23

ორი კვირაც და 23 წლის ვიქნები. ჯერჯერობით ისევ ვიზრდები და არა – ვბერდები. თანაც მგონი, ბევრი გაგებით “ჯერ ისევ” ვიზრდები.

მაგალითად, ახლა გაცილებით მეტს ვკითხულობ თინეიჯერულ ლიტერატურას, ვიდრე მაშინ, როცა თინეიჯერი ვიყავი. ამას ბევრი რამ განაპირობებს – გადაღლილობა და დროის არ ქონა საიმისოდ, რომ “რამე სერიოზული” ვიკითხო; ასევე ის ფაქტი, რომ ჩემი დროის უდიდესი ნაწილი ჩემს თინეიჯერ მოსწავლეებს მიაქვთ; ისიც, რომ ვერაფრით მოვიშორე ის შეგრძნება, რომ დრო ძალიან სწრაფად გადის და მგონია ბევრი გამოვტოვე, ბევრი ვერ მოვასწარი და თითქოს ამით ვინაზღაურებ დანაკლისს; კიდევ ის, რომ ახლა თავისუფლად ვკითხულობ რუსულად და ქინდლი მაქვს; ისიც, რომ უბრალოდ მომწონს ეს მიმართულება. თუმცა ყველაზე მეტს მაინც ფენტეზის ვკითხულობ. ესაა ჩემი არკადია ყოველთვის როცა ვიღლები, ვიწყენ, მბეზრდება ან ველოდები.

ეს წელი როტფუსით იყო შესანიშნავი. უმაგრესი მწერალია. მეფისმკვლელის ქრონიკებმა ერთხელ და სამუდამოდ დაიდო ბინა გულში, სულში, თაროზე და საერთოდ ყველგან (აქვე ათასი წყევლა და კრულვა როტფუსს იმის გამო რომ მესამე ნაწილი ჯერაც არსად ჩანს). ესეც ისეთი რამეა, როგორიც ჰარი პოტერი იყო თავის დროზე, ბეჭდების მბრძანებელი, ან ლილე იროელის ამბები. ან ურსულა ლე გუინი თავისი ყველაფრიანად. ან მხედვარი. “ალდენორი” იყო კიდევ, ძალიან კარგი და ძალიან გულდასაწყვეტიც იმის გამო, რომ ავტორი აღარ არის და ვეღარ გააგრძელებს. ძალიან, ძალიან გულდასაწყვეტი.

ამ წელს ერთი ყველაზე კარგი რამ “დავამუღამე” – დროის მენეჯმენტი. მიუხედავად იმისა, რომ ახლა უფრო დაკავებული ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, უფრო მეტსაც ვასწრებ, ვიდრე ვახერხებდი ხოლმე. თანაც არა ძილის, ჭამის, კითხვის ან საერთოდ ცხოვრების ხარჯზე. არ ვიცი მოთმინება და ნებისყოფა მშველის თუ პირიქით, დროის გადანაწილება მაძლევს მოთმინებას, ან რა მნიშვნელობა აქვს.

აი ფულის ხარჯვასაც რომ ვისწავლი, მერე მართლა მაგარი გოგო ვიქნები. მტკიცედ კი მაქვს გადაწყვეტილი ვისწავლო.

კიდევ “სიტყვების ხელოსანი” გავხდი. ვშლი და ვაწყობ სიტყვებს, ვეძებ მათ წარმოშობას ძირისძირობამდე და იმის იქით. ვეძებ მათ პარალელებს უამრავ სხვადასხვა ენაში და ასე შემდეგ. მეც არ ვიცი ეს რას ნიშნავს, მაგრამ “სიტყვების ოსტატი” უნდა გამოვიდე რომ გავიზრდები.

კიდევ თმა გამეზარდა. სამი წლის მანძილზე უმოწყალოდ ვჩეხავდი, მერე მომწყინდა და ახლა რაპუნცელის შორეული ნათესავი ვარ.

კიდევ ცოტა გავსუქდი. ოღონდ ახლა მგონია რომ ძალიანაც მიხდება. ასე თითქოს უფრო ვჩანვარ. ჩემი სიმაღლის (თუ სიდაბლის) ადამიანი ახლა კიდევ გამხდარიც თუა… გავიმართები ხოლმე წელში ჩემი მრგვალი ფორმებიანად და დავაბოტებ თავაწეული. დიახაც.

წელს დაბადების დღის ნაცვლად პირსახოცების დღე უნდა აღვნიშნო. თარიღი ხელს მიწყობს რაც მთავარია.

მე მგონი კარგი წელი იყო. მშვიდი. რაღაცეებით უხვი. გარდამავალი ახალი ეტაპისკენ. ძველი წლების განმტკიცების და რა ვიცი კიდევ. მოსალოცი.

Advertisements

სიები

ბავშვობიდან მიყვარდა სიები. პრეინტერნეტულ პერიოდში ვწერდი to do სიებს, წასაკითხი წიგნების სიებს, იმ საკითხების სიებს, რომლებიც მაინტერესებდა და რომელთა შესწავლასაც ვაპირებდი ახლო მომავალში; ყველაზე ხშირად ალბათ გაკვეთილების ცხრილს ვწერდი – რა ვისწავლე, რა გამომრჩა, რა უნდა მესწავლა. პოსტინტერნეტულ პერიოდში კი წარმოუდგენელი რაოდენობის და რაგვარობის სიები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

როგორც ჩემი და ამბობს ხოლმე, სიებს იმიტომ ვწერ, რომ მერე აღარ მივყვე. რაც ასე ნამდვილად არაა. მიყვარს ორგანიზებულობა, ან მცდელობა მაინც – ვიყო ორგანიზებული. მომწონს როცა ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო და როდისთვის. თუმცა ეს სია კი არა ორგანაიზერია, მე სიებზე ვაპირებდი წერას.

