The Walking Dead

1217-walking-dead-amc-3რამდენიმე წელია ამ სერიალის ყურებას ვაპირებ და სამ-ოთხ სერიას ვერაფრით გავცდი, არ იყო ეტყობა დრო და განწყობა სამაგისო. ახლა დავიწყე და გავედი კიდეც ბოლოში.

ერთი შეხედვითაც და ორი შეხედვითაც სერიალი ორიგინალობით ვერ დაიკვეხნის – სამყაროს ზომბიზაცია იწყება და ყველა თავის გადარჩენას ცდილობს. ეშმაკმა უწყის რა ვირუსია ამისთანა, მაგრამ ადამიანები კვდებიან, ოღონდ ბოლომდე არა. მათი ტვინის რაღაც ნაწილი მუშაობას განაგრძობს. მათ არ სცივათ, არ სტკივათ, და თუ თავი არ გაუხეთქე არც კვდებიან. სამაგიეროდ შიათ – თან ჯანმრთელი, ცოცხალი ადამიანები. ამასთან ყველა, ვისაც ზომბი უკბენს, დაკაწრავს და ა.შ., თავადაც ზომბი ხდება.

მოულოდნელობების, პანიკის, ზარდამცემი შიშის შემდეგ, პირველი სირთულე ალბათ იმის გააზრება იყო, რომ ზომბები ადამიანები აღარ არიან. დადიან, ხავიან, ჭამენ, მაგრამ მათში ადამიანური აღარაფერია. და ზომბი უნდა მოკლა, თუ გინდა გადარჩე. და ზომბი შეიძლება შენი ყველაზე ახლობელი ადამიანიც კი აღმოჩნდეს.

The-Walking-Dead-Companion-TV-Show-Series-Announced

სრული ანარქია. არავითარი წესრიგი, კანონი, არავითარი გონივრული მოქმედება. ვიღაც მხოლოდ თავის თავზე ზრუნავს, ვიღაც მხოლოდ ოჯახზე, ვიღაცას დაუძლეველი ალტრუიზმი შეეყარა – ყველას გადარჩენა სურს. რაც მთავარია, ადამიანები ბევრად უფრო ნამდვილები არიან. გამუდმებით შიშში ყოფნა მათ ძალიან ცვლის. ან შეიძლება კი არ ცვლის, ნიღაბს აშორებს. რას გაიგებ, როდის როგორ. ერთთავად თავდასხმის ეშინიათ; იმისაც ეშინიათ, ვინმემ თავის გადასარჩენად მათი მსხვერპლად შეწირვა არ გადაწყვიტოს. არის ასეთი მომენტებიც – ერთერთს მიუგდებენ საჯიჯგნად ზომბებს, ყურადღებას გადაატანინებენ, ამასობაში დანარჩენები თავს შველიან.

the-walking-dead

რიკი და დერილი

 ახალგამომცხვარი ლიდერები. ისედაც ყველამ ვიცით, რომ ერთად შეყრილი ბევრი ადამიანი არის ბრბო. უპირობოდ. ასეთი საფრთხის ქვეშ კი ბრბო დამფრთხალი ცხვრების ფარაა. ორჯერ ღრმად რომ ჩაისუნთქო, დამშვიდდე, ერთი ჭკვიანური და ორი გამამხნევებელი სიტყვა თქვა, უკვე ლიდერი ხარ. მაგრამ ეს პოზიცია ძალიან მერყევია, ზოგი ბრძანებებს ვერ ეგუება, ზოგი შიშისგან ვერ აზროვნებს, ზოგი არავის ენდობა, ზოგს თავად სურს ლიდერობა, მაგრამ მოწოდებით ლიდერი ვერაა.

the-governor-the-walking-dead_0

ფილიპი, იგივე გუბერნატორი

რიკ გრაიმსი ლიდერია. ძალიან ქარიზმატული, ზოგჯერ დაუფიქრებელი, ეგოისტი, ემოციური ლიდერი. მერე უკვე ცივსისხლიანიც, სასტიკი. ფილიპი, მეტსახელად გუბერნატორი, აგრეთვე ლიდერია. ოღონდ როგორ დავახასიათო არ ვიცი. რიკი თუ ლაპარაკობს, ან კარგი არგუმენტები აქვს და ვერ შეეკამათები, ან ემოციური და სასტიკია, რითაც გაშინებს, მაგრამ ნდობასაც იმსახურებს; ფილიპი სულ სხვანაირია. მასთან ყველა ტკბილი საუბრით ხვრელიდან ამოყვანილი გველია. ზუსტად იცის რა უნდა უთხრას ადამიანს, რომ სიფხიზლე და ყურადღება წამებში მოადუნებინოს.

და ბოლოს, ჩემი მარადიული კითხვა: რაც არ უნდა ხდებოდეს, რატომ მიჰყვებიან ხოცვა–ჟლეტის მოსურნე ლიდერებს, არ მესმის. განსაკუთრებით ამ სერიალში, როცა ცოცხალი, ნამდვილი ადამიანები თითქმის აღარ არიან. როგორ შეიძლება ჩაება ომში, რომელიც ვიღაცის პირად შურისგებას ემსახურება.

the_walking_dead_the_complete_first_season_13

დასაწყისისთვის ზოგადად მიმომხილველი პოსტის დაწერა მსურდა, ყელში მიჭერს უკვე ეს სერიალი. იქნებ უფრო კონკრეტული თემებიც ამოვარჩიო, რის ნაკლებობასაც ნამდვილად ვერ დაიკვეხნის ეს პროდუქტი.

Advertisements

ტიმოთი და ტისტუ

თუ ქვეყნად მხოლოდ იმისთვის გავჩნდით, რომ ერთ მშვენიერ დღეს უფროსებად ვიქცეთ, მაშინ ზრდასთან ერთად, მზამზარეული შეხედულებებიც ადვილად ისადგურებენ ჩვენს გონებაში. ეს დიდი ხნის წინათ შექმნილი შეხედულებები წიგნებში წერია. ესე იგი, თუ ბეჯითად ვიკითხავთ წიგნებს, ან ყურადღებით მოვუსმენთ იმათ, ვისაც ბევრი წაუკითხავს, სულ მოკლე ხანში უფროსებს დავემსგავსებით.

n423293 ტისტუ საოცარი ბავშვია, ვარდისფერი ლოყები, დიდი ცისფერი თვალები და ქერა, ხვეული თმა აქვს. ტისტუ, ისევე როგორც ყველა ბავშვი, განსაკუთრებულია. მას მწვანე თითები აქვს. არა, თითები ვარდისფერი აქვს, ეს სიმწვანე შიგნიდან უნდა დაინახოო, ამბობს ოსტატი ულვაშა. მას კი დაეჯერება. თუკი ტისტუ მცენარის თესლს შეეხება, ეს მცენარე ერთ ღამეში აყვავდება.  ტისტუმ ციხე მწვანე ტალავერად გადააქცია. ყოველ ფანჯარაზე, ღობის ყოველ ძელზე ყვავილები გადაშლილიყო. თქვენ დარაჯის ჯიხური უნდა გენახათ, ულამაზეს ფანჩატურად ქცეულიყო; დარაჯის თოფი კი ალბათ ჭიგო ეგონა ყვავილს და შიგ გაჭედილიყო. კარი აღარ იკეტებოდა, მაგრამ გაქცევა აზრადაც არავის მოსვლია, პატიმრები მებაღეებად იქცნენ. ტისტუმ ღარიბთა უბანი წარმოუდგენელ ადგილად აქცია. იქ, სადაც ადრე უბადრუკი ქოხმახები, ტალახი და წუმპე იყო, სახლები ცისფერი თაღებით გადახურულიყვნენ, ამწვანებულ ქუჩებს ნემსიწვერების ყვავილნარი მიუყვებოდა… ამ ავლადიდების გამოსაყენებლად გადაწყვიტეს ხეებს შორის ოთხმოცდაცხრამეტსართულიანი სახლი ჩაედგათ, სადაც ამ უბანში მცხოვრები ყველა ადამიანი დაეტეოდა. ვინაიდან სახლის აშენებას დიდი დრო დასჭირდებოდა, ყველა უმუშევარი დასაქმდა. ტისტუმ ავადმყოფ გოგონას მთელი პალატა აუყვავა, ჭერში ყურების ნაცვლად ყვავილების გაშლას დააკვირდება და სიცოცხლის წყურვილი დაუბრუნდებაო. ო, როგორი მართალი იყო ტისტუ, როგორი ჭკვიანი. ტისტუმ ომიც შეაჩერა. საომრად შემართული მანქანები, ქვემეხები, ტანკები, odd_life_of_timothy_greenზარბაზნები თუ თოფები ერთიანად ყვავილებით იყო მორთული, წებოვანი, ხვიარა ლიანები ეხვია ყოველივეს. ძრავაში ტკაცუნა მცენარეებს დაესადგურებინათ და ჯარისკაცებს აშინებდნენ. ქვემეხები კი ყვავილებს ისროდნენ. ვარდებით ქვეყანა არავის აუღია და არც ყვავილებით უომია ვინმეს.  ტისტუ ყველაზე კეთილი ბიჭია ამქვეყნად. ტისტუ ანგელოზია. ასეთი ანგელოზი იყო ტიმოთიც, უშვილო ცოლქმარს პირდაპირ მიწიდან რომ მოევლიან პატარა ღიღილოსავით. ფეხებზე ლამაზი მწვანე ფოთლები ჰქონდა და ეშმაკურად იღიმოდა.  ტიმოთიც და ტისტუც ჩემი ორი პატარა ჭინკაა, სიკეთის განსხეულება, ყოველივე ლამაზის ინიციაცია. მხოლოდ ამ დროს მესმის კათარსისის არსი; და შეიძლება მხოლოდ ასეთი ფილმების/წიგნების მოგვრილი ემოციების გამო ღირს ცხოვრება.  დამდეგს გილოცავთ, მრავალს დაესწარით. ტისტუსა და ტიმოთისნაირი ანგელოზები არ მოგკლებოდეთ გარშემო.

