აოგაშიმა

მოდით დამეთანხმეთ, რომ იაპონიაზე ფიქრისას თავში უპირველეს ყოვლისა ტოკიო გიტრიალებთ, ეს უზარმაზარი მეგაპოლისი. რაც შეიძლება სულაც არ გიტრიალებდეთ თავში, ეს ალბათ ვულკანი-კუნძულია, აოგაშიმას ვულკანური წარმოშობის კუნძული.

აოგაშიმა ტოკიოს 200 მილითაა დაშორებული, თუმცა ტექნიკურად მაინც ტოკიო მართავს 170 მაცხოვრებელს. საქმე ისაა, რომ ბევრი სამართავი აქ არც არაფერია, რამდენიმე მაცხოვრებლისთვის თავშესაფრისა და საჭმლის, ერთი მაღაზიის და ვერტმფრენისთვის განკუთვნილი ასაფრენ–დასაფრენი მოედნის გარდა. ყურადღების ძირითადი ობიექტი მასიური, ორმაგი ვულკანი გახლავთ. ანუ, მთელი კუნძული, რომელიც ისედაც ვულკანია და ვულკანური წარმოშობისაა, შეიცავს მეორე, უფრო პატარა ვულკანს (სინამდვილეში, როცა აოგაშიმას ორმაგ ვულკანს ვუწოდებთ, ამით ვაკნინებთ სულ მცირე ოთხ კიდევ უფრო პატარა წყალქვეშა ვულკანს, რომლებზეც თავის დროზე წარმოიშვა კუნძული).

უკანასკნელი ამოფრქვევა კუნძულზე, რომელსაც წინ დიდი მიწისძვრები უძღოდა, 1780-იან წლებში მოხდა და ამას 1785 წელს 130-140 ადამიანი ემსხვერპლა. მას შემდეგ ვულკანი წყნარადაა და როგორც მე გავიგე, ელოდება როდის გაერთიანდება პატარა ვულკანები საკმარისი ძალით, რათა ერთ დიდ, მძლავრ ვულკანად იქცეს.

This slideshow requires JavaScript.

თუმცა, აოგაშიმა ულამაზესი ადგილია. კუნძულის ფართობი 9 კვადრატული კილომეტრია და რისი კეთებაც ღირს, არის სიარული, კუნძლის გარშემო. აქ არის სალაშქრო ბილიკები ზედ ვულკანის კრატერთან, სადაც, როგორც ამბობენ, კვერცხის შეწვაც კი შეიძლება ვულკანიდან ამომავალ ხვრელებზე. ღამის ცა უნდა იყოს ძალიან ლამაზი, ვფიქრობ მით უმეტეს ტოკიოელებისთვის, რომელთათვისაც ცაში ყურება დღითიდღე ძნელდება.

ფასებს რაც შეეხება, თქვენ მოგიწევთ ტოკიოდან გადაფრენა ჰაჩიო-ჯიმაზე, რაც დაგიჯდება 270-320 $ (იგულისხმება უკანდასაბრუნებელი გზაც), შემდეგ შეგიძლია დაიქირავოთ ვერტმფრენი, რაც 120 $ ჯდება. აოგაშიმაზე ბინის ფასი ერთი ღამით 40-დან 90 დოლარამდე მერყეობს, თუმცა კუნძულზე შეგიძლიათ რეგისტრაციის შემდეგ გარკვეულ ადგილებში კემპინგს მიმართოთ, უფასოდ. ყველაზე კარგი კუნძულზე ვიზიტი ზაფხულშია, ამინდების გამო, ძირითადად.

ეს კი, კუნძულის ოფიციალური საიტია. 

შინდლერის კიდობანი

პოსტი დაწერილია სპეციალურად თბილისის წიგნის ფესტივალის მიერ გამოცხადებული ბლოგერების კონკურსისათვის.

Schindler's_List_movie22 წლის წინ “შინდლერის სია” გამოვიდა ეკრანებზე და იგი დღესაც მეოცე საუკუნის ერთერთ ყველაზე ძლიერ ფილმად ითვლება. თუმცა ყოველი დიდებული სურათის მიღმა არსებობს იდეა და ეს იდეა ავსტრალიელი მწერლის, თომას კენილის წიგნი, “შინდლერის კიდობანი” გახლდათ, რომელიც ფილმის გავლენით ამერიკაშიც “შინდლერის სიად” დაიბეჭდა. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის კინობიბლიოთეკის სერიით დაბეჭდილ ქართულ ვარიანტსაც (მთარგმნელი – ნიკა სამუშია) სწორედ ეს სათაური შეურჩიეს; ჩემი აზრით კი კიდობანი უკეთ ესადაგება ფაბრიკას, სადაც ოსკარ შინდლერი თავისი მუშების წარმოუდგენელი საშინელებისგან დაცვას ცდილობდა.

