ოქროს ტაძარი

დაწერილია საგანგებოდ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალისთვის.

„მამა ხშირად მიყვებოდა ოქროს ტაძარზე, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობაში.“

 

გულჩათხრობილი, მარტოსული ბავშვი იყო მიძოგუჩი. სუსტი აღნაგობის, ენაბრგვილი, ბერის ვაჟი. მისი გარესამყაროსთან ურთიერთობა თავიდანვე ენის ბორძიკმა განსაზღვრა, ვერ ამოთქვა ის პირველი ბგერები, რომელთაც მის შინაგან სამყაროსა და გარესამყაროს შორის კარი უნდა გაეღოთ. სამუდამო ნაკლის მქონე ბიჭს გულის სიღრმეში საკუთარი გამორჩეულობისა და განსაკუთრებულობის განცდა გაუჩნდა. თავს ენაბრგვილ დესპოტად წარმოიდგენდა ხოლმე, რომლის ქვეშევრდომებმაც უსიტყვოდ უნდა გამოიცნონ მისი ყოველი სურვილი. მეორე მხრივ, ოცნებებში შინაგანი სამყაროს მბრძანებელი და დიდებული ხელოვანი იყო. გაჰყურებდა ახალშეფოთლილი ხეებით შეფენილ გორაკს, ჩამავალი მზის სხივებით მოფენილს, გორაკის ფერდი ოქროს ფირფიტებით გაწყობილი ეჩვენებოდა და თვალწინ ოქროს ტაძარი ედგა, რომელიც ჯერ არც ენახა. და როცა მამამ მის სანახავად წაიყვანა, გაიფიქრა, „ნუთუ სილამაზე შეიძლება იყოს რაღაც ისეთი, რაც სილამაზეს ამდენად მოკლებულია?“ პირველი იმედგაცრუების მერე ოქროს ტაძარი სულ უფრო ლამაზდება მის გონებაში. სინამდვილემ გადაახალისა და უფრო მომხიბლავ ოცნებად აქცია ტაძრის სახება. მაშინ პირველად მისწერს მამას, „მართალი იყავი, როცა ამბობდი, ამქვეყნად ოქროს ტაძარზე ლამაზი არაფერიაო“.

მიძოგუჩი ოქროს ტაძარში გადადის. ახლა ოქროს ტაძარი გამუდმებით მასთანაა, მის წინ, მასში. ის განსაზღვრავს მიძოგუჩის არსს. თუმცა ცურუკავასთან დამეგობრება და ომი – ახალ მიმართულებას აძლევენ ცხოვრებას.

ცურუკავა სინათლეა. წაუბილწავი, უმანკო სული, რომელიც მიძოგუჩის ბნელ აზრებს გარესამყაროში თარგმნის, ნათელს სძენს მათ. მიძოგუჩიც ფიქრობს, რომ ბოროტებასა და სიკეთეს, სილამაზესა და სიმახინჯეს, ნათელსა და ბნელს შორის განსხვავება არ არის, რადგან მათი შედეგი, ეფექტი ერთი და იგივეა. მიძოგუჩი თავის პატარ-პატარა სიბოროტეებს სიამოვნებით ებღაუჭება და ფიქრობს, კიდევ თუ განიცდის კმაყოფილებას, პატარა სიბოროტე დიდში რომ გადაეზარდოს.

ასეთ აზრებს და ომს მიძოგუჩი არცთუ შეუმჩნევლად მიჰყავთ განადგურების იდეამდე. ერთხელაც ომს და ოქროს ტაძარს ერთმანეთს დაუკავშირებს. მიხვდება, რომ ტაძარიც ისეთივე მოწყვლადია ავიაიერიშისადმი, როგორც თავად. საერთო საფრთხეზე ფიქრებმა დარია ხელი; შუამავალს მიაგნო, რომელიც სილამაზესთან აკავშირებდა. თითქოს ხიდი გადებულიყო მას და ოქროს ტაძარს შორის, რომელიც ყოველთვის უარყოფდა და რიყავდა.

მაგრამ ომი დასრულდა, ტაძარი კი გადარჩა. და ახლა სულ სხვაგვარად აღიმართა მისი ხატება მიძოგუჩის გონებაში. ტაძარი თითქოს ეუბნებოდა, ოდითგანვე აქ ვდგავარ, სულ მუდამ ვიდგებიო.

ოქროს ტაძარი მიძოგუჩის დაუძლეველ დაბრკოლებად იქცა. მის გადაულახავ მცველად.

„ისევ მომწყვიტა ცხოვრებას! რატომ ცდილობს ოქროს ტაძარი ჩემს დაცვას? მე ხომ არაფერი მითხოვია მისთვის! მაშ, რატომ ცდილობს, რომ ცხოვრებას მომწყვიტოს? ნუთუ ჯოჯოხეთისგან ჩემი გადარჩენა უნდა? მაგრამ ასე ხომ ჯოჯოხეთში მოხვედრილებზე უფრო საშინელ ადამიანად მაქცევს! ადამიანად, ვინც ყველაზე ახლოს შეიგრძნო ჯოჯოხეთის სუნთქვა!“

მიძოგუჩიში მოუთმენელმა მრისხანებამ გაიღვიძა და წყევლასავით ამოხეთქა:

„ოდესმე აუცილებლად გამეგები ფეხქვეშ. აუცილებლად დაგიმორჩილებ, რომ აღარასოდეს შეძლო ჩემი შეფერხება!“

1950 წლის ორ ივლისს, კიოტოს ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ოქროს ტაძარი ოცდაორი წლის ბერმა, ჰაიაში იოკენმა გადაწვა. მან თავის მოკვლაც სცადა, მაგრამ გადარჩა და დააპატიმრეს. სწორედ ეს ამბავი გახდა იუკიო მიშიმას ინსპირაცია. მან დეტალური ინფორმაცია შეაგროვა, ციხეშიც ინახულა ჰეროსტრატოსის სინდრომის მქონე ეს ადამიანი და რომანიც ამიტომ გამოვიდა რეალურ ამბავთან ასე მიახლოებული.

