“მე ვარ უბიკი”

12698259_520427374804575_1184632350265834933_o

ფილიპ დიკი, “უბიკი”, გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2016 წელი

ფილიპ კ. დიკი, “უბიკი”
მთარგმნელი: ირაკლი სულაძე
რედაქტორი: სოფი ჩერქეზიშვილი
ყდის დიზაინერი: ნატალია ავალიანი
გამომცემლობა “წიგნები ბათუმში”, 2016 წელი.

 

ფილიპ დიკის (1928-1982 წ.წ.) sci-fi რომანი „უბიკი“ პირველად 1969 წელს გამოქვეყნდა.

მისი ბევრი სხვა ნაწარმოების მსგავსად, „უბიკი“ დაფუძნებულია ე.წ. „რეალობის პრობლემაზე“ – ადამიანების ძალისხმევაზე, როგორმე ხელი ჩაავლონ მოუხელთებელ, ცვალებად, ზოგჯერ ჰალუცინაციურ და ხშირად სულაც მტრულ რეალობას.

ნაწარმოები აშკარად ორ ნაწილად იყოფა: მოვლენები, რომლებიც წინ უძღვის მთვარეზე მომხდარ აფეთქებას, სხვა რეალობაა და მოიცავს ჰოლისის განსაკუთრებული უნარების მქონე აგენტებსა და „რანსიტერ ესოშიეითის“ ინერციალებს (ანტი–უნარების მქონე ადამიანები) შორის არსებულ დაპირისპირებას. აფეთქების შემდეგ კი რეალობა კარგავს თავის თანმიმდევრულობას, მუდმივობასა თუ ერთიანობას.

ჯო ჩიპი (ნაწარმოების პროტაგონისტი) და სხვა ინერციალები აფეთქების შედეგად დაკარგულ თანამშრომელს „საყვარელ ძმათა მორატორიუმამდე“ მიიყვანენ, რათა ნახევრად–ცოცხალ მდგომარეობაში „გამოაღვიძონ“. ეს ამ წიგნის ერთ-ერთი თავისებურებაა, რომელსაც დიკი შესავალშივე გვაცნობს, ნახევარ-სიცოცხლე გარდამავალი ეტაპია სიცოცხლიდან საფლავამდე. გარდაცვალების შემდგომ, მაცივარ–სარკოფაგში დროულად მოთავსების შემთხვევაში, ადამიანები ახერხებენ კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში შეინარჩუნონ კონტაქტი ცოცხლებთან. როგორც ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ეს ფენომენი ყველა მათგანს თეოლოგად აქცევს. ნახევარ–სიცოცხლე არ არის წარმოდგენილი როგორც სამომავლო შესაძლებლობა, რომანი საერთოდ არ ხსნის რანაირად არის შესაძლებელი ნახევარ–სიცოცხლე, არც მის შესაძლო მორალს, ეთიკურ ან მეცნიერულ პრობლემას უღრმავდება. თავიდან მკითხველმა შეიძლება ნახევარ–სიცოცხლე მოჩვენებების ან სულების სამყაროში ფიქციურ გადაადგილებადაც აღიქვას, მერე კი ტექსტის კონტექსტის მნიშვნელობის ძიებაც და დაუსრულებელი ბრძოლაც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ტრადიციულ მეტაფიზიკურ სახეს იძენს.

ცოცხლად გადარჩენილი ინერციალები ცდილობენ დაადგინონ რა მოხდა, ან რა ხდება და ეს ვარაუდები მთელს რომანს მოიცავს: ისინი ფიქრობენ, რომ მათმა გარდაცვლილმა თანამშრომელმა წინასწარ დაგეგმა და ჩაწერა ის მესიჯები, რომლებსაც ახლა ყოველ ფეხის ნაბიჯზე აწყდებიან; ფიქრობენ, რომ ის სულაც არ მომკვდარა და თავად არიან ნახევრად–ცოცხლები; ფიქრობენ, რომ ერთ-ერთი მათგანი, პატ კონლი, ჰოლისის აგენტია და მან შეიტყუა ამ გონებრივი ილუზიის მახეში. არამდგრად, სახიფათო რეალობასთან მარტო დარჩენილები ხვდებიან, რომ საქმეში ორი ურთიერთდაპირისპირებული ძალაა ჩართული: ერთი მათ რეალობას „უკან ექაჩება“, რეგრესის, დაბერებისა და ხრწნისკენაა მიმართული, ხოლო მეორე ამ პირველის გაუვნებელყოფას ცდილობს და თან, ფრიად უცნაური, გაუგებარი ხერხებით.

