია არაა. და პირველად ჩემი დის მიმართ გავიაზრე ეს ემოცია. მერე დედა იყო. და მერე იყო ურსულა. ოღონდ მყვარებოდა ურსულას ნაწერები ჩემი არჩევანი იყო, ჩემი გადაწყვეტილება, ჩემი აღმოჩენა, ჩემი არკადია.

ხომ ვამბობ, როგორი მიუწვდომელიც გახდა, ისეთივე მიუწვდომელი იყო, მაგრამ ახლა ერთი მხრივ, ჩემი საყვარელი მწერალი ურსულა ლე გუინი მოკვდა, მეორე მხრივ, რაღაც ისეთი, რაც ამ ყველაფერს ხელშესახებს, ნამდვილს ხდიდა.

ძალიან დამწყდა გული, მაგრამ არ მიტირია, ერთხელ დავპოსტე ფბ-ზე აღელვებულმა, მერე საქმეებს მივუბრუნდი. ახლა ნელ-ნელა ვიაზრებ. დავყურებ ჩემს წიგნებს, ჩემს ავტოგრაფს და ახლა ისინი მარტო ჩემია. თითქოს რაღაც კავშირი გაწყდა.

ერთხელაც ძალიან, ძალიან მეტკინება, ვიცი. ჯერ არა. მაგრამ ვიცი ცუდი დღე მელის, როცა ეს ამბავი ჩემამდე მთელი თავისი სიცხადით მოვა.

“შენ მოკვდები. სამუდამოდ არ იცხოვრებ, არც სხვა ვინმე ან რამე. არაფერია უკვდავი. ოღონდ მხოლოდ ჩვენ მოგვეცა ცოდნა იმისა, რომ უნდა მოვკვდეთ. და ეს საოცარი საჩუქარია: სულის საჩუქარი. რადგან ჩვენ მხოლოდ ის გვაქვს, რაც ვიცით, რომ უნდა დავკარგოთ, რაც მზად ვართ, რომ დავკარგოთ… ეს სული, რომელიც ჩვენი ტანჯვაა, და ჩვენი საუნჯე, და ჩვენი ადამიანობა, ვერ მოითმენს. შეიცვლება და წავა, ზღვის ტალღასავით. შეაჩერებ ზღვის მოქცევას ერთი ტალღის გადასარჩენად, საკუთარი თავის გადასარჩენად?”

ასე წერდა ურსულა. Requiescat in pace Ursula, amo. 

a054a7f2af81ac2713cb52841fde63d0_original

23

ორი კვირაც და 23 წლის ვიქნები. ჯერჯერობით ისევ ვიზრდები და არა – ვბერდები. თანაც მგონი, ბევრი გაგებით “ჯერ ისევ” ვიზრდები.

მაგალითად, ახლა გაცილებით მეტს ვკითხულობ თინეიჯერულ ლიტერატურას, ვიდრე მაშინ, როცა თინეიჯერი ვიყავი. ამას ბევრი რამ განაპირობებს – გადაღლილობა და დროის არ ქონა საიმისოდ, რომ “რამე სერიოზული” ვიკითხო; ასევე ის ფაქტი, რომ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ჩემს თინეიჯერ მოსწავლეებს მიაქვთ; ისიც, რომ ვერაფრით მოვიშორე ის შეგრძნება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის და მგონია ბევრი გამოვტოვე, ბევრი ვერ მოვასწარი და თითქოს ამით ვინაზღაურებ დანაკლისს; კიდევ ის, რომ ახლა თავისუფლად ვკითხულობ რუსულად და ქინდლი მაქვს; ისიც, რომ უბრალოდ მომწონს ეს მიმართულება. თუმცა ყველაზე მეტს მაინც ფენტეზის ვკითხულობ. ესაა ჩემი არკადია ყოველთვის როცა ვიღლები, ვიწყენ, მბეზრდება ან ველოდები.

