წიგნის დღეები

1

უჩემოდაც მოგეხსენებოდათ ალბათ, 26-29 ნოემბერს, თბილისში, ექსპო-ჯორჯიას პავილიონებში წიგნის დღეები იყო. ის არ გეცოდინებათ… ანდა, როგორ არ გეცოდინებათ უკვე ბევრს, მეც იქ ვმუშაობდი. გამომცემლობა წიგნები ბათუმში–ს სტენდთან ვიდექი და უამრავ მკითხველს ვხვდებოდი.

ბედნიერების ხუთი დღე. ხუთი იმიტომ, რომ მე ოთხშაბათს სტენდის მოწყობაშიც მივიღე მონაწილეობა. პირველად ვნახე პავილიონი მზადების პროცესში და მინდა გითხრათ, არანაკლებ მომეწონა ამგვარად აზუზუნებული სივრცე. როცა ახლადფეხადგმულ გამომცემლობას საშუალო ზომის სტენდი არ ყოფნის (უფრო დიდიც კი გვქონდა, ვიდრე წლობით არსებულ გამომცემლობებს), მართლა ძალიან სასიხარულოა. თუმცა, დიდი ხანი ვიწვალეთ, რომ ყველა წიგნი გამოსაჩენად და მოსახერხებლად დაგვეწყო. რა თქმა უნდა, მოვახერხეთ.

12313580_493705987476714_2051197968808063832_n

მერე, ხუთშაბათიდან, მყიდველების მიღებასაც შევუდექით. ჯერ ჩეკის აპარატთან და ტერმინალთან წარმადგინეს. მათთან ურთიერთობის არავითარი გამოცდილება არ მაქვს და მინდა გითხრათ, გვარიანად მანერვიულეს. მაინც, პასუხისმგებლობაა.

მერე მოვიდნენ. ამდენ განსხვავებულ ადამიანთან ასეთი უშუალო ურთიერთობა ალბათ არასდროს მქონია. კვირა საღამოსაც ვახერხებდი ღიმილიანი გამარჯობა-გმადლობთ-ნახვამდის მეთქვა, ეს არ იყო პრობლემა, ყველაფერი მართლა გულით მიხაროდა. მიუხედავად იმისა, რომ ზოგს ის სწყინდა, დახმარებას რომ ვთავაზობდი, ზოგს ის, რომ არ ვიცოდი როგორი წიგნები უყვარს, ზოგი უკმეხად მეკითხებოდა ჩეკი ხომ ჩავუდე პარკში, ზოგი ყვიროდა რატომ კლასიკას არ კითხულობთო. whatever, ვერავინ ვერ გამიფუჭა ის ამაღლებული განწყობა, ოთხი დღე გადაქანცულმაც კი სიხარულისგან ვიფრინე და იმდენი პოზიტივი მივიღე, ახლა ძალიან მიჭირს არაფრის კეთება. კიდევ კარგი დეკემბრის ბოლოს კიდევ არის ფესტივალი.

12249910_493706064143373_6271926817487050407_nრანაირი მკითხველი აღარ მოვიდა. ზოგი ძალიან კეთილსინდისიერად, დაგეგმილად, სიით მოვიდა, სულ ღიმილით ჩამოთვალა წიგნები და დიდი ჩანთით წაიღო. ზოგმა ერთი და ორი წიგნი წაიღო, მაგრამ ისეთი ბედნიერი ღიმილით…

ისეთებიც ბევრნი იყვნენ, ერთ-ორ წიგნზე იცოდნენ, რომ სურდათ, მაგრამ მერე12243264_493706094143370_1049979003765871794_n სხვებიც მოუნდათ და მანდ ვერთვებოდით საქმეში ჩვენ – ირაკლი, მარი, თამთა, მე, დათა… ძალიან ბევრჯერ შევნიშნე, მარი როცა იწყებდა ლაპარაკს, ნებსით თუ უნებლიეთ, ყველა სტენდთან მდგარი ადამიანი კისერს წაიწვდიდა და უსმენდა ხოლმე. მარი ძალიან ლამაზია, ლამაზად ლაპარაკობს და სულაც არ მიკვირს, ასე რომ უსმენდნენ და უჯერებდნენ. ირაკლი უფრო ქარიზმატულია, ძალიან უყვარს თავისი გამოცემული წიგნები, შვილებივით. ყოველთვის გულწრფელად ჰყვება მათზე და იმასაც გულწრფელად ეუბნება ზოგს, რომ ესა თუ ის წიგნი ნაკლებად მოეწონება.