რასაკვირველია, დღეს ოქროს ტაძარი კიოტოს ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა, მაგრამ ყველამ როდი იცის, რომ ეს მხოლოდ 1955 წელს აღდგენილი ასლია. დღეს ოქროს ტაძარი უფრო ლამაზიც კია, ვიდრე ძველი იყო თავისი გაცრეცილი ხის სტრუქტურით, რომელსაც ოქრო საერთოდ არ ჰქონდა გარედან, განსხვავებით ახლისგან. ოქროს ტაძარი ახლა მართლაც ულამაზესია, ოღონდ ეროვნული საგანძური აღარ არის.

chua-vang-kinkakuji-19122016

Advertisements

წიგნის ფესტივალი 2015

11218807_734654483309874_2663237873024924506_n

ამ წლის ნახევარიც არ გასულა ჯერ და უკვე ორი ფესტივალი მოესწრო, ერთი ტრადიციული, ექსპო–ჯორჯიაში, უამრავი გამომცემლობით თუ მაღაზიით, ხოლო მეორე ახალი, “წიგნი და მუსიკა”, რომელიც ფილარმონიაში ჩატარდა და რომელშიც მაღაზიებისა და ორგანიზაციების გარდა ბაკურ სულაკაურის და შოთა ნიშნიანიძის გამომცემლობები მონაწილეობდნენ.

თქვენმა მონა–მორჩილმა ვერც ერთი ვერ გამოტოვა და თაროების პრობლემა კიდევ უფრო დაუძლევადი გახადა.

“წიგნი და მუსიკაზე” თითქოს ბევრი არაფერი მინდოდა, მომდევნო კვირას ფესტივალს ველოდი, მაგრამ მე ვბჭობდი და ყველა იცინოდა, ‘ბევრი არაფრის’ კვალობაზე საკმაოდ წამომიღია წიგნები.

სულაკაურის სტენდთან ჰარი პოტერის ახალი ტირაჟის გულმოდგინედ გამოტირების შემდგომ როულინგის ქვიდიჩსა და ჯადოსნურ ცხოველებს დავავლე ხელი, ამჯერად ვიმყოფინებ მეთქი, ვიფიქრე. სამაგიეროდ ვაგნერის, შოუს და ოსბორნის ლურჯი სამწიგნეული შევიძინე, გასაკვირად დაბალ ფასად. ტაბუკის “მიაჩნია პერეირაც” ავიღე და აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარშემო ცოტას თუ სცოდნია ეს წიგნი. “ვინ მოკლა ჩაიკა” და “პირადი კულინარიაც” ვიპოვე წიგნების იმ უზარმაზარ გროვაში; მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის სერია მხოლოდ ორი ლარი ღირდა, თუმცა მხოლოდ ერთი, “ძველი ბერძნული ლირიკა” მინდოდა მე, გამომცემლობაში არ ჰქონდათ როცა ვყიდულობდი.

ბევრი თვალიერების შემდეგ აკა მორჩილაძის “სარბიელი” მომხვდა თვალში და ორივე ტომი სასწრაფოდ ავიღე, ვიცოდი, სახლში ბევრი მკითხველი ეყოლებოდა. მგონი მაშინ ამოვწურე ფინანსები და გულში ვწუწუნებდი, “ნახევრად ცუდიც” მინდოდა მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ არც მთლად გულში მიწუწუნია და მეგობარმა მაჩუქა.

მეორე მისვლაზე სულაკაურს აღარ გავკარებივარ, შემეშინდა გზის ფულიც არ შემომეხარჯოს მეთქი, სამაგიეროდ ნიშნიანიძის გამომცემლობას მივაკითხე და “მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო”, “წმინდა ზმანებათა ძიება შეშლილ პეტერბურგში”, უსაყვარლესი “ლორანგა, მასარინგი და დარტანიანგი” (რომელიც ლინდგრენისაა, ოღონდ ასტრიდის არა) ვიყიდე.

ერთი ორჯერ კიდევ რომ გავიარე, ლიტერატურის მატიანის გამოცემული “ევროპა თუ აზია” ვიპოვე და “სისხლიან მიწებსაც” მივაგენი (რომელიც კიდევ ორჯერ ვიყიდე, იმიტომ, რომ ვინც მინახა ყველამ იჩუქა).

შემდეგ კი იყო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც მხოლოდ შაბათი დღე გამოვტოვე. ხუთშაბათს ლექციებიც კი გავაცდინე (ვინაიდან საღამოს მოსწავლეები მყავდა), პარასკევს გამოცდამდეც შევიარე და გამოცდის შემდგომაც, კვირას კი დასთან და დედასთან ერთად ვიყავი.

ფინანსებმა ისევ დამაღალატა. თუმცა ჩემი და ამბობს ხოლმე, ყველა წიგნის ყიდვაც რომ შეძლო, საწუწუნოდ იმას გამონახავ, რატომ ორ–ორი ეგზემპლარი ვერ ვიყიდეო. ჰოდა, აღარ ვიწუწუნებ, კარგი.

უმრავლესობის მსგავსად მეც პირველ რიგში ბათუმელების გამომცემლობას მივაშურე. მათ სტენდთან სამჯერ მივედი (ირაკლის კვირას ნათქვამზე, “ოჰ, დიდი ხანია არ გამოჩენილხარო” ახლაც მეცინება :დ).პირველ დღეს ლე გუინს, დავითაშვილს და გლუხოვსკის ვტაცე ხელი (მხედვარი ჯერ არ იყო).

“მხედვარს” პარასკევ საღამოს მივაკითხე და ისიც მეგობარმა მაჩუქა. პარასკევსვე ვიყიდე დიკი და ვერბერი, კვირას კი ბლუმი და დალი. რაღაცები მაინც დამრჩა, თუმცა მალე გამოვასწორებ მაგ ამბავს.

“დიოგენეს” წელს გვერდი ავუარე, დაველოდები ფულს და უკეთეს ფასდაკლებებს, ამდენის წაკითხვას მაინც დიდი დრო უნდა. თუმცა “ბნელი კოშკის” მეორე წიგნი, საყმაწვილო ენციკლოპედია “მუსიკა, იასაღაშვილის “ოსმალური მარში” და სამადაშვილის “ავტოპორტრეტები” მაინც წამოვიღე. ბენვილის “ზღვაც” მეგობარმა მაჩუქა. :დ

ინტელექტთან მე კი მივედი, მაგრამ პავიჩის “ხაზარული სიტყვისკონა” და ბორხესის “მსოფლიო მზაკვრობის ისტორია” მეგობრებმა მაჩუქეს და მეტი ვეღარ დავიხარჯე.