ეს წელი როტფუსით იყო შესანიშნავი. უმაგრესი მწერალია. მეფისმკვლელის ქრონიკებმა ერთხელ და სამუდამოდ დაიდო ბინა გულში, სულში, თაროზე და საერთოდ ყველგან (აქვე ათასი წყევლა და კრულვა როტფუსს იმის გამო რომ მესამე ნაწილი ჯერაც არსად ჩანს). ესეც ისეთი რამეა, როგორიც ჰარი პოტერი იყო თავის დროზე, ბეჭდების მბრძანებელი, ან ლილე იროელის ამბები. ან ურსულა ლე გუინი თავისი ყველაფრიანად. ან მხედვარი. “ალდენორი” იყო კიდევ, ძალიან კარგი და ძალიან გულდასაწყვეტიც იმის გამო, რომ ავტორი აღარ არის და ვეღარ გააგრძელებს. ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტი.

ამ წელს ერთი ყველაზე კარგი რამ “დავამუღამე” – დროის მენეჯმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო დაკავებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, უფრო მეტსაც ვასწრებ, ვიდრე ვახერხებდი ხოლმე. თანაც არა ძილის, ჭამის, კითხვის ან საერთოდ ცხოვრების ხარჯზე. არ ვიცი მოთმინება და ნებისყოფა მშველის თუ პირიქით, დროის გადანაწილება მაძლევს მოთმინებას, ან რა მნიშვნელობა აქვს.

აი ფულის ხარჯვასაც რომ ვისწავლი, მერე მართლა მაგარი გოგო ვიქნები. მტკიცედ კი მაქვს გადაწყვეტილი ვისწავლო.

კიდევ “სიტყვების ხელოსანი” გავხდი. ვშლი და ვაწყობ სიტყვებს, ვეძებ მათ წარმოშობას ძირისძირობამდე და იმის იქით. ვეძებ მათ პარალელებს უამრავ სხვადასხვა ენაში და ასე შემდეგ. მეც არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ “სიტყვების ოსტატი” უნდა გამოვიდე რომ გავიზრდები.

კიდევ თმა გამეზარდა. სამი წლის მანძილზე უმოწყალოდ ვჩეხავდი, მერე მომწყინდა და ახლა რაპუნცელის შორეული ნათესავი ვარ.

კიდევ ცოტა გავსუქდი. ოღონდ ახლა მგონია რომ ძალიანაც მიხდება. ასე თითქოს უფრო ვჩანვარ. ჩემი სიმაღლის (თუ სიდაბლის) ადამიანი ახლა კიდევ გამხდარიც თუა… გავიმართები ხოლმე წელში ჩემი მრგვალი ფორმებიანად და დავაბოტებ თავაწეული. დიახაც.

წელს დაბადების დღის ნაცვლად პირსახოცების დღე უნდა აღვნიშნო. თარიღი ხელს მიწყობს რაც მთავარია.

მე მგონი კარგი წელი იყო. მშვიდი. რაღაცეებით უხვი. გარდამავალი ახალი ეტაპისკენ. ძველი წლების განმტკიცების და რა ვიცი კიდევ. მოსალოცი.

De Re Publica

maccari-cicero-denounces-catiline

“Cicero Denounces Catiline” by Cesare Maccari

სამი წლის მანძილზე ავად თუ შავად ლათინური ენის სწავლის ამბავმა ციცერონის “De Re Publica”-ს თარგმნამდე მიმიყვანა. ტექსტი დიდი არ არის, არც სრულია, მხოლოდ ნაწილობრივ აღადგინეს. არც არავინ მავალდებულებს მის თარგმნას, მხოლოდ ნაწყვეტები უნდა მეთარგმნა საგან “რომაელი ავტორი 3”-ის ფარგლებში, მაგრამ თავიდან ისეთი რთული იყო და მერე იმდენად ჩამითრია საქმემ, თავფეხიანად გადავეშვი ტექსტში. ახლა რამდენიმე კვირით შევაჩერე თარგმნის პროცესი, იმიტომ რომ მევე უნდა დავარედაქტირო, რაც ფაქტობრივად შეუძლებელი აღმოჩნდა იმ ფონზე, რომ წინადადებები ლამის ზეპირად ვიცი ლათინურად და ეს ძალიან მიშლის ხელს. გარდა ამისა, ტექსტის მოცულობაზე ორჯერ მეტი როგორც ვატყობ კომენტარები გამოვა და ამასაც დრო უნდა. მე თუ… არა, მე რომ ამ ნაწარმოებს დავასრულებ, მაშინ ნამდვილად ჩავთვლი, რომ ზრდასრული ადამიანის ცხოვრების პირველ ეტაპს მივადექი.

