Meloman

ჯადოსნური მთა

ავტორის შესახებ

mann_thomasთომას მანი, გერმანელი მწერალი, ესეისტი, ჰაინრიხ მანის უმცროსი ძმა, ნობელის პრემიის ლაურეატი, 1875 წელს ლიუბეკში დაიბადა. მისი მამა, მდიდარი მოვაჭრე და ქალაქის საბჭოს სენატორი, თომას იოჰან ჰაინრიხ მანი, დედა კი ბრაზილიელი იულია მანი (ქალიშვილობაში და სილვა ბრუნსი) იყვნენ. მისი ერთი ძმა უკვე ვახსენე, მეორე ძმა მასზე უმცროსი ვიქტორი გახლდათ; მწერალს აგრეთვე ორი და ჰყავდა, იულია და კარლა, სიცოცხლე ორივემ თვითმკვლელობით დაასრულა. საერთოდ კი, ბავშვობა ბედნიერი და უზრუნველი უნდა ჰქონოდა. მანი როგორც ჩანს ბევრს მოგზაურობდა, გერმანიაშიც და მის გარეთაც, ამერიკა, იტალია, შვეიცარია (სადაც გარდაიცვალა კიდეც). 1901 წელს გამოვიდა მისი პირველი რომანი „ბუდენბროკები“, რისთვისაც 1929 წელს ნობელის პრემია დაიმსახურა. მისი შემოქმედების უმეტესი ნაწილი ქართულად თარგმნილი გახლავთ და ჩვენი მკითხველი ალბათ კარგად იცნობს მის ზემოთხსენებულ რომანსაც და დანარჩენსაც, იქნება ეს „ჯადოსნური მთა“, „დოქტორი ფაუსტუსი“, „სიკვდილი ვენეციაში“, „ლოტე ვაიმარში“, „ტონიო კრიოგერი“, „ავანტიურისტ ფელიქს კრულის აღსარებანი“ თუ „იოსები და მისი ძმები“. მე კი მხოლოდ ახლახანს გავეცანი ამ მწერალს, როგორც სათაურითაც შეიტყობდით „ჯადოსნური მთით“.

წიგნი
ნაწარმოებზე მუშაობა თომას მანმა 1912 წელს დაიწყო, თუმცაღა პირველმა მსოფლიო ომმა მას აიძულა შეეწყვიტა წერა. წიგნს იგი მხოლოდ 1920 წელს მიუბრუნდა, ჩაფიქრებული მოთხრობის ნაცვლად ორტომიანი რომანი (თუმცაღა ქართულად ერთ უზარმაზარ ფოლიანტად გამოსცა სულაკაურმა და უნდა ითქვას ფრიად მოუხერხებელი საკითხავი გახლდათ) გამოუვიდა და 1924 წელს გამოსცა კიდეც.

tumblr_mp9d960TV21qd9a66o1_400 მე
სენსეის ორად ორ ადამიანს ვუწოდებ, ჩემს იაპონურის ლექტორს, რაც ალბათ ბუნებრივიცაა და ერთ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ლექტორი ჯერ არაა, თუმცაღა დოქტორანტია და სემინარებს ატარებს. მასთან აკადემიური წერა და კომპარატივისტიკა გავიარე და ასე თუ ისე ვიცნობ. სწორედ მან თარგმნა „მხევლის წიგნი“ და „უმანკოების ხანა“. ძალიან, ძალიან მიყვარს ეს გოგო და უზომოდ დიდ პატივს ვცემ. მომენატრება სემინარზე ჩურჩულით გარჩეული წიგნები. “ჯადოსნური მთა” სწორედ მისი გავლენით ავიღე ხელში. ერთი–ორი დღე ტაატით მივიწევდი წინ, თითოეულ გვერდს ვაგემოვნებდი და იმდენად დაფანტული ვიყავი, ზოგ მონაკვეთს ორ-სამჯერაც ვკითხულობდი. მალევე მოვიკრიბე ყურადღება და სულმოუთქმელად ჩავამთავრე ასეულობით გვერდი.