რჩევების ამბავი მეც ძალიან მომეწონა. იყვნენ ისეთებიც, ჩემს კითხვაზე “მე ხომ არ დაგეხმაროთ”, მიპასუხეს, აბა თქვენ რას გვირჩევდითო და ყველა დასაბუთებული რჩევა გაითვალისწინეს. ყველაზე ხშირად “წყვდიადის მარცხენა ხელს” ვთავაზობდი ყველას. რა ვქნა, ეს წიგნი და საერთოდ ურსულა ლე გუინი ერთი დედას არ მირჩევნია მე მგონი.

ელჯერნონი თავის საქმეს ისევ ხუთიანზე ასრულებდა, ღმერთო ჩემო, არც კი მახსოვს ეს წიგნი რამდენჯერ გავყიდე. ერთ ქალს თვალები აუცრემლდა, არადა ისეთიც არაფერი მითქვამს, ღმერთმანი.

ძალიან საყვარლები იყვნენ ბავშვები, ხურდა ფულით რომ მოდიოდნენ, კაპიკები აკლდებოდათ, მაგრამ ირაკლი მაინც აძლევდა წიგნებს. პრინციპში, არა მხოლოდ ბავშვებს, ყველას ვისაც ფული დააკლდა, არა უშავსო, უთხრა. ჩემი და ბუზღუნებდა, გაკოტრდებიან მასე, ისედაც რამდენი იყო ფასდაკლებაო.

ნაცნობების ნახვაც ძალიან სასიხარულოა მაგ დროს. საერთოდაც, პოზიციის შეცვლა ყოვლად გადასარევი აღმოჩნდა. ჩემი არსებობის 21 წლის მანძილზე ასე ძალიან და ასე ბედნიერად არასოდეს დავღლილვარ.

12314089_493706204143359_6613715545171580147_n.jpg

წიგნები მაჩუქეს. ყოვლად უნამუსოდ მართლა ყველა წიგნი ავიღე რაც მინდოდა, მაგრამ კიდევ ბევრის გაკეთებას ვაპირებ ამ გამომცემლობისთვის და გამოვისყიდი, იმედია არა უშავს. სახლში კი ძალიან შემარცხვინეს, განსაკუთრებით ჩემმა დამ. აქ ვერც კი დავწერ რა სიტყვებით მლანძღა ამდენი წიგნის სახლში წამოღებისთვის :დ

ჰოდა, მომილოცეთ, კარგ ხალხთან, კარგ გარემოში, საყვარელ საქმეს ვაკეთებდი ოთხი დღე. იმდენად ბედნიერი დღეები იყო, დიდ ხანს მეყოფა საიმისოდ, კარგად ვიყო და ცხოვრება მიხაროდეს.

Advertisements

მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა

წინა პოსტს მშვენივრად მოვარგე უსაყვარლესი სერიის სათაური და აქაც იგივენაირად მოვიქცევი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დღესდღეობით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს თავის საქმეში და ამ ბლოგის ავტორიც ყურადღებით ადევნებს თვალს მათ გამოცემებს. ფიქრობს, რომ მათ არაერთ წიგნს შეიძენს წიგნის ამ ფესტივალზე. უკვე ტრადიციულად, ჯერ სერიებს განვიხილავ.