წასაკითხი წიგნების სია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიაა ჩემს ცხოვრებაში. სამყაროსავით ძველი არ ვიცი და რაც თავი მახსოვს, ასეთი სია სულ მაქვს. მერე goodreads-ზე გადავედი, მაგრამ ამის პარალელურად არც ხელით წერა შემიწყვეტია. იმასაც ვიწერდი რა წავიკითხე და როდის. მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას მაინც წაკითხული წიგნის გასწვრივ პლიუსის დასმა მანიჭებდა. ამ სიებს რაიმე შეჯიბრის სახე არასოდეს ჰქონია, ბევრის მოსწრება და “ყველა წიგნის” წაკითხვა ჩემი თვითმიზანი არაა. უბრალოდ მიყვარს როცა თავში ათასობით წიგნის დომხალის ნაცვლად ქრონოლოგიის, ჟანრების, პერიოდების და ეროვნების მიხედვით დალაგებული მოწესრიგებული სიები მაქვს.

ალბათ ამასთან კავშირშია ისიც, რომ ყოვლად აწეწილი ცხოვრებისა და სახლის მიუხედავად წიგნების თაროები, სამუშაო კუთხე და ჩემი კომპიუტერი ყოველთვის მანიაკალურად მოწესრიგებული და დალაგებულია.

Watchlist. როცა ტელევიზორზე ვიყავი დამოკიდებული, ფილმების სიის ქონა აზრადაც არ მომსვლია. დიდ სინეფილად არც ჩავითვლებოდი მაშინ. ჩემი პირველი ლეპტოპი მაშინ მქონდა, როცა ინტერნეტი ჯერ კიდევ არ იყო ამ ქალაქში. ამიტომ ე.წ. ფლეშკით მომქონდა სხვებისგან ფილმები და ისე ვუყურებდი. უკვე მიწევდა მომეფიქრებინა რა ფილმის გადმოწერა მეთხოვა მეგობრებისთვის და სიებიც გაჩნდა. სხვათა შორის მაშინ უფრო ადვილი იყო, როცა სულ ათი ფილმი გაქვს მყარ დისკზე, ასარჩევიც არაფერია. დღეს ფილმის ნახვას რომ დავაპირებ, შერჩევის პროცესი წინასწარ მეზარება, რადგან ფილმების სიას ხელით არ ვწერ, IMDB-ზე მაქვს watchlist, სადაც ამ წუთისთვის ზუსტად 8253 ფილმი მაქვს მონიშნული, რაც იგივეა უბრალოდ ინტერნეტში ეძებდე ფილმის, ყოველგვარი ფილტრის გარეშე. საბედნიეროდ საიტების უმრავლესობას აქვს ფუნქცია, სადაც შემიძლია მივუთითო რა ჟანრის, რომელი წლის, რა რეიტინგის, რომელი ქვეყნის და ა.შ. ფილმის ნახვა მინდა. სულაც გუგლი მეტყვის რომელი ფილმია მაგალითად ახალგაზრდა მათემატიკოსის შესახებ (კი, ხანდახან სწორედ ასე ვგუგლავ ფილმებს).

გრამატიკული სიები. სამი წელია უცხო ენებს ვსწავლობ, ვთარგმნი, ვარედაქტირებ… ამ დროისთვის ხუთი ენა კარგად ვიცი. სამზე ვლაპარაკობ კიდეც (ლათინური და ძველი ბერძნული უბრალოდ მკვდარი ენებია, რა ვქნა, თუმცა ლათინურად ლაპარაკს ასე თუ ისე ვახერხებ). კიდევ სამი ენისა რაღაც გამეგება, მაგალითად იტალიურის, რომლის სრულყოფილად სწავლაც 2017 წელს მაქვს დაგეგმილი.

გრამატიკული სიები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ყველაზე დიდი სია ძველი ბერძნულისთვის მაქვს, ფაქტობრივად მთელი სახელმძღვანელოა. მკვდარი ენა რთული სასწავლია, აქ ყველაფერი თუ არ იცი, არაფერი გამოვა. სია ფონეტიკით იწყება, მორფოლოგიაზე გადადის, ზმნით გრძელდება და სინტაქსით სრულდება. თუმცა ამ განყოფილებებს თავისი ქვეგანყოფილებები აქვთ, იმათ თავისი და ასე მაგალითად:

5.6.1.2. პირველი კლასის ზმნების უღლების თავისებურებანი. 

თუკი წიგნების ან ფილმების სია ვინმეს მეტიჩრობად მოეჩვენება გასაგებია, მაგრამ ჩემს გრამატიკულ სიებს კბილებით დავიცავ. მათ გარეშე მე ფიზიკურად არაფერი გამომივა.

თარგმანის სიები. ამჟამად ექვს სხვადასხვა ავტორს ვთარგმნი, რაც დამეთანხმებით, ცოტა არაა. აქედან სამს გამოსაცემად ვამზადებ, სამს უბრალოდ უნივერსიტეტი მოითხოვს. ყოველ დღე რომელიმე ავტორი მაქვს მოსამზადებელი და ლექტორისთვის წარსადგენი. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდე რომელი წიგნის რომელი თავის რომელი პარაგრაფი მაქვს უკვე თარგმნილი და რომელი სათარგმნი. რაც უნდა ზუსტად გავწერო დრო, განრიგი მაინც წამდაუწუმ ირევა, ასეთი სია კი მეხმარება იმის განსაზღვრაში, შემთხვევით გამოჩენილ თავისუფალ ორ საათში რომელ ავტორზე მუშაობა მირჩევნია.

