დრო

არ ველოდი, მაგრამ ეტყობა ჩემი გათხოვების დროც მოვიდა. უკვე 22 წლის ხარ? მერე? ბავშვი არ გინდა? რაც უფრო მოგემატება ასაკი, მით უფრო ძნელი იქნება, ახლავე უნდა იფიქრო, ხომ იცი.

არ ვიცი. კი, 22 წლის ვარ. არა, ბავშვი არ მინდა. არა ასაკის ბრალი არ არის, არ გადავიფიქრებ. არა, ამას ბუნებრივ მოთხოვნილებად ვერ აღვიქვამ. აუცილებელი არ არის ყველა ქალი დედა იყოს.

რაზე აღარ მიოცნებია და რა აღარ დამიგეგმავს, ოჯახზე არასდროს მიფიქრია. შვილზე მით უმეტეს.

ახლა ერთ სერიალს ვთარგმნი, სადაც ხშირად იმეორებენ ერთ ჩინურ წყევლას, may you live in interesting times-ო. კარგი წყევლაა. დაე. თუმცა მეორე პერსონაჟი გაეპასუხება, მაგ წყევლის მეორე ნაწილი თუ იციო. “გეპოვოს რასაც ეძებ”. ეს მართლა წყევლაა. ახდენილი ოცნებები დიდი ვერაფერი ხვითოა. მთავარი მართლა ოცნების ქონაა.

მე ბედნიერი ვიყავი, როცა ვოცნებობდი, რომ თუ გავიზრდებოდი მსოფლიოში საუკეთესო დამნაშავე ვიქნებოდი. ისეთი, შერლოკ ჰოლმსიც რომ ვერ დაიჭერდა. შერლოკ ჰოლმსობაზე არ მიოცნებია. მორიარტობა ვარჩიე.

არქიტექტორობაზეც დიდხანს ვოცნებობდი. ამაზე ჩემ გარშემო ყველამ იცოდა და სანამ პატარა ვიყავი მხარსაც მიჭერდნენ. რომ გავიზარდე აღმოჩნდა, რომ “ამას ვერ შევძლებდი”. სათანადოდ ვერ ვხატავდი თურმე. თურმე რა, ხატვა ჩემი ნიშა ნამდვილად ვერ არის. მაგრამ წინა სემესტრში ფინალურ გამოცდაზე დახატული პერსპექტივის გამო ლექტორმა მითხრა – უნდა ხატოო. მეც უცებ დავბრუნდი ბავშვობის წლებში და ისევ არქიტექტორობა მომინდა. არავინ მითხრას გვიანიაო. მე მინდა “რომ გავიზრდები” არქიტექტორი გამოვიდე და იმაზე უფრო უცნაური შენობები ავაგო, ვიდრე აინ რენდის გმირი აშენებდა “პირველწყაროში”. თუმცა ეს წიგნი არ მიყვარს. ძალიან მატკინა აუხდენელი ოცნებები.

როცა გადავწყვიტე რომ მეცნიერი უნდა “გამოვსულიყავი”, მართლა პატარა ვიყავი. მეორე კლასში ვიყავი და ძველი საბჭოთა ენციკლოპედიების კითხვა მიყვარდა. დედამ რომ მითხრა მეცნიერი ვერ გამოხვალო, ახსნაც მოაყოლა რას გულისხმობდა, მაგრამ მაშინ ჩავთვალე რომ მას არაფერი ესმოდა. ეს ოცნება დღესაც მომწონს. იმდენ რამეს გულისხმობდა ჩემთვის მეცნიერობა, ბოტანიკოსობიდან დაწყებული კოსმოსური ხომალდების ინჟინერიით დამთავრებული, სრულიად თვითკმარი იყო, სანამ მათემატიკა გართულდებოდა სკოლაში.

მათემატიკა არასდროს გამჭირვებია. არ მიყვარდა, მაგრამ კარგი გამოწვევა იყო. ახლა მიყვარს მათემატიკა. უდავოდ ზუსტი მეცნიერებაა. როცა ცხოვრება ძალიან ირევა, უპასუხო კითხვებს მაჩეჩებს და უცნაურ მეტაფიზიკურ მსჯელობას მაიძულებს, მათემატიკა კარგი თერაპიაა. სხვებსაც  ვასწავლი მათემატიკას. არის რაღაც დამამშვიდებელი, ქედმაღლური და ჩემი ეგოსთვის დამაკმაყოფილებელი იმაში, რომ ყველა ამოცანის ამოხსნა შემიძლია. იმის გახსენებაც შემიძლია, რაც თითქმის არ მისწავლია თავის დროზე უნივერსიტეტში. როცა მართლა ძალიან ცუდად ვარ, იმ მარტივ გზას მივმართავ, ჯერ კიდევ პირველ კლასში რომ გამოვიგონე, ზეპირად ვამრავლებ დიდ რიცხვებს. მილიონებზე შორს წასვლა არასდროს დამჭირვებია, მანამდე ვმშვიდდები ხოლმე.

თერაპიაზე ვლაპარაკობდი და ბოლო ახირებაც ძალიან მომწონს. მივდივარ თბილისში, ვჯდები პირველივე ავტობუსში ან მარშრუტკაში და მივყვები. ჩამოვდივარ ნებისმიერ ადგილას და იქიდან სხვას მივყვები. ზოგჯერ ფეხით დავდივარ. ბოლო ვაჟა-ფშაველადან წერეთელზე ფეხით რომ გავედი მგონი ის იყო. ამ დროს თუ მოვახერხე და თბილისი პრაღად ან ათენად ვაქციე, მართლა კარგად ვარ ხოლმე.

ერთი პერიოდი ტელეფონში sky map მქონდა გადმოწერილი და როცა მახსენდებოდა იქ ვიჭყიტებოდი ხოლმე. უბრალოდ მერე აღმოჩნდა რომ ცოტა უხერხულია ტელეფონს უსაბუთო გიჟივით ყველა მიმართულებით რომ ატრიალებ კისრის მოღრეცვამდე.

ახლა თმის შეღებვა მინდა. მოფიქრებული მაქვს როგორი თავიც მექნება – ნამდვილი ხელოვნების ნიმუში. თმის ძირებიდან ნახევარი თმა მოთეთრო, მორძისფრო, მოვარდისფრო, მონაცრისფრო, მოცისფრო, პლატინისფერი უნდა იყოს და ლამაზად გადავიდეს მოცისფრო, მოლურჯო, მოთეთრო, მონაცრისფრო, მოთაგვისფრო ფერფლისფერში. ბაცი, ნაზი ფერები იქნება, ოდნავ დატალღული თმით.

ღმერთო ჩემო, მართლა ხელოვნების შედევრი ვიქნები.

 

Advertisements

2 thoughts on “დრო

  1. არასოდეს არაფერი გვიან არ არის და არ არსებობს სტანდარტები. ყველაფერი ჩვენი მოგონილია ^^ ასე, რომ ყველაფერი ისე იქნება როგორც მოგვინდება, ხელოვნების შედევრო ^^

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s