წიგნის ფესტივალი 2015

11218807_734654483309874_2663237873024924506_n

ამ წლის ნახევარიც არ გასულა ჯერ და უკვე ორი ფესტივალი მოესწრო, ერთი ტრადიციული, ექსპო–ჯორჯიაში, უამრავი გამომცემლობით თუ მაღაზიით, ხოლო მეორე ახალი, “წიგნი და მუსიკა”, რომელიც ფილარმონიაში ჩატარდა და რომელშიც მაღაზიებისა და ორგანიზაციების გარდა ბაკურ სულაკაურის და შოთა ნიშნიანიძის გამომცემლობები მონაწილეობდნენ.

თქვენმა მონა–მორჩილმა ვერც ერთი ვერ გამოტოვა და თაროების პრობლემა კიდევ უფრო დაუძლევადი გახადა.

“წიგნი და მუსიკაზე” თითქოს ბევრი არაფერი მინდოდა, მომდევნო კვირას ფესტივალს ველოდი, მაგრამ მე ვბჭობდი და ყველა იცინოდა, ‘ბევრი არაფრის’ კვალობაზე საკმაოდ წამომიღია წიგნები.

სულაკაურის სტენდთან ჰარი პოტერის ახალი ტირაჟის გულმოდგინედ გამოტირების შემდგომ როულინგის ქვიდიჩსა და ჯადოსნურ ცხოველებს დავავლე ხელი, ამჯერად ვიმყოფინებ მეთქი, ვიფიქრე. სამაგიეროდ ვაგნერის, შოუს და ოსბორნის ლურჯი სამწიგნეული შევიძინე, გასაკვირად დაბალ ფასად. ტაბუკის “მიაჩნია პერეირაც” ავიღე და აღმოვაჩინე, რომ ჩემ გარშემო ცოტას თუ სცოდნია ეს წიგნი. “ვინ მოკლა ჩაიკა” და “პირადი კულინარიაც” ვიპოვე წიგნების იმ უზარმაზარ გროვაში; მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის სერია მხოლოდ ორი ლარი ღირდა, თუმცა მხოლოდ ერთი, “ძველი ბერძნული ლირიკა” მინდოდა მე, გამომცემლობაში არ ჰქონდათ როცა ვყიდულობდი.

ბევრი თვალიერების შემდეგ აკა მორჩილაძის “სარბიელი” მომხვდა თვალში და ორივე ტომი სასწრაფოდ ავიღე, ვიცოდი, სახლში ბევრი მკითხველი ეყოლებოდა. მგონი მაშინ ამოვწურე ფინანსები და გულში ვწუწუნებდი, “ნახევრად ცუდიც” მინდოდა მეთქი. მერე აღმოჩნდა, რომ არც მთლად გულში მიწუწუნია და მეგობარმა მაჩუქა.

მეორე მისვლაზე სულაკაურს აღარ გავკარებივარ, შემეშინდა გზის ფულიც არ შემომეხარჯოს მეთქი, სამაგიეროდ ნიშნიანიძის გამომცემლობას მივაკითხე და “მოგზაურობა ჩემი ოთახის გარშემო”, “წმინდა ზმანებათა ძიება შეშლილ პეტერბურგში”, უსაყვარლესი “ლორანგა, მასარინგი და დარტანიანგი” (რომელიც ლინდგრენისაა, ოღონდ ასტრიდის არა) ვიყიდე.

ერთი ორჯერ კიდევ რომ გავიარე, ლიტერატურის მატიანის გამოცემული “ევროპა თუ აზია” ვიპოვე და “სისხლიან მიწებსაც” მივაგენი (რომელიც კიდევ ორჯერ ვიყიდე, იმიტომ, რომ ვინც მინახა ყველამ იჩუქა).

შემდეგ კი იყო თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, რომელზეც მხოლოდ შაბათი დღე გამოვტოვე. ხუთშაბათს ლექციებიც კი გავაცდინე (ვინაიდან საღამოს მოსწავლეები მყავდა), პარასკევს გამოცდამდეც შევიარე და გამოცდის შემდგომაც, კვირას კი დასთან და დედასთან ერთად ვიყავი.

ფინანსებმა ისევ დამაღალატა. თუმცა ჩემი და ამბობს ხოლმე, ყველა წიგნის ყიდვაც რომ შეძლო, საწუწუნოდ იმას გამონახავ, რატომ ორ–ორი ეგზემპლარი ვერ ვიყიდეო. ჰოდა, აღარ ვიწუწუნებ, კარგი.