Wishlist. ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, სახლში მოიფიქრეს. ადრე დეიდამ ჩამოწერა თავისთვის სია, რომელიც იწყებოდა მილიონი დოლარით, გრძელდებოდა ახალი სახლით და ჩაის ტილოებით. ამ სიაზე ყოველთვის გულით მეცინებოდა. პირველ ნაწილს გაგიმხელთ:

  1. მილიონი დოლარი
  2. ბინა
  3. ჩაის ტილოები
  4. ჭაღი მისაღები ოთახისთვის
  5. საჭმლის შესანახი კონტეინერები (ამას სპეციალური მასალაც ჰქონდა მითითებული)

ჩემი wishlist ჩემმა დამ დაწერა ჩემი კარნახით და დასრულების შემდეგ მეჩხუბა, არარეალური სია გაქვს, ამის შედგენას რა აზრი აქვსო. ალბათ იმიტომ რომ დრაკონით იწყებოდა. არადა ამ სიაში სავსებით რეალური სურვილებიც მოხვდა, მაგალითად ბოსხისა და დალის ნახატები, ველოსიპედი, სახლი პრაღაში. მე თუ მკითხავთ დრაკონშიც არაფერია ირეალური. ერთმა მეგობარმა შრი-ლანკადან ძალიან ლამაზი დრაკონი ჩამომიყვანა, რომელსაც გლაურუნგი დავარქვი. ესეც ახდენილი სურვილი.

სიტყვა ისედაც გამიგრძელდა, აღარ მოგიყვებით საყიდელი წიგნების სიების შესახებ; არც იმ ქვეყნების სიაზე, რომლებში წასვლასაც ვგეგმავ; არც იმ ენების სიაზე, რომელთა შესწავლასაც ვაპირებ… ჩემს ცხოვრებაში ახლა სიები გაცილებით მეტია ვიდრე ის ადამიანები, რომლებთან ურთიერთობასაც ვინარჩუნებ. პოსტიც ამიტომ დავწერე, ერთმა მითხრა, შენი სიები უფრო გიყვარს, ვიდრე მეგობრებიო. არაა ასე. უბრალოდ ჩემი სიები უფრო მჭირდება.

დროის უკმარისობა

ორშაბათია. მგონი მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა, მაგრამ ახლა მზე ანათებს, თბილა, ნიავი უბერავს. დილა აღარ არის, უკვე პირველის ნახევარია, მაგრამ მაინც – მშვენიერი დასაწყისია.

გუშინ ძალიან დამღლელი დღე მქონდა, საღამოს ძალიან სენტიმენტალური წიგნი წავიკითხე, ამიტომ თითქმის ათი საათი მეძინა. გვიან ავდექი და ნაცემივით ვარ.

უკვე მერამდენედ. ჰოდა, რისი თქმა მინდოდა ამით. ვერ გამიგია მე ვერ ვასწრებ ცხოვრებას თუ ლოგიკურია რომ ვერ ვასწრებ. რატომ ხდება რომ ფილმებში ჩემი ასაკის ხალხმა ზოგჯერ უკვე ყველაფერი იცის, ყველაფერი ისწავლა, ყველგან იმუშავა, იმოგზაურა, ახლაც მათი დღეები უკიდურესად გრძელია. ფილმებში ერთ დღეში ასწრებენ დილით ადრე ადგომას, ვარჯიშს, საუზმობას, მეგობრის ნახვას, სამსახურში წასვლას, მათი ერთსაათიანი ლანჩიც როგორღაც იტევს ქალაქის მეორე ბოლოში გასვლას და რაღაც სხვა საქმეს, საღამოობით სახლშიც ბრუნდებიან, კიდეც ისვენებენ, კითხულობენ, მერე რომელიმე სპორტულ მატჩზე და/ან მეგობრებთან მიდიან, კიდევ რაღაცას სწავლობენ… დაუსრულებელი წრეა. ფილმებში ყველაფერს ასწრებენ. სავსე ცხოვრებით ცხოვრობენ.

და მე? მე წელიწადში ათი თვის განმავლობაში ისეთი რეჟიმი მაქვს, რომ ორი კვირით ადრე უნდა ვიცოდე ყველაფერი, რასაც ვაპირებ. წინააღმდეგ შემთხვევაში ან ლექციებს ვაცდენ (ყველაზე ხშირად), ან მოსწავლეებს ვუცდენ, ან არ ვთარგმნი და არ ვარედაქტირებ. ან უბრალოდ არ მძნავს. ზოგჯერ დღეები არ მძინავს. და ამ დროსაც კი ვერ ვასწრებ იმის ნახევარსაც კი, რასაც ფილმებში ახერხებენ.

ამ წელს სამი თვე მქონდა ისეთი, დღემდე რომ ვამაყობ. ამ სამ თვეში ვახერხებდი ყველაფერს, ვარედაქტირებდი წიგნს, მყავდა ოცამდე მოსწავლე, დავდიოდი უნივერსიტეტში, ვნახულობდი მეგობრებს, ვკითხულობდი წიგნებს და მეძინა ნორმალურად. ყოველ დღე. ვმუშაობდი საოცრად პროდუქტიულად.

დროის მენეჯმენტი ყველაზე სასარგებლო რამეა, რაც კი ადამიანმა შეიძლება იცოდეს. როცა შეგიძლია არც ერთი წუთი არ დაკარგო, მოასწრო ყველაფერი, უბრალოდ არ შეიძლება ადრენალინმა არ გაგაბედნიეროს. ამ დროს ყველაფერი გაქვს რაც გჭირდება – მიზანი, თავდაჯერებულობა, საკუთარი თავის რწმენა, ოპტიმიზმი, კმაყოფილების განცდა, ყურადღება, ზრუნვა, და რაც მთვარია, შედეგი.