ბიძაშვილები, სტუმარი და რეჟიმი
ახალგაზრდა ჰანს კასტორპმა ცოტა ფერი რომ დაკარგა, ექიმმა ურჩია სუფთა ჰაერზე დაისვენეო. მანაც გადაიარა მთელი გერმანია, ერთი ტბა, კიდევ იარა ორთქმავლით და მაღალმთიან დავოსში, ბიძაშვილ იოახიმს მიაკითხა სანატორიუმში.

Davos-007იოახიმი ჰანსივით ახალგაზრდაა და ერთი სული აქვს გამონაჯნმრთელდეს, რათა ბარში დაბრუნდეს და სამხედრო სამსახურს შეუდგეს. იგი მართლაც რომ სამხედრო ყაიდის კაცია, განსხვავებით ჰანსისგან, რომელიც სავსებით სამოქალაქო ტიპს განეკუთვნება.

თხრობა მესამე პირშია, თუმცა ავტორი არსად იკარგება. იგი ხშირად „ერთვება საუბარში“ და სავსებით „sine pecunia“ გვიხსნის რაღაც–რაღაცებს; ზოგ რამეს კი სულაც თავს არიდებს და მკითხველმა გადაწყვიტოსო, ამბობს. განსაკუთრებით, როცა ჰანსის ასე ვთქვათ, სულიერ აღწერილობას შეუდგება ხოლმე. მაგრამ გული არ მომითმენს აქვე არ ვახსენო მწერლის ირონია, რომელიც ერთდროულად კვაზი-მიამიტური, დიდაქტიკური და პაროდიულია.

სანატორიუმში თავისი წესები აქვთ, თავისი რეჟიმი, გარკვეული თუ გაურკვეველი სიმტკიცე და შეუვალობა, ზოგჯერ ისეთივე სასტიკი, როგორიც მისი გარემოა, თოვლიანი, უიმედო თუ უცვლელი. უცვლელიო, რომ ვამბობ, მართლა უცვლელს ვგულისხმობ. ამ უზარმაზარ წიგნში არანაკლებ უზარმაზარი ადგილი ეთმობა დროის, მარადისობის, სივრცის პრობლემებს, რომლებზე ფიქრსაც თანდათან დაიწყებს ჰანსი, როცა სანატორიუმში ცხოვრებას არა როგორც სამი კვირით ამოსული სტუმარი, არამედ სრულუფლებიანი ავადმყოფის როლში განაგრძობს.

ეს დაწესებულება თავისი რეჟიმითა და გარემოთი რომ მეტისმეტად იმორჩილებს თავის მცხოვრებთ, მალე შეიტყობთ. თუმცა რაკი მთელი წიგნი პერსონაჟების თვალსაზრისით, მაინც ჰანსს უტრიალებს, აქცენტიც მის გავლენებზე, მასში მიმდინარე ცვლილებებსა და გარდატეხაზე, მის აკლიმატიზაციაზეა გადატანილი. სანატორიუმს შეეგუება იგი, თუ იმას, რომ ვერასოდეს შეეგუება ამ სამკურნალო სახლს, ამასაც შეიტყობთ. თანაც მანი არაერთ პერსონაჟს იყენებს ჰანსის თვისებებსა თუ მასში მომხდარ ცვლილებებზე ხაზგასასმელად. იოახიმი ერთერთი მათგანია.

სიყვარული და მასწავლებლები
ჰანსი საშუალო კაცია თუ არა, თავის თავს დიდ მოთხოვნებს კი უყენებდა. ამას მალე იქნებ ვერც მიხვდეთ, თუმცა საერთოდ ამ წიგნის მერე ძნელია „მალე“, „ახლა“, „მაშინ“, „იქ“, „აქ“ სიტყვები თავისუფლად იხმარო. მან როგორღაც გამაღიზიანებელი ახალგაზრდა ქალიდან საყვარელი არსება წარმოქმნა, მისთვის სიტყვის უთქმელად. მზერა, მანერები, ქცევები, რეჟიმის ტყვეობაში მოქცეული დროის თითქოსდა უსასრულო და უცვლელი განმეორებადობა, კანი, მკლავები, რა ვიცი, ათასი რამ შეიყვარა ამ ადამიანმა.