მშვენიერების ძიებაში

2013 წლის თბილისის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალზე ჩემი პირველი ფილმი გახლდათ პაოლო სორენტინოს “დიდებული მშვენიერება”.  

ჯეფ გამბარდელამ ერთი რომანი დაწერა ახალგაზრდობაში. მერე კი ცხოვრება რომის ქუჩებში ხეტიალს მოანდომა, ღამ-ღამობით. სამოცდახუთი წლის რომ გახდა, ამბავი, რომელმაც რომანი დააწერინა, მასთან დაბრუნდა, თავი შეახსენა და დასრულდა.

ჯეფ გამბარდელამ ვეღარ შეძლო არ ეფიქრა, არ ეძებნა და იპოვა თუ არა ვერ გეტყვით.

ძნელია თქმა, როგორი ადამიანია ჯეფი – მელანქოლიური თუ უბრალოდ თავგაბეზრებული, ცინიკოსი თუ იუმორის გრძნობით აღსავსე. შესაძლოა არც ერთი, შეიძლება უცნაურია. თუმცა მისი დიასახლისის არ იყოს, მეც მოწყენილი ჯეფი უფრო მომწონს, ვიდრე უცნაური.

მაინც რატომ შეწყვიტა წერა ჯეფ გამბარდელამ პირველი რომანის შემდეგ? იმიტომ, რომ ცარიელი  ცხოვრება ჰქონდა? თავად თქვა, გუსტავ ფლობერს სურდა დაეწერა წიგნი არაფრის შესახებ და არ გამოუვიდა, იქნებ მე შევძლოო. და მარიას კი უპასუხა, მშვენიერებას ვეძებდიო.

ფილმის ყურებისას დაფიქრდებით იმაზე, როგორ ვატარებთ ცხოვრებას. ზოგს დრო გაჰყავს, თითქოსდა რაღაცის მოლოდინში; ზოგს ძალუძს არაფრის კეთებაში დრო საერთოდ აღარ რჩებოდეს. ერთი სიტყვით, ჯეფი დაგაფიქრებთ იმაზე, რომ ცხოვრება ცარიელია, არარაობაა. მაგრამ ფილმი არაა პესიმისტური. გამბარდელამ თავის მეგობარ სტეფანის განუცხადა, ის თავისი “მე, მე, მე–ს” ძახილით და იმაზე ლაპარაკით, რომ იგი წარმატებული ქალია და კარგი დედა, რომ ის სისხლსავსე ცხოვრებით ცხოვრობს, თავს იტყუებს და არ არის საჭირო მეგობრებისთვის ქედმაღლურად ყურება. უბრალოდ უნდა გაუღიმო მათ, დალიო მათთან ერთად, ისაუბრო ათას სისულელეზე.

კიდევ ბევრი რამ ითქვა ფილმში. ძნელია ასეთი ფილმის მოყოლა; თუნდაც იმის თქმა, რატომ იყო კარგი ან ცუდი. მე – მომეწონა. ლამაზი ფილმია, ლამაზი მუსიკით.

ფილმის ნახვა შეგიძლიათ აქ.

შაბათის ფილმები ფესტივალიდან

როგორც უკვე გითხარით წინა პოსტში, თბილისში კინოს საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. შაბათ დღეს თქვენმა მონა-მორჩილმა სამი ფილმის ნახვა კიდევ მოახერხა და ორიოდე სიტყვა მინდა ვთქვა ამ ფილმებზე.

Poster - Earrings of Madame de, The_04 “მადამ დე…” გახლავთ 1953 წელს Max Ophüls-ის მიერ გადაღებული რომანტიკული დრამა, თუმცა დღევანდელი გადასახედიდან ეს ფილმი კომედიურს თუ არა მელოდრამულ ჟანრს მაინც მიეკუთვნება. ფილმი წარმოადგენს საყურეების თავგადასავალს, რომელიც ვერა და ვერ გასცდა ერთ ოჯახს. მოკლედ რომ გითხრათ გრაფინიას ქმარმა ეს საყურეები სამჯერ იყიდა ერთი და იმავე ადამიანისგან და როდესაც მეოთხედაც შესთავაზეს, მან გაბრაზებულმა განაცხადა უარი. სამაგიეროდ გრაფინიამ იყიდა ისინი, რის გამოც მისმა მეუღლემ მისივე საყვარელი მოკლა დუელში. სათვალავი აგერევათ ამ საყურეების მოგზაურობაში, თუმცა ფილმი ძალიან ფრანგულია, გრაფინია ძალიან სახასიათო პერსონაჟია და მე როგორც ფრანგების და თითქმის ყველაფერ ფრანგულის მოყვარულს ფილმიც ძალიან მომეწონა.

შემდეგი ფილმი, რომელიც ვნახე იყო Claire Denis-ის 2008 წლის ნამუშევარი “35 ყლუპი რომი”/”35 35 rhumsrhums”. ფილმი ეხება მამასა და შვილს შორის ურთიერთობას, რომელიც სრულდება ერთი ახალგაზრდა კაცის გამო. ნამდვილი დრამაა. ფილმის სათაურის არსი მამის რიტუალში მდგომარეობს… ყველაზე მეტად რაც მომეწონა, პერსონაჟები და მათი ხასიათები იყო. საერთოდაც მიყვარს მე ასეთი ფილმები, თითქოს არაფრით გამორჩეული, ასე ვთქვათ მდორედ რომ მიმდინარეობს მოქმედება, არც არაფერს ელი. ასეთი ფილმის ყურებისას არ სვამ კითხვას რა მოხდება, აქ საინტერესოა როგორ მოხდება (ან როდის. ეს ფილმი კი ოდნავადაც არ იყო გაწელილი).

[MEGAUPLOAD] [DVDRIP] Pulsar 2011 [VOSTFR] და უკანასკნელი ფილმი გახლდათ “პულსარი”/”Pulsar”, რომელიც 2010 წელს გამოვიდა და რომლის რეჟისორიც გახლავთ Alex Stockman. თავადაც არ ვიცი ამ ფილმზე რა გითხრათ, დრამა, მისტიკა, რომანსი _ მაგრამ თავად მე გამიჭირდა ფილმის აღქმა. დიდი ვერაფერი აზრი ვერ გამოვიტანე. კიდევ ვნახავ ალბათ ამ ფილმს, მოვნახავ რეცენზიებს… 90 წუთი დაძაბული ველოდი განვითარებას, შესაძლო ვერსიებს განვიხილავდი გონებაში… კი, გასაგებია რაც მოხდა, მაგრამ რა აზრი ჰქონდა ამ ყველაფერს, პირადად მე – ვერ ჩავწვდი. ამით იმის თქმა მსურს, რომ ფილმი შეიძლება კარგიც არის, უბრალოდ მე ვერ გავიგე. Wi-fi, ჰაკერი, სიყვარული, პარანოია, ორი შეყვარებული, რომელთაც ოკეანე აშორებთ ერთმანეთს _ აი მთელი ფილმი.

ჩემთვის ფესტივალი უკვე დამთავრდა. ძალიან მწყდება გული, რომ ხუთ ფილმზე მეტი ვერ ვნახე. საკმაოდ რთული შესადგენი იყო პროგრამა, იმდენი ფილმი იყო წარმოდგენილი, იმდენის ნახვა მინდოდა…

ორი ფილმი ფესტივალიდან

მოგეხსენებათ 3 დეკემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით თბილისში კინოს საერთაშორისო ფესტივალი მიმდინარეობს. აქვე ბარემ იმასაც გეტყვით, რომ გახსნა/დახურვის გარდა ნებისმიერ ფილმზე დასასწრები ბილეთის ფასი მხოლოდ და მხოლოდ 2 ლარია (!). აქვე იხილეთ პროგრამაც ქართულ და ინგლისურ ენებზე.

