ოქროს ტაძარი

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის.

„მამა ხშირად მიყვებოდა ოქროს ტაძარზე, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში.“

 

გულჩათხრობილი, მარტოსული ბავშვი იყო მიძოგუჩი. სუსტი აღნაგობის, ენაბრგვილი, ბერის ვაჟი. მისი გარესამყაროსთან ურთიერთობა თავიდანვე ენის ბორძიკმა განსაზღვრა, ვერ ამოთქვა ის პირველი ბგერები, რომელთაც მის შინაგან სამყაროსა და გარესამყაროს შორის კარი უნდა გაეღოთ. სამუდამო ნაკლის მქონე ბიჭს გულის სიღრმეში საკუთარი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის განცდა გაუჩნდა. თავს ენაბრგვილ დესპოტად წარმოიდგენდა ხოლმე, რომლის ქვეშევრდომებმაც უსიტყვოდ უნდა გამოიცნონ მისი ყოველი სურვილი. მეორე მხრივ, ოცნებებში შინაგანი სამყაროს მბრძანებელი და დიდებული ხელოვანი იყო. გაჰყურებდა ახალშეფოთლილი ხეებით შეფენილ გორაკს, ჩამავალი მზის სხივებით მოფენილს, გორაკის ფერდი ოქროს ფირფიტებით გაწყობილი ეჩვენებოდა და თვალწინ ოქროს ტაძარი ედგა, რომელიც ჯერ არც ენახა. და როცა მამამ მის სანახავად წაიყვანა, გაიფიქრა, „ნუთუ სილამაზე შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რაც სილამაზეს ამდენად მოკლებულია?“ პირველი იმედგაცრუების მერე ოქროს ტაძარი სულ უფრო ლამაზდება მის გონებაში. სინამდვილემ გადაახალისა და უფრო მომხიბლავ ოცნებად აქცია ტაძრის სახება. მაშინ პირველად მისწერს მამას, „მართალი იყავი, როცა ამბობდი, ამქვეყნად ოქროს ტაძარზე ლამაზი არაფერიაო“.

მიძოგუჩი ოქროს ტაძარში გადადის. ახლა ოქროს ტაძარი გამუდმებით მასთანაა, მის წინ, მასში. ის განსაზღვრავს მიძოგუჩის არსს. თუმცა ცურუკავასთან დამეგობრება და ომი – ახალ მიმართულებას აძლევენ ცხოვრებას.

ცურუკავა სინათლეა. წაუბილწავი, უმანკო სული, რომელიც მიძოგუჩის ბნელ აზრებს გარესამყაროში თარგმნის, ნათელს სძენს მათ. მიძოგუჩიც ფიქრობს, რომ ბოროტებასა და სიკეთეს, სილამაზესა და სიმახინჯეს, ნათელსა და ბნელს შორის განსხვავება არ არის, რადგან მათი შედეგი, ეფექტი ერთი და იგივეა. მიძოგუჩი თავის პატარ-პატარა სიბოროტეებს სიამოვნებით ებღაუჭება და ფიქრობს, კიდევ თუ განიცდის კმაყოფილებას, პატარა სიბოროტე დიდში რომ გადაეზარდოს.

ასეთ აზრებს და ომს მიძოგუჩი არცთუ შეუმჩნევლად მიჰყავთ განადგურების იდეამდე. ერთხელაც ომს და ოქროს ტაძარს ერთმანეთს დაუკავშირებს. მიხვდება, რომ ტაძარიც ისეთივე მოწყვლადია ავიაიერიშისადმი, როგორც თავად. საერთო საფრთხეზე ფიქრებმა დარია ხელი; შუამავალს მიაგნო, რომელიც სილამაზესთან აკავშირებდა. თითქოს ხიდი გადებულიყო მას და ოქროს ტაძარს შორის, რომელიც ყოველთვის უარყოფდა და რიყავდა.

მაგრამ ომი დასრულდა, ტაძარი კი გადარჩა. და ახლა სულ სხვაგვარად აღიმართა მისი ხატება მიძოგუჩის გონებაში. ტაძარი თითქოს ეუბნებოდა, ოდითგანვე აქ ვდგავარ, სულ მუდამ ვიდგებიო.

ოქროს ტაძარი მიძოგუჩის დაუძლეველ დაბრკოლებად იქცა. მის გადაულახავ მცველად.

„ისევ მომწყვიტა ცხოვრებას! რატომ ცდილობს ოქროს ტაძარი ჩემს დაცვას? მე ხომ არაფერი მითხოვია მისთვის! მაშ, რატომ ცდილობს, რომ ცხოვრებას მომწყვიტოს? ნუთუ ჯოჯოხეთისგან ჩემი გადარჩენა უნდა? მაგრამ ასე ხომ ჯოჯოხეთში მოხვედრილებზე უფრო საშინელ ადამიანად მაქცევს! ადამიანად, ვინც ყველაზე ახლოს შეიგრძნო ჯოჯოხეთის სუნთქვა!“

მიძოგუჩიში მოუთმენელმა მრისხანებამ გაიღვიძა და წყევლასავით ამოხეთქა:

„ოდესმე აუცილებლად გამეგები ფეხქვეშ. აუცილებლად დაგიმორჩილებ, რომ აღარასოდეს შეძლო ჩემი შეფერხება!“

1950 წლის ორ ივლისს, კიოტოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოქროს ტაძარი ოცდაორი წლის ბერმა, ჰაიაში იოკენმა გადაწვა. მან თავის მოკვლაც სცადა, მაგრამ გადარჩა და დააპატიმრეს. სწორედ ეს ამბავი გახდა იუკიო მიშიმას ინსპირაცია. მან დეტალური ინფორმაცია შეაგროვა, ციხეშიც ინახულა ჰეროსტრატოსის სინდრომის მქონე ეს ადამიანი და რომანიც ამიტომ გამოვიდა რეალურ ამბავთან ასე მიახლოებული.

რასაკვირველია, დღეს ოქროს ტაძარი კიოტოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს მხოლოდ 1955 წელს აღდგენილი ასლია. დღეს ოქროს ტაძარი უფრო ლამაზიც კია, ვიდრე ძველი იყო თავისი გაცრეცილი ხის სტრუქტურით, რომელსაც ოქრო საერთოდ არ ჰქონდა გარედან, განსხვავებით ახლისგან. ოქროს ტაძარი ახლა მართლაც ულამაზესია, ოღონდ ეროვნული საგანძური აღარ არის.

chua-vang-kinkakuji-19122016

Advertisements