ამის პარალელურად კი ერთ იტალიელ კაცს, ისე, ექსპერიმენტისთვის, თავისი აღმზრდელის ‘თანამდებობა’ უბოძა, ჰუმანისტ, ლიტერატორ, ლიბერალ, მასონ – ლუდოვიკო სეტემბრინის. მას ებრაელი იეზუიტი, კონსერვატორი თუ რადიკალი – მხოლოდ ეშმაკმა უწყის, ნაფტა მოჰყვა. ბოლოს კი მეტოქე, ჰედონისტი, მაგნიტ–მაგნატი (ფრაუ შტორს რომ გაეცნობით, გამიგებთ) პეპერკორნი. თითოეული თავისას ქადაგებს და რომანის ფილოსოფიაც სწორედ მათ საუბრებშია, მათ რთულ, ჩახლართულ დიალოგებში, რომლებიც ზოგჯერ ულოგიკო, დაფანტული ან სულაც სამკვდრო-სასიცოცხლო ორთაბრძოლა გეგონება კაცს.

1924_Thomas_Mann_Zauberberg_Broschurდრო, ავადმყოფობა, სიკვდილი
ამბობენ (თუმცა რაღა ამბობენ, ასეც არის), „ჯადოსნური მთა“ პირველი რომანია, სადაც სერიოზულად ეკიდებიან ფსიქოანალიზსო. ჰოდა, მანიც ფსიქოანალიზს მიმართავს და ქაოსიდან რაიმე გასაგების აწყობას ცდილობს. ეს ქაოსი კი მართლა ბევრ რამეს მოიცავს, დროს, სივრცეს, მარადისობას, ავადმყოფობასა თუ ჯანმრთელობას, სიცოცხლეს, სიკვდილს, ზნეობასა და მორალს, სულსა და ხორცს. თავიდან ჰანსის ფიქრები მოუქნელი, ტლანქი და პრიმიტიული ჩანს; ჩემი აზრით მაინცდამაინც არც მერე იხვეწება, უბრალოდ შედარებით ფართო მასშტაბებს იძენს. ამგვარი „მაღალი მატერიების“ განსჯა უფრო მისი მასწავლებლების, სეტემბრინისა და ნაფტას პრეროგატივაა, ჰანსი კი მოსწავლეა, მსმენელი. მაგრამ მის თავში ეს ყველაფერი ხომ ილექება და კვალს ტოვებს. ამ ‘საშუალო კაცის’ მეტამორფოზა ხანგრძლივი და მრავლისმთქმელია.

წიგნის წერა ომამდე დაიწყო და ომის შემდეგ დასრულდა; წიგნი ისტორიულ დროზეც მოგვითხრობს, ცდილობს იმდროინდელი ევროპის შინაგანი სამყარო დახატოს და ამავდროულად დრო თავად არის რომანის თემა.

5 thoughts on “ჯადოსნური მთა”

  1. ერთ-ერთი ყველაზე უნცაური წიგნი იყო ჩემთვის. თვეზე მეტი “მტანჯა”, მაგრამ დასრულების შემდეგ დიდხანს მენატრებოდა 🙂

    Liked by 2 people

    1. საერთო ჯამში მგონი 6 დღე დამჭირდა. თუმცა ზაფხულია და ახლა საქმე არ მაქვს, ჩემთვის ადვილია ))

      Like

  2. “იოსები და მისი ძმები” ნამდვილად არის ქართულად გამოცემული?

    Like

    1. ჩემთვის ცნობილი არაა წიგნის შესახებ, მაგრამ ვიცი რომ დაახლოებით სამი წლის წინ ჟურნალ “საგურამოში” იბეჭდებოდა, ორი მთარგმნელი ჰყავდა, თუმცა არ ვიცი ვინ და არც ის ვიცი, ბოლომდე ითარგმნა თუ არა

      Like

  3. სასწაული წიგნია, ამ წიგნის წაუკითხაობა ნიშნავს რომ ძალიან ბევრი რამ დაგაკლდათ, გირჩევთ გულისყურით წაიკითხოთ, დიდი დაკვირვებით. ეს არაა მარტივი წიგნი რომელსაც ბევრი ფიქრი არ ჭირდება, პირიქით.

    Like

Leave a comment