smith_republica_anglorum_title_page მართლა მეგონა რომ ციცერონი ძალიან მიყვარდა. ასეთი შეუპოვარი ადამიანი მეორე არ მეგულება. ასეთი გამჭრიახი და თან უანგარო, დაბადებული იმისთვის, რომ სახელმწიფოს, კარგს, სწორს ემსახუროს. მაგრამ როცა მისი ორიგინალი ენა “გავტეხე”, ვნახე როგორ აღწევს საწადელს სიტყვებით, როგორ ალაგებს სათქმელს ისე, რომ მინდა ჰერბერტის ფრაზა გამოვიყენო “დიუნიდან”, ფანდი ფანდში და კიდევ ფანდში, მივხვდი რომ ამ კაცს უზომოდ დიდ პატივს ვცემ, უბრალოდ კი არ მიყვარს, როგორც გარდასულ საუკუნეთა ერთი კარგი მწერალი.

თან ეს ნაწარმოები საკმაოდ ეკლექტიკურია და რაკი ციცერონის ყველაფერი მაინც არ წამიკითხავს ვერ ვიტყვი რომ ყველაზე კარგად, მაგრამ ნამდვილად ძალიან კარგად წარმოაჩენს თავად ავტორს. ვერც ობიექტურობას დაუკარგავ, ყოველთვის განიხილავს მეორე მხარის პოზიციას და… მერე აბათილებს – მეთოდურად, გულმოდგინედ და შეუპოვრად. დაუღალავად მოჰყავს მაგალითები, აფასებს მათ დადებით და უარყოფით მხარეებს, აჯამებს და ყოველთვის ერთ ამოსავალ პრინციპს მიადგება ხოლმე, ადამიანი გამუდმებით საკუთარი თავის სრულყოფას უნდა ცდილობდეს, რათა მერე სახელმწიფოს საუკეთესო შესთავაზოს. რადგან ჩვენმა სამშობლომ იმისთვის როდი გაგვაჩინა, მხოლოდ ჩვენს კეთილდღეობაზე ეზრუნა, არამედ იმისთვის, რომ ჩვენი გონების, გულის თუ სულის საუკეთესო ნაწილი თავად მიეღო და ჩვენთვის მხოლოდ ის დაებრუნებინა, რასაც თვითონ მოიზედმეტებდა. და სამშობლო – სახელმწიფო – ეს ხალხია, ხალხის საქმეა. Re Publica, სახალხო, ხალხის საქმე, არც მთლად დღევანდელი რესპუბლიკის გაგებით.

ჰოდა, როგორც თავად ციცერონი ამბობს ამ ნაწარმოებში, საკმარისი არ არის ადამიანს სიქველე cicero_de_re_publica_vat-_lat-_5757ჰქონდეს, როგორც რაღაც ხელოვანება, უნარი, რადგან ამ ხელოვანებას ცოდნის სახითაც დაინარჩუნებს, თუნდაც არ გამოიყენოს; სიქველე კი საკუთარ თავს მხოლოდ გამოყენებისას ავლენს მთლიანად. ასე რომ რა აზრი აქვს რამდენს ვისწავლი, თუკი ოდესმე მაინც არ გამოვიყენებ ამ ცოდნას?