მეგობარმა მაჩუქა აგრეთვე მო იენი, “დიდი ძუძუ–მკერდი, განიერი გავა”. 

საერთოდაც, უდიდესი მადლობა მეგობრებს, ასეთი კარგები რომ არიან.

ბიუტორის “საფეხურების” გამო პალიტრა ელსაც მივაკითხე და “ტრამვაი სახელად სურვილი” და “კაცი რომელიც ვარდება” გამოვაყოლე ხელს შემთხვევით. აგორასთან კლოდელის ორივე წიგნი შევიძინე. ლიგამუსის სტენდთან პრატჩეტის “მაგიის ფერი” მინდოდა, რამდენჯერაც მივედი მაღაზიაში, იმდენჯერ არ ჰქონდათ. ზელაზნის ხუთწიგნეული კი მომდევნო ხელფასზე იყოს, ისედაც ძალიან იაფია.

სიესტასთან ჰერტა მიულერის “სუნთქვის საქანელა” და ნანინანატრი “პატრიარქის შემოდგომა” შევიძინე, რასაც საჩუქრად ძალიან კარგი ლექსებისა და მოთხრობების კრებული მოაყოლეს.

მახსოვს, რომ კიდევ მოვიტანე სახლში რაღაცები, მაგრამ რა, უკვე ვეღარ ვალაგებ თავში.

P.S. დღეს დილით თაროები რომ დავალაგე, ბიბლიოთეკაში წავედი. რაც გამოტანილი მქონდა ხომ დავაბრუნე და “ჯადოსნური მთა”, “პის ცხოვრება” და “სკოლის სევდა” წამოვიღე. ამას ჰქვია ბიბლიოფაგობა. ბიბლიოფილობა კი ალბათ ჯერ შორსაა.

ადამიანური ლაქა

0328-Philip-Roth

ფილიპ როთის აგერ უკვე მესამე წიგნი, “ამერიკული პასტორალი” გამოიცა ქართულად, მანამდე ასევე დიოგენეს “პორტნოის სინდრომი” და პალიტრას “ადამიანური ლაქა” გვქონდა მშობლიურ ენაზე ხელმისაწვდომი. სწორედ ამ უკანასკნელით “მივეპარე” მწერალს და… შეჯახება გამომივიდა.

11734რამდენადაც ამ წიგნის მიხედვით შეიძლება მსჯელობა, როთი წერს გამოზომილად, თანაბრად, რაღაცნაირად უნაბურად შემოგაჩეჩებს სიმაღლესაც და დაცემასაც და ემოციისთვის შემზადებას ვერასოდეს ასწრებ. მასთან ნაკლებად შეხვდებით ისეთ კულმინაციურ მომენტებს, რომ გაგრძელება ივარაუდო. წარმოიდგინეთ მთებში მიმავალი გზა, რომელიც მუდამ ერთ სიმაღლეზე კი მიემართება, მაგრამ ხშირად უხვევს და მთელ გზას ვერასოდეს ვერ ხედავ.

შედარებები იქით იყოს, ეს კაცი ერთიანად მეტაფორაა. ჯერ მარტო წიგნის წანამძღვარი რად ღირს:

ოიდიპოსი: _ როგორ განვიწმინდოთ, ხსნა რა არის ამ სიავისგან?

კრეონი: _ ქვეყნიდან კაცის გაძევება, მკვლელობის მოკვლა…

წიგნი ხუთ ნაწილად იყოფა, თითოეული ნაწილი დასათაურებულია და ყოველ Human_stainმათგანს გარკვეული გარდატეხა შემოაქვს ამბავში. ნაწარმოების თემატიკაც აგრეთვე ერთი საკითხით როდი შემოიფარგლება. წიგნში წააწყდებით რასიზმს, პიროვნების ფორმირებას კონკრეტულ საზოგადოებაში, ეპოქასა თუ გეოგრაფიულ არეალში, ომის ვეტერანის პოსტტრამვულ მდგომარეობას თუ ყბადაღებულ ქლინთონი (სხვათა შორის წიგნში სწორედ ასეა და არა კლინტონად :დ)–ლევინსკის ამბავს.

ქოულმენ სილქს, ანტიკური სიტყვიერების პროფესორს, თურმე სამოცდათორმეტი წლის ასაკში ოცდათოთხმეტი წლის ქალთან გაუჩაღებია რომანი. ამით იწყება სწორედ მთელი ეს დავიდარაბა. მწერალი დროს არ კარგავს და და ბარემ იმასაც გვეუბნება, რომ მოღვაწეობის მიწურულს პროფესორ სილქს რასიზმში დასდეს ბრალი. არ შეგეშინდეთ, არ გასპოილერებთ, ამ ყველაფერს პირველივე გვერდზე ამოიკითხავთ.

როთს ძალიან ნელა შემოჰყავს სილქი სცენაზე – ერთბაშად როდი გვახლის ვისთან გვაქვს საქმე. ჯერ გვაცნობს მას, როგორც პროფესორს, გვეუბნება როგორ, სად გაიცნო მან ეს ქალი; გვიყვება როგორ მიჰყავს მას ლექციები; როგორ დაადანაშაულეს რასიზმში; ამავდროულად გვახსენებს 1998 წლის ცხელ ზაფხულს, იხსენებს ამერიკულ გულისრევას… მწერალს არც ნათან ცუკერმანი ავიწყდება, ადამიანი, რომელიც ნაწარმოების პროტაგონისტია და არა მხოლოდ “ადამიანურ ლაქაში”, არამედ მის ბევრ სხვა ნოველაშიც.

Philip Roth

სცენას თანდათან ემატებიან დანარჩენი პერსონაჟები, ფაუნია ფარლი (ის ახალგაზრდა ქალი, რომელთანაც სილქმა რომანი გააჩაღა), ფაუნიას ყოფილი ქმარი… მერე ძალიან ბუნებრივად როთი ნახევარ საუკუნეზე მეტით იხევს უკან და ქოულმენ სილქის ბავშვობაში გადადის. ჩემთვის აქ დაიწყო მთელი გაურკვევლობა. ეს ერთერთი ყველაზე ძლიერი და მოხერხებულად დაწერილი მონაკვეთია მთელს წიგნში და სრულიად შეუძლებელია ჩემგან ამის სპოილერების გარეშე გადმოცემა.