სექტემბერი ყოველთვის გარდატეხის თვეა ჩემთვის, გარდამავალი დროა, სწორედ ამ დროს ვიწყებ რეჟიმის დალაგებას და სწორედ ამ დროს ვგრძნობ მთელი სხეულით, რომ მთავარი მონდომებაა და ფილმის გმირობის გარეშეც შეიძლება ყველაფრის მოსწრება.

დრო

არ ველოდი, მაგრამ ეტყობა ჩემი გათხოვების დროც მოვიდა. უკვე 22 წლის ხარ? მერე? ბავშვი არ გინდა? რაც უფრო მოგემატება ასაკი, მით უფრო ძნელი იქნება, ახლავე უნდა იფიქრო, ხომ იცი.

არ ვიცი. კი, 22 წლის ვარ. არა, ბავშვი არ მინდა. არა ასაკის ბრალი არ არის, არ გადავიფიქრებ. არა, ამას ბუნებრივ მოთხოვნილებად ვერ აღვიქვამ. აუცილებელი არ არის ყველა ქალი დედა იყოს.

რაზე აღარ მიოცნებია და რა აღარ დამიგეგმავს, ოჯახზე არასდროს მიფიქრია. შვილზე მით უმეტეს.

ახლა ერთ სერიალს ვთარგმნი, სადაც ხშირად იმეორებენ ერთ ჩინურ წყევლას, may you live in interesting times-ო. კარგი წყევლაა. დაე. თუმცა მეორე პერსონაჟი გაეპასუხება, მაგ წყევლის მეორე ნაწილი თუ იციო. “გეპოვოს რასაც ეძებ”. ეს მართლა წყევლაა. ახდენილი ოცნებები დიდი ვერაფერი ხვითოა. მთავარი მართლა ოცნების ქონაა.

მე ბედნიერი ვიყავი, როცა ვოცნებობდი, რომ თუ გავიზრდებოდი მსოფლიოში საუკეთესო დამნაშავე ვიქნებოდი. ისეთი, შერლოკ ჰოლმსიც რომ ვერ დაიჭერდა. შერლოკ ჰოლმსობაზე არ მიოცნებია. მორიარტობა ვარჩიე.

არქიტექტორობაზეც დიდხანს ვოცნებობდი. ამაზე ჩემ გარშემო ყველამ იცოდა და სანამ პატარა ვიყავი მხარსაც მიჭერდნენ. რომ გავიზარდე აღმოჩნდა, რომ “ამას ვერ შევძლებდი”. სათანადოდ ვერ ვხატავდი თურმე. თურმე რა, ხატვა ჩემი ნიშა ნამდვილად ვერ არის. მაგრამ წინა სემესტრში ფინალურ გამოცდაზე დახატული პერსპექტივის გამო ლექტორმა მითხრა – უნდა ხატოო. მეც უცებ დავბრუნდი ბავშვობის წლებში და ისევ არქიტექტორობა მომინდა. არავინ მითხრას გვიანიაო. მე მინდა “რომ გავიზრდები” არქიტექტორი გამოვიდე და იმაზე უფრო უცნაური შენობები ავაგო, ვიდრე აინ რენდის გმირი აშენებდა “პირველწყაროში”. თუმცა ეს წიგნი არ მიყვარს. ძალიან მატკინა აუხდენელი ოცნებები.

როცა გადავწყვიტე რომ მეცნიერი უნდა “გამოვსულიყავი”, მართლა პატარა ვიყავი. მეორე კლასში ვიყავი და ძველი საბჭოთა ენციკლოპედიების კითხვა მიყვარდა. დედამ რომ მითხრა მეცნიერი ვერ გამოხვალო, ახსნაც მოაყოლა რას გულისხმობდა, მაგრამ მაშინ ჩავთვალე რომ მას არაფერი ესმოდა. ეს ოცნება დღესაც მომწონს. იმდენ რამეს გულისხმობდა ჩემთვის მეცნიერობა, ბოტანიკოსობიდან დაწყებული კოსმოსური ხომალდების ინჟინერიით დამთავრებული, სრულიად თვითკმარი იყო, სანამ მათემატიკა გართულდებოდა სკოლაში.

მათემატიკა არასდროს გამჭირვებია. არ მიყვარდა, მაგრამ კარგი გამოწვევა იყო. ახლა მიყვარს მათემატიკა. უდავოდ ზუსტი მეცნიერებაა. როცა ცხოვრება ძალიან ირევა, უპასუხო კითხვებს მაჩეჩებს და უცნაურ მეტაფიზიკურ მსჯელობას მაიძულებს, მათემატიკა კარგი თერაპიაა. სხვებსაც  ვასწავლი მათემატიკას. არის რაღაც დამამშვიდებელი, ქედმაღლური და ჩემი ეგოსთვის დამაკმაყოფილებელი იმაში, რომ ყველა ამოცანის ამოხსნა შემიძლია. იმის გახსენებაც შემიძლია, რაც თითქმის არ მისწავლია თავის დროზე უნივერსიტეტში. როცა მართლა ძალიან ცუდად ვარ, იმ მარტივ გზას მივმართავ, ჯერ კიდევ პირველ კლასში რომ გამოვიგონე, ზეპირად ვამრავლებ დიდ რიცხვებს. მილიონებზე შორს წასვლა არასდროს დამჭირვებია, მანამდე ვმშვიდდები ხოლმე.