პირველი ძალა თითქოს ეშმაკის ალეგორიაა, მაშინ როცა მეორე ძალა უბიკის აგენტის როლში გვევლინება, ხოლო უბიკი თავისი მნიშვნელობით (ლათინური Ubique-დან) ქრისტიანული ღმერთის ერთ-ერთი განსაზღვრებაა. უკანასკნელი თავის ეპიგრაფი კი იოანეს სახარებას ეხმიანება, „პირველად იყო სიტყვა და…“:

„მე ვარ უბიკი. მე ვარსებობდი მანამ, სანამ შეიქმნებოდა სამყარო. მე შევქმენი მზეები. მე შევქმენი პლანეტები. მე შევქმენი ცოცხალი არსებები და ის ადგილები, სადაც ისინი სახლობენ; მე გავანაწილე ისინი. ისინი მიდიან იქ, სადაც მე ვეტყვი და აკეთებენ იმას, რასაც მე ვეტყვი. მე ვარ სიტყვა და ჩემი სახელი, არასდროს თქმულა, სახელი, რომელიც არავინ იცის. მე მეძახიან უბიკს, მაგრამ ეს არ არის ჩემი სახელი. მე ვარსებობ. მე მუდამ ვიარსებებ.“

საბოლოოდ, ჯო ჩიპი პირისპირ შეხვდება ამ ორივე ძალას და ისიც და მკითხველიც ყველაფრის Ubik(1stEd)ახსნას პოულობენ. წიგნი რომ აქ მთავრდებოდეს, ალბათ სალაპარაკოც არაფერი იქნებოდა, მაგრამ ეს უკანასკნელი თავი ყველაფერს თავდაყირა აყენებს; წყალში ყრის ყოველგვარ მოსაზრებას, არგუმენტს, საერთოდ ყველაფერს და მთელ სიუჟეტს ღიად ტოვებს. თუმცა, ვინც დიკის შემოქმედებას ცოტათი მაინც იცნობს, ეს დიდად არ გაუკვირდება. ამ მწერალს მხოლოდ უპასუხო კითხვები აინტერესებს და მგონი ყოველთვის გაურკვევლობაში ტოვებს მკითხველს.

რაც შეეხება დანარჩენი თავების ეპიგრაფებს. მათ არაფერი, ან თითქმის არაფერი აქვთ საერთო მოთხრობილთან და „უბრალოდ“ ცდილობენ მოგყიდოთ უბიკი, როგორც საუკეთესო ლუდი, საუკეთესო ხსნადი ყავა, საუკეთესო შამპუნი…

მეგობრებო, წარმოუდგენლად დაბალ ფასად გთავაზობთ ჩვენს ჩუმ, ელექტრულ უბიკებს. მაგრამ გახსოვდეთ: თითოეული უბიკის გამოყენება დაშვებულია მხოლოდ მკაცრად განსაზღვრული ინსტრუქციის მიხედვით.“

„გნებავთ უგემრიელესი ლუდი? მიირთვით უბიკი. დამზადებულია ნარჩევი სვიისა და წყლისგან, ხასიათდება განსაკუთრებული არომატით. უბიკი ხალხის რჩეული ლუდია, რომელიც მხოლოდ კლივლენდში მზადდება.“

„თუ ფინანსური პრობლემები გაწუხებთ, ესტუმრეთ უბიკის“ დაგროვებით-შემნახველ ბანკს. ის დაგეხმარებათ ვალებისგან განთავისუფლებაში. დავუშვათ, თქვენ აიღეთ ორმოცდაცხრამეტი პოსკრედის ოდენობის უპროცენტო სესხი. ვნახავთ,რომ ამ შემთხვევაში...“

ეს „კომერციული მესიჯები“, რომლებიც მარქსის ღირებულების თეორიას ეხმიანება, უბიკის უნივერსალური ეკვივალენტია (ღირებულებათა გაცვლის განხორციელებაა); უბიკს შეუძლია წარმოადგინოს, ან სულაც ჩაანაცვლოს, ნებისმიერი პროდუქტი, კაპიტალიზმში ხომ ყველაფერს თავისი ფასი აქვს. უბიკის წარდგენა ამ განცხადებების მეშვეობით ხაზს უსვამს კაპიტალიზმის ვალდებულებას, დააკმაყოფილოს მომხმარებლის საჭიროებანი.

გარდა ამისა, ეპიგრაფები, რომლებიც როგორც აღვნიშნე, ნარატივში არავითარ როლს არ ასრულებენ (რადგანაც უბიკი „რეალური დახმარებაა“ სპრეის სახით და მეათე თავამდე ამგვარად ნახსენებიც არაა), შეიძლება განვიხილოთ როგორც ტექსტის ძირითადი მეტაფიზიკური კონცეფციის მიჩქმალვა, რადგან ეპიგრაფი, ისევე როგორც სათაური, ტექსტისთვის კომენტარის როლს უნდა ასრულებდეს, მიგვანიშნებდეს რა დაგვხვდება, ისევე, როგორც ეტიკეტი გვეუბნება რა არის ქილაში. უადგილო ან სახუმარო ეპიგრაფები წინასწარგანზრახულად გვაყენებს არასწორ გზაზე, რაც ტრადიციული რომანის პრინციპებს რამდენადმე არღვევს.