სამწუხაროდ დღემდე ვერ მოვახერხე ვერც ერთი ფილმის ნახვა. აი დღეს კი ორ ფილმს დავესწარი და მინდა გითხრათ, უზომოდ კმაყოფილიც დავრჩი, მით უმეტეს რომ ერთერთ ფილმს მთავარი როლის შემსურელებიც ესწრებოდა, რომელთან გასაუბრების საშუალებაც ფილმის დასრულების შემდგომ მთელ აუდიტორიას მოგვეცა.

პირველი ფილმი გახლდათ  Christian Carion-ის Joyeux Noel”. ფილმი შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან.

Joyeux Noel “შობას გილოცავთ” არის 2005 წლის ფილმი, რომელშიც ასახულია 1914 წელს პირველი მსოფლიო ომის საშობაო ზავი, რომელიც ფრანგმა, შოტლანდიელმა და გერმანელმა ჯარისკაცებმა დადეს. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე, ოქროს გლობუსზე და ცეზარზე.

ვინაიდან გადმოსაწერი ლინკი უკვე გაქვთ, შინაარს არც მოვყვები და არც განვიხილავ, უბრალოდ ორი სიტყვით საკუთარი შთაბეჭდილების გადმოცემას შევეცდები.

წარმოიდგინეთ ომში შობის წინა დღეები, როდესაც ორი მტრულად განწყობილი ბანაკი ნეიტრალურ ტერიტორიაზეა განთავსებული. ორივე მხარე შიშით ელის მოწინააღმდეგის შეტევას და არ აქვს იმედი, რომ შობა მას შეაჩერებს.

ახლა წარმოიდგინეთ პირველი მსოფლიო ომი, 1914 წელი და ფრანგები, შოტლანდიელები და გერმანელები ერთად. ერთმანეთის პირისპირ მდგარნი უნდობლად შესცქერიან ერთმანეთს. არც ისე დიდი ხნის შემდეგ კი ისინი ერთად მხიარულობენ, ერთად აღნიშნავენ შობის დადგომას, ესწრებიან წირვას, თამაშობენ კარტსა თუ ფეხბურთს, სწავლობენ ერთმანეთის სიმღერებს, აჩვენებენ ცოლის ფოტოებს, ჰყვებიან საკუთარი ოჯახების შესახებ…

ახლა ის წარმოიდგინეთ, რომ ერთერთი მხარის არტილერიამ უნდა დაბომბოს მოწინააღმდეგის ბანაკი. შობა იმდენად ამეგობრებს უბრალო ხალხს, რომ მტრობის ყოველგვარი კვალი იშლება და მტერ-მოყვარე ერთი ბანაკიდან ადევნებს თვალს ცარიელი ბანაკის დაბომბვას. კბილი კბილის წილ-ო და ყველანი ამ დამბომბილ ბანაკში გადაინაცვლებენ, რათა საპასუხო დაბომბვას გადაურჩნენ. ასეთ ხალხს უკვე ვეღარ დაარწმუნებ, რომ მტერი მტერია და ის უნდა გაანადგურო.

ასეთი ხალხი სამუდამოდ იმახსოვრებს შობის ღამეს, მართლაც ჯადოსნურ ღამეს (ბოლო ეპიზოდია, როდესაც მატარებელში მსხდომი გერმანელები პირმოკუმულნი ასრულებენ შოტლანდიელების ნასწავლ მელოდიას).

მეორე ფილმი იყო 1973 წელს გადაღებული Lina Wertmüller-ის “d’amore e d’anarchia”, ანუ “სიყვარული და ანარქია”. როგორც გითხარით ფილმს ესწრებოდა მთავარი როლის შემსრულებელი ჯანკარლო ჯიანინი, რომელთან გასაუბრების საშუალებაც ფილმის დასასრულს მოგვეცა.

ეს ფილმი ერთი სარდინიელი ბიჭის, ტონინოს შესახებ გახლავთ, რომელსაც მეგობარი მუსოლინის ფაშისტურმა პოლიციამ მოუკლა. მანაც დაიფიცა, რომ გაუსწორდებოდა ამ ტირანს და აქედან დაიწყო მისი თავგადასავალი. რომში მას უნდა დაეხმაროს მეძავი ქალი – სალომე, რომელსაც აგრეთვე აქვს მიზეზი, დიქტატორის სიკვდილი სურდეს.

Love_and_Anarchy-664191883-large ტონინო ერთი უბრალო სოფლელი ბიჭია და მისთვის ყველაფერი უჩვეულოა რომში. ეს უზარმაზარი ქალაქი მისთვის საროსკიპოთი დაიწყო, სადაც სალომე მუშაობდა. იქვე გაიცნო ტრიპოლინა, ქალი რომელიც შეუყვარდა. საროსკიპოს ცხოვრება ერთერთი ყველაზე საინტერესო მომენტია ამ ფილმში, ძალიან სახასიათო და იმის გათვალისწინებით, რომ ფილმი 40 წლის წინაა გადაღებული და როგორც ჯიანინიმ თავად გვითხრა, საკმაოდ ცუდ ტექნიკურ პირობებში, მსახიობთა ოსტატობას ხაზი მინდა გავუსვა.

როდესაც დადგა ჟამი, ტონინომ ფიცი აღასრულოს და მას ამაში სალომე უნდა დაეხმაროს, ტრიპოლინა ყველანაირად ცდილობს ხელის შეშლას, რადგან ის შეყვარებულია. მან გადაარწმუნა სალომე, რომელიც ამ დროს ამბობს: _ მეზიზღება საკუთარი თავი! ამიტომ არ უნდა ენდო ბოზს!

ფილმი ერთის მხრივ ტონინოს სიგიჟით (რასაც დაპატიმრება და სასიკვდილოდ ცემა მოჰყვა), ხოლო მეორეს მხირვ მისი გმირობით: “ანარქიას გაუმარჯოს” _ მთავრდება.

ამ ფილმის მთლიანი ხასიათი (რაც განსაკუთრებით შთამბეჭდავია, რადგან ფილმი დადგმულ გარემოში არაა გადაღებული, ქალაქი თავისი ცხოვრებით ცხოვრობდა იმ დროს), ცალკეული პერსონაჟები, ეპიზოდები _ ფილმში ყველაფერმა მომხიბლა.

ეს იყო ნამდვილი იტალიური ფილმი შესანიშნავი მსახიობებით.

P.S. აქვე გეტყვით, რომ შაბათს სამ ფილმს კიდევ ვნახავ და კიდევ ერთი პოსტი დაეთმობა ამ ფესტივალს.

მერი და მაქსი

ყურადღება! პოსტში ყველაფერია ნათქვამი ფილმის და მისი შინაარსის შესახებ, ვისაც მისი ყურება სურს, ნუ წაიკითხავს!

ფილმის შესახებ

“მერი და მაქსი” 2009 წლის ავსტრალიური ფილმია (Clay-animated black comedy-drama film).

რეჟისორი და სცენარის ავტორი – Adam Elliot

ახმოვანებენ – Toni Collette, Philip Seymour Hoffman, Eric Bana, Bethany Whitmore, Barry Humphries.

კომპოზიტორი – Dale Cornelius

ხანგრძლივობა – 90 წუთი.

IMDB 8.2/10

გადმოსაწერი ლინკები

Mary & Max

Mary & Max

ოფიციალური გვერდი

 

პერსონაჟები

Mary Daisy Dinkle

მერი რვა წლის, სამი თვის და ცხრა დღის გოგონაა. მას ტალახიანი ჭაობის ფერი თვალები აქვს და განავლის ფორმის ხალი შუბლზე. მისი საყვარელი ფერი ყავისფერია და საყვარელი საჭმელი შედედებული რძე, უფრო მეტად კი რა თქმა უნდა შოკოლადი უყვარს. მას იტაცებს დამჭკნარი კარტოფილებისგან ყელსაბამის დამზადება და მისი ცხოვრება დამოკიდებულია ხასიათის ბეჭდის ფერზე. მერის სურს ყავდეს ნამდვილი მეგობარი, რომელიც არ იქნება გაკეთებული ნიჟარების, ტოტების ან წიწილის ძვლებისგან.

მერის დედა – ვერა, ქალი რომელი გიჟდება შერიზე, კრიკეტის რადიო-მიმოხილვების მოსმენაზე, ცხობაზე და ქურდობაზე (ვერა კლეპტომანია). მას ყოველთვის ჰქონდა ერთი საიდუმლო ამბიცია – გამხდარიყო ბლუზის მომღერალი. მისი საყვარელი სიგარეტის ბრენდია Alpine Lights, საყვარელი ფეხსაცმელი კი ღია ტყავის მოკასინები.

 მერის მამა  – ნოელი, ფაბრიკაში მუშაობს. შაბათ-კვირას კი ფრინველთა ფიტულებს ამზადებს. მასაც აქვს საიდუმლო ამბიცია სამსახურიდან გადადგომის შემდეგ მეტალო-დეტექტორი შეიძინოს… მას უყვარს მონადირის კოსტიუმის ფერი ნაღები და  Baileys Irish-ის კენტი რაოდენობის ჭიქა თავის ფარდულში. ბოლო წელს მან რვაჯერ შეიჭრა თმა.