ჩემი სამზარეულო

ახლა პატარა შესვენება მაქვს სანამ თარგმანს გავაგრძელებ და მიუხედავად იმისა რომ ბოლო ჭამიდან ორი საათი თუ იქნება გასული, ისევ ჭამა გადავწყვიტე. რა ვქნა, დილით ძალიან გემრიელი სალათი მოვამზადე და მთელი დღეა ვერ ვწყდები. ადვილი იყო, რაც სახლში ვიპოვე წვრილად დავჭერი და არაჟანში ავურიე. ანუ კარტოფილი, ჭარხალი, სტაფილო, კვერცხი, სიმინდი, ხახვი, ნიორი, წიწაკა, პომიდორი, კიტრი და მჟავე კიტრი. ზოგი მოხარშული, ზოგი უმი. მარილი, პილპილი, არაჟანი, ლიმონის წვენი, მცენარეული ზეთი და დღეს აგერ უკვე მესამედ ვჭამ.

რამდენიმე თვის წინ how to cook ტუტორიალების ყურება დავიწყე. იმიტომ არა რომ არაფრის კეთება არ ვიცი, ან პირიქით, საჭმელზე ან მის მომზადებაზე ვარ გადარეული. უბრალოდ 15 წუთიანი ყურადღების გადატანები მჭირდებოდა ჰაერივით. თავიდან ტორტებით და ნამცხვრებით დავიწყე. საშინლად არ მიყვარს ტკბილეული (შოკოლადი არ ითვლება). მაგრამ მზადების პროცესის ყურება ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა. ოღონდ გადაცემები არ მიყვარს, საშინლად ბევრს რომ ლაპარაკობენ ყველაფერზე საჭმელის გარდა.

რაკი ტკბილეული არ მიყვარს, ძირითადად მორთვის პროცესი მომწონდა და არა მზადების. გემოს და გამოყენებული პროდუქტების პლიუს მინუსებს არად ვაგდებდი. მერე რომ მოვიცალე, ადვილი რაღაცეების გამოცხობა დავიწყე. სულ 4-5-ჯერ ვცადე ალბათ. ძნელი ნამდვილად არ არის, იმის გათვალისწინებით რომ ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვაკეთებ საჭმელებს თუ ვაცხობ ნამცხვრებს, თანაც არ ვიცი რატომ, მაგრამ “შეჭმადი” ყოველთვის გამოდის ის რასაც ვაკეთებ. მე ის არ ვიცი რატომ შეიძლება ეს ძნელი იყოს. მიუხედავად იმისა რომ ზომა წონა ფორმას არასდროს ვითვალისწინებ. რეცეპტს ვკითხულობ/ვუყურებ და ვაკეთებ ისე, როგორც გულს უხარია.

ტკბილეულის მერე სალათებზე გადავედი. ბოსტნეულზე ვგიჟდები. უმი, მოხარშული, შემწვარი, ყველა ერთად თუ ცალცალკე, სულ ერთია. ბურღულეულიც ძალიან მიყვარს. ხორცი არ მიყვარს. თევზსა და სოკოს საერთოდ არ ვჭამ. ხილი ძალიან მიყვარს, მაგრამ ყველა არა. მაგალითად საზამთრო, ლეღვი, ბალი, ყურძენი – ძალიან არ მიყვარს.

თუმცა რეცეპტების ძებნისას შეზღუდვები არ მაქვს. მომეწონა ყველაფერი, მაგრამ ხორცი ურევია? რა პრობლემაა, ვაკეთებ უხორცოდ.

გიჭამიათ შაურმა ხორცის გარეშე? მე კი.

ახლა გაზქურაზე შვინდს ვხარშავ. ორი კურდღლის დაჭერას ვაპირებ, წვენიც მექნება და იმედი მაქვს, შვინდის საწებელიც. ხვალ თუ არ დამეზარა ჭარხალს მოვხარშავ და ამ შვინდის საწებელში ჩავაწყობ. ისე წეღან შვრიას მოვკარი თვალი კარადაში და შვრიის ორცხობილებიც კარგი აზრია.

სათანადო დროს ვერ ვუთმობ, მაგრამ მაინც ოფიციალურად ვულოცავ საკუთარ თავს, ახალი ჰობი მაქვს – კულინარია.