ამ წიგნში მოთხრობილი ოსკარის გასაოცარი თავგადასავალი, უპირველეს ყოვლისა, შინდლერის წყალობით გადარჩენილი 50 ადამიანის ინტერვიუს ეფუძნება.

ავტორი პროლოგში ერთი შეხედვით რიგით წვეულებას აღწერს კომენდანტ ამონ გეთთან, გვიყვება შინდლერის გარეგნული ბრწყინვალების შესახებ, გვიხასიათებს მექალთანე ბიზნესმენს, საუბრობს მისი პატიოსნების შესახებ… მეორეს მხრივ კენილი ოსკარის დანარჩენი სტუმრებისადმი დამოკიდებულების წარმოჩენას ცდილობს, რითაც ვგებულობთ, რომ იგი არ ჰგავს გეთს, ბოშს, შერნერს თუ ჩურდას. ადამიანებს, რომლებსაც წიგნში ასე თუ ისე გაეცნობა მკითხველი და რომლებიც ყოვლად ამაზრზენ შთაბეჭდილებას ტოვებენ. ოსკარი მექალთანეა, სვამს, მფლანგველია, მაგრამ არა მათ მსგავსად ბილწი, პირიდან ბრენდის მყრალ სუნს რომ აფრქვევენ და რომელთა სისასტიკეს საზღვარი არ აქვს.

მკითხველის ნდობით თავიდანვე ზედმეტად რომ არ ვისარგებლო, ამბავი სიკეთის ჩვეულებრივი გამოვლინებით – კოცნით, ჩურჩულით, შოკოლადის ფილით – იწყება.

ავსტრალიელი მწერლის ეს სქელტანიანი ნაწარმოები სხვათა მონაყოლის მიხედვით შეიქმნა და მიზნად ისახავს არა უბრალოდ ოსკარ შინდლერის ამბის გადმოცემას, არამედ მისი მეტამორფოზის ჩვენებას. სწორედ ეს უმთავრესი მომენტი განასხვავებს წიგნსა და ფილმს ერთმანეთისაგან. ორი სხვადასხვა ნაწარმოების გმირები ამ მეტამორფოზისკენ არცთუ ერთნაირ გზას გადიან.

თომას კენილი ნაბიჯ–ნაბიჯ მიუყვება შინდლერის ცხოვრებას. მკითხველი ეცნობა ერთის მხრივ გარემოს, სადაც იზრდებოდა ეს ადამიანი, ვგულისხმობ არა მხოლოდ ოჯახს, არამედ საერთო სოციალურ ფონს. გვიყვება მისი ოჯახის, მისი ბავშვობის შესახებ 1594705შეძლებისდაგვარად რეალურად, ფაქტებზე დაყრდნობით, შელამაზების გარეშე. თუმცა წიგნი დაუჯერებლად მხატვრული, ემოციური და ჩამთრევია. ოსკარს ნათელი, ლაღი ბავშვობა ჰქონია, მერეც მზიანი დღეები იდგა მის ცხოვრებაში, სანამ…

მაგრამ შინდლერი “სუფთა სისხლის” არიელი, უძველესი გერმანული ოჯახის წარმომადგენელი იყო, მისთვის საშინელებათა ის სერია სხვანაირად დაიწყო და გააზრებითაც სხვანაირად, სხვა დროს გაიაზრა. იგი უდავოდ არ ყოფილა სასტიკი, ფანატიკოსი ადამიანი, პირიქით, მაგრამ მაინც რთულია იმ მოტივების პოვნა, რამაც საბოლოოდ ის ოსკარ შინდლერი ჩამოაყალიბა, რომელსაც დღეს ჩვენ ყველა ვიცნობთ. სწორედ ეს მოტივებია უაღრესად საინტერესო ამ წიგნში, მათი ძიება, იმ მარცვლების ძიება, რომლებმაც ოსკარის ასეთი გარდაქმნა გამოიწვიეს.