მსოფლიო ბიბლიოთეკის ლიტერატურა

ვფიქრობ, ეს სერია მეტ-ნაკლებად ყველამ იცის უკვე. შესანიშნავი ხარისხის, მაგარყდიანი, ლამაზი გამოცემა, ას ტომად ჩაფიქრებული, მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ავტორებს ანტიკური ხანიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე. ეს ასი წიგნი დაყოფილია ერთგვარ ქვესერიებად:

✶ ანტიკური მწერლობა (33 ტომი)
✶ აღმოსავლური კლასიკური მწერლობა (22 ტომი)
✶ შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურა (15 ტომი)
✶ ძველი ქართული მწერლობა (10 ტომი)
✶ აღორძინების ხანისა და XVII საუკუნის ევროპული მწერლობა (20 ტომი)

დამეთანხმებით, შესანიშნავი შენაძენი იქნება ნებისმიერი ბიბლიოფილისთვის. მე პირადად ყველაზე მეტად მაინც ანტიკური მწერლობა მხიბლავს, ჩემი მომავალი პროფესიის გამო ალბათ და რომელიც უკვე სრულადაა გამოსული (თუ არ ვცდები, ბოლო ორი წიგნის ბედი ჯერაც გასარკვევი მაქვს 🙂 ).

მე რომ აქ თავი არ შეგაწყინოთ ვრცელი სიებით, პირდაპირ გადაგამისამართებთ გამომცემლობის გვერდზე, სადაც თავად შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაიგოთ ყოველივე. ჩემი ვარაუდით, ფესტივალზე თითოეული წიგნის ფასი 10 ლარი იქნება. შეიძლება ყველას ერთად შეძენის მსურველისთვის, უფრო იაფიც ღირდეს, არ ვიცი.

ორიოდე სიტყვით ამ სერიაზე ვერაფერს იტყვი. ცალკეული წიგნების შესახებ მოკლედ საუბარიც გაჭირდება. მგონი, ვინც ამ სერიით დაინტერესდება, ისედაც ეცოდინება რასთან აქვს საქმე. ჰომეროსის “ილიადას” და “ოდისეას” წარდგენა არ სჭირდება, ძველი ბერძნული ლირიკა – ალკეოსი და საპფო (საფოდ ცნობილი), ანაკრეონი, თეოკრიტოსი… პინდაროსის დიდებული ოდები; ჰეროდოტე და თუკიდიდე ისტორიებით, რომელიც სულაკაურმა სამხედრო ბიბლიოთეკის სერიაშიც გამოსცა (და შარშან ორ ლარად შევიძინე); დრამის წარმომადგენლები – სამი დიდი ტრაგიკოსი: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე და კომედიის მამა: არისტოფანე. პლატონი, ქსენოფონი, აპოლონიოს როდოსელი, ჩემი უსაყვარლესი ჰესიოდე და ერთი ტომიც – ძველი ბერძნული პროზა. ამის შემდეგ უკვე რომაული ლიტერატურის დრო მოდის, სადაც ასევე ლეგენდარული ვირგილიუსი, ციცერონი, ოვიდიუსი, პლუტარქოსი და სხვები დაგხვდებათ (როგორ უცებ დამეტყო, რომ ჯერ მხოლოდ ბერძნულ ლიტერატურას ვაცოდვილებ და რომაულის სწავლა არ დამიწყია).

Untitled

 

მსოფლიო კლასიკა

შემდეგი, ასევე საყურადსაღებო სერიაა მსოფლიო კლასიკა, რომელიც შემდეგი წიგნებითაა წარმოდგენილი:

ვლადიმირ ნაბოკოვი – ლოლიტა
ხულიო კორტასარი – სამხრეთის გზატკეცილი
იასუნარი კავაბატა – თოვლიანი მხარე / ათასფრთიანი წერო
მიგელ ანხელ ასტურიასი – სენიორ პრეზიდენტი
ავგუსტ სტრინდბერგი – რომანი და პიესები
ჯეიმზ ჯოისი – ულისე
იოჰან ვოლფგანგ გოეთე – ფაუსტი
კობო აბე – ქალი ქვიშაში / ადამიანი ყუთი
უილიამ ფოლკნერი – ხმაური და მძვინვარება
თომას მანი – ჯადოსნური მთა
უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი
მაქს ფრიში – Homo Faber / ვიქნები თუნდაც განტენბაინი
კნუტ ჰამსუნი – მისტერიები
მიშელ უელბეკი – პლატფორმა
მარიო ვარგას ლიოსა – დეიდა ხულია
ჰერმან ჰესე – ტრამალის მგელი
ორჰან ფამუქი – მე წითელი მქვია