ისევ იმ გამოუსადეგარი მსჯელობის გუნებაზე დადგა, გამოუსადეგარიო, ვიტყვით, რადგან სოფოკლე უნდა იყო ადამიანი, რომ იმაზე იმტვრიო თავი, შემთხვევითობა ქმნის ბედს, თუ გარდაუვალი ქმნის შემთხვევითობას.

მესამე თავში, რაც ნაწარმოების შუა ნაწილსაც ემთხვევა, ქოულმენი ვითარებათა გამო ფიქრობს საკუთარ ასაკზე, იმაზე, რა შეეფერება მისი ასაკისა და მდგომარეობის ადამიანს, რა არის მისთვის სათანადო საქციელი. მანამდე კი სწორედ იმას ისმენდა, ვის ჟიმავდა ქლინთონი და რამდენად “კაცურად” მოიქცა პრეზიდენტი ამა თუ იმ ქალთან. ძალიან აშკარა და ამავდროულად ძალიან ძლიერი პარალელებით ახერხებს როთი ერთი ადამიანის პირადი ტრაგედია მთელს ერს მოარგოს; ერთი ადამიანით, ზოგჯერ რომ ვერ გაიგებ სილქია თუ ქლინთონი, უპირისპირდებოდეს მთელს ამერიკას და იგივე მწერალი სხვა პერსონაჟების საშუალებით, სულ სხვა პოლუსიდან შემოსცქერის იმავე საკითხს.

რასიზმსა და გარყვნილებაში დადანაშაულებული პროფესორის ამბავი წიგნის მეოთხე ნაწილში მეფე ლირს ემსგავსება. ავტორმა სილქის ამბავი დანარჩენ პერსონაჟებს დაუნაწილა და დროებით თითქოს მასზე სათქმელი აღარაფერი დარჩა.  თითოეული მათგანი განუმეორებელი ხასიათია, სავსებით განსხვავებული დანარჩენებისგან და თითოეულს თავისი ისტორია აქვს. მათი დახასიათებები თავს საბოლოოდ ისევ ქოულმენ სილქთან იყრიან და როგორც იქნა, ამბავი სრულდება.

მეხუთე ნაწილს “განწმენდის რიტუალი” ჰქვია. სოფოკლეს სიტყვებსა და ამ თავის სახელწოდებას რომ შეაჯერებთ, მეტნაკლებად მიხვდებით კიდეც, როგორ სრულდება ამბავი.

სელინჯერის ცხრაპლანიანი ინდუიზმი

 „ხელზე ხელის შემოკვრის ხმა ყველასათვის ნაცნობია. მაგრამ ცალ ხელს თუ შემოჰკრავ, მაშინ რას გაიგონებ?“

– ზენ კოანი

სელინჯერმა დაახლოებით ორმოცი წლის წინ მიატოვა აქტიური ლიტერატურული ასპარეზი, თუმცა მისი იდუმალებისადმი ინტერესი დღემდე არ კარგავს სიმძაფრეს. წინამდებარე რევიუ იმ წიგნის შესახებაა, რომელმაც სელინჯერის ყველაზე მნიშნელოვანი და საინტერესო ნაწარმოებები შეკრიბა. „ცხრა მოთხრობა“ ალბათ ყველაზე უკეთ ახასიათებს ამ მწერალს.

სათაური შემთხვევითი როდია. ცნობილია, რომ სელინჯერი გატაცებული იყო აღმოსავლური ფილოსოფიით. ძველი ინდოელი თეორეტიკოსები კი თვლიდნენ, რომ ჭეშმარიტად მხატვრულ ლიტერატურულ ნაწარმოებს ორი შრე აქვს: სიტყვებით გამოხატული და დაფარული. ტექსტი ემორჩილებოდა მკაცრ წესებს, რომელთა მიხედვით იქმნებოდა ნაწარმოები და მისი ე.წ. სული („დჰვანი“). დჰვანის ერთერთი გაგებით ყველა ადამიანის გონებაში გარკვეული ემოციური მდგომარეობაა მიძინებული. ეს მდგომარეობა მკითხველს ექმნება მწერლის მიერ განსაზღვრული გზით.  სანსკრიტში გამოვლენილია ცხრა პოეტური განწყობა, რომელთა გამოღვიძება მკითხველში ხდება შესაბამის ემოციაზე აქცენტირებით. თუკი წიგნში წარმოდგენილ ცხრა მოთხრობას სქემატურად ავაწყობთ ამ თეორიაზე, შემდეგი სურათი წარმოგვიდგება:

  • სიყვარული – „ბანანათევზის ამინდი“;
  • სიცილი, ირონია – „კონექტიკუტელი კუტი ძია“;
  • თანაგრძნობა – „ესკიმოსებთან შებრძოლებამდე“;
  • მრისხანება – „კაცი, რომელიც იცინოდა“;
  • სიმამაცე –„კანჯოში“;
  • შიში – „ძღვნად ესმეს“;
  • ზიზღი – „ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები“;
  • გულახდილობა – „დე დომიე სმითის ცისფერი პერიოდი“;
  • სიმშვიდე – „ტედი“.

„ბანანათევზის ამინდი“ სიმორ გლასის ისტორიაა. მოთხრობაში პირდაპირ არსადაა ნახსენები, მაგრამ აქ აშკარად დომინირებს სიყვარული. თავად სათაური გვატყობინებს ამის შესახებ – ბანანი ინდურ ფილოსოფიაში სიყვარულის სიმბოლოა. სიყვარულის სიმბოლოა აგრეთვე ლურჯი ფერი (სიმურის საბანაო კოსტიუმი; სიბილის ყვითელი კოსტიუმი, რომელიც სიმორს ლურჯი ეჩვენება; ლურჯია მიურიელის პალტოც); ლურჯი ლოტოსი სიყვარულის ღმერთ კამას ერთერთი ატრიბუტია. სიმორის სიფერმკრთალეც კი სიყვარულზე მიანიშნებს ძველინდურში. საერთოდ ამ მოთხრობაში სიყვარული დამანგრეველი საწყისია. იმიტომ, რომ ინდურ ფილოსოფიაში ცხოვრება დაუსრულებელ ტანჯვათა ჯაჭვია. სიყვარულს კი ცხოვრების გაგრძელების სურვილთან მივყავართ, ბუნებრივია სიყვარული აქ უბედურებაა, ბოროტება. დჰვანის ეს განწყობა მოთხრობაში პესიმისტურ აზრს ატარებს.