იგი შეესწრო სცენას, სადაც ბავშვებს გეტოს ქუჩაში ჩამწკრივებულებს მიაცილებენ ესესელი ჯარისკაცები. წითლებში გამოწყობილი გოგონა (ფილმის მნახველებს ძნელად თუ დაავიწყდებოდათ იგი) თავისი თვალით უყურებს, როგორ დაადგა ერთერთმა ფორმიანმა პატარა ბიჭუნას თავზე ფეხი, მიაბჯინა კეფაზე ლულა და გაისროლა. ამ სცენაში ყველაზე შემზარავი ალბათ ჩადენილი კი არა, ის იყო, რომ ბავშვების რიგის ბოლოში მიმავალმა მცველმა სამი წლის გოგონას ამ სცენის ყურების საშუალება მისცა. იმავე დღეს ოსკარი საკმაოდ ზუსტად ჩასწვდა ვითარების არსს, მოწმეების არსებობის აღარავის ეშინოდა, რადგან სჯეროდათ, რომ ძალიან მალე ეს მოწმეებიც დაიღუპებოდნენ.

Schindlers_list_red_dress

იცხაკ შტერნს, ებრაელ ბუღალტერს ყოველთვის სჯეროდა, რომ სწორედ მან ჩაყარა კვალში სათანადო თესლი.

შინდლერს პირველი შეხვედრისას, როგორც მას ახლად გამოცემული ბრძანებულება ავალდებულებდა, უთხრა, რომ ებრაელია.

_მე კი გერმანელი ვარ, – ჩაიბუზღუნა ჰერ შინდლერმა, – რა მნიშვნელობა აქვს!

ოსკარის საქმიან კითხვებს შტერნი ფრთხილად პასუხობდა, მერე კი ფილოსოფიურ თემებზეც გააბეს ლაპარაკი. მაშინ ბუღალტერმა გაიფიქრა, გონებაგახსნილი კი არის, მაგრამ კონცეპტუალური აზროვნების უნარს მოკლებულიაო.

საუბრის დასასრულს ოსკარმა ორიგინალური რამ თქვა:

_ასეთ ხანაში ძნელია, ეკლესიებმა მრევლს უქადაგოს, რომ ზეციურ მამას თუნდაც ერთი ბეღურის ბედი ანაღვლებს. ჩვენს დროში, როცა სიცოცხლე ერთ კოლოფზე იაფია, მღვდლობას ნამდვილად არ ვისურვებდი.

შტერნი დაეთანხმა და დაამატა, რომ ბიბლიიდან მოყვანილ ოსკარის ციტატას თალმუდის ეს მუხლი ზუსტად აჯამებს:

ის, ვინც ერთი ადამიანის სიცოცხლეს იხსნის, მთელ ქვეყნიერებას იხსნისო.

ორი ქალი

2014_06_28_I0001694_249მაცო დე ლა როშე 1879 წელს დაიბადა ონტარიოში, კანადაში. დღეს ეს სახელი ალბათ მხოლოდ კანადელებს ახსოვთ, არადა თავის დროზე საკმაოდ ცნობილი მწერალი იყო, ავტორი Jalna სერიისა. ესაა 16 წიგნიანი ოჯახური საგა, რომელსაც როშე ოცდაათი წლის განმავლობაში წერდა. სხვათა შორის, ყოველი წიგნის წაკითხვა შეიძლება სხვებისაგან დამოუკიდებლად.

როდესაც მაცო შვიდი წლის იყო, მისმა მშობლებმა მაცოს ობოლი ბიძაშვილი, ქეროლაინი იშვილეს და მაცოს ფანტასტიკურ სამყაროს ახალი პერსონაჟი შეემატა თამაშისას. ქეროლაინი მისი ცხოვრების მუდმივი კომპანიონიც გახდა. მაცოს მშობლების გარდაცვალების შემდეგ ისინი ერთად ცხოვრობდნენ, როგორც ყოველთვის ოცნებობდნენ.  წყვილი იმდენად ჩაკეტილი იყო, რომ მათმა უახლოესმა მეგობრებმაც კი არ იცოდნენ ამ ურთიერთობის ხასიათი. იყვნენ თუ არა ისინი ლესბოსელები, ძნელი სათქმელიაო, დღემდე ასე ითვლება. მე თუ მკითხავთ ამას მხოლოდ ფიზიკური ურთიერთობა არ განსაზღვრავს. ფაქტია, ორი ქალი 75 (!) წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდა. 1931 წელს ორი გოგონაც იშვილეს.