თავადაც ხედავთ, რამდენი ქვეყანა, რამდენი ეპოქა და ჟანრია წარმოდგენილი სერიაში. შესანიშნავი ხარისხის წიგნებია, რაც მათ ფასზეც აისახება. არც კი ვიცი, რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძლება ეს წიგნები შეძენადი გახადო. თუმცა, უმრავლესობა ისეთი წიგნია ერთხელ რომ უნდა იყიდო და დადო სახლში (ალბათ). მე პირადად მაქს ფრიშს აუცილებლად ვიყიდი, მერე რა რომ წაკითხული მაქვს. ეგ წიგნი აუცილებლად უნდა/მინდა მქონდეს სახლში და ღირდეს რაც გინდა. უფულობისა რა ვთქვი, თორემ ნაბოკოვსაც წავიღებდი სახლში, სტრინდბერგსაც, კობო აბესაც, უელბეკსა და ჰესესაც…

ფესტივალზე დაგვხვდება ლემის “სოლარისი”! მართალია პირველად არ გამოიცემა, მაგრამ იმდენი ხნის წინ გამოიცა და იმდენად აღარ იშოვება ეს წიგნი, რომ ნამდვილად კარგი ახალი ამბავია, სახლში ახალთახალი სოლარისის მიცუნცულება რომ შეგვიძლია. საერთოდაც, მეტი ფანტასტიკა/ფენტეზი ხალხს!

პერსი ჯექსონი ვინმემ არ იცით? ამ გამომცემლობამ რიორდანის “მეხის ქურდიც” გამოსცა. სალმან რუშდის “ფლორენციელ ჯადოქარს” არ იკითხავთ? თქვენი მონა-მორჩილი აგრეთვე აპირებს ფრანსუა ვიიონის, ოსბორნის, უელბეკის, ვაგნერის, შოუს, ნაბოკოვის, სიეშტადის შეძენას (რა თქმა უნდა სადამდეც ჯიბე გასწვდება). ყოველ შემთხვევაში უელბეკის “რუკა და ტერიტორია” და “სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები” ნამდვილად მინდა.

 ასევე ამ გამომცემლობამ წამოიწყო იმ წიგნების გამოშვება, რომელთა ეკრანიზაციებმაც სხვადასხვა დროს დიდი გამოხმაურება ჰპოვა. უკვე გამოსულა გრუმის “ფორესტ გამპი”, კეპოტის “საუზმე ტიფანისთან” და ჭეიშვილის “ცისფერი მთები”. ზემოთ ნახსენები “სოლარისიც” ამ სერიისაა. საყვარელი გამოცემებია, თან ძვირიც არ ღირს; ფესტივალზე სავარაუდოდ უფრო იაფად იქნება.

წესით ამით უნდა დამეწყო, მაგრამ ახლა ვიტყვი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. სირცხვილიც კია ახსნა დაგიწყოთ ვინაა ეს ადამიანი. ❤ სულაკაურმა მისი იმდენი წიგნი გამოსცა, მხოლოდ ამის გამო უნდა სცემდეს პატივს მკითხველი გამომცემლობას. პეპი, ემილი, კალე, რასმუსი, ლოტა, მიო, ბიულერბიუელი ბავშვები… ❤ ასაკობრივ ჯგუფებადაც აქვთ დაყოფილი, ასე რომ ბავშვებისთვის საჩუქრების გასაკეთებლად შესანიშნავი დროა (მეც ბავშვი ვარ და ლინდგრენის მოყვარულ ჩემზე ორჯერ დიდ ბავშებსაც ვიცნობ ^_^).

აი ის ლურჯი წიგნები შეგინიშნავთ, ვაგნერის შესახებ რომაა? ბერნარდ შოუს “ჭეშმარიტი ვაგნერიანელი”, ჩარლზ ოსბორნის “ვაგნერის საოპერო შემოქმედება” და თავად ვაგნერის მოთხრობები, წერილები და ესეები. შარშან ვაგნერის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა ეს წიგნები.

