ქალაქი წყალზე

“წყალმა ვერ წაიღო ჩემი სიზმარი – ისეთი მძიმე იყო, ფსკერისკენ დაეშვა და იქ ჩაიმარხა. მდინარემ ამომხედა და იტირა, იტირა, რადგან ვერ მიხვდა, როგორ მოვათრიე სიზმარი აქამდე, ან თვითონ როგორ უნდა ეცხოვრა ჩემი ტკივილით.”

2f661dd849d343008441a3eb570b0a65 “ქალაქი წყალზე”, სალომე ბენიძის დებიუტი პროზაში, ძალიან ლამაზი ილუსტრაციებით გაფორმებული წიგნია; იმდენად ლამაზით, რომ შეიძლება ზოგჯერ მოთხრობები ჩათვალო ილუსტრაციებად და ნახატები ამბად. პირველივე ნახატის მერე სწავლობ, რომ ეს შავ-თეთრი, წყალივით უფერული, გამჭვირვალე ნახატებიც ამბებს ჰყვებიან, იმ ამბებს, იქვე გვერდით სიტყვებად რომ ქცეულა.

ამბები კი გოგოებზეა. იმ გოგოებზე, რომლებიც უყვართ, რომლებსაც უყვართ, რომლებიც მიატოვეს, რომლებმაც ვერ შეძლეს ნახევარი კაცი სხვისთვის ეწილადებინათ.

გოგოებზე, რომელთა მომზადებულ ყავასაც ბედნიერებისა და სიხარულის გემო აქვს; გოგოებზე, რომლებსაც ნასრესი ფორთოხლის, კოწახურის ყვავილების ან იის სუნი აქვთ, მოტკბოც და მომლაშოც; გოგოებზე, რომლებიც ფიქრობენ, რომ თუ ერთხელ მაინც გყვარებია, მზის სუნს აუცილებლად იგრძნობ; გოგოებზე, რომლებიც ძალას წყლისგან იღებენ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ მისი ეშინიათ.

გოგოებზე, რომელთა “კოცნაც უფრო მწარეა, ვიდრე მოყინული კიდურების ტკივილი და უფრო ხანგრძლივი, ვიდრე დეკემბრის ყველა ღამე ერთად”. გოგოებზე, რომლებიც სიყვარულს ეძებენ და ამის გამო ისჯებიან.

გოგოებზე, რომლებსაც ეშინიათ, მაგრამ იციან, რომ ცხოვრება შიშების დაძლევაა და მეტი არაფერი.

ეს ამბები კაცებზეცაა. გაორებულ, მოღალატე და ძალიან კეთილ კაცებზე. იმ კაცებზეც, რომლებიც არ აღმოჩნდნენ სიყვარულის ღირსები და იმათზეც, რომლებსაც ძალიან უყვარდათ. რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი მაშინ კვდება, როცა სიხარული ტოვებს.

პოეტური სტილის ეს მოთხრობები მისტიკაცაა და რეალობაც. ემოციები, გრძნობები, ვნებები, სურვილები – მთელი ეს ძიება – სიურეალისტურად გამოიყურება, მაგრამ მათში სიყალბის ნატამალიც არ არის. მეტიც, მთელი ამ პოეტური საბურველის მიღმა რეალური პრობლემები იკვეთება, რომლებიც ავტორმა ძალიან სწორად, გააზრებულად განალაგა მოთხრობებში. ეს პრობლემები ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილია, ჩვენი, ყველას, პრობლემებია და ჩვენც ვებრძვით ან ვეგუებით მათ, ვიმარჯვებთ ან ვმარცხდებით და ეს წიგნიც სწორედ ამაზეა. ლამაზ, ჭკვიან, ძლიერ გოგოებზე, რომლებიც არ არიან სრულყოფილები და რომლებსაც ეს არც სჭირდებათ. ისინი ცდილობენ საკუთარი თავი ისეთებად შეიყვარონ, როგორებიც არიან.

ამ წიგნშიც და მის გარეთაც ყველა ქალი თავისებურად ჯადოქარია, ყოველი მათგანი დიდი დედაა, უძველესი მითოლოგიური სახე, მრავალსახოვანი, ყოვლის მშობელი და ხანდახან ძალიან სასტიკიც. დიდი დედა – ზოგჯერ სულაც უნაყოფო, ზოგჯერ კი ის ერთადერთი, ვისაც თავის გაწირვა და ყველაფრის გაცემა შეუძლია.

ამ წყალზე გაშენებულ ქალაქშიც იყო ქალღმერთი, რომელსაც მოკვდავი შეუყვარდა, ქარვის ყურეში დასახლდა, მერე კი ძმები განურისხდნენ, რადგან “მაშინაც კი, როცა ის ქალღმერთია, ქალის დამოუკიდებლობას კაცები ჭკუიდან გადაჰყავს”. მაგრამ საქმეც ისაა, რომ ქალები გაცილებით ძლიერები არიან, ვიდრე თუნდაც თავად წარმოუდგენიათ და ეგებ ეს წიგნი სტიმულიც გახდეს ვინმესთვის, რადგან “ყველა გოგოს შეუძლია იყოს ქალღმერთი, თუ მოინდომებს”.

12717248_10153294326655951_5609924230685380613_n

Advertisements

3 thoughts on “ქალაქი წყალზე

    • ამ წიგნში ყველაზე მეტად ის მომწონს რომ პერსონაჟები სრულყოფილები არ არიან 🙂

      Liked by 2 people

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s