თერაპიაზე ვლაპარაკობდი და ბოლო ახირებაც ძალიან მომწონს. მივდივარ თბილისში, ვჯდები პირველივე ავტობუსში ან მარშრუტკაში და მივყვები. ჩამოვდივარ ნებისმიერ ადგილას და იქიდან სხვას მივყვები. ზოგჯერ ფეხით დავდივარ. ბოლო ვაჟა-ფშაველადან წერეთელზე ფეხით რომ გავედი მგონი ის იყო. ამ დროს თუ მოვახერხე და თბილისი პრაღად ან ათენად ვაქციე, მართლა კარგად ვარ ხოლმე.

ერთი პერიოდი ტელეფონში sky map მქონდა გადმოწერილი და როცა მახსენდებოდა იქ ვიჭყიტებოდი ხოლმე. უბრალოდ მერე აღმოჩნდა რომ ცოტა უხერხულია ტელეფონს უსაბუთო გიჟივით ყველა მიმართულებით რომ ატრიალებ კისრის მოღრეცვამდე.

ახლა თმის შეღებვა მინდა. მოფიქრებული მაქვს როგორი თავიც მექნება – ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. თმის ძირებიდან ნახევარი თმა მოთეთრო, მორძისფრო, მოვარდისფრო, მონაცრისფრო, მოცისფრო, პლატინისფერი უნდა იყოს და ლამაზად გადავიდეს მოცისფრო, მოლურჯო, მოთეთრო, მონაცრისფრო, მოთაგვისფრო ფერფლისფერში. ბაცი, ნაზი ფერები იქნება, ოდნავ დატალღული თმით.

ღმერთო ჩემო, მართლა ხელოვნების შედევრი ვიქნები.

 

კიდევ ერთი წიგნის ფესტივალი

10600361_1014322941944647_216643760890875187_n

ესეც მეორე წიგნის ფესტივალი. ამ ერთი ბეწო ქვეყნისთვის, უფრო მეტიც – ქალაქისთვის, წელიწადში ოთხი ფესტივალი ნამდვილი მოვლენაა. არადა თუ მეხსიერება არ მღალატობს, 2015 წელს სწორედ ოთხი იყო. ძალიანაც კარგი, ჩემთვის რაც მეტია, მით უკეთესი. წინა ფესტივალის ამბები უკვე მოგიყევით, 25-27 დეკემბერი კი საახალწლო ფესტივალს დაეთმო, ამჯერად საჯარო ბიბლიოთეკაში. ულამაზესი დარბაზია, მაგრამ… პატარა და მოუხერხებელი ასეთ ამბებისთვის. სიცხე და უჰაერობა აქაც პრობლემა იყო და ამას ალბათ არსად არასდროს არაფერი ეშველება, სამწუხაროდ.

მე ისევ ბათუმში ვიყავი. უკაცრავად, ბათუმში არა, ბათუმელებთან, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”–ს დამაარსებლებთან და თანამშრომლებთან, ოღონდ უკვე დიდი ხანია ჩემთვის ეგ სულ ერთია. სადაც ისინი არიან, იქაა ბათუმი.

ამჯერად მე გვიან შევუერთდი, წიგნები უკვე დალაგებული იყო და იმაზეც კი ვღელავდი, როდის დავიმახსოვრებ სად რა დევს მეთქი. ნეტავ ჩეკის ამორტყმა ან ტერმინალის ხმარება თუ მახსოვს მეთქი. ამ მხრივ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მოვიდნენ მარი და თამთა, მალე ვნახე ირაკლიც, დანარჩენებიც, გამიღიმეს, მომესალმნენ, მომიკითხეს, წამიც და – სახლში ვიყავი, ყველაფერი კარგად იყო.

თითებჩასაკვნეტი ახალი წიგნები გვქონდა, მილიგანი, ენდერი, ბრედბერის კიდევ ერთი კრებული, მეტრო 2034 და გიორგი კეკელიძის “ორი თავგადასავალი”.

ის ხალხი ხომ ყოველთვის მიხარია, რომ მოდიან და უამრავ წიგნს ყიდულობენ; ისინიც, რჩევას რომ გვეკითხებიან და ითვალისწინებენ; ისინიც ჩვენი რომელიმე წიგნი რომ მოეწონათ და ახლა ნდობით გვიმზერენ, მაგრამ ყველაზე მეტად ის ხალხი მიყვარს, უკვე ყველაფერი რომ აქვთ ბათუმელების და ახლა მხოლოდ ახლებს აკითხავდენ. ჰო და ისინიც, საჩუქრად რომ ყიდულობდენ ჩვენს წიგნებს, იმიტომ რომ საკუთარ ეგზემპლარებს ვერ იმეტებენ.

სხვა გამომცემლობის კონსულტანტები სულ მიღიმოდნენ. სახეზე ყველას ვცნობ, მაგრამ სახელი თითქმის არავისი ვიცი და როცა ასე ღიმილით ნაცნობი და ისე უცნობი ადამიანები მიყურებდნენ და მესალმებოდნენ, თავი რაღაც საიდუმლო სექტის წევრი მეგონა.

ბოლო დღეს ჩვენს დახლთან “ფეისების” ცვენა იყო, როგორც ირაკლიმ თქვა :დ ვერაფერს იტყვი, ასეა. სალომე ბენიძე, ანი მარდალეიშვილი, სანდრო ლორთქიფანიძე, ნიკოლოზ ჭურაძე, თამთა კორინთელი თავად სთავაზობდნენ მყიდველებს წიგნებს – ლამაზები, ღიმილიანები, ჭკვიანები.