ამავე გამომცემლობისაა ორი ბესტსელერთა შორის ბესტსელერი (ორი კი არა ექვსი): კოლინზის “შიმშილის თამაშები” და ლარსონის გოგონა დრაკონის ტატუთი, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია და ცეცხლს ეთამაშებოდა. 🙂 ჰოდა ვისაც ჯერაც არ წაგიკითხავთ, ან წაიკითხეთ და ყიდვა გინდოდათ, თქვენ იცით, სწორედ შესაფერი დროა.

ვინ აღარ იცის ერიკ-ემანუელ შმიტი, რომლის რვა წიგნი სწორედ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა:

  • ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
  • პილატეს სახარება
  • ულისე ბაღდადიდან
  • ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები
  • ნოეს შვილი
  • სუმოისტი, რომელიც ვერ სუქდებოდა
  • კონცერტი ანგელოზის ხსოვნას
  • ოდეტ ტულმონდი

ამ წიგნებიდან ზოგი ისედაც ისეთი იაფია, ჩათვალეთ ფასდაკლებით უფასოდ ჩაგივარდებათ ხელში. მე პირადად მომეწონა შმიტი, სულ ორი-სამის წაკითხვა მოვასწარი, მაგრამ გავბედავ და გირჩევთ სცადოთ წაკითხვა თუ ჯერაც არ იცნობთ ამ ავტორს.

აგრეთვე უკვე ყველასათვის ცნობილი ორჰან ფამუქი, გამომცემლობის ერთერთი ნიშაა, მისი ხუთი წიგნი (სხვადასხვა ფორმატში) დაბეჭდა:

  • შავი წიგნი
  • ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები
  • თოვლი
  • მე წითელი მქვია
  • მდუმარე სახლი

ამ ავტორის მოყვარულებს შეუძლიათ დრო იხელთონ და შეივსონ კოლექცია.

მე საიეშტადის “გროზნოს ანგელოზის” ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს და ვერაფერს გეტყვით. თუმცა ძალიან საინტერესო კი მგონია. სეიფედინის “პირველი ცოდვაც” ნამდვილად არ იქნება ურიგო, ხოლო ფონკინოსის “ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი” ზუსტად ვიცი რომ საინტერესო წიგნია. ძალიან, ძალიან მიყვარს გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლიც”, ასევე ამავე გამომცემლობის პროდუქტი და დიდი მადლობა მათ მისი გამოცემისათვის. გრასის “დედალი ვირთაგვაც” გვაჩუქეს ქართულ ენაზე, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ დიდხანს აღარ გადავდებ.

ამ გამომცემლობის წიგნებს ნამდვილად ვერ ამოვწურავ ერთ პოსტში და აქ გავჩერდები, თუმცა დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ ეწვიოს მათ საიტს, ყურადღებით გადაავლოს თვალი და აუცილებლად მიაკითხოს მათ სტენდს წიგნის ფესტივალზე. 🙂

 

დიოგენეს ბიბლიოთეკა

1340354488

დიოგენეს ბიბლიოთეკა კი ჰქვია გამომცემლობა ‘დიოგენეს’ კონკრეტულ სერიას, მაგრამ ვიფიქრე, რომ ამ სათაურის ქვეშ თუ მთელ მათ პროდუქციას ვიგულისხმებდი, არაფერი დაშავდებოდა. წიგნის ფესტივალისათვის მიძღვნილ პოსტებში პირველად სწორედ “დიოგენეს” შესახებ დავწერ, რადგან მათ მიერ გამოცემული წიგნებიდან ყველა თუ არა, უმრავლესობა ძალიან მომწონს.

 სტივენ კინგი.

შარშან ფესტივალზე სტივენ კინგის “მწვანე გზა” და “მიზერი” დაგვხვდა, წელს ამ ავტორის ხუთი წიგნით შეგვხვდებიან, უკვე ხსენებულთ დაემატა:

წელიწადის დრონი

უძილობა

ბნელი კოშკი

ადრე ამბობდნენ, ამ მიმართულებით სულ 6 წიგნია ჩაფიქრებულიო, მაგრამ ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს გამომცემლობა შემდგომში.

news_51531bbc79658

სერია ამერიკელები.

