ლიტერატურა

ჩეხოვი

ჩეხოვი… ძალიან ლამაზი, ლაკონური, მოქნილი და მოხერხებული მოთხრობების ავტორი.
“Дама с собачкой”_ ეს არის მოთხრობა დაგვიანებული სიყვარულის შესახებ. ყველაზე მეტად ერთი მომენტი მომწონს, როცა მთავარი გმირი საყვარელ ქალს ეხუტება, ამშვიდებს და სარკეში თავისთავს მოჰკრავს თვალს. ფიქრობს, რაღა ახლა შემიყვარდა, როცა უკვე გავჭაღარავდი, ცოლ-შვილი მყავს, როცა უკვე თავისუფალი აღარ ვარო. მისი რომანი იალტაზე დაიწყო, როდესაც ორივე მათგანი ოჯახის გარეშე ისვენებდა, თავისუფლად. სწორედ მაშინ გაიცნეს ერთამანეთი და დაიწყო ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საზაფხულო რომანი, რომელიც მალევე დამთავრდა.

ქალის არ ვიცი, მაგრამ მამაკაცის ცხოვრება ნამდვილად შეიცვალა. ის ცდებოდა, როცა ფიქრობდა, რომ ამ ქალზე ფიქრს სულ მალე შეწყვეტდა, დაიწყებოდა მისი ჩვეული ცხოვრება, მაგრამ შეცდა. მერე მან ქალს ჩააკითხა სახლში… ისინი ერთმანეთს მოსკოვში, ერთ სასტუმროში ხვდებოდნენ ორ-სამ თვეში ერთხელ… ძალიან რაღაცნაირი, დამასევდიანებელი მოთხრობაა.

ადამიანები ხშირად იმიტომ ქორწინდებიან, რომ ასეთი საქციელი “სწორად” მიაჩნიათ. რაც გულისხმობს მოწყენილობისგან, სიღარიბისგან, ოჯახისგან და მისთანანისგან თავის დაღწევას. ხშირად ქორწინება უფრო გარიგებაა, ვიდრე… ვიდრე ის რაც შეიძლება იყოს.

ერთი კარგი გამონათქვამი გამახსენდა: “ქორწინება არის მდგომარეობა, როდესაც ქალსა და მამაკაცს, არც ერთად და არც ცალცალკე ცხოვრება არ შეუძლიათო”.

” Человек в футляре” _ ერთ-ერთი სახასიათო, ცხოვრებისეული მოთხრობაა. ხალხი მართლაც ხშირად იკეტება საკუთარ ნაჭუჭში, არ სურს გარეთ გამოსვლა, არ სურს საზოგადოება, ვერ იტანს რაიმე არამისებურს. ხანდახან ასეთი ადამიანები ძალიან მოწესრიგებული, პედანტი ან რაიმე ამდაგვარი ხასიათისანი არიან.

ჩეხოვის “ადამიანი ფუტლიარში” ერთ ახირებულ კაცზეა, რომელიც მასწავლებლად მუშაობს გიმნაზიაში, ვერ იტანს ხმაურს, ზედმეტ ლაპარაკს, საზოგადო თავშეყრებს…

ის მეგობრებთან სახლში ხშირად არის, მაგრამ არა იმიტომ, რომ ეს სურს ან მოსწონს, არამედ იმიტომ, რომ ეს მისი ერთგვარი ვალია. ვინ ავალდებულებს ამით ვერ გეტყვით, მაგრამ… მისთვის ეს ძალიან მძიმე ‘მისიაა’. საშინლად არ სიამოვნებს სხვებთან ყოფნა, არასოდეს ერევა საუბარში, ზის გაუნძრევლად და ერთ წერტილს მიშტერებია.

ცოტათი სასაცილოც კია მისი ‘კალოშები’, თბილი ‘პალტო’ და ქუდი, ქოლგა _ მიუხედავად იმისა ცივა თუ ცხელა. ტანსაცმელიც იმდენად თავისებურად აცვია, აშკარად ჩანს, რომ იმალება. ვის ემალება ანდა რას?

