saved as ‘Her’

ხანდახან ისეც ხდება, ადამიანს თითქოს იზეპირებ; სწავლობ მას უჯრედიდან უჯრედამდე და აღმოჩნდება, ის უფრო “მე”–ა, ვიდრე საკუთარი თავი. ხანდახან ამისათვის მის გვერდით გატარებული რამდენიმე დღეც კმარა. ხანდახან ამგვარად ერთი ცხოვრების სამყოფ მოგონებებს იმარაგებ.

მაგალითად იცი, მისი ადგომის შემდეგ როგორი ფორმა დარჩება საწოლში. დეტალურად იცნობ ზეწარზე შემორჩენილ მისი სხეულის მოხაზულობას. და სუნს. მისი სხეულის სუნს, რომელიც დილაობით ასოციაციურად მოდუნებულია, კატასავით ზარმაცი, საღამოობით კი დამუხტული და დაძაბული.

ხდება ხოლმე, სახლს მისი კვალი ისე ეტყობა, როგორც სველ სილას შიშველი ფეხისგულები. სარკესთან სავარცხელი მხვდება, რომელსაც მისი წაბლისფერი თმის ღერი შერჩენია, აგრეთვე სველი კბილის ჯაგრისი, რომელიც რატომღაც ჩემია და არა მისი. და არ ღირს მას გაუბრაზდე, იმიტომ რომ ჯიუტად მოკუმავს ტუჩებს და წარბებს შორის ელვის სისწრაფით გადაურბენს ნაოჭი, რის შემდეგაც თუნდაც მარადისობა ხმას აღარ გაგცემს.

ვიცი, რომ სამუშაო მაგიდასთან აუცილებლად დამხვდება მოუგვარებელი არეულობა და, რასაკვირველია, ლამის ათეული ჩაის ჭიქა, რის გამოც ოთახი ლიმნის სუნითაა გაჟღენთილი. ამ გოგოს ისედაც სულ ციტრუსების სუნი აქვს, უღმერთოდ მადისაღმძვრელი.

ვიცი, რომ დივანზე, ან სულაც იატაკზე საკუთარ ტანსაცმელს წავაწყდები, რომელიც მას ეცვა (სულ მგონია, რომ ასე სპეციალურად ჭმუჭნის მათ).

სამზარეულოში აუცილებლად დამხვდება გამზადებული საუზმე, რადგან იცის, სხვაგვარად უჭმელი გავალ სახლიდან. ხანდახან, თუ გამიმართლა თავადაც მხვდება და ყავას მთავაზობს. მე ყოველთვის უარს ვამბობ. გულისთვის კოფეინი მავნებელია მისი აუტანელი ჩვევის თანხლებით – გამუდმებით კბენდეს თავის ქვედა ტუჩს სანამ მიყურებს.

ყოველთვის მანამ ქრება, სანამ რაიმეს გააზრებას მოვასწრებ. დილაობით მასზე მოუხელთებელი არსება არ არსებობს. სამაგიეროდ საღამოობით ბრუნდება ადრე. ზოგჯერ მისი ყურებისას მგონია, რომ საკუთარ თავს გარედან შევცქერი. ზის ფეხმორთხმით პირდაპირ იატაკზე, პლედში გახვეული და კითხულობს. როცა მხედავს კრუტუნებს. ის ერთადერთი კატაა, რომელზეც ალერგია არ მაქვს.

დილაობით მას აგვიანდება და ის ზრუნავს ჩემზე. საღამოობით მე ვარ დაღლილი და მე ვუვლი მას. და ჰო, ყოველთვის ასე ჭკვიანურად ვინაწილებდით ერთმანეთს.

ის ყოველთვის ჩემზე ადრე წვება დასაძინებლად. მეუბნება რომ იცის, როგორ მიყვარს მისი ყურება, როცა სძინავს. თუმცა მე იმის ყურება უფრო მიყვარს, როგორ არ იმჩნევს მისი სხეული, რომ დაიღალა. ის ელექტრული მუხტებიც მიყვარს, შეხებისას ზურგზე რომ გადაურბენს ხოლმე.

ამას წინათ კი დანანებით მითხრა, ცუდია, რომ ამიერიდან დილაობით ვეღარავინ გაერკვევა ჩემს დატოვებულ არეულობაშიო. კიდევ ერთხელ იკბინა ტუჩზე და გაფრინდა – პირდაპირი მნიშვნელობით. ვიცი, რომ ხანდახან დაბრუნდება, მაგრამ არც გამიცილებია და მგონია, რომ არც დავხვდები.

წასვლისას შოპენით გადავსებული პლეილისტი და ჯოისის მოთხრობები დამიტოვა. კიდევ უჩვეულო გრძნობები, რომელთაც ვერაფრით დაარქმევ უარყოფითს, მძიმეს ან აუტანელს, ალბათ უფრო პირიქით.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s