‘დიოგენემ’ ოცი წიგნის გამოცემა ჩაიფიქრა, რომლებიც მეოცე საუკუნის მეორე ნახევრიდან მოყოლებული დღემდე გამოიცა, თუ შეიძლება ასე ითქვას. დაგვპირდნენ, ვუდი ალენის “თანამდევ მოვლენებს” გამოვცემთ მალეო. შარშან ფესტივალზე მხოლოდ ორი წიგნი იყო ჯერ გამოსული, წელს უკვე შვიდი იქნება:

ამ წიგნებში შეგიძლიათ მეტად სასაცილო ენით დაწერილი ამბის ამორჩევაც, მეტად ჩახლართულ-დამაბნეველი მონოლოგისაც, ორი სხვადასხვა ნარკომანის თავბრუდამხვევი ცხოვრებისაც, ან თუ გინდათ ერთი დიასახლისის ამბავს წაიკითხავთ (და ამ წიგნს მე თავი და ბოლო ვერ გავუგე, იქნებ თქვენ გაუგოთ რამე, ლოტ 49-ის გამოცხადებას ვგულისხმობ). რაც შეეხება სოლ ბელოუსა და სილვია პლათს, ჩემთვისაც ახალია, არ წამიკითხავს. ვიმედოვნებ ფესტივალზე შევავსო ჩემი ამერიკელების სერია.

news_4fb9fe414701d

დიოგენეს ბიბლიოთეკა

ჩემს უსაყვარლეს სერიასაც მივადექით. შარშანდელი ფესტივალის მერე კიდევ ხუთი ახალი წიგნი დაემატა ამ სერიას და ახლა უკვე “გაოცებული სერიაა”. ❤  მაშინ ამ სერიის წიგნები 8 ლარი ღირდა, ვფიქრობ, წელსაც დაახლოებით ასეთივე ფასდაკლება იქნება, რაც ძალიან მიხარია. ❤

  1. სემუელ ბეკეტი – მოლოი
  2. რადიარდ კიპლინგი – კიმი
  3. ჯონ ბენვილი – ზღვა
  4. გ.კ. ჩესტერტონი – მოთხრობები მამა ბრაუნზე
  5. რომენ გარი – თეთრი ძაღლი
  6. ჯულიან ბარნსი – ფლობერის თუთიყუში
  7. პიტერ კერი – ძარცვა
  8. ჯონ ფაულზი – კოლექციონერი
  9. პოლ ოსტერი, ჯ.მ. კუტზეე – აქ და ახლა
  10. ჩაკ პალანიკი – მებრძოლთა კლუბი
  11. ედით უორტონი – უმანკოების ხანა
  12. უილიამ ფოლკნერი – დროშები მტვერში
  13. პ.გ. ვუდჰაუსი – დაიკიდე, ჯივზ!
  14. პოლ ოსტერი – მისნის ღამე
  15. ორჰან ფამუქი – სტამბოლი
  16. უმბერტო ეკო, კარდინალი მარტინი – რა სწამს მას, ვისაც არ სწამს
  17. ჯონ მაქსველ კუტზეე – სირცხვილი
  18. ჯეკ კერუაკი – გზაზე
  19. მილან კუნდერა – ყოფის აუტანელი სიმსუბუქე
  20. ჰენრი მილერი – კირჩხიბის ტროპიკი

ეს სერია აერთიანებს როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ ტექსტებსაც. აქ შეხვდებით დეტექტივებს, გულის წასვლამდე სასაცილო ამბებს, წიგნებს ზნეობის, მორალის შესახებ, კონკრეტული ქალაქის შესახებ, ნახავთ მიმოწერებს მეტად საინტერესო ადამიანთა შორის, წიგნებს ძალიან მოუსვენარი, სიახლისა თუ თავგადასავლების მოყვარული ადამიანების შესახებ…

diogene

ჰო და კიდევ, ამ სერიაში უმბერტო ეკოს “პრაღის სასაფლაოს” გამოცემასაც დაგვპირდნენ თავის დროზე. გარდა ამისა ამ ფესტივალზე ეს გამომცემლობა სიურპრიზსაც გვპირდება და რომ იცოდეთ როგორ მაინტერესებს რა (ან ვინ) იქნება ეს სიურპრიზი.