თავის ავტობიოგრაფიაში მაცო წერს, რომ მას მოსწონდა მამაკაცებთან ურთიერთობა, მათთან ფლირტი, მათი mazo-de-la-roche-caroline-clementმოხიბვლა… მაგრამ ვერ იტანდა მათ შეხებას. დე ლა როშე თავის თავს აღწერს, როგორც საკმაოდ მამაკაცურს, მაშინ როცა ქეროლაინი ისეთივე ლამაზი ქალი იყო, როგორც მაცოს პერსონაჟები: ცისფერი თვალები, ნაზი აღნაგობა, თხელი ხელები, აბრეშუმივით თმა…

1926 წლის ზაფხულში კლარკსონში მდებარე პატარა ვილაში დე ლა როშე წერს Jalna-ს პირველ ნოველას, რომელიც უხვად შეიცავს ბიოგრაფიულ ელემენტებს. წიგნში ფიგურირებს ურთიერთობა ორ ქალს შორის, რაზეც შემდეგ კრიტიკამ გაამახვილა კიდეც ყურადღება. მომდევნო წიგნებში ერთერთი ამ ქალთაგანი საოცრად ემსგავსება ავტორს. მომავალ წელს წიგნი ანონიმურად გამოქვეყნდა და დიდ წარმატებსაც მიაღწია, ავტორმა 10,000$ მოიგო. მისი ანონიმურობა კვლავაც გრძელდებოდა, თუმცა ნაწილობრივ. მაცომ მეტი შთაბეჭდილებისათვის თავისი დაბადების ადგილი და ოჯახური დეტალები შეცვალა. წყვილი იმ დროს იმდენად ცდილობდა იდუმალების შენარჩუნებას, რომ მათი ასაკის დადგენაც კი გაუჭირდათ შემდგომ ბიოგრაფებს. ქეროლაინის ზუსტი ასაკი დღემდე არ ვიცით.

2014_06_28_G-11Apr1927_378 ამას მოჰყვა ცნობილი ადამიანის ცხოვრება, ტელეფონის ზარები, მიწვევები სადილებზე თუ წვეულებებზე… მაცოს კიდევ წერის გაგრძელება სურდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დომხალს თავი დააღწია, მწერლის ცხოვრებაში რთული პერიოდი დადგა, მოგვიანებით წერს კიდეც: “ვიცოდი რისი დაწერაც მსურდა, სიტყვები ჩემს ხელთ იყო, მაგრამ მათი გადმოცემა არ შემეძლო”. ქალს რამდენიმე ნერვიული შეტევა ჰქონდა იმ წელს, მკურნალობდა ელექტროშოკითაც კი. ქეროლაინის ზრუნვამ და გვერდში დგომამ მაცოს ჯანმრთელობა გამოასწორა. იგი აკეთებდა ყველაფერს, უბრალოდ საფეთქელების დაზელვიდან დაწყებული, მაცოსთვის წერაში დახმარებით დამთავრებული. მწერალი კარნახობდა, ქეროლაინი იწერდა. მაცო ყოველ დღე ითვლიდა, თავად რამდენის დაწერა შეეძლო, გაჭირვებით წერდა რამდენიმე გვერდს, შემდეგ კი ქეროლაინი აგრძელებდა. ასე ნელნელა 1928 წლის ბოლოს მათ Jalna-ს კიდევ ერთი წიგნი დაამთავრეს.

გვიანდელ 1920–იან წლებში წყვილი ევროპაში გადასახლდა, ინგლისში. სწორედ აქ იშვილეს ბავშვები – რენე და 2014_06_28_LG_q992_281ესმე, რომელთა წარმოშობა და მშობლების ვინაობა თავად გოგონებისთვისაც კი გასაიდუმლოებული დარჩა. მათთვისაც არაფერი უთქვამთ, გარდა იმისა, რომ მაცო იყო დედა, ქეროლაინი კი დეიდა.

დე ლა როშეს ბიოგრაფიაზე მუშაობისას, ბევრი რამ დახვდათ გაურკვეველი მკვლევარებს; როგორც აღვნიშნე, ვერც იმას ამბობენ დანამდვილებით, იყვნენ თუ არა მაცო და ქეროლაინი ლესბოსელები, თუმცა მაცოს ყველა წიგნს აქვს წარწერა–მიძღვნა: “For Caroline, From First to Last.”