ბატონი ბიბლიოთეკის დირექტორი რა თქმა უნდა სულ იქ იყო, ავტოგრაფებსაც არიგებდა. ჰო, კიდევ გვანცა ჯობავაზე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ლამაზი, უშუალო და კეთილი ადამიანია. ერთერთ დღეს, საღამოს, გადაღლილმა სანამ ავხედე ვის ვეუბნებოდი, გვანცას დახმარება შევთავაზე და რომ შევხედე, ვაი მეთქი, გამიცინა, მართლა მკითხა რჩევა და წიგნებიც გემრიელად გადაათვალიერა.

ამ ფესტივალზე ცოტას კი ვწუწუნებდი, სადაც მე ვდგავარ იქ წიგნები აღარ იყიდება მეთქი, მაგრამ არც მთლად ასე იყო საქმე. მყიდველებთან ამ ფესტივალზე ბევრად მეტს ვლაპარაკობდით. ყველაფერი აინტერესებთ, ეს როგორი წიგნია, ის როგორი წიგნია, ამა თუ იმ ავტორის სხვა წიგნიც თუ გამოიცემა, რომელიმე სერიის გაგრძელება როგორ იქნება, ამას თუ იმას როდის თარგმანიან… შენიშვნებიც აქვთ ხოლმე.

უტაქტოებიც გამოერევიან ხოლმე აქა–იქ.

საქმე იმაში არაა, რომ ამ გამომცემლობის ყველა წიგნი იდეალურადაა გამოცემული. ამას არავინ ამტკიცებს. საქმე იმაშია, რომ გამომცემლობა ჯერ ერთი წლისაც არაა და თითქის ორმოცდაათამდე წიგნი გამოსცა. არც ერთი მათგანი აქამდე გამოცემული არ ყოფილა, ყველა ახალი თარგმანია. რაც მთავარია ჟანრი ფანტასტიკა მკითხველამდე მივიდა, თანაც საუკეთესო ნაწარმოებებით. ზრდილობის ფარგლებში ნათქვამი ყველა შენიშვნა მიღებულ იქნა, მოწმე ვარ. მაგრამ როცა ზედმეტი მოსდით და შეურაცხყოფაზე გადადიან… მგონი აღარაა საჭირო რამე დავამატო.

სულაც არ მომწონს ბათუმელების გამოცემული ყველა წიგნი. ვერ ვიტყვი, რომ ყოველი მათგანი ჩემი საყვარელი წიგნია (ცალკე საკითხია, რომ როცა იწვალე, იშრომე და გამოეცი, ყველა გიყვარს.  მე თვითონ მიყვარს ამ დღეების მერე ყოველი მათგანი), მაგრამ რომელი წიგნიც არ მომწონს, არც ვყიდულობ და არც ვკითხულობ და არც გამომცემლობას ვლანძღავ იმის გამო, რომ გამოსცა. თავისი მკითხველი ყველას ჰყავს, მე ვინ ვარ. მე ვლანძღავ ხოლმე იმ გველეშაპ გამომცემლობებს, რომლებიც ახალ თარგმანებს კვარტალში ერთხელ თუ გაღირსებენ და ძირითადად უკვე თარგმნილის თავიდან გამოცემით (რა თქმა უნდა დაურედაქტირებლად) აირიან დაკავებულნი და  რომლებსაც წიგნების 90% არ უვარგათ, არც თარგმანით, არც რედაქციით, არც ფორმატით. იმათაც ვლანძღავ ხოლმე, ფასებს უსაშველოდ რომ ბერავენ, არადა სულ ისეთ წიგნებს გამოსცემენ, რომლებიც ძალიან მოთხოვნადია და იციან, რომ გაიყიდება, თავად კი არაფერს სთავაზობენ მკითხველს.

სიტყვა გამიგრძელდა და თემა გამექცა, სინამდვილეში კი იმის თქმა მინდოდა, რომ კარგი მკითხველები ალბათ ძალიან ბევრია, მაგრამ წიგნის ცუდი მყიდველებიც ბევრნი არიან.

თქვენ კი დამდეგ შობა-ახალ წელს გილოცავთ, წარმატებებს, ბედნიერებას, ჯანმრთელობას გისურვებთ.

პ.ს. მე კი 2016 წელიც ასეთივე დატვირთული მქონოდეს, ასეთივე სიახლეების მომტანი.

პ.პ.ს. მაგრამ იქნებ ზაფხულში მაინც დავისვენო. მართლა დავისვენო. დასვენებასაც ყველას გისურვებთ, კარგად ვიცი რამდენ თქვენგანს სჭირდება.

წიგნის დღეები

1

უჩემოდაც მოგეხსენებოდათ ალბათ, 26-29 ნოემბერს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში წიგნის დღეები იყო. ის არ გეცოდინებათ… ანდა, როგორ არ გეცოდინებათ უკვე ბევრს, მეც იქ ვმუშაობდი. გამომცემლობა წიგნები ბათუმში–ს სტენდთან ვიდექი და უამრავ მკითხველს ვხვდებოდი.

ბედნიერების ხუთი დღე. ხუთი იმიტომ, რომ მე ოთხშაბათს სტენდის მოწყობაშიც მივიღე მონაწილეობა. პირველად ვნახე პავილიონი მზადების პროცესში და მინდა გითხრათ, არანაკლებ მომეწონა ამგვარად აზუზუნებული სივრცე. როცა ახლადფეხადგმულ გამომცემლობას საშუალო ზომის სტენდი არ ყოფნის (უფრო დიდიც კი გვქონდა, ვიდრე წლობით არსებულ გამომცემლობებს), მართლა ძალიან სასიხარულოა. თუმცა, დიდი ხანი ვიწვალეთ, რომ ყველა წიგნი გამოსაჩენად და მოსახერხებლად დაგვეწყო. რა თქმა უნდა, მოვახერხეთ.

