მოგზაურობა

ბუდაპეშტი, ანუ ამბავი ესე ყინვისა

ბუდაპეშტში შემთხვევით წავედი. დეკემბრის ერთ საღამოს, სიცხიანი ვიწექი ლოგინში და ვიზეარისგან შეტყობინება მივიღე, 20%-იანი ფასდაკლება გვაქვს ყველა მიმართულებითო, დედას ვკითხე, შეხედე რა იაფია, სადმე ხომ არ წავიდე მეთქი. რა ვიცი, თუ გინდა, რატომაც არაო. მეც უცებ ბუდაპეშტი გადავწყვიტე, ვიზეარის ერთწლიანი ფასდაკლებაც ზედ მივაყოლე და სულ ეგ იყო. ასე ამოვყავი თავი იანვრის ბოლოს, სამი დღით, ბუდაპეშტში.

ქუთაისში ჩასვლა, ორმხრივი ფრენა, კოპწია ბინა ქალაქის ცენტრში (მთელი სახლი ჩემს განკარგულებაში იყო), რამდენიმე მუზეუმი, სუვენირები, კვება, მეტროში უბილეთოდ მგზავრობის გამო მიღებული ჯარიმა (ას ლარამდე), შიდა ტრანსპორტი – ყველაფერი ერთად 500-600 ლარი დამიჯდა, ახლა ზუსტად აღარ მახსოვს.

უნგრეთი ჯერ არ გადასულა ევროზე და ძალიანაც ცუდი. ასი უნგრული ფორინტი დაახლოებით 95 თეთრია და გადახდილ თანხას ასზე თუ გაყოფთ კი გაიგებთ დაახლოებით რამდენ ლარს ხარჯავთ. ნაღდი ფული ძალიან ცოტა წავიღე (მგონი 50 ევრო მქონდა, 15 000 ფორინტი, სულ ორი ბანკნოტი მომცეს გადახურდავებისას), ბარათით გადახდა ყველგან შეიძლებოდა, ქუჩაში საჭმლის გამყიდველებსაც კი ჰქონდათ ტერმინალი. ტრანსპორტი ძალიან მოსახერხებლად დადის, ყველგან არის მეტრო ან ავტობუსი ან ტაქსი (არც ისე ძვირი). დაახლოებით 3.5 ლარი გამოდის ერთი უწყვეტი მგზავრობა. მე მეტროში სხვა ხაზზე გადასვლისას გამომიჭირეს. ზემოთ ამოსვლისას გამახსენდა, რომ ბუდაპეშტს ყველაზე ძველი მეტრო აქვს ევროპაში და უკან ჩავბრუნდი პირველ ხაზზე გადასასვლელად. ბილეთები სულ დამავიწყდა. ხუთი კონტროლიორი ერთად მომადგა ვაგონიდან გამოსვლისთანავე (სხვათა შორის, ხაზის ბოლოს ვაგონიდან არ გამოვედი და ცოტა ხანი გვირაბებში მარტო მე მატარა მეტროს მძღოლმა, რომელმაც მერე დამინახა და თვალები მიბრიალა).

ზოგადად, შეიძლება სხვა ქალაქი ჯობდა, იანვარში ნაკლები რიგებია, ფრენაც იაფია და ა.შ., მაგრამ კიდევ კარგი ბუდაპეშტში წავედი და არა სხვაგან. ზამთარში მოგზაურობა დიდად არ მომეწონა. სიმწვანე და საერთოდ ფერები ყველაფერს აკლდა. თან მართლა ძალიან ციოდა. ჩასვლისთანავე რაც კი ტანსაცმელი მქონდა წაღებული ჩავიცვი და მაინც მციოდა.