ფილატელია

ბევრი ადამიანია ჯერ კიდევ პატარაობისას თვალებგაბრწყინებული რომ იწყებს მარკების შეგროვებას. ზოგი თავს ანებებს, ზოგიც სიცოცხლის ბოლომდე მათი ერთგული რჩება. მიყვარს კოლექციონერები, მიჭირს ამის ახსნა, მაგრამ მათ თითქოს ორი ღმერთი ყავთ, ნამდვილი და თავისი კოლექციის სახით. მშურდა კიდეც მათი. თავად სპეციალურად არაფრის შეგროვება არასოდეს მიცდია. თუმცა კი კოლექციები მაინც მაქვს.

მაქვს ძალიან, ძალიან ბევრი ფერადი ფანქარი, გასაფერადებლები, იაპონური ხატვის უკვე შესრულებული კომპოზიციები, მუსიკალური დისკები და რაშიც შეიძლება კოლექციონერად ჩავითვალო – რეპროდუქციები. ყველაფერს ვაფუჭებ, ყველაფერს ვკადრულობ სასურველი რეპროდუქციის ხელში ჩასაგდებად. ახალთახალი წიგნიდანაც კი ამომიჭრია. ამჟამად სხვადასხვა ზომის, ფორმის და ხარისხის ორი ათასამდე რეპროდუქცია მაქვს. რომელც მხატვარს აღარ იპოვით ჩემთან…

ახლა კი მარკებს მივუბრუნდეთ.

  ყველაფერი 1840 წელს დაიწყო. ადამიანი, რომელმაც საფოსტო მარკა გამოიგონა როლანდ  ჰილია. მეცხრამეტე საუკუნის ბრიტანეთში საკმაოდ არაეფექტური საფოსტო სისტემა    არსებობდა: წონისა და მანძლის გათვალისწინებით საფოსტო გზავნილის ხარჯებს არა  გამგზავნი, არამედ მიმღები იხდიდა. იყო შემთხვევები, როდესაც მიმღებს არ შეეძლო  გადახდა და წერილი ჰაერში გამოკიდებული რჩებოდა. მარკების შემოღებამ ყველაფერი  გაამარტივა, ხარჯებს უკვე გამგზავნი იხდიდა.

მარკის გამოგონებას პატარა ლეგენდა უძღვის წინ: ერთხელ ინგლისელი მასწავლებლის   შვილი როლანდ ჰილი გულისამაჩუყებელი სცენის მოწმე გახდა: ახალგაზრდა ქალმა,  რომელსაც წერილი მიუტანეს, ფოსტალიონი უკან გააბრუნა, ფულის არქონის გამო. ბატონი  ჰილი შეძრა ამ სცენამ და ამიტომაც დაწერა კანონპროექტი :საფოსტო რეფორმა: მისი აუცილებლობა და პრაქტიკულობა”.

პირველმა საფოსტო მარკამ დღის სინათლე 1840 წლის 6 მაისს იხილა და მას “შავი პენი” ერქვა, მისი ღირებულება ერთი პენი იყო და მასზე შავი საღებავით ინგლისის დედოფალი ვიქტორია იყო გამოსახული. მონარქს იმდენად მოეწონა თავისი გამოსახულება, რომ მისი პორტეტი მარკებს აღარც მოსცილებია. დიდი ხნის განმავლობაში იგი მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ მარკას წარმოადგენდა, მაგრამ საბოლოოდ მას პირველობა “მავრიკიამ” ჩამოართვა, რომელიც დღეს 15 მლნ დოლარი ღირს.

არსებობს მარკების ორგვარი კოლექცია – თემატური და ქრონოლოგიური. მგონი განმარტებას არ საჭიროებს რა განსხვავებაა მათ შორის. ყველაზე გავრცელებულ თემებს თურმე ფლორა და ფაუნა წარმოადგენს.

 ყველაზე იშვიათ მარკებს მიეკუთვნება Two Penny Blue–იც. ეს ბრიტანული მარკა 1840 წელს გამოიცა და “ლურჯი პენის” სახელითაც არის ცნობილი. 1993 წელს 4 მლნ დოლარად გაიყიდა.

ასევე იშვიათი მარკაა Mauritius Post Office Error–იც (1847). ამ მარკას უწოდეს Post Office, ნაცვლად Post Paid.