Len Graham Hislop

ლენი მერის უფეხებო მოხუცი მეზობელია. თავისი ფეხები მან მეორე მსოფლიო ომში დაკარგა, ზვიგენებმა მოაჭამეს. ლენს აგორაფობია სჭირს.

 Ralph Keith Dinkle

რალფი მერის პაპაა. მას ხახვის მწნილის სუნი ასდის და ზამთარში მდინარეში გადახტომა უყვარს თავის მეგობრებთან ერთად.

Damian Cyril Popodopolous

დამიანი მერის მეზობელი და მისი გატაცების საგანია. დამიანს ლიმონის საპნის სუნი ასდის და მისი კანი საოცრად ნაზია. ის ენაბლუა და როგორც მერის დედა ამბობს, ერთი სიტყვის წარმოთქმაც კი არ შეუძლია, თავში ხელი თუ არ წამოარტყი. მერი ფანჯრიდან აკვირდება ხოლმე დამიანს, როცა ის დედამისის ვარდებს რწყავს. ამ ყმაწვილის ოცნებაა გახდეს დრამატული მსახიობი ან ნამცხვრების დიზაინერი. დამიანი შემდგომში მერის მეუღლე გახდება.

 Max Jerry Horowitz

მაქსი 135 კილოგრამი წონის, ათეისტი, ებრაელი ნიუ-იორკელია, რომელიც ასპერგერის სინდრომითაა დაავადებული (ვერ ანსხვავებს ემოციებს) და გიჟდება შოკოლადის ჰოთ-დოგზე, რომელიც თავადვე გამოიგონა. მას აგრეთვე უყვარს ლატარიის თამაში და ჟურნალი National Geographic. მას აქვს 8 ერთი ფერის გამოსასვლელი კოსტიუმი. მაქსს სურს ჰყავდეს მეგობარი, რომელიც არ იქნება უჩინარი, განებივრებული ან გამხდარი.

Ivy Ruby Bevan

აივი მაქსის მეზობელია, ასევე ათეისტი და უფრო მეტი ნაოჭები აქვს, ვიდრე სპილოს საჯდომზე. ის თითქმის ბრმაა. მისი იდუმალი ოცნებაა იფრინოს რეაქტიული ძრავით და გაიკეთოს სახეზე ხიზილალის მასაჟი. სარას სუპების კეთება უყვარს, თუმცა სიბრმავის გამო ხანდახან მისი თმა უფრო მეტია წვნიანში ვიდრე დანარჩენი ინგრედიენტები.

 მაქსს ყავს ასევე ფსიქოთერაპევტი დოქტორი ბერნარდი და მეგობრის მაგვარი არსება – ქუჩის კუთხეში მჯდარი მათხოვარი მისტერ ალფონსო. მის ანონიმურ ჯგუფში თერაპევტთან ერთი ქალია, მარჯორი. როგორც კი ლიფტში განმარტოვდებიან ეს ქალი მაშინვე კოცნის მაქსს. მისტერ ბისკვიტი მაქსის წარმოსახვითი მეგობარია, რომელიც მაქსის ჟურნალებს კითხულობს და ფილოსოფიურ პოლემიკაში ერთვება ხოლმე მაქსთან.

შინაარსი

მერი რვა წლის საყვარელი გოგონაა, რომელიც ავსტრალიაში ცხოვრობს. მის ღარიბ მშობლებს არ შეუძლიათ  უყიდონ მას სათამაშოები ან კარგი ტანსაცმელი. ამას გარდა მისი უცნაური ფორმის ხალის გამო სკოლაში ყველა დასცინის. მერის მეგობრები არ ყავს.  ერთ დღესაც ის გადაწყვეტს მისწეროს წერილი ნიუ-იორკში მცხოვრებ კაცს, მაქსს.

მაქსი 44 წლის მენტალური პრობლემების მქონე მამაკაცია, რომელსაც აგრეთვე ემოციების ამოცნობა არ შეუძლია. მაქსი აგრეთვე ვერ იტანს წესების დარღვევას და ქუჩაში დაყრილ სიგარეტის ნამწვებსაც კი აგროვებს ხოლმე, რათა ისინი ნაგვის ურნაში ჩაყაროს. მერიმ თავის წერილში ყველაფერი უამბო საკუთარი თავის შესახებ   და დაუსვა კითხვა: საიდან ჩნდებიან ბავშვები ამერიკაში? მისი ბაბუა ამბობს, რომ ავსტრალიაში ისინი ლუდის კათხიდან ჩნდებიან. მაქსმა ამაზე მშვენიერი პასუხი გასცა მერის.

მერის წერილები მაქსს ხშირად აღიზიანებს, რადგან იმ საგნებზე ფიქრს აიძულებს, რომელთა დავიწყებასაც მთელი ძალით ცდილობს. მერის ერთერთმა წერილმა მას კინაღამ თავი მოაკვლევინა და რვა თვე საავადმყოფოშიც გაატარებინა. ამის შემდეგ მაქსი მერის აღარ წერდა წერილებს, რადგან ეშინოდა. თუმცა კი ძალიანაც ენატრებოდა და ბოლოს ექიმის რჩევით მისწერა კიდეც. თუმცა მანამდე ის ციხეშიც იჯდა, ლატარიაც მოიგო…მერიმ და მაქსმა მიმოწერა აღადგინეს.

მერი ნელ ნელა გაიზარდა, დაამთავრა სკოლა, კოლეჯი, შემდეგ გათხოვდა დამიანზე. გახდა მეცნიერი და მაქსის ავადმყოფობის შესწავლას შეუდგა. წიგნიც დაწერა ამის შესახებ, მაგრამ როცა ის მაქსს გაუგზავნა, მაქსი ძალიან გაბრაზდა, რადგან თვლიდა რომ ის ავადმყოფი არ იყოს. საბეჭდ მანქანას ასო “მ” ამოაძრო და მერის გაუგზავნდა.

მერი მიხვდა რომ მეგობარი დაკარგა და მალე დედამისს დაემსგავსა. დამიანმა ის მიატოვა, მაქსი კი არ ურიგდებოდა. როდესაც მაქსმა გადაწყვიტა მისთვის ეპატიებინა და ამის აღსანიშნავად სათამაშოების კოლექციაც გაუგზავნა, მერი უკვე თავს იკლავდა. არადა სწორედ მისი სახლის წინ იდგა ამანათი. მოხუცმა ლენმა სწორედ იმ დღეს დაძლია თავისი აგორაფობია, გარეთ გამოვიდა და მერის კარზე დაუკაკუნა. მერიმ თავი აღარ ჩამოიხრჩო, მეგობრის დაბრუნებით გახარებულმა. მერი გამოკეთდა, მალე პაწიაც შეეძია და მაქსს ამერიკაში ჩააკითხა, რომელიც გარდაცვლილი დაუხვდა სახლში…

მოკლედ ძალიან მომეწონა მე ეს ფილმი და ყველას გირჩევთ უყუროთ. კიდევ უამრავი საინტერესო წვრილმანია სცენარში, რომელთა ნახვაც ნამდვილად ღირს.

ქართული ლიტერატურული ნაწარმოებების ეკრანიზაციები

ძმები ლუმიერები

ტექნიკის კიდევ ერთი საოცრება, რომელმაც ხელოვნებას დიდი განძი და დიდი ადამიანები შესძინა, გახლავთ კინო. ფოტოსურათი, რომელიც მანამდე კედელზე უძრავად ეკიდა ან საოჯახო ალბომში იყო ჩაკრული, ამოძრავდა. ეს სასწაული, ანუ გაცოცხლებული ფოტოგრაფია მაყურებელს პირველად წარუდგინეს ოგიუსტ და ლუი ლუმიერებმა 1895 წლის 28 დეკემბერს, პარიზში, კაპუცინების ბულვარზე მდებარე “გრან კაფეს” ფეშენებელურ საბილიარდოში, რომელსაც “ინდური სალონი” ეწოდებოდა.

თავდაპირველად ლუმიერების აპარატს სინემატოგრაფი ერქვა. შემდეგ ეს სახელი ეწოდა სანახაობასაც. ლუმიერების გამოგონებამ სულ მალე დაიპყრო სამყარო. სინემატოგრაფს ტაშს უკრავდნენ გვირგვინოსნები, სახელმწიფო  მეთაურები, ხალხი…

მოძრავი ფოტოგრაფიის ხილვით განცვიფრებული ხალხი თვალს არ უჯერებდა, ხშირად თავზარი ეცემოდა. განსაკუთრებულ ეფექტს ახდენდა ფილმი “მატარებლის ჩამოსვლა”; როდესაც ეკრანზე მაყურებლისკენ ჯიქურად მომავალი ორთქლმავალი გამოჩნდებოდა, ბევრი დარბაზიდან შეშინებული გარბოდა. სხვა უფრო გულადი მაყურებელი კი ეკრანს მიღმა “საიდუმლო” კარს ეძებდა, სადაც, მისი აზრით, დამალული უნდა ყოფილიყო მატარებელი, ფორანი, ადამიანები და სხვა საგნები.