დილის რვა საათისთვის ქალაქში ვიყავი, ცოტა უფრო ადრეც კი. სანამ სახლის ძებნას დავიწყებდი, მინდოდა მესაუზმა, ცხელი ყავა დამელია, მაგრამ გუგლის მიხედვით რვაზე კი არა ცხრაზეც არაფერი იღებოდა თითქმის. ძლივს მივაგენი ერთ კაფეს, ცხრის ნახევარზე. გულიანად ვისაუზმე, ცხელი კაპუჩინოც დავაყოლე და დავადე თავი ბუდა ქალაქისკენ.

პირველი შთაბეჭდილება ფრიად… საბჭოური იყო. ასაკს არ აქვს მნიშვნელობა, ბუდაპეშტში მოხვედრილი ადამიანის პირველი ასოციაცია საბჭოთა კავშირზე გადის, გამოდის და იქვე რჩება.

მდინარეს რომ მივუახლოვდი, კიდევ უფრო შემცივდა. კარგა ხანი გამართო დანუბემ, იგივე დუნაიმ. შეჩენის ხიდიც ფეხით გადავიარე, აქედანაც და იქიდანაც ხედებით დავტკბი და საბაგიროს მივადექი. სანამ გავარკვევდი ზემოთ ასვლა როგორ მინდოდა, 6 ევროდ, ანუ 1800 ფორინტად ავტობუსის ერთდღიანი ბილეთი მომყიდეს, ჩამსვეს ამ ავტობუსში (რომელიც ავტობუსიც არაა, რაღაც ღია ტრანსპორტია, გამჭვირვალე “ფარდებით” დახურული) და წამიყვანეს. ამ ავტობუსმა მომატარა მთელი ბუდა.

ოღონდ მთლად ყველაფერი ვერ ვნახე, ციოდა, მთელი ღამის ნამგზავრი ვიყავი და ყველაფერი მხოლოდ გარედან ვათვალიერე (სამწუხაროდ მაგ მხარეს მეტი აღარც გადავსულვარ). მაგრამ მატიასის ეკლესია, სამხედრო მუზეუმი, მეთევზის ბასტიონი, ბუდა-სასახლე და გარშემო უამრავი რამ, ფეხით კარგად დავიარე. უფრო საინტერესო იყო, ვიდრე ლამაზი. მატიასის ეკლესია კი, ლამაზია, სასახლე – დიდი, შთამბეჭდავი, ბასტიონიდან ძალიან ლამაზი ხედები იშლება, სამხედრო მუზეუმი ძალიან საინტერესოა… მაგრამ მე მაინც სიცივე უფრო მახსოვს და კიდევ ის, რომ ყველაფერი ნაცრისფერი იყო.

ამასობაში მოვიდა შუადღე და ისევ მომშივდა. გამახსენდა, რომ სახლიც მქონდა და წავედი სახლში. ფეხით. ორ კილომეტრზე მეტი არ მქონდა გასავლელი, შეჩენის ხიდიდან 15 წუთის სავალზეა. სახლს ადვილად მივაგენი, ცოტა იმის გარკვევა გამიჭირდა, რომელი ბინა იყო კონკრეტულად ჩემი, მაგრამ მეზობელი დამეხმარა. მეზობლები მყავდა ძალიან კარგი. არც ერთმა ინგლისური არ იცოდა და მაინც ყველაფერი გავაგებინეთ ერთმანეთს. Self Check-in-იც კარგი რამეა, სულ არ არის საჭირო ვინმე დაგხვდეს. სახლში შესვლისთანავე ზურგჩანთა დავაგდე და ცხელი შხაპი მივიღე. ერთ საათში ადამიანს დავემსგავსე და ისევ საბოდიალოდ გავედი. ჯერ ჩემი უბანი შევისწავლე. და ძალიან კმაყოფილიც დავრჩი – სუვენირების მაღაზიაც იქვე იყო, ტანსაცმელი, საჭმელი, წიგნები, აფთიაქი თუ სტარბაქსი – ყველაფერი სახლიდან მაქსიმუმ ას მეტრში. მეტროც იქვე დამხვდა და ავტობუსის გაჩერებაც, ფეხით სიარულს შუქნიშნები აადვილებდა და უკვე მომეწონა ქალაქი. ცხელი ამერიკანოს მერე ჭამა გამახსენდა და მომინდა თვითონ მეყიდა და მომემზადებინა რამე. არაფერი მომიმზადებია, მაგრამ ისეთი გემრიელი იყო ყველაფერი, რაც ვიყიდე, და ისეთი იაფი, დილანდელი საუზმითაც ხომ კმაყოფილი ვიყავი (დაახლოებით 40 ლარი დამიჯდა ის საუზმე სხვათა შორის), ჰოდა, უკვე მართლა ძალიან მომწონდა ეს ქალაქი. ამ ყველაფერმა კი წაიღო დაახლოებით სამი საათი და მოსაღამოვდა. იქაური დროით სადღაც ოთხსა და ხუთს შორის მზე ჩავიდა უკვე.