გარდა ამ სერიებისა, ჩემთვის საინტერესოა:

ვიანის “გულსაგლეჯი”;

ვუდჰაუსის “ეგრე გააგრძელე ჯივზ”  და “ვუსტერთა გვარის ღირსება”;

ფირზადის “შევეგუებით”;

გარის “ამას იქით თქვენი ბილეთი აღარ გამოდგება”;

ბარნსის “დასასრულის განცდა”;

ფამუქის “ახალი ცხოვრება”.

ახალი ნამდვილად არაა, მაგრამ მუზილის “უთვისებო კაციც” ‘დიოგენემ’ გამოსცა და ფესტივალზე ძალიან იაფია ხოლმე, ორივე წიგნს ერთის ფასად იყიდით. ასევე არაა ახალი, მაგრამ ძალიან მინდა ჟან ჟენეს “ნოტრ დამ დე ფლერის” წაკითხვა. კუნდერას ოთხი წიგნიც სწორედ ამ გამომცემლობამ გამოსცა და მე ერთიღა მინდა: ‘სალაღობო ტრფობანი’.

ძალიან მომეწონა ზაალ სამადაშვილის ‘ავტოპორტრეტები წგნების ფონზე’ და ისეთი იაფი ღირს, აუცილებლად შევიძენ. ასევე პენაკის ‘რომანივით საკითხავი’ აუცილებლად უნდა ვიყიდო და თქვენც გირჩევთ. ერთმა მეგობარმა მეზობელი ბლოგიდან თქვა, “ამ წიგნის წაკითხვამდე მასწავლებლებს დიპლომს არ უნდა აძლევდნენ და მშობლებს შვილს არ უნდა ატანდნენ სამშობიაროდან”-ო და ნამდვილად აგრეა.

შარშან სწორედ ფესტივალზე შევიძინე “ედრიან მოულის საიდუმლო დღიური” და დღემდე ჩემთვის ერთერთი უსაყვარლესი წიგნია. ასეთი საყვარელი და სასაცილო წიგნი ბევრი არ მეგულება. თუმცა მთარგმნელს ვეთანხმები და ეს საბავშვო წიგნი ნამდვილად ვერაა. მაშინ ვიყიდე უმბერტო ეკოს “ვარდის სახელი” და ეგ ის უიშვიათესი წიგნია, რომელმაც გარკვეულწილად ნამდვილად შეცვალა ჩემი ცხოვრება თუ არა, ინტერესები მაინც.

ჯერ არ ვიცი როგორ გასწვდება ჩემი ჯიბე, მაგრამ მიხაილ ენდეს “დაუსრულებელი ამბავი” რომ არ წავიღო სახლში, ნამდვილად რაღაც დამემართება! ძალიან მინდოდა ახალი “ვინი ფუუჰიც” და დაბადების დღეზე თუ არავინ მაჩუქა, დროებით ვერც მექნება. 🙂 რაკი საბავშვო წიგნებზე ჩამოვარდა სიტყვა, ლინდგრენის გარეშე ბავშვობა წარმოგიდგენიათ? მე ვერა. დიოგენემ მისი ხუთი წიგნი გამოსცა:

  • პეპი გრძელწინდა
  • სახურავის ბინადარი კარლსონი
  • ყაჩაღის ასული რონია
  • ჩვენც სალტკროკელები ვართ
  • ძმები ლომგულები

“გრძელფეხება მამილოს” უსაყვარლესი გამოცემაც მათია, ცნობისთვის. ვერა და ვერ ვიყიდე ეს წიგნი, ვნახოთ ახლა თუ მოვახერხებ.

ჰოდა, თქვენც ხომ ხედავთ, პირველად თუ ამ გამომცემლობას მივაკითხავ, დიდი ალბათობით სხვა აღარაფრისთვის ფული აღარ დამრჩება. მაგრამ რა გინდა რომ ქნა. 🙂