აი, როგორ აღწერს ფილმის პირველი ნახვით მიღებულ შთაბეჭდილებას ფრანგი კინორეჟისორი ანრი კლუზო: “ჰორიზონტზე მატარებელი ჩანს. ორთქლმავალს, რომელიც სადგურზე გაჩერდება, გარკვევით ვხედავთ. პერონზე რკინიგზელი დგას. იგი ვაგონის კარს აღებს, მგზავრები გადმოდიან, ტანსაცმელს ისწორებენ, ჩემოდნები მოაქვთ; ერთი სიტყვით, წინასწარ გაუთვალისწინებლად მოქმედებენ, სრულიად ბუნებრივი ადამიანური აზროვნებისა და არჩევანის თავისუფლების გამო. სწორედ აქ ვხედავთ ცხოვრებას თავისი უსაზღვრო მრავალფეროვნებით – იდუმალი აზრით გათვალისწინებელს”.

1896 წელს საქართველოშიც აჩვენეს ლუმიერის სეანსები. მოძრავი ფოტოგრაფიის “ჯადოქრობით” დაინტერესებულმა ქართველმა ოპერატორებმა, ვასილ ამაშუკელმა 1908 წელს, ხოლო ორი წლის შემდეგ ალექსანდრე დიღმელოვმა, პირველი დოკუმენტური სიუჟეტები გადაიღეს და ამ ხნიდან აღინიშნება ქართული კინოს წელთაღრიცხვა.

საქართველოში, ისევე როგორც თავდაპირველად საფრანგეთში, პირველი კადრები ხალხის ცხოვრების ბუნებრივ მიმდინარეობას ასახავდა. 1908-1909 წწ. ხალხმა იხილა ვასილ ამაშუკელის სწორედ ასეთი სიუჟეტები, “ხალხის სეირნობა ზღვის სანაპიროზე”, “მუშაობა ნავთის ჭაბურღილებთან”, “შეჯიბრება ცურვაში”, “ბაქოს ბაზრის ტიპები”, “გემის გადმოტვირთვა” და ა.შ.

1910 წელს კი ეკრანებზე გამოჩნდა ალექსანდრე დიღმელოვის მიერ გადაღებული დიდგვაროვანთა ცხოვრების ქრონიკა და აგრეთვე სიუჟეტები: “თბილისის ბოტანიკური ბაღი”, “ბორჯომის მინერალური წყლები”, “მცხთობა” და სხვ.

კადრი ფილმიდან “აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში”

1912 წელს საქართველოში შეიქმნა პირველი სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი “აკაკის მოგზაურობა რაჭა–ლეჩხუმში”. ვასილ ამაშუკელმა ფირზე აღბეჭდა ხალხის მასობრივი ზეიმი პოეტთან შეხვედრისას. ფილმში გამოსახული პოეზიის საყოველთაო–სახალხო სიყვარული ეროვნული ზნეობის გამომხატველი კინოდოკუმენტია, ვინაიდან წარმოჩენილია რაჭა–ლეჩხუმის გლეხობისა და ინტელიგენციის საზეიმო შეხვედრა პოეტთან. ეს ფილმი მსოფლიო კინოხელოვნებაშიც პირველ სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმად ითვლება. გარდა ამისა, ეს ფილმი პირველი იყო, რომელიც კონკრეტული პიროვნების ცხოვრების შესახებ გადაიღეს.

1916-1928 წწ. დაიწყეს პირველი ქართული მხატვრული ფილმის “ქრისტინეს” გადაღება, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორი გახლდათ ალექსანდრე წუწუნავა. ფილმის სცენარი ეგნატე ნინოშვილის მოთხრობას ეფუძნება.

“ქრისტინე” თავდაპირველად ხუთი ნაწილისგან შედგებოდა. ამჟამად შემორჩენილი სამი ნაწილი, რომელიც კინოდრამატურგმა და კინომცოდნემ კარლო გოგოძემ აღადგინა, დაწვრილებითი ანალიზის საშუალებას არ იძლევა, მაგრამ ზოგად წარმოდგენას მაინც გვიქმნის ამ ფილმზე.

ოციანი წლების პირველ ნახევარში კინოპროდუქციის დიდი ნაწილი ლიტერატურულ ნაწარმოებთა ეკრანიზაციას წარმოადგენდა. ფილმებს იღებდნენ ალექსანდრე ყაზბეგის, დანიელ ჭონქაძის, გიორგი წერეთლის, ეგნატე ნინოშვილისა და სხვათა პროზაულ ქმნილებათა მიხედვით. მას შემდეგაც, მოყოლებული დღემდე, ქართული ლიტერატურის ეკრანიზაციის მცდელობა გრძელდება.

ამ პერიოდშია გადაღებული გიორგი წერეთლის მოთხრობის ეკრანიზაცია “სამი სიცოცხლე” (1924), ეგნატე ნინოშვილის “ჯანყი გურიაში” (1928) და “ჩვენი ქვეყნის რაინდის” მიხედვით გადაღებული “ტარიელ მკალავაძის მკვლელობის საქმე” (1925), აგრეთვე ავქსენტი ცაგარელის პიესაზე შექმნილი ფილმი “ხანუმა” (1926).

ქართულ კინოსივრცეში ყოველთვის იყო საუბარი იმაზე, თუ რამდენად კარგი ან ცუდია ესა თუ ის ეკრანიზაცია. ძალიან ხშირად ამბობენ, რომ ზოგიერთი ლიტერატურული ნაწარმოები იმდენად ცუდად არის ეკრანიზებული, ჯობდა მისი რეჟისორი საერთოდ არ გარიჯლიყო. ასეთ ფილმად ძალიან ხშირად სახელდება “დიდოსტატის მარჯვენა”.

კადრი ფილმიდან “მამლუქი”

ხდება პირიქითაც, როცა ეკრანიზაცია ლიტერატურულ ქმნილებას გადაწონის კიდეც, ასეთად მიიჩნევა “მამლუქი”. ისეც ხდება, რომ რეჟისორი თავისივე ნაწარმოების ეკრანიზაციას ახდენს. მხედველობაში მყავს გოდერძი ჩოხელი. ასეთ შემთხვევაში რასაკვირველია მეტი შანსია, რომ ფილმი კარგი გამოვა.  თუმცა უმჯობესია სულ თავიდან მოვყვეთ.

1923 წელს ეკრანებზე უჩვენებდნენ ბარსკის მიერ გადაღებულ “მოძღვარს” და ბეკ–ნაზაროვის “მამის მკვლელს”. ორივე ფილმში ხელუხლებლად დარჩა ყაზბეგის ნაწარმოებთა მხატვრული არსი. რუსეთიდან ჩამოსულმა ამ რეჟისორებმა ქართულ კინოხელოვნებაში შემოიტანეს რუსული რევოლუციამდელი კინოს გამოცდილება და ამდენად ალღო აუღეს ფილმწარმოებას. მაგრამ მათი ფილმების მხატვრული სრულფასოვნების ერთერთი ძირითდი ხელის შემშლელი მიზეზი იყო მათი განუსწავლელობა ქართულ ენასა, კულტურასა და თვითმყოფადობაში. ისინი თავად იყვნენ ფილმის სცენარის ავტორებიც და ხშირად ამ სცენარებს ქართული ლიტერატურის ქრესტომათიის რუსული გამოცემის მიხედვით წერდნენ.

ეროვნულობის ამსახველ ნაწარმოებთა შექმნის მიზნით ქართულ კინოხელოვნებაში მოიწვიეს ქართული თეატრის რეჟისორები კოტე მარჯანიშვილი და ალექსანდრე წუწუნავა, ადამიანები, რომელთაც უდიდესი როლი მიუძღვით ქართული თეატრის განვითარებაში.

როგორც ავღნიშნე, პირველი მხატვრული ფილმის “ქრისტინეს” დადგმა ალექსანდრე წუწუნავამ ითავა, მაგრამ მისი დამთავრება მაშინვე ვერ შეძლო. მხოლოდ 1924 წელს დაუბრუნდა იგი ამ ფილმს. 1925 წელს კი ეკრანებზე გამოდის მისი ფილმი “ვინ არის დამნაშავე?”, რომელიც ნინო ნაკაშიძის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვითაა გადაღებული. ეს ფილმი სამსახიობო კინოს ერთერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოებია. ამ ფილმში საუკეთესო სამსახიობო მიღწევად ითვლება ნატო ვაჩნაძის მიერ შესრულებული ფატის სახე.

ალექსანდრე წუწუნავამ და კოტე მარჯანიშვილმა თეატრში მიღებული გამოცდილება კინოში გადმოიტანეს. მსახიობებთან მუშაობა მათთვის ძალზედ მნიშვნელოვანი, სპეციფიკური და ფსიქოლოგიური პროცესი იყო. თუმცა ორივე რეჟისორი გარკვეულ მოულოდნელობას გადააწყდა კინოს “სიმუნჯის” გამო. ამ დანაკლისის შევსებას ისინი მხატვრული დეტალების, მიზანკადრით, ტანსაცმლისა და გარემოს გამომსახველობით ცდილობდნენ.