12313580_493705987476714_2051197968808063832_n

მერე, ხუთშაბათიდან, მყიდველების მიღებასაც შევუდექით. ჯერ ჩეკის აპარატთან და ტერმინალთან წარმადგინეს. მათთან ურთიერთობის არავითარი გამოცდილება არ მაქვს და მინდა გითხრათ, გვარიანად მანერვიულეს. მაინც, პასუხისმგებლობაა.

მერე მოვიდნენ. ამდენ განსხვავებულ ადამიანთან ასეთი უშუალო ურთიერთობა ალბათ არასდროს მქონია. კვირა საღამოსაც ვახერხებდი ღიმილიანი გამარჯობა-გმადლობთ-ნახვამდის მეთქვა, ეს არ იყო პრობლემა, ყველაფერი მართლა გულით მიხაროდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ის სწყინდა, დახმარებას რომ ვთავაზობდი, ზოგს ის, რომ არ ვიცოდი როგორი წიგნები უყვარს, ზოგი უკმეხად მეკითხებოდა ჩეკი ხომ ჩავუდე პარკში, ზოგი ყვიროდა რატომ კლასიკას არ კითხულობთო. whatever, ვერავინ ვერ გამიფუჭა ის ამაღლებული განწყობა, ოთხი დღე გადაქანცულმაც კი სიხარულისგან ვიფრინე და იმდენი პოზიტივი მივიღე, ახლა ძალიან მიჭირს არაფრის კეთება. კიდევ კარგი დეკემბრის ბოლოს კიდევ არის ფესტივალი.

12249910_493706064143373_6271926817487050407_nრანაირი მკითხველი აღარ მოვიდა. ზოგი ძალიან კეთილსინდისიერად, დაგეგმილად, სიით მოვიდა, სულ ღიმილით ჩამოთვალა წიგნები და დიდი ჩანთით წაიღო. ზოგმა ერთი და ორი წიგნი წაიღო, მაგრამ ისეთი ბედნიერი ღიმილით…

ისეთებიც ბევრნი იყვნენ, ერთ-ორ წიგნზე იცოდნენ, რომ სურდათ, მაგრამ მერე12243264_493706094143370_1049979003765871794_n სხვებიც მოუნდათ და მანდ ვერთვებოდით საქმეში ჩვენ – ირაკლი, მარი, თამთა, მე, დათა… ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, მარი როცა იწყებდა ლაპარაკს, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა სტენდთან მდგარი ადამიანი კისერს წაიწვდიდა და უსმენდა ხოლმე. მარი ძალიან ლამაზია, ლამაზად ლაპარაკობს და სულაც არ მიკვირს, ასე რომ უსმენდნენ და უჯერებდნენ. ირაკლი უფრო ქარიზმატულია, ძალიან უყვარს თავისი გამოცემული წიგნები, შვილებივით. ყოველთვის გულწრფელად ჰყვება მათზე და იმასაც გულწრფელად ეუბნება ზოგს, რომ ესა თუ ის წიგნი ნაკლებად მოეწონება.

რჩევების ამბავი მეც ძალიან მომეწონა. იყვნენ ისეთებიც, ჩემს კითხვაზე “მე ხომ არ დაგეხმაროთ”, მიპასუხეს, აბა თქვენ რას გვირჩევდითო და ყველა დასაბუთებული რჩევა გაითვალისწინეს. ყველაზე ხშირად “წყვდიადის მარცხენა ხელს” ვთავაზობდი ყველას. რა ვქნა, ეს წიგნი და საერთოდ ურსულა ლე გუინი ერთი დედას არ მირჩევნია მე მგონი.

ელჯერნონი თავის საქმეს ისევ ხუთიანზე ასრულებდა, ღმერთო ჩემო, არც კი მახსოვს ეს წიგნი რამდენჯერ გავყიდე. ერთ ქალს თვალები აუცრემლდა, არადა ისეთიც არაფერი მითქვამს, ღმერთმანი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ბავშვები, ხურდა ფულით რომ მოდიოდნენ, კაპიკები აკლდებოდათ, მაგრამ ირაკლი მაინც აძლევდა წიგნებს. პრინციპში, არა მხოლოდ ბავშვებს, ყველას ვისაც ფული დააკლდა, არა უშავსო, უთხრა. ჩემი და ბუზღუნებდა, გაკოტრდებიან მასე, ისედაც რამდენი იყო ფასდაკლებაო.

ნაცნობების ნახვაც ძალიან სასიხარულოა მაგ დროს. საერთოდაც, პოზიციის შეცვლა ყოვლად გადასარევი აღმოჩნდა. ჩემი არსებობის 21 წლის მანძილზე ასე ძალიან და ასე ბედნიერად არასოდეს დავღლილვარ.

12314089_493706204143359_6613715545171580147_n.jpg

წიგნები მაჩუქეს. ყოვლად უნამუსოდ მართლა ყველა წიგნი ავიღე რაც მინდოდა, მაგრამ კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებ ამ გამომცემლობისთვის და გამოვისყიდი, იმედია არა უშავს. სახლში კი ძალიან შემარცხვინეს, განსაკუთრებით ჩემმა დამ. აქ ვერც კი დავწერ რა სიტყვებით მლანძღა ამდენი წიგნის სახლში წამოღებისთვის :დ

ჰოდა, მომილოცეთ, კარგ ხალხთან, კარგ გარემოში, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი ოთხი დღე. იმდენად ბედნიერი დღეები იყო, დიდ ხანს მეყოფა საიმისოდ, კარგად ვიყო და ცხოვრება მიხაროდეს.