დიზაინერმა უნებური შეცდომა დაუშვა მავრიკიას ბეჭდვისას და…

Hawaii Missionary Stamps – ყველაზე ძვირადღირებული მარკების სიაში მშვენიერ ადგილებს იკავებენ, შეიქმნა 1851 წელს. მათ იყენებდნენ ისლანდიაში ჩასული ამერიკელი მისიონერები და მისი ფასი 100 000 დოლარზე მეტია.

ასევე ცნობილი, იშვიათი და ძვირი მარკებია:

British Guiana

Connell’s Folly

Seebeck Reprints

Special Delivery

Inverted Airmail

Dag Hammarskjold Error

Farley’s Follies

და კიდევ ბევრი. უკეთ მითითებულ საიტზე ნახეთ…:)

ტუალეტის ქაღალდი და…

ამ ბოლო დროს ვეღარფერს ვეღარ ვაკეთებ მუსიკის მოსმენის გარდა, მღლის არაფრის კეთება. ამიტომ ცოტა “წაუცნაურო” ამბები რაც ვიცი ხოლმე, იმას ვწერ (რასაც ვიხსენებ, დამატებული ამას ცოტა ინტერნეტი და ენციკლოპედიები).

დღეს ტუალეტის ქაღალდზე ვწერ, იმიტომ რომ საკმაოდ საინტერესო ამბები ვიცი მასთან დაკავშირებით და კიდევ იმიტომ, რომ ყოველთვის მინდოდა მეც მქონოდა ისეთი ტუალეტის ქაღალდი, რომელზეც მსოფლიო კლასიკის ლიტერატურა ეწერებოდა. ცუდად არ გამიგოთ, ეს აზრი მაშინ მეწვია თავში, როცა რამდენიმე წიგნის შოვნა გამიჭირდა. ვიფიქრე ასე იაფი ეღირებოდა, თან საინტერესო იქნებოდა… 🙂 მოკლედ, მთავარზე გადავალ.

ტუალეტის ქაღალდის წარმოშობის ისტორია ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეორე საუკუნის ჩინეთს უკავშირდება. მიუხედავად ამისა სანიტარული დანიშნულება მხოლოდ ორასიოდე წლის წინ ჰპოვა, ხოლო დახვეწილი სახე აგერ მეოცე საუკუნეში ძლივს მიიღო.

ადრე მისი წარმოშობა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განისაზღვრებოდა. მაგალითდ ზღვისპირა რეგიონებში  ნიჟარებს იყენებდა მოსახლეობა, ჰავაის კუნძულის მცხოვრებნი ქოქოსის ქერქს, ხოლო თუ ლუი მეთოთხმეტე იყავი რასაკვირველია მეფური უკანალი გექნებოდა და ამისათვის აბრეშუმზე ნაკლებს ვერავინ გაკადრებდა.

საოცარია, მაგრამ ამ უსაჭიროეს ნივთს დღესაც არ აღიარებენ ინდოელები და არაბები. ამ ქვეყნებში ტუალეტის ქაღალდის მაგივრად განსაკუთრებული პოპულარობით მარცხენა ხელი სარგებლობს. მართალია “გამოყენების” შემდეგ ხელს იბანენ, მაგრამ… თურმე ბევრი არაბი ტუალეტის ქაღალდის გამოყენებას საშინელ ტრადიციად მიიჩნევს, მათი აზრით ქაღალდი ბოლომდე ვერ ასრულებს ფუნქციას და “რაღაც” მაინც რჩება. ისე ზოგიერთი ისტორიკოსი იმასაც ფიქრობს, ნეტავ მაინცდამაინც მარჯვენა ხელის ჩამორთმევის ტრადიცია აქედან ხომ არ გაჩნდა, მარცხენა ხომ მუდამ ბინძურიაო…

ისლამური წეს–ჩვეულების მიხედვით ტუალეტის ქაღალდის ფუნქციას მიწა ან ქვები ასრულებდა. შემდეგ კი უკანალს წყლით იბანდნენ (შევცდი ამ თემაზე წერა რომ დავიწყე :@ ). სწორედ ამიტომ დაჰქონდა მრავალ ღვთისმოსავს მიწა და წყალი გამუდმებით.

ძველ რომში ყველა საზოგადო ტუალეტი აღჭურვილი იყო ჯოხზე მიმაგრებული ღრუბლითა და მარილიანი წყლით. (არსად არ ეწერა გარკვევით, ყველა ერთსა და იმავე ღრუბელს ხმარობდა თუ არა, არადა მაინტერესებს, ფუჰ). მდიდრები ამავე მიზნით აბრეშუმსა და ვარდის წყალს ხმარობდნენ რომში.