უმრავლესობის მსგავსად მეც პირველ რიგში ბათუმელების გამომცემლობას მივაშურე. მათ სტენდთან სამჯერ მივედი (ირაკლის კვირას ნათქვამზე, “ოჰ, დიდი ხანია არ გამოჩენილხარო” ახლაც მეცინება :დ).პირველ დღეს ლე გუინს, დავითაშვილს და გლუხოვსკის ვტაცე ხელი (მხედვარი ჯერ არ იყო).

“მხედვარს” პარასკევ საღამოს მივაკითხე და ისიც მეგობარმა მაჩუქა. პარასკევსვე ვიყიდე დიკი და ვერბერი, კვირას კი ბლუმი და დალი. რაღაცები მაინც დამრჩა, თუმცა მალე გამოვასწორებ მაგ ამბავს.

“დიოგენეს” წელს გვერდი ავუარე, დაველოდები ფულს და უკეთეს ფასდაკლებებს, ამდენის წაკითხვას მაინც დიდი დრო უნდა. თუმცა “ბნელი კოშკის” მეორე წიგნი, საყმაწვილო ენციკლოპედია “მუსიკა, იასაღაშვილის “ოსმალური მარში” და სამადაშვილის “ავტოპორტრეტები” მაინც წამოვიღე. ბენვილის “ზღვაც” მეგობარმა მაჩუქა. :დ

ინტელექტთან მე კი მივედი, მაგრამ პავიჩის “ხაზარული სიტყვისკონა” და ბორხესის “მსოფლიო მზაკვრობის ისტორია” მეგობრებმა მაჩუქეს და მეტი ვეღარ დავიხარჯე.

მეგობარმა მაჩუქა აგრეთვე მო იენი, “დიდი ძუძუ–მკერდი, განიერი გავა”. 

საერთოდაც, უდიდესი მადლობა მეგობრებს, ასეთი კარგები რომ არიან.

ბიუტორის “საფეხურების” გამო პალიტრა ელსაც მივაკითხე და “ტრამვაი სახელად სურვილი” და “კაცი რომელიც ვარდება” გამოვაყოლე ხელს შემთხვევით. აგორასთან კლოდელის ორივე წიგნი შევიძინე. ლიგამუსის სტენდთან პრატჩეტის “მაგიის ფერი” მინდოდა, რამდენჯერაც მივედი მაღაზიაში, იმდენჯერ არ ჰქონდათ. ზელაზნის ხუთწიგნეული კი მომდევნო ხელფასზე იყოს, ისედაც ძალიან იაფია.

სიესტასთან ჰერტა მიულერის “სუნთქვის საქანელა” და ნანინანატრი “პატრიარქის შემოდგომა” შევიძინე, რასაც საჩუქრად ძალიან კარგი ლექსებისა და მოთხრობების კრებული მოაყოლეს.

მახსოვს, რომ კიდევ მოვიტანე სახლში რაღაცები, მაგრამ რა, უკვე ვეღარ ვალაგებ თავში.

P.S. დღეს დილით თაროები რომ დავალაგე, ბიბლიოთეკაში წავედი. რაც გამოტანილი მქონდა ხომ დავაბრუნე და “ჯადოსნური მთა”, “პის ცხოვრება” და “სკოლის სევდა” წამოვიღე. ამას ჰქვია ბიბლიოფაგობა. ბიბლიოფილობა კი ალბათ ჯერ შორსაა.

Advertisements

11 thoughts on “წიგნის ფესტივალი 2015

  1. ეჰ, ფესტივალი ჯიბეზე კი აისახა კარგად (კრიზისის ფონზე მშვენიერი ფასდაკლებები იყო), მაგრამ თაროები… ავეჯის მაღაზიასაც უნდა დაუთმონ ერთი სტენდი 😀

    Liked by 1 person

    • თაროები იქით იყოს, სახლში წიგნების კარადის დასადგმელი ადგილი არ გვაქვს :))) დედაჩემმა, მალე ალბათ თავზე დავიწყობთო :))) ან სასწრაფოდ დიდი ფართობის სახლში უნდა გადავიდეთ 😦

      Like

  2. მო იენზე გამომცემლობის გოგონამ გვითხრა, დედაზე დაწერაო თუ დედას მიუძღვნაო :)))
    ნერვები მეშლება, რამდენი წიგნია წასაკითხი : / კითხულობ, კითხულობ და მაინც ბევრი რჩება

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s