დაღლილობა

ისე არ გაიგოთ, თითქოს პოსტი დაღლილობაზე იყოს, უბრალოდ მორავიას გამოვაჯავრე, მაგას აქვს ასეთი სათაურის წიგნები – “მოწყენილობა”, “ზიზღი”, “სიძულვილი”, “ურჩობა” და მისთ. ნეტა რანაირი კაცი იყო, მე მხოლოდ პატარა მოთხრობები და “ჩოჩარა” მაქვს წაკითხული; მგონი სულ უბედურ ადამიანებზე და მოვლენებზე წერდა. ან ძალიან ბედნიერი ადამიანი იყო, ან ძალიან უბედური, რას გაიგებ.

თავად ვერ გადამიწყვეტია, ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ თუ ძალიან უბედური. გააჩნია რაზე ვფიქრობ ხოლმე. ზოგჯერ ჭეშმარიტად ბედნიერი ვარ იმით, რომ ორივე ხელი მარცხენა არ მაქვს, ზოგჯერ (ზოგჯერ რა, ძირითადად) მეძინება და ასეთ ეგზისტენციალურ საკითხებს ვერ ვუღრმავდები, ზოგჯერ კიდევ ნამდვილად უბედური ვარ, იმიტომ რომ ჩემს მოსწავლეებს ვერაფერს ვაგებინებ.

უფრო სწორი იქნებოდა თუ ვიტყოდი ვერაფერს იგებენ მეთქი, მაგრამ პასუხისმგებლობას არ გავურბივარ, არც ჩემს წილს და არც მათსას. ხზ. კაცმა არ იცის რატომ ჰგონიათ, რომ ყველაფერი ერთი წაკითხვით უნდა გაიგონ, პასუხი ყოველთვის მზად უნდა იდოს ზედაპირზე, ან რომ ყველა ამოცანის ამოხსნა უნდა ისწავლონ.

ვერც ის გავიგე, რატომ იიოლებენ საქმეს “ო, მე ამას ვერ გავიგებ” მიდგომით. რა ყრია სიმარტივეში? ისევ – რას გაიგებ. მარტივი მალევიჩის კვადრატიც იყო, მაგრამ ქვეტექსტები ოხრად მოუნახეს. ნუ, ეგეც “ხელოვნებაა”. ალბათ არის სიმარტივეში რაღაც მიმზიდველი. კი, კი, ნამდვილად არის – მაგალითად, ნამდვილად კარგი ამბავია, რომ თუ a უდრის b-ს, ხოლო b c–ს, მაშინ a c-ს ტოლია.

ხომ ადვილია? ჩემი ბატები კიდევ გამუდმებით დაჰყურებენ ფურცელს და ელოდებიან როდის მოევლინებათ მხსნელად სასწაული – პასუხის სახით. ისევ და ისევ – ალბათ ლოდინი უფრო ადვილია.

აი, მე რომ მარტივი ამბები მიყვარდეს, რამე ისეთ საგანს ავირჩევდი სასწავლებლად, სადაც გაგება ინდივიდუალური ამბავი იქნებოდა და მეხსიერებას მეტი ძალა დაადგებოდა, რამეთუ ჩემმა მოსწავლეებმა ხშირად იციან საჭირო წესი და ფორმულა, უბრალოდ არ იციან სად წაიღონ.

ამოცანაში, ბავშვებო, ამოცანაში უნდა გამოიყენოთ, არსად არ წაიღოთ.

ერთი ისაა, მერე ალბათ იმას ვიწუწუნებდი, რომ ზარმაცები არიან და სწავლა ეზარებათ. ახლა იმას კი ვახერხებ, რომ სასწავლი გაკვეთილზევე დაიმახსოვრონ, მაგრამ ძალიან ეზარებათ ნასწავლის გამოყენება.

ეს რა თაობა მოდის–მეთქი, ამას წინათ რომ ჩავილაპარაკე, მაშინ მივხვდი რომ ვბერდები. ჩემს მოსწავლეებზე მხოლოდ 4 წლით უფროსი ვარ და მათი უკვე აღარ მესმის.

თუმცა, როდის მესმოდა ვინმესი?

 

22

ტრადიციად მექცა 25 მაისამდე ცოტა ხნით ადრე წლის შეჯამება. ახალი წელი ნაკლებად იწყებს ან ამთავრებს ხოლმე ჩემთვის რაიმე ეტაპს, ალბათ ჯერაც სასწავლო წელს ვუკავშირებ ამ ყველაფერს და იმიტომ.