ერთი კვირა

შაბათი.

პარასკევი იმისთვისაა პარასკევი, რომ შეგიძლია არაფერი ისწავლო და გვიან დაიძინო. ხუთამდე Star Trek–ის ფილმებს ვუყურებდი. მერე როგორღაც დამეძინა. ჩემი დილა უკვე თვეებია თავის ტკივილით იწყება. მიჩვეული ვარ. სანამ გამოვფხიზლდები, ყავას დავლევ და რამის ჭამას მოვიფიქრებ ხოლმე, რომელიმე სერიალს ვუყურებ. Walking dead, Doctor who, Dexter, Battlestar Galactica, The leftovers, Vikings, Game of thrones, Arrow, Teen wolf-საც კი ვუყურებდი დაქალის რჩევით, Flash, Grimm, Daredevil, Torchwood, Stargate… ისედაც გამიგრძელდა სიტყვა. იმისდა მიხედვით რის ხასიათზე ვარ, ერთ სერიას მაინც (ხშირად ორსაც) ვუყურებ. მერე ძირითადად ბერძნულს ვსწავლობ. უფრო სწორად უბრალოდ ვთარგმნი დავალების ტექსტებს. სწავლა სხვა რამეს ჰქვია. მერე მოსწავლეები მოდიან, 3 საათზე. დაახლოებით 9-მდე სწორედ მათ მიაქვთ ჩემი დრო და ენერგია. უკვე დაღამებულზე, დაღლილი, დაქანცული, ხმაჩაწყვეტილი, დამშეული, აბა როგორღა უნდა ვისწავლო ფიქრებით, ისევ კომპიუტერს მივუჯდები და ამჯერად ფილმებს ვუყურებ. ძირითადად Facebook-ის თანხლებით. ისევ მათენდება. დილით ორი-სამი საათი მძინავს ხოლმე.

კვირა.

კვირას სერიალებს და ფილმებს ვერ ვუთმობ დროს, სინდისი მაწუხებს. ვიცი რომ ორშაბათს ვერ მოვიცლი სასწავლად, სამშაბათიდან კი უნივერსიტეტში “მომხედავენ” როგორც საჭიროა. კვირას ვსწავლობ. მთელი დღე. ლათინურს, ბერძნულს, იაპონურ კულტურას, კულტურის შესავალს, ლიტმცოდნეობის შესავალს, კლასიკური ფილოლოგიის შესავალს. ყველა საგანი საინტერესოდ ტვინის ჭამაა. მოსწავლეები კვირასაც მყავს, თუმცა 3-4 საათი, მეტი დრო არ მიაქვთ.

ორშაბათი.

თვალები მტკივა. გვიან ღამემდე რაღაცეებს ვწერდი და ვკითხულობდი. გვიან ვდგები, სერიალს ვუყურებ. მერე მოსწავლეები მოდიან. მთელი დღე. ბოლო ჯგუფს რომ ვუშვებ, უკვე ხავილის რეჟიმზე ვარ ხოლმე. რისი სწავლაც ვერ მოვასწარი იმას ვაფუჩეჩებ და ვიძინებ.

სამშაბათი.

გააჩნია. თუ კიდევ მაქვს სასწავლი (ძირითადად ლათინური მრჩება ხოლმე), 7-ზე ვდგები, ვსწავლობ, 9-ზე სახლიდან გავდივარ, 11-ზე უნიში ვარ. თუ არადა 9-ის ნახევარზე ვდგები. 11-დან 6-მდე სულ სემინარები მაქვს. ლექციებიც მაქვს, მაგრამ სემინარების პარალელურად და რა თქმა უნდა, ვერ დავდივარ. სამშაბათს რომ რამე არ გავაცდინო, გამორიცხულია. ვცდილობ შერჩევით ვაცდინო, ხან ერთი საგანი, ხან მეორე. სახლში მივდივარ მკვდარი. ჭამასაც იშვიათად ვასწრებ სამშაბათობით. ერთ ფილმს მაინც ვუყურებ ხოლმე. მაღვიძარას ვაყენებ 8 საათზე, “დილით ვიმეცადინებ” იმედით.

ოთხშაბათი.

ვიღვიძებ 12-13 საათზე. მისკდება თავი. ვდგები ორზე ან სამზე. ყოველ ოთხშაბათს ვაცდენ. ყოველ ოთხშაბათს ერთ ფილმს ვუყურებ და რაც გავაცდინე, იმას ვსწავლობ – ბერძნულს. ლათინურს უკვე ღამე ვუჯდები.

ხუთშაბათი.

9-ზე იწყება სემინარი. 7-ზე ვდგები, ორი საათი ხომ მეძინა, არა უშავს. ორზე სწავლას ვამთავრებ და სახლში მოვდივარ მაშინვე, ოთხზე მოსწავლეები მოდიან. 9-მდე. ისევ მკვდარი ვარ. ისევ ვცდილობ რამე ვისწავლო.

პარასკევი.

ყოველ მეორე პარასკევს ვაცდენ. თუ არ ვაცდენ და გზაში ან პირდაპირ სემინარებზე ვსწავლობ ჩასაბარებელ მასალას. დღეს გავაცდინე. ოთხის ნახევარია. გამოვიძინე, მაგრამ კოშმარებით და საშინელ ხასიათზე ვარ. უკვე ვეჩხუბე ყველას ვინც ხმა გამცა. ახლა Battlestar Galactica ჩავრთე. მერე Leftover–ს ვუყურებ. საღამოს თუ ვისწავლე რამე ხომ კარგი, თუ არადა… ხვალიდან ყველაფერი ისევ განმეორდება.