ამგვარად, შეიძლება ითქვას, რომ მოთხრობაში ყველაფერი მეტნაკლებად სიყვარულს მიემართება. და ასეა ცხრავე მოთხრობაში, თითოეულ მათგანში ყურადღება გამახვილებულია ერთ კონკრეტულ განწყობაზე, ემოციაზე.  მაგალითად, მოთხრობაში „კონექტიკუტელი კუტი ძია“, თავიდან გმირები იცინიან სავსებთ ბუნებრივად, შემდეგ ისტერიულად, მერე უკვე მთვრალებს ქვითინში გადასდით და ამ განწყობას თეთრი ფერი ეპასუხება და ასე შემდეგ.

სელინჯერი თავისი დროის შვილია, ერთიმეორეზე უფრო სასტიკი ომების, დიდი დეპრესიის მომსწრე. როცა მსოფლიო ვერ ხედავდა გამოსავალს და ალბათ ყოველივეს სამყაროს აღსასრულის ელფერი ჰქონდა. ამ პირქუშ განწყობას ვაწყდებით ეგზისტენციალისტ მწერლებთანაც. თუმცა სელინჯერმა თავისი გამოსავალი იპოვა: ჯერ თავისი ნაწარმოებები შექმნა, სადაც ხსნას ბუდიზმში ხედავს, შემდეგ კი თავად დაემალა უზარმაზარ სამყაროს პატარა ქალაქის პატარა სახლში.

ამ წიგნში მკითხველს მოუწევს სელინჯერის კვალდაკვალ თითოეულ მოთხრობაში მოძებნოს, დაიჭიროს და შეინარჩუნოს მთავარი მუხტი, მთავარი გრძნობა თუ ემოცია; ის, რასაც ძველი ინდოელები დჰვანს უწოდებდნენ.

ყვავილების ღვთისმშობელი

ასეთ წიგნებზე პოსტები ორნაირად შეიძლება დაიწყო (უფრო სწორად მრავალნაირად, მაგრამ საბოლოოდ ყველა ამ ორ კატეგორიაში მოხვდება): შორი გზიდან მოვლით და პირდაპირ, მოურიდებლად.

“ნოტრ დამ დე ფლერი” ჟან ჟენეს სადებიუტო ნაწარმოებია, პირველად იგი 1943 წელს გამოქვეყნდა… მერე მოვყვები რომ ჟან ჟენეს მძიმე ცხოვრება ჰქონდა, 15 წლის მოხვდა ციხეში, მიიღო პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება და ა.შ. და ა.შ. მაგრამ…

რა შეიძლება განიცადო ამ წიგნის კითხვისას? შეიძლება დასველდე, ან გული აგერიოს, თვალებზე აიფარო ხელები, ვერსად გაიქცე, ან ჟანივით ცრემლები ქუთუთოებთან მოიყვანო და არ ატირდე, ან გული ყელში მოგებჯინოს, მაგრამ არა უშავს, გადაყლაპავ. მთავარია გულგრილი არ დარჩე და მთელი გემო არ გააფუჭო. ოღონდ გემო რისი იქნება ვერ გეტყვით. ჟანი ალბათ სპერმის გემოზე წერდა. იქნებ წარმოსახვას გააჩნია, რომელიც მე ბოლომდე არ მეყო. მაგალითად, ციხის სუნი ვერ წარმოვიდგინე, შარდის, ფორმალინის და საღებავების სუნი აქვსო აქ წერია.

ჟენე წერს, პერსონაჟები ათავებენ. წიგნი ავტობიოგრაფიულია, პერსონაჟები ნამდვილი.

ის წერს საკუთარი ცხოვრების შესახებ, ოღონდ ზოგჯერ გაუგებარია, მომხდარს, მოსახდენს თუ იმას, რაც უნდა/სურდა მომხდარიყო. ის წერს და პერსონაჟებიც მარიონეტებივით თამაშობენ, დადგენილ როლს არავინ გადაუხვევს, ეს მათი ცხოვრებაცაა, თვითმყოფადი, თავისთავადი და თვითკმარი. ბნელი მხრიდან თუ გასაქცევი არსად აქვთ, მეორე მხარეს მათი ნება შეუზღუდავია.

და აი, დივინი მარტო დარჩა ამქვეყნად. ვინ გავუხადოთ საყვარლად? ის ბოშა ხომ არა, ყველგან რომ ვეძებ და რომელსაც ფიგურა მარსელური მაღალქუსლიანების წყალობით გიტარას მიუგავს? ფეხებზე კი მეზღვაურის შარვალი მიუცოცავს, ზედ ეკვრის, რომ გულგრილად ჩაეხვიოს მის დუნდულებს.

ხანდახან ერთბაშად ამოხეთქილი, ასოსთვის დაღებული პირიდან ნიაღვარივით მოვარდნილი სიტყვების ძლიერი ნაკადი გეცემა ფურცლებიდან, რომელსაც შესაფერი წარმოსახვა თუ არ დაუხვედრე, მოურიდებლად წაგლეკავს; ხანდახან კი ქაოსური, მაგრამ კარგად მოფიქრებული, წინასწარ განზრახული ქმედებები პერსონაჟებისა, რომლებიც ნაფლეთებად აქცევენ შენს უსუსურად ძლიერ წარმოსახვას. ისინი ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ ერთბაშად, თუმც კი ყოველთვის შეუმჩნევლად იჭრებიან მკითხველში და მრავლდებიან, ერთდებიან, ყვირიან, ბილწსიტყვაობენ, სახეში გახლიან სიბინძურესა და ამორალურობას, თავად კი სავსებით უმანკონი რჩებიან.