კადრი ფილმიდან “სამანიშვილის დედინაცვალი”

1925 წელს ეკრანებზე აჩვენეს კიდევ ერთი ეკრანიზაცია, კოტე მარჯანიშვილის ფილმი “სამანიშვილის დედინაცვალი”, რომელსაც დავით კლდიაშვილის იმავე სახელწოდების მოთხრობა დაედო საფუძვლად.

დავით კლდიაშვილი თავის ნაწარმოებში მეცხრამეტე საუკუნის ქართველი თავად–აზნაურობის ყოფას ასახავდა, ამხელდა მათ უაზრო, ფუქსავატურ და ნიადაგგამოცლილ ყოფას. ამ მხილებას ერთგვარი შეცოდება და ლმობიერებაც ახლდა. ამიტომ არის კლდიაშვილისეული იუმორი ცრემლნარევი.

კოტე მარჯანიშილმა ეს ცრემლნარევი იუმორი სატირით გაამძაფრა და ამ გზით პერსონაჟებისადმი ლმობიერება უარყო. გარდა ამისა დიდ როლს თამაშობდა მაშინ დროის ფაქტორი, ოციან წლებში ჯერაც მწვავედ იდგა კლასობრივი დაპირისპირების პრობლემა. რეჟისორმა ფილმს იმ დროისთვის დამახასიათებელი ინტერპრეტაცია მიანიჭა, ამით მეტად საინტერესო გახადა თანამედროვეთათვის ფილმი და მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია.

მარჯანიშვილი ჩვეულებრივი სატირის მხატვრულ ხერხს არ დასჯერდა და ფილმის ფინალში გროტესკული ელემენტები შეიტანა. დედინაცვლის ხელიდან უეცრად დავარდნილი მჟავე კიტრის ნარჩენი, რომელიც მიანიშნებს რომ დედინაცვალი ფეხმძიმედაა, იმ უბედურების მაუწყებელია, რომლის თავიდან ასაცილებლად საწყალმა პლატონ სამანიშვილმა ამდენი იწვალა.

პლატონის როლს აკაკი ვასაძე ასრულებს. იგი შესანიშნავად გამოხატავს ფილმის მთელ იდეას, განაზოგადებს ორ უკიდურესობას: სიღატაკეს, დარდს და მოჩვენებით სიმდიდრესა და უდარდელობას. იგი კეთილი გულის, მშრომელი ადამიანია, მაგრამ აზნაურული გამორჩეულობის ყალბი შეგნება და საზოგადოებრივი გარემოცვა აიძულებს ტყუილსა და თამაშში ცხოვრებას. ამ ყველაფერს მსახიობი დახვეწილი ნიუანსებითა და ოსტატობით აღწევს.

წუწუნავამ და მარჯანიშვილმა გარს შემოიკრიბეს ახალგაზრდობა, რომელთა აღზრდის ერთგვარი მისიაც იკისრეს. მათ რიცხვში ერია ნიკოლოზ შენგელაია, მიხეილ ჭიაურელი, კოტე მიქაბერიძე, მიხეილ კალატოზიშვილი… არც ერთ მათგანს ‘მასწავლებლის’ შემოქმედება მექანიკურად არ გადმოუტანია ეკრანზე. თითოეულმა გამოავლინა ინდივიდუალიზმი და 1928 წლიდან დაიწყო ქართული კინოხელოვნების აღმავლობის ხანა. ოთხი წლის განმავლობაში გადაიღეს ოთხი ფილმი, რომელთაგან მხოლოდ ერთი, ნიკოლოზ შენგელაიას “ელისო” იყო ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაცია.

კადრი ფილმიდან “ელისო”

როგორი ევოლუცია განიცადა ალექსანდრე ყაზბეგის მოთხრობამ და რაში მდგომარეობდა “ელისოს” იდეა? მოთხრობის თემაა ეროვნული ჩაგვრის პირობებში ქალ–ვაჟის უბედური სიყვარული. მასში ყაზბეგისეული სიმძაფრითაა გადმოცემული პიროვნული ბედნიერებისა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობათა ჭიდილი. მოთხრობაში სიყვარული სძლევს მოქალაქეობრივი სოლიდარობის განცდას…

ფილმში, მოთხრობის მსგავსად, შენარჩუნებულია ეროვნული ჩაგვრის ლაიტმოტივი   და მოქალაქეობრივი თანადგომის იდეა განსაკუთრებული ძალითაა აქცენტირებული, რის შედეგადაც ლირიკულმა მოტივმა უკანა პლანზე გადაინაცვლა. ელისო თავის ბედკრულ ხალხთან რჩება და ამის გამო ვაჟიასთან გაყრას გადაწყვეტს. ფილმში იგი მხოლოდ შეყვარებული ასული როდია, ის ხალხის უბედურების გამზიარებელი, მებრძოლი ქალია.

ფილმში ასეთი ცვლილებების შეტანა დროის შესატყვისი იყო, დროისა, როცა ხალხის ინტერესების დაცვამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა კი ამის გამო ქართულ კინომცოდნეობაში ერთგვარი მერყეობა შეინიშნებოდა, იყო თუ არა ეკრანიზაცია “ელისო”? თუმცა კი ფილმში დაცულია მოთხრობის ძირითადი თემა და სიუჟეტური ქარგა. ცვლილება მხოლოდ იდეური აქცენტების თავისებურ გადანაცვლებაში გამოიხატება.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მძიმე პირობების მიუხედავად საკმაოდ ბევრი ეკრანიზაცია შეიქმნა. ესენი იყო: ვეფხისტყაოსნის ეკრანიზაციის ერთდერთი მცდელობა – “ქაჯეთი” (1936, კოტე მიქაბერიძე (მხოლოდ ერთი თავის ეკრანიზაციაა)); იმავე წელს გადაღებული “დარიკო”, რომელიც ეგნატე ნინოშვილის ორი მოთხრობის “სიმონას” და “მოსე მწერლის” მიხედვით შეიქმნა; ქართული ხალხური ლექსის მოტივებზე შექმნილი ფილმი “არსენა” (1937); პოლიკარპე კაკაბაძის “კოლმეურნის ქორწინების” ტელევერსია – “ქალიშვილი ხიდობნიდან” (1940) და ნიკო ლომოურის “ქაჯანა”, რომელიც კონსტანტინე პიპინაშვილმა გადაიღო.

1955 წელს კი თენგიზ აბულაძემ და რეზო ჩხეიძემ გადაიღეს ფილმი “მაგდანას ლურჯა”, რომელმაც სულ მალე კანის და ედინბურგის საერთაშორისო ფესტივალებზე უმაღლესი ჯილდოები მიიღო.

კადრი ფილმიდან “მაგდანას ლურჯა”

“მაგდანას ლურჯაში” აბულაძემ და ჩხეიძემ ადამიანთა ერთობა აჩვენეს. ფილმის ფინალი შეცვლილია, გაბაშვილისეული დასკვითი მოსაზრება შეცვალეს და კანონმდებლობისგან დაჩაგრული მაგდანასა და მისი თანასოფლელების სულიერი ერთობა  აჩვენეს. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ამ ფილმში ბავშვებს. ყოველგვარი სიყალბე და პათეტიკურობა უარყვეს აბულაძემ და ჩხეიძემ. ფილმში ბავშვები მათთვის დამახასიათებელი ენით ლაპარაკობენ და ეს მეტყველება სრულიად ბუნებრივია.

ბავშვები რასაკვირველია ამჩნევენ განსხვავებას მათსა და მათ უფროსებს შორის და ამას კიდევაც განიცდიან. ისინი ყველაფერში ბაძავენ უფროსებს, მაგრამ მათი მიბაძვა უფროსების ყოფის ზუსტი ასლი როდის, მათ საკუთარი შესწორებები შეაქვთ გამეორებაში და სწორედ ეს ინდივიდუალიზმი ჩანს “მაგდანას ლურჯაში”. როცა მდინარეზე ბავშვები ლურჯას აბანავებენ, კატო ლურჯას კუდს ვარცხნის და უწნავს. სწორედ ამ დეტალში ჩანს, თუ როგორ იმეორებს პატარა გოგო დედის მოქმედებას, როგორ შეაქვს ბავშვური კორექტივი ლურჯას კუდზე.

კინოს ისტორიაში 1945-1955 წლები “მცირეფილმიან” პერიოდად მიიჩნევა. ამ ხანად საქართველოში მხოლოდ ცხრა ფილმი გადაიღეს. რიცხობრივ სიმცირეს თან სდევდა ხარისხის დაქვეითებაც, რის მიზეზსაც წარმოადგენდა მაშინ გაბატონებული უკონფლიქტობის თეორია, რომლის მიხედვით ხელოვნების ნაწარმოებში ურთიერთობა ბოროტსა და კეთილს შორის კი არა, კარგსა და ძალიან კარგს შორის უნდა წარმართულიყო.