წარმოიდგინეთ ასეთმა ადამიანმა კინაღამ ცოლი შეირთო. თანაც როგორი ქალი, ხმაურიანი, საშინლად ხმაურიანი, სიცოცხლით სავსე ქალი, რომელიც ან ტირის, ან ხარხარებს, შუალედი არ გააჩნია.

ჩვენმა ადამიანმა ფუტლიარში სხვების გავლენით დაიწყო ფიქრი მის ცოლად შერთვაზე, მაგრამ ერთხელ ეს ქალი ველოსიპედზე ამხედრებული დაინახა და. ვიღაცამ კარიკატურაც დახატა ამ კაცსა და მის საცოლეზე…

მერე ამ ქალის ძმას დაელაპარაკა, რომელმაც ‘ურჩია’ სხვის საქმეებში არ ჩარეულიყო. წამოსვლისას ჩვენი გმირი კიბეზე დაგორდა და ამ ამბავს მისი საცოლეც შეესწრო, რომელმაც გულიანად გადაიხარხარა.

ამ ამბების შემდეგ ჩვენი ადამიანი ფუტლიარში ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე საშინლად წვიმდა და ყველას კალოშები ეცვა და ხელში ქოლგები ეკავათ… ნიშანდობლივია ხომ? ვფიქრობ საფლავში წოლა მისი იდეალი იქნებოდა _ სიმშვიდე, სიწყნარე.

“Печенег” _ ერთერთი ყველაზე სასაცილო მოთხრობაა. ყველაზე მეტი იმ ადგილას ვიცინე, როდესაც სტუმარი ეუბნება ვეგეტარიანელი ვარ და ხორცს არ ვჭამ, ეს ჩემს პრინციპებს ეწინაარმდეგებაო. მასპინძელმა ჯერ კითხა, აბა რა ვუყოთ შინაურ ცხოველებს თუ არ შევჭამთო? მათაც შეუძლიათ თავისუფლად ცხოვრებაო. მასპინძელმა დიდხანს იფიქრა და ღორის თაობაზე არ დაეთანხმა: აბა რას ამბობთ, როგორ შეიძლება ღორის  თავისუფლად გაშვებაო.

“Дом с мезонином” _ აგრეთვე ძალიან ნაღვლიანი მოთხრობაა, სადაც ნათლად ჩანს, რომ ადამიანი მარტოობისთვის ძალიან ცოდოა, რომ უსაქმური ადამიანიც ძალიან შესაბრალისია.  ამ მოთხრობის ერთერთი გმირის – ლიდიას პერსონაჟის შესახებ შეიძლება საკმაოდ ბევრი რამის თქმა, მაგრამ ყურადღებას მისი დისა და მხატვრის ურთიერთობა უფრო იქცევს. ეშმაკმა უწყის რა იყო ეს, სიყვარული, მარტოობის შიში, მოწყენილობისგან გაქცევის სურვილი… ეს გრძნობა ჩემთვის ძალიან ნაცნობია.

შემიყვარდა ჩეხოვი. ცხოვრებისეული პასაჟებისა და ადამიანური ხასიათის შტრიხებით საინტერესოცაა, მიმზიდველიც, ჭკუის სასწავლებელიც…

6 thoughts on “ჩეხოვი”

  1. კარგი იყო ჩეხოვი – მოთხრობებიც და პიესებიც… 🙂 განსაკუთრებით, “Палата №6” და “Человек в футляре”
    ბოლო თარგმანის სათაურმა ბოლო მომიღო 😀 “ქალი, რომელსაც ფინია ჰყავს” 😀

    Like

      1. ახლა თარგმნიან (უფრო სწორად, ძველ თარგმანს იწერენ) და ჟურნალებს აყოლებენ ხოლმე. რუსულად წაიკითხე, აშკარად ჯობია 🙂

        Like

Leave a comment