არ ვიცი მართლა მათი სახეებია თუ არა, ჩემი საკნის კედელს ალმასისდარი ტალახივით რომაა შეშხეფებული, მაგრამ არც შემთხვევით ამომიჭრია ჟურნალებიდან ეს ცარიელთვალებიანი მშვენიერი თავები. ცარიელი მეთქი, ვამბობ, რადგან ღია ფერის თვალები აქვთ, არადა, ცისფერი უნდა ჰქონდეთ. ლითონის ძაფზე დაკიდებული მანათობელი გამჭვირვალე ვარსკვლავივით – ცისფერი და ცარიელი…

ჟენეს პერსონაჟების ღმერთი ძალიან მაგონებს ზევსს, რომელიც ასევე ჰომოსექსუალია, ლამაზი ყმაწვილი განიმედესი უყვარს. ჟანი კი წერს, უფალს ხომ, როგორც იეზუიტები იტყვიან, სულში შესვლის ათასი საშუალება აქვს, ოქროს მტვრად (წვიმად), გედად, ხარად, მტრედადო…

მეორე მარკიზ დე სადად წოდებული ჟან ჟენე კრიმინალია, ქურდი, ჰომოსექსუალი. ამერიკიდან გამოაძევეს კიდეც ორმოცდაათიანებში. ჟენე დედასაც კი არ გაუზრდა, ქალმა ის აღსაზრდელად უცნობ ადამიანებს მიანდო. მისი ცხოვრება ქურდობისა და გაქცევის მცდელობებისგან შედგებოდა, ამბოხისგან, დაუმორჩილებლობისგან და ამის შემდეგ რა გასაკვირია, თუ იგი საზოგადოებამ აითვალწუნა, გარიყა, უარყო.

”ჟენე ამისთვის დაიბადა – ენახვებინა ჩვენთვის ის, რისი დანახვაც არ გვინდა. რომ ესეც არსებობს და ესეც ცხოვრებაა. და რომ ჩვენ ცოტათი ავცდით ამ ცხოვრებას, რომ, შესაძლოა, ჩვენც წავსულიყავით ამ გზით. ჟენე კი გონიერად, თავისი სურვილით ირჩევს ამ ცხოვრებას და თითქოს უარყოფიდან ამტკიცებს დადებითს – მე რომ ასეთი ვარ, ასეთი არ უნდა იყოს ადამიანი. ჟენე სწორედ ამაში გვეხმარება, რომ დავინახოთ ყველა გზა და შევამციროთ სიბნელის არე და გავზარდოთ არე სინათლისა. ამაში მაინც ვუთხრათ მას მადლობა.” ასეთ მოსაზრებებსაც წააწყდებით ჟანზე, მაგრამ რა გითხრათ, მიჭირს ასე გააზრება. მგონია, რომ ჟანს ასე ეცხოვრებოდა და იმიტომაც იყო ასეთი. ჩემთვის ძნელია ამ ადამიანში იმ თავგანწირული მეამბოხის დანახვა, რომელიც საკუთარ გზას იმისთვის ამრუდებს, რათა სხვებმა მის შეცდომებზე ისწავლონ..

წიგნი მორის პილორჟის ხსოვნას ეძღვნება, რომელსაც 1938 წელს თავი მოჰკვეთეს. “ის რომ არ ყოფილიყო, რომლის სიკვდილმაც სიცოცხლე გამიმწარა, ამ წიგნს არასოდეს დავწერდი”, ასე იწყება წიგნი.

რომანის ქართული გამოცემა დიოგენეს დამსახურებაა.

notre_dame_des_fleurs_by_liyiwei

დაუსრულებელი ამბავი

10441119_1444329872496936_4092873424148886164_nგპირდებით, ეს პოსტი დაუსრულებელი არ იქნება, თუმცა თუ გულით გსურთ, მიგასწავლით ასეთ ამბავსაც. მაგრამ ჯერ როგორც რიგიან მწერალს შეჰფერის, ყველაფერს თავიდან მოგიყვებით.

იყო და არა იყო რა, იყო გამომცემლობა „დიოგენე“. ერთ ქალაქში, მყუდრო ადგილას მოკალათებული ერთი მაღაზიაა და მის ლამაზ გამყიდველს გვერდს თუ აუქცევ და წრიულ კიბეზე თავბრუსხვევასაც გადაიტან, სწორედ იქ ამოყოფ თავს, გამომცემლობაში. ხმები დადის, აქ თეთრი ჯადოქრები მუშაობენო. ერთხელ თქვენმა მონა–მორჩილმაც შეჰბედა იქაურობას. სწორედ ეს ჯადოქრები უშვებენ ქალაქში უამრავ ამბავს და მერე ხალხი ჩემსავით გაღიმებული დადის ქუჩაში. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.

ჰოდა ამ ჯადოსნურ ადგილას, ერთხელ, არ ვიცი როგორ, რანაირად, მიხაილ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ გაჩნდა, ჩვენთვის გასაგებ – ქართულ ენაზე. ლამაზი, წითელი, ყუათიანი წიგნია, ფოლიანტს ჰგავს. ღამე საბანი უნდა გადაიფარო თავზე და ფარანი მიანათო, თითებს ჩაიკვნეტთ ისეთი გემრიელია.

ისე როგორ იქნება წაკითხვამდე ერთი უბრალოდ არ გადაფურცლოთ და არ გადაათვალიეროთ. მაშინვე მოგხვდებათ თვალში ფერადი ნაწერი. წითელი, ლურჯი, წითელი, ისევ ლურჯი და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.

პატარა ვინ არ ყოფილა (ისე კი ამბობენ ზოგი პირდაპირ ზრდასრული იბადებაო. რა უსამართლოდ ექცევა ასეთებს ცხოვრება), ვის არ ჰყვარებია წიგნი (იმასაც ამბობენ, არსებობენ ადამიანები წიგნი ერთხელაც არ გადაუშლიათო, ბაბუა მაშინებდა ასე ბავშვობაში); ვის არ გაუთენებია კითხვისას, ვის არ აღმოუჩენია ახალი სამყარო წიგნებში. ვერც გაიხსენებთ, რამდენი ამბავი იცით, არა? ხომ ლამაზია ეს სამყარო, თქვენს გემოზე გაფერადებულ–ჩახატული; ვინ იცის რამდენ ამბავს ინახავთ გულში და შეიძლება ყოველ ჯერზე ასხვაფერ–ალამაზებთ მათ.