1490_133551139633 ზემოთ ვახსენე, დიკს უპასუხო კითხვები იტაცებს მეთქი. ალბათ უფრო სწორი იქნებოდა მეთქვა, დიკი იმას წერს, რაც თავში აქვს, რაც მის ცხოვრებაში ხდება მეთქი და „უბიკის“ შემთხვევაში ეს განსაკუთრებით დამაჯერებლად გაიჟღერებდა, რადგან როგორც თავად მწერალი ამბობს, „უბიკი“ მისი ცხოვრების შესახებაა, მისი ცხოვრება კი ამ რომანზეა დაფუძნებული; ეს ამბავი კი არ გამოიგონა, არამედ მომხდარს თვალს ადევნებდა და ფურცლებზე გადაჰქონდა, დაწერის შემდეგ კი უბრალოდ დაავიწყდა იქამდე, სანამ ეს ყველაფერი უკან არ დაუბრუნდა. ფილიპ დიკი ამას 1974 წელს წერდა, როცა მის ცხოვრებაში მართლაც ყველაფერი თავდაყირა დადგა, ეჩვენებოდა, რომ მთელი მისი სამყარო ილუზიაა, ნამდვილი არაა და ასე გაგრძელდა კიდეც ბოლომდე. თავის დღიურში ამ მოვლენას „2-3-74“–ად წერს და გულისხმობს 1974 წლის თებერვალ-მარტს, როცა მისი გონების გაუგებარი ტრანსმუტაცია მოხდა. ამ მოვლენას თავად აღწერს როგორც გონთან კონტაქტის პირველ გამოცდილებას და სხვადასხვა სახელს არქმევს, იქნება ეს VALIS (მისი კიდევ ერთი რომანის სათაური, რომელიც გულისხმობს დიკის მიერ შეცნობილი ღმერთის ერთ-ერთ სახეს), YHWH (ებრაული ღმერთის ტეტრაგრამატონი), კოსმოსური ქრისტე, ლოგოსი და ა.შ. დიკს სჯეროდა, რომ დედამიწაზე ჩვ.წ. პირველი საუკუნე იდგა და თავად იმპერიასთან მებრძოლი იდუმალი ქრისტიანი იყო.

„უბიკი“ კი ამ ყველაფრამდე გაცილებით ადრე, 1968 წელს დაიწერა. რომანის ტექსტი რომ ძალიან philip-k-dick1რთულია, ვფიქრობ უკვე საკმაოდ გამოჩნდებოდა ყოველივე ზემოთქმულიდან. თუ წარმოვიდგენთ, რომ დრო ერთგვარი ენერგიაა, მაგნიტური ველი, მაშინ შეიძლება ითქვას, აქ აღწერილია დროის რღვევა, ფორმების შლა პირველყოფილ სახემდე (ერთ მომენტში პლატონის იდეებსაც უფიქრდება ჯო ჩიპი), ენტროპია ყოველ საგანში აღწევს და ანგრევს მათ, რითაც ჩვენი სამყაროს ნამდვილს არსს ააშკარავებს, და ამ დროს ვხედავთ როგორ მოდის საშველად ლოგოსი, უბიკის სახით.

დასასრულ, მინდა აღვნიშნო, რომ იყო თუ არა დიკი გიჟი, ამ სიტყვის ფართო გაგებით, რთული სათქმელია, რადგან იგი სიცოცხლის ბოლომდე გააზრებულად ებრძოდა 2-3-74-ს, მიუხედავად იმისა, თუ რა მოხდა ამ პერიოდში.

Advertisements

5 thoughts on ““მე ვარ უბიკი”

  1. იმდენჯერ გადავდე ამ წიგნის წაკითხვა, რომ მგონი “ფანტასტიკურ ბიბლიოთეკას” ველოდი 😀

    Like

  2. ამ წიგნით დაწყება არ ღირს 🙂 უფრო “მარტივი” წიგნებით ჯობს შესვლა დიქის სამყაროში. იმჰო.

    ჩემი საყვარელი ფანტასტი ბრედბერისთან ერთად, რასაკვირველია.

    ისე, თქვენ, (ბათუმელწიგნებს) ისეთი კარგი გემოვნება გაქვთ და ტემპი, რომ იმედია ვინჯსაც თარგმნით.

    Like

    • გეთანხმები, ამით დაწყება ნამდვილად არ ღირს ) რაც შეეხება გემოვნებას, ძალიან კარგი რაღაცები ითარგმნება, ფრენკ ჰერბერტიო, როტფუსიო, ლე გუინიო.. ვნახოთ 🙂

      Like

      • ჰო დიუნაც.

        ვინჯი ასეთი კლასიკა არაა. რაც ელექტროცხვრები ან დიუნა. მაგრამ ერთი ყველაზე მაგარი ფანტასტიკაა, რაც არსებობს 🙂 ბზვ ვისაც უყვარს ჟანრი – A Fire Upon The Deep. არის ინტერნეტ-ბიბლიოთეკებში და ყველას გირჩევთ.

        Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s