Meloman

ლექსები ძველ საბერძნეთს

temple-of-artemis

გიორგი ხომერიკი 1954 წლის 24 დეკემბერს დაიბადა ზღვისპირა ბათუმში. ის კლასიკოსია, ე.ი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩემს ფაკულტეტზე სწავლობდა თავის დროზე, კლასიკურ ფილოლოგიაზე. აბა მე მეტი მიზეზი რაღად მინდა მასზე დასაწერად, თუმცა გარდა ამისა მას თარგმნილი აქვს სხვადასხვა ბერძენი და რომაელი ავტორები, გამოცემული აქვს მრავალი პუბლიკაცია ძველ ბერძნულ და რომაულ მითო-რელიგიაზე. ბოლოს და ბოლოს ამ კაცმა სოფოკლე თარგმნა.

კიდევ ხომერიკი ლექსებს წერდა. ჩემმა ლექტორმა მაჩუქა მისი კრებული “მშვენიერი ჰელლენე ანუ ლექსები ძველ საბერძნეთს”. პაწაწინა, ფარატინა წიგნია და წარწერაც აქვს ავტორისგან, სიყვარულითა და ყველაზე კეთილი სურვილებითო.

ზოგადად არ მიყვარს პოეზია. მხოლოდ ზოგადად. ერთ არც ისე კარგ წიგნში ერთი გოგო ამბობს, მხოლოდ ყველაზე ცნობილები ვიციო და დაახლოებით ასე ვარ მეც, პოეზია არ მიყვარს გასაგებია, მაგრამ ტაბიძე, ბარათაშვილი, ასათიანი თუ სხვანი მეც მიყვარდა და მიყვარს. და სანამ ანტიკურობის შესწავლას შევუდგებოდი მანამდეც, მაგრამ მას მერე კიდევ უფრო მეტად მიყვარს საფო, ალკეოსი, არქილოქოსი, ანაკრეონი, სოლონი თუ პინდაროსი (სხვანაირად არც გამოვა ლექტორთან, რომელიც საოცრად ნეიტრალურია ნებისმიერ ავტორთან, ყველაფერს ერთნაირი აღტაცებით გასწავლის, მაგრამ როცა საქმე ლირიკაზე მიდგება ერთიანად პინდაროსითაა მოცული, ან საფოთი. ორივე მისი თარგმნილია).

ხანდახან კი იქმნება წესის დამადასტურებელი ვითარებანი. ჰოდა ხომერიკის ამ ერთი ბეწო კრებულმაც ჩემს სამუშაო მაგიდაზე ისე მკვიდრად მოიკალათა, შემცილებელი ვგონებ დიდხანს არ გამოუჩნდება.

გსმენიათ ჰეროსტრატოსის შესახებ? ეს ერთი ახალგაზრდა ეფესოელია, რომელმაც 2371 წლის წინ, 21 ივლისს არტემისის ტაძარი დაწვა. სიმართლე გითხრათ, ზუსტად არ ვიცი ასე ერქვა თუ არა, რადგან როგორც ამბობენ, ეს სახელი მას თანამოქალაქეებმა შეარქვეს, ვინაიდან მისი სახელის ხსენება ყველას ეკრძალებოდა და სიკვდილით ისჯებოდა აკრძალვის დამრღვევი. არტემისის ტაძარი – მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთერთი. წამებისას აღიარა, რომ ეს საკუთარი სახელის უკვდავსაყოფად მოიმოქმედაო, ესეც მსმენია.

სხვა ლექსებსაც გაჩვენებდით, მაგრამ მთელი პოსტი ამ ერთი ლექსის სათქმელად დამჭირდა, ხომერიკის “ჰეროსტრატოსის” ამოსათქმელად:

ღამით გამეღვიძა თერთმეტი წლისას

კაშკაშა ღამით;

იგი კარებში იდგა… და მიღიმოდა,

კარის წირთხლს წვდებოდა ქალწული არტემის!

თეთრი ალი, იათვარდების

ცეცხლი იღვრებოდა მის კაპარჭ–ისარზე

ალმოდებული იდგა სილამაზე. თეთრი სილამაზე…

მე, დამფრთხალმა ამნაირი სხივების გამით,

ხმა ვერ ამოვიღე…

წამოვხტი და უცებ მოვეშვი;

თეთრ სილამაზეში ჩავიღვენთეთ

მე და ჩემი გული…

წამშივე ჩაქრა ხანძრის ქალწული,

ქალწული ხანძარი.

იგი წავიდა და გაჰქრა, იგი წავიდა

მყისვე ჩამოეშვა სიბნელე, მყისვე ჩამოეშვა,

ხმა ვერ დავძარი.

რა ანდა როგორ? ვერ მოვისაზრე

(ჰოი, არტემის, ბავშვობიდან მიყვარს სილამაზე)

მიყვარს სილამაზე!

ეჰა, არტემის

დილით ვარდების სურნელი იდგა

იათვარდების.

ასაკი აკმეს რომ მიმიდგა,

აპრილი იდგა.

ჩვენც სწორედ მაშინ დავასრულეთ მისი ტაძარი.

იდგა ტაძარი და აღარსად არ მიდიოდა,

გეგონებოდა აფრენას ლამობსო…

და არ მიდიოდა.

ნელ–ნელა მკლავდა; იდგა თეთრი ჩვენს შავ მიწაზე,

როგორც არყოფნის სიკვდილი! სიცოცხლის ყოფნა!

და მეც იმ დილით.

ცხელ ბნელეთში, სწორედ იმ დილით

ჰეფესტოს მივუძღვენი მხურვალე და ლამაზი ოდა.

შორს ვიღაც მღეროდა სიმებდასველებულ, ნაზ კითარაზე, იმ ბნელი დილით

როცა იგი იისფრად ღვიოდა

ცეცხლს მივეცი ჩემივ ხელით ნაგები ტაძარი.

ვეღარ გავუძელი, ვეღარ გავუძელი მის სილამაზეს!

იმდენჯერ გამიცრუვდა იმედი ადამიანებისგან, რომელთაც ეს ლექსი წავაკითხე, რომ ბოლოს შევწყვიტე ხმამაღალი აღფრთოვანება. ეს აღფრთოვანება იმდენად ლექსისა არაა, რამდენადაც ავტორისა. მე არ ვიცი ამის წამკითხავი შენ რას იფიქრებ მკითხველო, მოვა შენამდე ამბის ეს მხარე თუ ვერა, მაგრამ…

არც ახსნებით დავაქუცმაცებ ამ ტკივილს, დაე, ერთიანად დაეჯახოს მას ყველა, ვისაც სილამაზე ასე განუცდია. მოდი გვესმოდეს მისი და ისე გვძულდეს სახელდავიწყებული ჰეროსტრატოსი.

26.01.2015. სამწუხაროდ გუშინ გია ხომერიკი გარდაიცვალა. R.I.P.

3 thoughts on “ლექსები ძველ საბერძნეთს”

  1. რა საინტერესოა, ალბათ პატარა კლასიკოსი ხარ და არ გიცნობ. პინდაროსის და საფოს მთარგმნლი ლექტორი მეც მასწავლიდა. 🙂

    Like

    1. კი, ჯერ ერთი წელია რაც აქ ვსწავლობ 🙂 მართლაც რა საინტერესოა, თავადაც კლასიკოსი ანუ? ❤

      Like

Leave a comment