თქვენს მონა–მორჩილ მთხრობელს აპატიეთ, ჯერ ახალია მთხრობელ–მემატიანეთა რიგებში და სიტყვები ეურჩებიან. იმას ვამბობდი, რომ იყო ერთი პატარა, პუტკუნა, ლოყაწითელი ბიჭი, ბასტიან ბალთაზარ ბუქსი.

ბასტიანმა ერთხელ წიგნი მოიპარა (ოღონდ თქვენ არასოდეს მოიქცეთ ასე), ამის გამო სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა და… ეჰ, ასე ხომ სიტყვა გამიგრძელდება. ამგვარად მან ფანტაზიაში ამოჰყო თავი. არის ასეთი სამყაროც. ფანტაზიური. უჰ, იქ მას ისეთი ამბები გადახდა… თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.

მემატიანეები ამბობენ, ბასტიანმა სწორედ ფანტაზიაში იპოვა თავისი მიზანიო. აქ ისწავლა მან სიყვარული და სიხარული რომ ერთი და იგივეა და მას მერე ეს აღარც დავიწყებია. იმასაც ამბობენ, ბევრ სხვასაც ჩაუნერგა ეს ნიჭიო. ამ ბიჭუნამ ფანტაზიაში მოახერხა საკუთარი თავის შეყვარება. აქ მან თავისი თავი ისეთი მიიღო, როგორიც სინამდვილეში იყო, მიხვდა, რომ არჩევანი თავიდანაც რომ მიეცათ, ისევ საკუთარ თავს აირჩევდა და არა იმას, ვინც ფანტაზიაში იყო – ძლიერ, გონიერ, მამაც, უშიშარ, ლამაზ ყმაწვილს. თუმცა ფანტაზიიდან ჩვენს სამყაროში დაბრუნებულ ბასტიანს სწორედაც რომ შევნიშნე სიმამაცე, გონიერება და კიდევ სხვა მრავალი სიკეთე.

ამ ლამაზ წითელ ფოლიანტში ისეთი კითხვები მომაყარეს პერსონაჟებმა, პასუხის გაცემას ეგება მთელი ცხოვრებაც მოვუნდე. რა არის სურვილი? რა გვახსოვს წარსულიდან? საერთოდ, შეგვრჩა მოგონებები? გვახსოვს ბავშვობა? რაზე ვოცნებობდით ბავშვობაში, რისი გვჯეროდა? ხომ გვქონდა სურვილები… ლამაზი, კეთილი, გულწრფელი სურვილები და ოცნებები. ჰოდა, რატომ დაგვავიწყდა? მაინც როდის ვაქციეთ ზურგი საკუთარ თავს და როდის გავხდით ისინი, ვინც დღეს ვართ… ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება სულაც გადაავიწყდა როგორი იყო ერთ დროს.

ბასტიანმა ფანტაზიაში ისეთი მეგობარი შეიძინა, ათასჯერ რომ დაიბადოთ, შეიძლება ერთხელაც ვერ წააწყდეთ მისებრ ერთგულს. იქნებ ესეც უნდა დაიმსახუროთ. აბა წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გიყვართ და რამდენს გეამაყებათ, რომ მას თქვენც უყვარხართ? მე მგონია რომ ბასტიანმა დაიმსახურა ეს მეგობარი. ის ხომ მიხვდა, რომ სურდა ყოფილიყო სწორედ ისეთი, როგორიც არის და სურდა ჰყვარებოდათ თავისი შეცდომებიანად, ან თავისი შეცდომების მიუხედავად. ოღონდ თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ. მაგრამ როცა შენი მეც გიყვარს, შენი მამა გიყვარს, დედა გიყვარს, მეგობარი, შეყვარებული, ადამიანები გიყვარს, მერე შენც უყვარხარ მათ და ამას იმსახურებ კიდეც.

დაუსრულებელ ამბავში ერთი თეთრი დრაკონია, იღბლის დრაკონი. ალბათ მე ყველაზე მეტად სწორედ ის მიყვარს ამ წიგნიდან. იმიტომ, რომ ის იმედს არასოდეს კარგავს, ყოველთვის ოპტიმისტია. ის ხომ იღბლის დრაკონია, სხვაგვარად შეუძლებელიცაა.

თქვენმა მონა–მორჩილმა იმდენი იტირა წიგნის დასასრულს, ერთ ამარგანთის ქალაქს კიდევ ააშენებდა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ სიკეთის და მეგობრობის მწამს, სიყვარული სიხარულად მიმაჩნია და ყველანი მიხარიხართ.

მადლობა მიხაილ ენდეს, რომ არსებობდა და ეს წიგნი დაწერა.

P.S. ისედაც სულ ვეჭვობდი, რომ მეც ერთი წიგნის პერსონაჟი ვარ და წესით ავტორიც უნდა მყავდეს. ალბათ ამიერიდან სულ მომინდება ამ მწერალს დავთრები ავურიო, მაგრამ როგორ გავექცე მის ნებას, ჯერ არ ვიცი.

სამდღიანი მარათონის შედეგები

10347406_562338437208147_2914170568488784203_n

10416623_391542320985184_23694907619115428_nწიგნის ფესტივალი დაიწყო, გრძელდება აგერ უკვე სამი დღეა, ხვალ ბოლო – მეოთხე დღეც შედგება და დასრულდება. სამწუხაროდ მე მხოლოდ სამი არასრული დღე გავატარე ექსპო ჯორჯიას მე-11 პავილიონში და მეოთხე დღეს გამოვტოვებ, თბილისის დატოვება მომიწია. შესაბამისად ჩემი სიაც დარჩა ასე ნაკლული. გული განსაკუთრებით მწყდება ჩემს რუსულენოვან ურსულა ლე გუინზე, რომელიც ბათუმელებისგან უნდა წამომეღო. თუმცა დიიიდზე დიდი, უდიდესი მადლობა მათ, ურსულას На последнем берегу მაჩუქეს. იმედი მაქვს როგორმე სხვაგვარ მადლობასაც ვეტყვი მალე. ❤ არადა არ გაიყიდოს ეს წიგნი მეთქი, ერთ ამბავში ვიყავი. 😦

წლევანდელ ფესტივალზე ერთი უცნაური შეგრძნება არ მასვენებდა: როცა უამრავი წიგნით პავილიონიდან მიმავალ ხალხს ვუყურებდი, მეგონა რომ ჩემი წიგნები მიჰქონდათ.