ამ პერიოდში შემდეგი ეკრანიზაციები გამოვიდა, “აკაკის აკვანი” (1947, აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავლის” მიხედვით), “ქეთო და კოტე” (1948, ავქსენტი ცაგარელის “ხანუმა” და ვიქტორ დოლიძის “ქეთო და კოტე”), “გაზაფხული საკენში” (1950, გიორგი გულიას ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით) და “ჭრიჭინა” (1954, ბარათაშვილის პიესა “მარინე”). მიუხედავად კინოწარმოების ასეთი ჩავარდნისა, ვფიქრობ ეს ეკრანიზაციები არც თუ ცუდი გამოვიდა, მსახიობების წყალობით “ჭრიჭინა” დღემდე პოპულარული ფილმია, ხოლო “ქეთო და კოტე” – ეს კლასიკაა.

ქართული კინოს ახლო წარსულსა და ტრადიციებს თუ გადავხედავთ, დადებითი გმირის მხატვრული სახის გამოკვეთი სერთ–ერთი ძირითადი ხერხი ადამიანისა და მისი გარემომცველი საზოგადოების წინააღმდეგობრივი სიტუაციის დახატვაა. გმირს უხდება დაბრკოლებების გადალახვა, მის გარშემო არსებული უარყოფითი ტენდენციების დაძლევა და ამ ბრძოლაში მისი ხასიათის პოზიტიური გამოვლინებით მაღალზნეობრივი იდეალების გამოხატვა.

ადამიანი, რომელიც კრიტიკულად განეწყობა გაყალბებული ტრადიციების წინააღმდეგ (გურამი – გ.შენგელაიას ფილმიდან “ალავერდობა”), ადამიანი, რომელიც თავისი სინდისითა და უკომპრომისობით ანგარებისა და კარიერიზმის ალყას გაარღვევს (ნიკო – ო.იოსელიანის ფილმიდან “გიორგობისთვე”) გმირები არიან, რადგან ისინი ცხოვრების წესის გადაგვარებას ებრძვიან.

შევჩერდები ფილმზე “ალავერდობა”, რომელიც 1962 წელს გადაიღო გიორგი შენგელაიამ გურამ რჩეულიშვილის ამავე სახელწოდების მოთხრობის მიხედვით.”ალავერდობის” გმირი გურამი ალავერდის ტაძრის რელიგიურ და შემოქმედებით სავანეში ქართული სადღესასწაულო ტრადიციიის მოსავლის აღების ზეიმისა და ქართული ლხინის დეგრადირებას ხედავს. ადამიანები სვამენ და არას თხზავენ, არ ისმის სადღეგრძელოს მჭევრმეტყველება და ხალხური სიბრძნე, ადამიანები მღერიან და მელოდიას არ გადმოსცემენ. ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გაუკუღმართებულ ლხინს ეწევა, ფლობს ხალხურ სიბრძნეს, მჭევრმეტყველებას, პოლიფონიისა და პლასტიკის უნარს, მაგრამ ალკოჰოლისაგან დაბარბაცებული უარყოფს საკუთარ თავს, ნიჭიერებას და აქედან გამომდინარე ეროვნულობას და ტრადიციებსაც.გურამი შეძლებს შეანჯღრიოს ღვინისგან დათანგული ადამიანების უაზრო არსებობა, გამოაფხიზლოს, გააბრაზოს ისინი და მათი ყურადღება მიიპყროს. იგი ამაღლდება მთაზე, თაძრის გუმბათიდან გადმოსძახებს გარინდებულ ადამიანებს, მაგრამ ვერას იტყვის.მიუხედავად ამისა იგი თანამედროვეთათვის მაინც დადებითი გმირია, რადგან შეძლო პროტესტის გამჟღავნება, იგი ეთიკური გმირია იმიტომ, რომ შემგუებელი არაა, შეუძლია გაბრაზდეს ტრადიციების გაყალბების გამო და ხელი შეუშალოს ადამიანთა გადაგვარებას.

ამ სახის ფილმებში ხშირად არ არის ნაჩვენები, რომ სოფლად ცხოვრებას თავისი უპირატესობა აქვს და ისე ჩანს, თითქოს ახალგაზრდობა იძულებით ცხოვრობს იქ. არსებობს ისეთი ფილმებიც, სადაც დაპირისპირებაა ნაჩვენები, ძველი თაობა სოფელს, მიწას ვერ ელევა, ახალგაზრდობას კი ქალაქისკენ მიუწევს გული. ესეც დრომ მოიტანა, დრომ და ვითარებამ.

სანამ საუკუნე ორმოცდაათიანებს დაასრულებდა, ეკრანზე გამოვიდა შემდეგი ეკრანიზაციები: “ოთარაანთ ქვრივი” (1957, ილია ჭავჭავაძე); “ჩხიკვთა ქორწილი” (1957, ვაჟა–ფშაველა); “მამლუქი” (1958, უიარაღო); “ფატიმა” (1958, კოსტა ხეთაგუროვი); “მაია წყნეთელი” (1959, ვლადიმერ კანდელაკი).

შეიძლება ბევრი იმსჯელონ კინოკრიტიკოსებმა მეოცე საუკუნის კინემატოგრაფიაში თემატიკის, ხასიათის და განწყობის ცვლილებაზე, მაგრამ კონკრეტულად ეკრანიზაციებზე რაიმეს თქმა ძალიან ძნელია. არავითარ კანონზომიერებას არ ემორჩილება. ვერ ვიტყვით, რომ პირველ ნახევარში უფრო მხიარულ ეკრანიზაციებთან გვქონდა საქმე, ვიდრე მეორეში. რიცხობრივად თუ ვიმსჯელებთ და სტატისტიკას მოვიშველიებთ, მაშინაც დავინახავთ, რომ თითქმის თანაბარი რაოდენობის ეკრანიზაციებია გადაღებული როგორც დადებით, ისე მძიმე, პრობლემატურ საკითხებზე.

უნდა აღინიშნოს, რომ კინემატოგრაფიის განვითარების დასაწყისში საქართველოში მაინც უფრო ეტანდებოდნენ ყაზბეგს, ნინოშვილს, წერეთელს, ჭონქაძეს, კლდიაშვილს… ალბათ იმიტომ, რომ მათი ნაწარმოებები უკეთ გამოხატავდა იმ დროინდელი საქართველოს წუხილს, უკეთ ეხმიანებოდა თანამედროვე საზოგადოების პრობლემებს და აქტუალური იყო.

დრომ საქართველოს ისეთი მწერლები შესძინა შემდგომში, როგორებიც არიან ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, რევაზ ინანიშვილი, გოდერძი ჩოხელი… მათმა შემოქმედებამ ახალი სიტყვა თქვა ქართულ ხელოვნებაში.მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ილია ჭავჭავაძის ნაწარმოებთა ეკრანიზაციაც. ეკრანიზებულია “ოთარაანთ ქვრივი” (1957), “გლახის ნაამბობი” (1961), “კაცია–ადამიანი?!” (1979) და “ლუარსაბ თათქარიძე” (1989). “კაცია–ადამიანი?!” ორჯერაა ეკრანიზებული, პირველად სიკო დოლიძის, ხოლო მეორედ ალექსანდრე ნინუას მიერ.

კადრი ფილმიდან “ბაში–აჩუკი”

ეკრანიზებულია აგრეთვე ვაჟა–ფშაველას პოემები, აკაკი წერეთლის “ჩემი თავგადასავალი” და “ბაში–აჩუკი”. აღსანიშნავია ასევე კონსტანტინე გამსახურდიას ორი დიდი რომანი, “მთვარის მოტაცება” და “დიდოსტატის მარჯვენა”. “დიდოსტატის მარჯვენაში” ისეთმა მსახიობებმა ითამაშეს, როგორებიც არიან ოთარ მეღვინეთუხუცესი (მეფე გიორგი), ვასო გოძიაშვილი (მელქისედეკ კათალიკოსი), თენგიზ არჩვაძე (არსაკიძე), ვერიკო ანჯაფარიძე (არსაკიძის დედა), დოდო აბაშიძე (მამამზე ერისთავი), სესილია თაყაიშვილი (ბორდოხანი), ლეილა აბაშიძე (ვარდისახარი), ზურაბ ქაფიანიძე (პიპა)… “მთვარის მოტაცებაშიც” მთელი თანავარსკვლავედი თამაშობდა, ისევ ოთარ მეღვინეთუხუცესი და ზურაბ ქაფიანიძე, ეროსი მანჯგალაძე, კახი კავსაძე, რამაზ ჩხიკვაძე…

ნოდარ დუმბაძის ნაწარმოების პირველი ეკრანიზაცია 1962 წელს შედგა ფილმით “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”. ძალიან ბევრი კინომცოდნის თვალსაზრისით სწორედ ეს ფილმია საუკეთესო ეკრანიზაცია, რადგან მასში კარგად გამოიხატა გურული იუმორი და თვითმყოფადობა. აღსანიშნავია, რომ ნოდარ დუმბაძე თავისი ნაწარმოებების ეკრანიზაციებისთვის სცენარებს თავად წერდა.