შუა საუკუნეებში ფრანგებმა ბიდე გამოიგონეს, რომელსაც თავიდან ორივე სქესი ხმარობდა (მიყვარს რა ფრანგები), მაგრამ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკელმა და ბრიტანელმა ჯარისკაცებმა იგი ბორდელებში ნახეს და დაასკვნეს, რომ მას მხოლოდ ქალები ხმარობდნენ. მას შემდეგ ბიდეს აღარ გაჰკარებიან.

 კოლონიურ ამერიკაში ამ ფუნქციას სიმინდის ფუჩეჩი ასრულებდა. ხოლო 1700 წლიდან, როცა ყოველდღიური გაზეთები ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდა, ეს ფუნქციაც გაზეთმა შეითავსა. ლორდი ჩესტერფილდი ერთერთ წერილში თავის შვილს ურჩევდა ყოველთვის თან ჰქონოდა რაიმე იაფფასიანი ლექსების კრებული. რათა ქოთანზე ჯდომისას თავი რამით შეექცია, შემდეგ კი ამ თავშესაქცევისთვის შესაფერისი გამოყენება მოეძებნა. რა საყვარლობაა…

სხვათა შორის ინგლისში პოეზიის ამგვარმა “გაღმერთებამ” სერიოზული პრობლემა შექმნა, მთელი ქვეყანა წალეკა გამოყენებულმა ქაღალდებმა. სად იყო მაშინ კანალიზაცია.

მე19 საუკუნეში რაღაც საცნობარო კატალოგი გამხდარა პოპულარული. მას ლურსმანზე კიდებდნენ და 100გვერდიანი უფასო და რბილი ტუალეტის ქაღალდი მზად იყო. მეორე საპატიო ადგილი კი მაინც სიმინდს ეკავა. საუბედუროდ 1930 წელს კატალოგი პრიალა და კარგი ხარისხის ქაღალდზე დაბეჭდვა დაიწყეს და მან პოპულარობა დაკარგა, გამოყენებისთვის მეტად უხეში იყო.

პირველი ნამდვილი ტუალეტის ქაღალდი 1880 წელს ინგლისში გამოუშვეს. მაშინ რულონები კი არ იყო, არამედ ოთხკუთხედ ყუთებში ჩალაგებული იყიდებოდა და საკმაოდ უხეშიც იყო. თუმცა ამბობენ ინგლისელები დღემდე უხეშს ამჯობინებენო. განსხვავებით მათგან ამერიკელებს რბილი ქაღალდი მოსწონთ, რომლის წარმოება 1907 წლიდან დაუწყიათ.

დღესდღეობითო, სადღაც ეწერა, ტუალეტის ქაღალდის ბიზნესის წლიური ბრუნვა 2,8 მლრდ დოლარს შეადგენსო. ჰო, ისიც ეწერა სადღაც, გასულ საუკუნეში, როცა სკოტ პეიპერსმა რულონის ფორმის ტუალეტის ქაღალდი გამოიგონა, საკუთარი ქმნილების იმდენად რცხვენოდა, ფირმას საკუთარი სახელი არ დაარქვაო.

არც ისე შორეულ წარსულში, უკრაინაში ტუალეტის ქაღალდზე ცნობილი პოლიტიკოსების გამოსახულებები დაბეჭდეს. მასზე შეხვდებით პრეზიდენტებს, პრემიერ–მინისტრებს, კანცლერებს, ბიზნესმენებს, რა ვიცი… კონდოლიზა რაისი და ბორის ბერეზოვსკი, იულია ტიმოშენკო თუ ლეონიდ კუჩმა…

 პორტუგალიაში უფიქრიათ, რომელი საუკუნეა, რაღა დროს თეთრი ქაღალდიაო და შავი გამოუშვა, “ფრიად ელეგანტური, ექსტრამოდური და მეამბოხეო” – ასე ეწერა. მაგრამ ერთი რულონის ფასი 2,5 ევროა…

2002 წელს ჩემმა ძვირფასმა გერმანელებმა, რომლებსაც ტუალეტში (და არა მხოლოდ) კითხვა უყვართ, ტუალეტის ქაღალდზე წიგნების ბეჭდვა დაიწყეს. “გვსურს, რომ წიგნებს კითხულობდნენ, ეს არის ჩვენი კომპანიის ფილოსოფია”, განაცხადა “ტუალეტის ლიტერატურის” გამომცემელმა.