ეს ფესტივალი კიდევ იმიტომ არის შესანიშნავი, რომ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს დაუგეგმავადაც გადაეყრები.

ჩემი უნივერსიტეტიც იყო ფესტივალზე, მაგრამ რად გინდა, თავად მთელი დღეები იქ გაატარეს, მე მომიწია სემინარებზეც მევლო, 1907348_562339417208049_1454938314165929217_nბიბლიოთეკაშიც და მაღლივშიც. სტუდენტებსაც რომ გვინდოდა ფესტივალზე გემრიელად სიარული არ ესმით ამათ. :@:დ პირველ დღეს ჯერ სამსახურში დამიბარეს, მერე რეფერატი ჩავაბარე ენათმეცნიერებას, მერე ფილოსოფიამ ერთგვარი საკონტროლო წერა მოგვიწყო, მერე ერთი ლექტორი გამინაწყენდა, ბევრს მიცდენო და მხოლოდ ამ ყველაფრის შემდეგ წავედი ფესტივალზე. მაგრამ განსაკუთრებით რთული მაინც მეორე დღე გამოდგა, დილით სემინარი მქონდა, მერე გამოვიქეცი ექსპო ჯორჯიაში, შევიგულე რაღაცეები, დედას ‘დავავალე’ ფული გადმოეგზავნა, შემდეგ გამოცდაზე წავედი (მაღლივში). გამოცდიდან ისევ ფესტივალზე გამოვბრუნდი, მაგრამ ჰა – ბანკები უკვე დაკეტილი იყო და ფული ვერ ავიღე. დღეს კი უკვე დავტოვე თბილისი. აბა არ უნდა ვიყო გაბრაზებული? 😦

10347690_391542300985186_7471263578791286576_nმაგრამ გახარებულიც ვარ. ერთი უმნიშვნელო მიზეზით – ახლა უკვე 46 კილოგრამს ვიწონი და ვგონებ მალე მეტყვის სასწორი იმას, რის გაგონებაც ასე ძალიან მინდა. :დ მეორე მნიშვნელოვანი მიზეზი ჩემს მიერ შეძენილი წიგნებია – რაც მოვასწარი. გამომცემლობა ‘დიოგენე’ როგორ მიყვარს, ამას ხშირად ვიმეორებ, მაგრამ ახლა კიდევ ვიტყვი – ვგიჟდები ამ ხალხზე. 90% მათი წიგნები ამშვენებენ ახლა ჩემს თაროს.

აი რა ვიყიდე:

მიხაილ ენდე – დაუსრულებელი ამბავი

უმბერტო ეკო – პრაღის სასაფლაო

სტივენ კინგი – ბნელი კოშკი

პ.გ. ვუდჰაუსი – ვუსტერთა გვარის ღირსება

ვუდი ალენი – თანამდევი მოვლენები

სილვია პლათი – ზარხუფი

სოლ ბელოუ – ჰენდერსონი, წვიმის მეფე

ჯ.კ. ოუტსი – შავი წყალი

მალხაზ ხარბედია – მამაჩემი, ბობ დილანი და კაცი საკაბელოდან

ბორის ვიანი – გულსაგლეჯი

პენაკი – რომანივით საკითხავი

1549460_562001990575125_1425743525211544399_nსულაკაურის გამომცემლობასაც მივაკითხე. მურაკამი მაინც ხომ უნდა მეყიდა – კაფკა პლაჟზე. მარი ბექაურის მეორე მხარე” და ჯოელ ჰარისის “ბიძია რიმუსის ზღაპრებიც” წამოვაყოლე ხელს. მერე ისევ დოგენეს გავუარე და ბავშვებისთვის საყვარელი წიგნი “არრა” და “ერნესტი და სელესტინი პინკიკზე მიდან” წამოვიღე.

მეგობარმა მაჩუქა ნატო დავითაშვილის “ლურჯი სუფრის მოცეკვავე”, რომელიც ჯერაც აკლდა ჩემს ლილე იროელის ქრონიკებს.

აი, წელსაც, სულ ეს იყო! ვერც კანინგემის “საათები” ვიყიდე, ვერც გრიშემის “ფირმა”, აპდაიკის ბაჭიებიც ძალიან მინდოდა, რუშდის “ფლორენციელი ჯადოქარიც”, დიოგენეს ბიბლიოთეკის ორ სამ წიგნზეც არ ვიტყოდი უარს, რამდენიმე თურქი მწერალიც მქონდა გეგმაში, სულაკაურის კინო-სერიიდანაც მინდოდა წიგნები და “კოროლაინსაც” ვუპირებდი სახლში წაღებას. მარკესის ახალი წიგნები ნახეთ? ზელაზნის ხუთივე წიგნსაც ვგეგმავდი… ეჰ.

მაგრამ გულდაჯერებით მხოლოდ პირველ დღეს მოვიარე და რასაც მოვერიე კი წამოვიღე, დანარჩენმა დღეებმა მიღალატეს! ჰოდა ასე. თუმცა მგონი ჩემმა საყვარელმა ბიბლიოთეკის დირექტორმა წამოიღო რაღაცეები, ზოგი თავისთვის, ზოგიც ბიბლიოთეკისთვის და ძალიანაც აღარ ვდარდობ. რუსულენოვან წიგნებს კი ქინდლშიც წავიკითხავ, რა უშავს. არც არაფერი.

გილოცავთ წიგნის ფესტივალს, დაწყებასაც ოდნავ დაგვიანებით და დასრულებასაც, ცოტა ნაადრევად.

P.S.

რაც მოეწერა ხელი იმას, რომ საქართველო უნდა იყოს 2017 წელს ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის მასპინძელი ქვეყანა, ჩვენ მიმართ უცხოელების ყურადღება გაორმაგდა…