სახლში ვერ გავჩერდი და მართალია ყინვისგან ტელეფონი ითიშებოდა წამდაუწუმ, მაინც კიდევ ბევრი ვიბოდიალე. ახლა აღარც მახსოვს ან იმ ქუჩებს რა ერქვა, სადაც ვიარე, ან როგორ მოვყვე რა ვნახე. ერთ ბაზრობას მივაგენი, ჩვენებურ მშრალ ხიდს ჰგავდა, უამრავი კაფე და ბარი იყო გარშემო და რამდენჯერმე ქართველების ლაპარაკსაც მოვკარი ყური. ჩავიარე ქუჩაც, სადაც (ალბათ ცნობილი) ბრენდული მაღაზიები ჩამოეწიკწიკებინათ, ვნახე Dohany Street Synagogue, რომელიც ევროპაში ყველაზე დიდი სინაგოგაა და მართლა ძალიან ლამაზია. უნგრეთის პირველი მეფის სახელობის, წმინდა სტეფანეს ბაზილიკა სულ შემთხვევით დავინახე. ეშმაკის ბორბალს დილითაც ჩავუარე, საღამოთიც ჩავუარე და მეორე დღეს უკვე ბილეთიც ვიყიდე და კარგადაც “ვიკატავე” გვიან საღამოს, რაკიღა ღამის ბუდაპეშტი მაინტერესებდა (დღისით შეიძლება ვერც ვერაფერი დამენახა ნისლის გამო).

სანამ პარლამენტის შენობას მივადგებოდი, პარკი გავიარე და იმდენი ყვავი ვნახე, მაგათი ყრანტალით თავი ამტკივდა. გზაში რეიგანსაც მივესალმე. პარლამენტი ზამთარში ღამით უნდა ნახოთ. მეორე დღეს დილითაც მოვბრუნდი და მაინც მომეწონა, მაგრამ ღამის განათებით ულამაზესია. და მართლა ძალიან დიდი, უზარმაზარი.

სახლში მეტროთი დავბრუნდი, გაყინულს მოძრაობა მიჭირდა. მაშინვე დავიძინე და თითქმის ათი საათი გათიშულს მეძინა დილის ექვს საათამდე.

მეორე დღეს უთავბოლოდ ვიბოდიალე, ჯერ ანდრაშის ქუჩა თავიდან ბოლომდე, მერე ისევ დანუბეს სანაპირო, ფეხსაცმელების სანახავად.

ანდრაშის ქუჩა გაზაფხულზე გაცილებით ლამაზი იქნება, მაგრამ იმ შაბათს გამიმართლა და მზე მაინც იყო. ამ ქუჩაზე ისეთი მაღაზიებია, ბრენდები მეც კი ვიცანი. მუზეუმებიც ბევრია აქეთ, მაგრამ ზოგადად ბუდაპეშტში სამხედრო და ებრაული მუზეუმის გარდა, ჩემი მოკრძალებული აზრით, არც ერთის ნახვა არ ღირს.