🙂 მომიტევეთ თუ არაესთეტიური სიამოვნება მოგანიჭეთ 🙂

სილამაზის კონკურსი

 რასაკვირველია სილამაზის კონკურსი მამაკაცებმა გამოიგონეს. სადღაც გამიგონია, პირველ ასეთ კონკურსში ჰერა, ათენა და აფროდიტე მონაწილეობდნენ, ჟიური კი სულ ერთი მამაკაცისგან – პარისისგან შედგებოდაო. ტროას მეფის ვაჟმა მთავარი პრიზი – ვაშლი და უმშვენიერესის ტიტული აფროდიტეს მიანიჭა, თუმცა ისიც გავიგონე სადღაც, ამ ღვთაების მარმარილოს ქანდაკება გაუზომიათ და დაუსკვნიათ, რომ ის ნებისმიერ სილამაზის კონკურსში ბოლო ადგილსაც კი ვერ დაიკავებდაო… სიმაღლე 164 სანტიმეტრი, ხოლო პარამეტრები ნაცვლად 90-60-90–ისა, 86-69-93 ყოფილა… 

ძვლ ბაბილონში სილამაზეს პირდაპირი მნიშვნელობით აფასებდნენ. კონკურსის დამთავრების შემდეგ, გამარჯვებულს ანიჭებდნენ ტიტულს და გაჰყავდათ აუქციონზე, სადაც შესაბამის ფასს ადებდნენ. თუ ვინმეს მისი ცოლად შერთვა მოესურვებოდა, ფასიც უნდა გადაეხადა…

ინკვიზიციის “დიდ” პერიოდში ყველაზე ლამაზ ქალებს კოცონზეც წვავდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ თვალისმომჭრელი სილამაზე ეშმაკისეული იყო.

უგანდელების მოწყობილ სილამაზის კონკურსში სახის ნაკვთებს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა, მთავარი უკანალი იყო. ზოგიერთ გამარჯვებულს ისეთი წონიანი უკანალი ჰქონდა, დამხმარეს გარეშე ადგომა არ შეეძლო.

ძველ ჩინეთში გამარჯვებულ ლამაზმანს რომელიმე ცხოველს სწირავდნენ დიდი ზარ–ზეიმით.

თანამედროვე სილამაზის კონკურსს კი საფუძველი 1888 წელს ბელგიის პატარა ქალაქ სპაში ჩაეყარა. ეს

 პატარა კურორტი არისტოკრატების და სამეფო ოჯახების საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო.

ბელგიიდან კონკურსის ციებ–ცხელება გერმანიას გადაედო, სადაც 1909 წელს, კაბარე “პრომანადში” ჩატარებულ სილამაზის კონკურსში 19 წლის სიგარეტების გამყიდველმა, ჰერტრუდა დოპერალსკიმ გაიმარჯვა, ხოლო პირველი “მის ამერიკა” 1921 წელს 16 წლის მარგარეტ გომრანი გახდა.

 თავდაპირველად სხეულის ნაწილებს ცალცალკე აფასებდნენ. ყველაზე მაღალი ქულა – 15,  სახის ნაკვთებს ჰქონდა, მკერდი, ფეხები და ხელები კი 10 ქულად ფასდებოდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ კონკურსი მსოფლიო მასშტაბის გახდა.

1951 წელს ლონდონში ტრადიციული ფესტივალი ტარდებოდა, რომელსაც ორგანიზებას გასართობი კომპანია “მეკა” უწევდა. ამ კომპანიის ერთერთმა ხელმძღვანელმა ერიკ მორლეიმ ფესტივალში სილამაზის კონკურსის შეტანა მოიტანა. მას “ბიკინის ფესტივალი” ეწოდა და ერთჯერად ხასიათს ატარებდა.

ფემინისტებს ამ ფაქტზე უარყოფითი რეაქცია ჰქონდათ. ისინი ალბერტ–ჰოლში შეიჭრნენ და წამყვანი ბობ ჰოუპი გალანძღეს, იატაკზე კი ფქვილი მიმოაბნიეს.

ქალთა გამათავისუფლებელი მოძრაობის წევრებმა 1968 წელს ცხვარს თავზე გვირგვინი დაადგეს და საწყალი ცხოველი “მის ამერიკად” გამოაცხადეს.