1965 წელს გადაიღეს “მე ვხედავ მზეს”, 1972 წელს “ნუ გეშინია დედას” მიხედვით ეკრანებს მოევლინა “გზა მშვიდობისა ჯაყო”, 1979 წელს “ძახილი”, 1982 წელს “მარადისობის კანონი”, 1987 წელს “ჩემი ბოშები”.

რა შეიძლება ითქვას ამ ფილმებზე ისეთი, რაც ჯერ არ თქმულა? გარდა იმისა რაც თავად ნოდარ დუმბაძემ თქვა მარადისობის კანონზე: “მარადისობის კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ… ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე…“

ზემოთჩამოთვლილი ფილმების გარდა სამოციან წლებში ეკრანებზე გამოვიდა სხვა ეკრანიზაციებიც: “პაპა გიგია” (1960 გ. ჩიქოვანის “მეორე ოჯახის” მიხედვით), “ლევანა” (1960 ო. იოსელიანი, “კარდაკარ (1960 დ. კლდიაშვილის “სოლომონ მორბელაძის” მიხედვით), “თეთრი ქალიშვილი” (1962 ო. იოსელიანი), “ხევისბერი გოჩა” (1964 ა. ყაზბეგი), “მიქელა” (1965 დ. კლდიაშვილი), “მაცი ხვატია” (1966 ა. ფურცელაძე), “ტარიელ გოლუა” (1968 ლ.ქიაჩელი).

შესამჩნევად იმატა ამ წლებიდან ქართულმა ფილმებმა, აღორძინების ხანა დაუდგა ქართულ კინემატოგრაფიას და ალბათ ამიტომაც გამოჩნდა ამდენი ეკრანიზაცია, უნდა ითქვას – კარგი ეკრანიზაციები. ყაზბეგის და კლდიაშვილის თემატიკამ ამ დროისთვის ერთი შეხედვით დაკარგა აქტუალობა, მაშინ ხომ კომუნიზმი ყვაოდა, როცა “ყველა და ყველაფერი ბედნიერი იყო”. მიუხედავად ამისა ორივე მწერლის ეკრანიზაცია მოხდა, რადგან პროტესტის თემა არასოდეს გაქრება ქართულ ხელოვნებაში. არც დანარჩენი ფილმები გამოირჩევა ფერადოვნებით და ხალისით.

სამოცდაათიან წლებში მიხეილ ჯავახიშვილის “უპატრონოს” მიხედვით გადაიღეს ფილმი “ნუცა”, ასევე ძალიან სევდიანი ფილმი, საწყალი ნუცას შესახებ, რომელმაც ცხოვრების უსამართლობას ვეღარ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მოხუცი ქალბატონის სიკვდილის შემდეგ იგი უპატრონოდ დარჩა. დედის დაკრძალვაზე ჩამოსული ახალგაზრდა ბატონი მას ნამუსს ახდის და ნუცა დაფეხმძიმდება. ამის გამო მას ღატაკ სიმონას მიათხოვებენ. ერთხელ კი სახლში დაბრუნებული სიმონა, რომელიც მთვრალია, ჯავრს ნუცაზე იყრის, ისიც ვეღარ გაუძლებს და თავს მოიკლავს.

იმავე წელს გადაიღეს ნიკო ლორთქიფანიძის ნაწარმოების ეკრანიზაცია “ეპისკოპოსი ნადირობაზე”, ხუთი წლის შემდეგ ლორთქიფანიძის კიდევ ერთი ეკრანიზაცია, “სოფლის აშიკი”. 1973 წელს “ლევან ხიდაშელი” (გურამ ფანჯიკიძე). ფანჯიკიძის კიდევ ერთი რომანი “სპირალი” 1990 წელს მოხვდა ეკრანებზე.

კინოსტუდია “ქართულ ფილმში” შექმნა თავისი უკანასკნელი ფილმები “ლეგენდა სურამის ციხეზე” (დოდო აბაშიძესთან ერთად, 1984) და “აშუღ-ყარიბი” (1988) შესანიშნავმა ხელოვანმა სერგო ფარაჯანოვმა, რომლის უნიკალური ხელოვნება აღმოსავლური კულტურის ტრადიციებიდან და თბილისური ფოლკლორიდან იღებს სათავეს.

კადრი ფილმიდან “დათა თუთაშხია”

დიდი პოპულარობით სარგებლობს გიგა ლორთქიფანიძისა და გიზო გაბესკირიას მრავალსერიიანი ფილმი “დათა თუთაშხია” (1975-1978; ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია), სადაც მსახიობმა ოთარ მეღვინეთუხუცესმა შესანიშნავად შეასრულა სიმართლისათვის მებრძოლი აბრაგის როლი.

1972 წელს მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა ქართული კინოს ისტორიაში. კინოფაკულტეტი გაიხსნა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში, რომელიც შემდგომში თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტად გარდაიქმნა.  ქართული კინოსკოლის აღზრდილებმა, საერთოდ 80-90 წლების თაობათა რეჟისორებმა, ახალი სუნთქვა, ახალი პრობლემები და სამყაროს ახალი ხედვა მოიტანეს ქართულ კინოში.

ორიგინალური კინოაზროვნებითა და ავტორისეული მსოფლმხედველობით გამოირჩევიან რეჟისორები, რომელთაც აგრეთვე შექმნეს ეკრანიზაციები: გოდერძი ჩოხელი (“ადგილის დედა”, 1978; “ბაკურხეველი ხევსური”, 1980; “ადამიანთა სევდა”, 1984; “ცოდვის შვილები”, 1989; “სამოთხის გვრიტები”, 1997; “ლუკას სახარება”, 1998; “მიჯაჭვული რაინდები”, 1999); ნანა ჯანელიძე “იავნანა” (1994); ლევან თუთბერიძე “გასეირნება ყარაბაღში” (2005).

რომანტიკული განზოგადებისა და პოეტური ფორმებისადმი სწრაფვამ, რამაც 60-70-იანი წლების რეჟისორთა ძალისხმევით, ქართული კინოს ფენომენი შექმნა, ახალი თაობის ავტორთა შემოქმედებაში თანდათან ადგილი დაუთმო თანამედროვეობის პრობლემებისა და გმირთა ხასიათების დრამატულ გააზრებასა და მკაცრ, ხშირ შემთხვევაში, ნატურალისტურ სტილისტიკას.

ეს ტენდენცია, განსაკუთრებით, უკანასკნელ ათწლეულში გამოიკვეთა, თუმცა, ამ პერიოდის კინოპროდუქციის ანალიზისას გასათვალისწინებელია მწვავე პოლიტიკური ფონი, ცხოვრების ყველა სფეროში არსებული ტოტალური კრიზისი, რამაც შესამჩნევად შეაფერხა კინოპროცესის განვითარება. სახელმწიფომ ვეღარ უზრუნველყო კინოწარმოება სათანადო მატერიალური მხარდაჭერით, უსახსრობის გამო ცალკეულ ფილმებზე მუშაობა წლების განმავლობაში ჭიანურდებოდა. მრავალი კინემატოგრაფისტი საერთოდ ჩამოშორდა შემოქმედებით პროცესს. თუმცა, მსოფლიო კინოს ისტორიიდან ცნობილია, რომ ანალოგიური სიტუაციები ხშირად “ახალი ტალღების” შემოჭრის წინაპირობაგამხდარა. სამწუხაროდ, ჩვენში პოლიტიკურ-ეკონომიკური კრიზისი და შემოქმედებითი საქმიანობა, უმეტესწილად, პირდაპირ დამოკიდებულებაში აღმოჩნდა.

დაბოლოს, მართალია, გასული საუკუნის 90-იანი წლების ქართულ კინოში არ დაწყებულა აღმავლობა, მაგრამ დროის ზოგადი განწყობისა და ატმოსფეროს ფიქსაციის თვალსაზრისით, იგი საკმაოდ საგულისხმო სურათს გვთავაზობს, ათწლეულის განმავლობაში შექმნილი კინოპროდუქციის ეკლექტიკურ სიჭრელეში მაინც იკვეთება გარკვეული ტენდენციები, საერთო სიმპტომატური ნიშნები. კერძოდ, როგორც უკვე ითქვა, 90-იანი წლების ქართული კინო თანდათანობით შორდება პოეტურ-იგავურ ფორმებს, რომანტიკული, “შერეკილი” გმირების ადგილს თითქმის მთლიანად იკავებენ კონკრეტული სოციუმის, მეტწილად კი ე.წ. “ფსკერის” წარმომადგენლები და ამ პერიოდის კინოპროდუქცია ძირითადად განწირულობის, დაბნეულობის, შიშის, ტოტალური ქაოსის შეგრძნებით ხასიათდება.   ძნელია ამ მოკლე მიმოხილვაში ქართული კინოს საუკუნოვანი ისტორიის მანძილზე შექმნილი კინოპროდუქციის სრული გაანალიზება. მით უმეტეს, რომ მასალა სრულიად არაერთგვაროვანია თემატიკის, ჟანრის, მსოფლმხედველობითი თუ ესთეტიკური ორიენტაციის თვალსაზრისით.