სიები

ბავშვობიდან მიყვარდა სიები. პრეინტერნეტულ პერიოდში ვწერდი to do სიებს, წასაკითხი წიგნების სიებს, იმ საკითხების სიებს, რომლებიც მაინტერესებდა და რომელთა შესწავლასაც ვაპირებდი ახლო მომავალში; ყველაზე ხშირად ალბათ გაკვეთილების ცხრილს ვწერდი – რა ვისწავლე, რა გამომრჩა, რა უნდა მესწავლა. პოსტინტერნეტულ პერიოდში კი წარმოუდგენელი რაოდენობის და რაგვარობის სიები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში.

როგორც ჩემი და ამბობს ხოლმე, სიებს იმიტომ ვწერ, რომ მერე აღარ მივყვე. რაც ასე ნამდვილად არაა. მიყვარს ორგანიზებულობა, ან მცდელობა მაინც – ვიყო ორგანიზებული. მომწონს როცა ზუსტად ვიცი რა უნდა გავაკეთო და როდისთვის. თუმცა ეს სია კი არა ორგანაიზერია, მე სიებზე ვაპირებდი წერას.

წასაკითხი წიგნების სია. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი სიაა ჩემს ცხოვრებაში. სამყაროსავით ძველი არ ვიცი და რაც თავი მახსოვს, ასეთი სია სულ მაქვს. მერე goodreads-ზე გადავედი, მაგრამ ამის პარალელურად არც ხელით წერა შემიწყვეტია. იმასაც ვიწერდი რა წავიკითხე და როდის. მაგრამ განსაკუთრებულ სიამოვნებას მაინც წაკითხული წიგნის გასწვრივ პლიუსის დასმა მანიჭებდა. ამ სიებს რაიმე შეჯიბრის სახე არასოდეს ჰქონია, ბევრის მოსწრება და “ყველა წიგნის” წაკითხვა ჩემი თვითმიზანი არაა. უბრალოდ მიყვარს როცა თავში ათასობით წიგნის დომხალის ნაცვლად ქრონოლოგიის, ჟანრების, პერიოდების და ეროვნების მიხედვით დალაგებული მოწესრიგებული სიები მაქვს.

ალბათ ამასთან კავშირშია ისიც, რომ ყოვლად აწეწილი ცხოვრებისა და სახლის მიუხედავად წიგნების თაროები, სამუშაო კუთხე და ჩემი კომპიუტერი ყოველთვის მანიაკალურად მოწესრიგებული და დალაგებულია.

Watchlist. როცა ტელევიზორზე ვიყავი დამოკიდებული, ფილმების სიის ქონა აზრადაც არ მომსვლია. დიდ სინეფილად არც ჩავითვლებოდი მაშინ. ჩემი პირველი ლეპტოპი მაშინ მქონდა, როცა ინტერნეტი ჯერ კიდევ არ იყო ამ ქალაქში. ამიტომ ე.წ. ფლეშკით მომქონდა სხვებისგან ფილმები და ისე ვუყურებდი. უკვე მიწევდა მომეფიქრებინა რა ფილმის გადმოწერა მეთხოვა მეგობრებისთვის და სიებიც გაჩნდა. სხვათა შორის მაშინ უფრო ადვილი იყო, როცა სულ ათი ფილმი გაქვს მყარ დისკზე, ასარჩევიც არაფერია. დღეს ფილმის ნახვას რომ დავაპირებ, შერჩევის პროცესი წინასწარ მეზარება, რადგან ფილმების სიას ხელით არ ვწერ, IMDB-ზე მაქვს watchlist, სადაც ამ წუთისთვის ზუსტად 8253 ფილმი მაქვს მონიშნული, რაც იგივეა უბრალოდ ინტერნეტში ეძებდე ფილმის, ყოველგვარი ფილტრის გარეშე. საბედნიეროდ საიტების უმრავლესობას აქვს ფუნქცია, სადაც შემიძლია მივუთითო რა ჟანრის, რომელი წლის, რა რეიტინგის, რომელი ქვეყნის და ა.შ. ფილმის ნახვა მინდა. სულაც გუგლი მეტყვის რომელი ფილმია მაგალითად ახალგაზრდა მათემატიკოსის შესახებ (კი, ხანდახან სწორედ ასე ვგუგლავ ფილმებს).

გრამატიკული სიები. სამი წელია უცხო ენებს ვსწავლობ, ვთარგმნი, ვარედაქტირებ… ამ დროისთვის ხუთი ენა კარგად ვიცი. სამზე ვლაპარაკობ კიდეც (ლათინური და ძველი ბერძნული უბრალოდ მკვდარი ენებია, რა ვქნა, თუმცა ლათინურად ლაპარაკს ასე თუ ისე ვახერხებ). კიდევ სამი ენისა რაღაც გამეგება, მაგალითად იტალიურის, რომლის სრულყოფილად სწავლაც 2017 წელს მაქვს დაგეგმილი.