ამ ქუჩის ბოლოშია იქაური გმირთა მოედანი, Vajdahunyad Castle (წარმოთქმა დღემდე ვერ გამიბედავს) და უზარმაზარი საციგურაო მოედანი. ოღონდ პარკში, თოვლის მიუხედავად, ყავისფერი ფოთლები მაინც ბევრი დამხვდა, მთლად ზამთრული ადგილიც არ იყო.

უკან ისევ მეტროთი დავბრუნდი, დამეზარა იგივე ქუჩის თავიდან გავლა, თან მშიოდა. ისე მშიოდა სამი სხვადასხვანაირი პიცა ვჭამე. სამივე მომეწონა. თუ ვინმეს აინტერესებს, რატომ არ გავსინჯე ადგილობრივი კერძები, მისამართი ეშლება. რაც არ გამისინჯავს, იმის ჭამას მხოლოდ იმ შემთხვევაში გავრისკავ, თუ თავად მოვამზადებ. საერთოდ სახლის გარეთ ჭამა არაა ჩემი ძლიერი მხარე.

დანუბეს სანაპიროზე ფეხსაცმელები არც ისე კარგი სანახავი აღმოჩნდა. ზოგი ისეთი პაწაწუნა იყო, რომ გავიაზრე რას ვუყურებდი, გული მომეწურა. მაგის მერე წავედი ეშმაკის ბორბალზე. კი, მესმის, რომ შემინული კაბინები გაცილებით უსაფრთხოა და გაცილებით თბილიც, მაგრამ ფოტოების გადაღებაში ხელი შემეშალა და აქ მაინც წავიწუწუნებ მაგას.

ცალკე მინდა აღვნიშნო ბუდაპეშტის ქანდაკებები. ყოველ კუთხე-კუნჭულში ვიღაც, რაღაც, ან ორივე ერთად იდგა. მოლურჯო-მომწვანო ფერის უამრავ ქანდაკებას წააწყდებით ქალაქში. თუ კარგად იბოდიალებთ, მაიკლ ჯექსონსაც იპოვით.

მეორე დღეს ვნახე ყველაზე საყვარელი ადგილი მთელ ბუდაპეშტში – Miniversum. ბუდაპეშტის და არა მხოლოდ, ძალიან დეტალური მინივერსია. ისეთი რეალურია, ფოტოები რომ ვაჩვენე მეგობრებს, უმეტესობა ვერ მიხვდა, რომ ნამდვილი ხედები არ იყო. თან თამაში შეიძლება. დააჭერ ღილაკს და ხან მატარებელი იწყებს მოძრაობას, ხან სასწრაფოს ან პოლიციის მანქანა, ხან შადრევანი ირთვება, ხან ქუჩის განათება, ხან საბაგირო იწყებს მუშაობას და ხანაც ვერტმფრენი. დაუჯერებლად რეალისტური რამეა მართლა. ლამის მთელი დილა მივახარჯე იქ თამაშს. ბოლოში რომ გავედი, იქვე კაფეში ჩაიც დავლიე და ფოტოები თუ ვიდეოებიც ავტვირთე ფბ-ზე.

მაგის მერე ძალიან ბევრი და ძალიან უაზროდ ვიარე. იმდენად უაზროდ, რომ მართლა საბჭოთა კავშირში ამოვყავი თავი და ბუდაპეშტის უძველესი სასაფლაო მოვინახულე. მაგ დღეს კარგად მოთოვა და დამხვდა ეს სასაფლაო გადათეთრებული. არაფერი სანახავი იქ არ იყო, მაგრამ რაკი მივედი, ცოტა გავიარე. ერთგვარი გმირთა მემორიალია, წარწერების უმეტესობა კიდევ რუსულენოვანი და მალე გამოვბრუნდი უკან. ან რას მივდიოდი იმ ამინდში. ერთადერთი სიკეთე სტარბაქსის უზარმაზარი ჭიქით წამოღებული ცხელი შოკოლადი იყო.

დაღამებამდე ქალაქში ვიბოდიალე. მერე აეროპორტში წავედი და გამოვფრინდი. End of the story.

Leave a comment