ამჯერად 22 წლის ვხდები, რატომღაც.

შარშანდელი 25 მაისის მერე… მასწავლებელი მანამდე გავხდი, კარგად მახსოვს, ჩემი პირველი მოსწავლე 2015 წლის 20 მაისს მოვიდა. ჩემს “ანგარიშზე” ჯამში ახლა უკვე 30-ზე მეტი მოსწავლეა. ბავშვებს ძალიან ვუყვარვარ. ამას ყოველი მათგანისგან ვგრძნობ და ამის გამოა, რაც არ უნდა ცუდად ვიყო, ბავშვები რომ მოდიან ყველაფერს ოპტიმისტურად ვუყურებ. ვგრძნობ რომ რაღაც ვიცი, რაღაც შემიძლია, ვიღაცას ვჭირდები – და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ახლობელია და ვუყვარვარ.

შემოდგომაზე მივხვდი რომ ლათინურის სამ სემესტრს უკვალოდ არ ჩაუვლია. კეისარი, ვერგილიუსი და ოვიდიუსი წავიკითხე ლათინურად. ამ ენამ ძალიან გამზარდა, გონებრივად შემცვალა და უფრო თავდაჯერებული გამხადა. სამწუხაროდ ჯერ იმავეს ვერ ვიტყვი ძველ ბერძნულზე, მაგრამ იმედს არ ვკარგავ. საამისოდ ძალიან ჯიუტი ვარ.

ნოემბერსა და დეკემბერში ერთი ოცნება ავიხდინე და წიგნის ფესტივალზე ვიმუშავე გამომცემლობა “წიგნები ბათუმშის” სტენდთან. მერე კიდევ უფრო მაგარი რაღაც მოხდა – წიგნზე მუშაობა შემომთავაზა ირაკლიმ, ამ გამომცემლობის დამაარსებელმა. თავიდან მეც საცდელად აღვიქვი ეს ამბავი. ვაღიარებ, დაუფიქრებლად გამომივიდა, ეს ჩემი მხრიდან მეტისმეტი თავდაჯერებულობა იყო. თუმცა პასუხისმგებლობის გრძნობას არ ვუჩივი, ღამეებიც გავათენე და მოსწავლეებისა და გამოცდების პარალელურად ჩემი პირველი წიგნი, ფილიპ დიკის “უბიკიც” დავარედაქტირე. ამ პოსტში სირთულეებზე ლაპარაკს არ ვაპირებ, მაგრამ საქმეს ვერ მოვერიე. ისე ვერა, როგორც ვისურვებდი. ირაკლის და მარის საკმაოდ ბევრის გაკეთება მოუწიათ და საბოლოო ჯამში წიგნი ნამდვილად კარგი გამოვიდა, მთავარიც ალბათ ეს არის.

მეორე წიგნი ორ კვირაში მომაყოლეს. ამან მაფიქრებინა, რომ რედაქტირება გამომდიოდა. მერე… მოკლედ მეორე წიგნიც დავასრულე. ახლა უფრო თამამად ვარ. ახლა თარგმნაც შემიძლია. ერთი ისაა, რომ არ მინდა რაღაც უბრალოდ შემეძლოს. მე მინდა ყველაფერი ძალიან კარგად შემეძლოს.

სამწუხაროდ ამ ერთ წელში ნაპოვნმა იმედმა, რომ ცხოვრების გზა ვიპოვე, ძალა დაკარგა. ისევ არ ვიცი რა ვაკეთო მომავალში. აღარ მომწონს მეორე ხარისხოვანი საქმის კეთება. მეტი მინდა, მინდა რაღაც თავად შევქმნა, რაღაც ისეთი ვაკეთო, რაშიც თავფეხიანად გადავეშვები.

თუმცა მგონი მაინც კმაყოფილი ვარ, ყველაფერი თითქმის ისეა ცხოვრებაში, როგორც უნდა იყოს, ჯერ ყველაფერი წინაა.