გრამატიკული სიები ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამჟამად ყველაზე დიდი სია ძველი ბერძნულისთვის მაქვს, ფაქტობრივად მთელი სახელმძღვანელოა. მკვდარი ენა რთული სასწავლია, აქ ყველაფერი თუ არ იცი, არაფერი გამოვა. სია ფონეტიკით იწყება, მორფოლოგიაზე გადადის, ზმნით გრძელდება და სინტაქსით სრულდება. თუმცა ამ განყოფილებებს თავისი ქვეგანყოფილებები აქვთ, იმათ თავისი და ასე მაგალითად:

5.6.1.2. პირველი კლასის ზმნების უღლების თავისებურებანი. 

თუკი წიგნების ან ფილმების სია ვინმეს მეტიჩრობად მოეჩვენება გასაგებია, მაგრამ ჩემს გრამატიკულ სიებს კბილებით დავიცავ. მათ გარეშე მე ფიზიკურად არაფერი გამომივა.

თარგმანის სიები. ამჟამად ექვს სხვადასხვა ავტორს ვთარგმნი, რაც დამეთანხმებით, ცოტა არაა. აქედან სამს გამოსაცემად ვამზადებ, სამს უბრალოდ უნივერსიტეტი მოითხოვს. ყოველ დღე რომელიმე ავტორი მაქვს მოსამზადებელი და ლექტორისთვის წარსადგენი. ამიტომ ზუსტად უნდა ვიცოდე რომელი წიგნის რომელი თავის რომელი პარაგრაფი მაქვს უკვე თარგმნილი და რომელი სათარგმნი. რაც უნდა ზუსტად გავწერო დრო, განრიგი მაინც წამდაუწუმ ირევა, ასეთი სია კი მეხმარება იმის განსაზღვრაში, შემთხვევით გამოჩენილ თავისუფალ ორ საათში რომელ ავტორზე მუშაობა მირჩევნია.

Wishlist. ეს ჩემი იდეა არ ყოფილა, სახლში მოიფიქრეს. ადრე დეიდამ ჩამოწერა თავისთვის სია, რომელიც იწყებოდა მილიონი დოლარით, გრძელდებოდა ახალი სახლით და ჩაის ტილოებით. ამ სიაზე ყოველთვის გულით მეცინებოდა. პირველ ნაწილს გაგიმხელთ:

  1. მილიონი დოლარი
  2. ბინა
  3. ჩაის ტილოები
  4. ჭაღი მისაღები ოთახისთვის
  5. საჭმლის შესანახი კონტეინერები (ამას სპეციალური მასალაც ჰქონდა მითითებული)

ჩემი wishlist ჩემმა დამ დაწერა ჩემი კარნახით და დასრულების შემდეგ მეჩხუბა, არარეალური სია გაქვს, ამის შედგენას რა აზრი აქვსო. ალბათ იმიტომ რომ დრაკონით იწყებოდა. არადა ამ სიაში სავსებით რეალური სურვილებიც მოხვდა, მაგალითად ბოსხისა და დალის ნახატები, ველოსიპედი, სახლი პრაღაში. მე თუ მკითხავთ დრაკონშიც არაფერია ირეალური. ერთმა მეგობარმა შრი-ლანკადან ძალიან ლამაზი დრაკონი ჩამომიყვანა, რომელსაც გლაურუნგი დავარქვი. ესეც ახდენილი სურვილი.

სიტყვა ისედაც გამიგრძელდა, აღარ მოგიყვებით საყიდელი წიგნების სიების შესახებ; არც იმ ქვეყნების სიაზე, რომლებში წასვლასაც ვგეგმავ; არც იმ ენების სიაზე, რომელთა შესწავლასაც ვაპირებ… ჩემს ცხოვრებაში ახლა სიები გაცილებით მეტია ვიდრე ის ადამიანები, რომლებთან ურთიერთობასაც ვინარჩუნებ. პოსტიც ამიტომ დავწერე, ერთმა მითხრა, შენი სიები უფრო გიყვარს, ვიდრე მეგობრებიო. არაა ასე. უბრალოდ ჩემი სიები უფრო მჭირდება.

Advertisements

2 thoughts on “სიები

  1. ახლაღა დავფიქრდი, რომ რაც ჩემს ცხოვრებაში ინტერნეტი მოვიდა და თოვლის პაპა წავიდა, ხელნაწერი სიებიც გაქრა :))) დარჩა მარტო goodreads და Imbd, რომლებიც მეტიჩრობა კი არა, სერიოზული კომფორტია :)))

    Liked by 2 people

    • გმადლობ ნათია, არც მე ვთვლი თავს მეტიჩარად რა, უჰ 😀

      ხელით წერა კიდევ მიყვარს, თან უფრო მოსახერხებელია

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s