მორჩენილი ამბები

რაღაცები უნდა მოვყვე. ისეთები, ერთმანეთთან კავშირი რომ არ აქვს და უბრალოდ მომრჩა. ზოგს არც მოვყვები, ვიგულისხმებ.

Untitled ჩემს ეზოში ერთი შავი კატა დადის, თითქმის ისეთი, როგორიც ფოტოზეა. ალბათ მეზობლისაა. ერთიანად შავია, გამონაკლისების გარეშე. ხასხასა ყვითელი თვალები აქვს და მრგვალი ცხვირ–პირი. თავადაც მრგვალია, მსუქანა ფისო, ბებერი. ერთი ყური ეტყობა ძაღლმა შეუჭამა, ცოტა აკლია. მფრთხალი კატა არაა. ახლოს არ მეკარება, მაგრამ არც გამირბის. ახლოს არც მე ვეკარები და არც მე გავურბივარ. ძალიან მიყვარს.

ლაპარაკი იცის. ოღონდ უცნაურ რაღაცეებს ჰყვება ხოლმე. მიწასთან ჩემზე ახლოსაა და მზით გამთბარი ბალახის ამბები იცის. გასახმობი ფოთლების ქვეშ ნესტში მიმალული ჭიების ამბებსაც ჰყვება ხოლმე. მეც მისმენს. არ ვიცი რისი მოსმენა უნდა, ამას არასოდეს მეუბნება. მივყვები ხოლმე კუდში და ვაკვირდები როგორ დადის. დიდებული სიარული იცის; არ მინახავს თავი ჩაექინდროს, ან პირიქით, ამაყად აეწიოს. ყოველთვის იცის საით გაიხედოს, რა გაიფიქროს და რა თქვას. კორალაინის კატის ამბავი მოვუყევი დილას და გადავწყვიტე რომ სახელი არც მას სჭირდება. არ იცით ვინ ხართ და სახელებიც იმიტომ გაქვთ, მე რაში მჭირდება, შესანიშნავად ვიცი ვინც ვარო. ამანაც გადაიგრიხა ულვაშები და თავი დამიქნია.

ამ ზაფხულს ჩემს ეზოში სამი ნაცრისფერი, ჭრელი კნუტი დახტოდა. მართლა დახტოდა, კი არ დადიოდა. ასეთი ცელქი არც ერთი სულიერი არ მინახავს. ახლა ცოტა წამოიზარდნენ. ვერც მათ ვეკარებოდი, თუმცა თავად სულ მოდიოდნენ, ჩემს კალთაში ამოძრომას ცდილობდნენ, ალერსს ითხოვდნენ. ერთი ორჯერ დავუთმე, მაგრამ ალერგია მაქვს. ალერგია მაქვს და ცხოველებთან მიკარება სასტიკად აკრძალული. რამდენჯერ ჩავიქნიე ხელი აკრძალვაზე და ხან ძაღლს მივეფერე, ხან კატას. თუთიყუშებს, ზაზუნებს, ზღვის გოჭებს. მერე დღეები ვნანობდი. მე რა, ჩემი სახე ნანობდა, ჩემი კანი. წინა წელს მეგონა, ეს ალერგია უკვე ადამიანებთან მიკარებასაც მიკრძალავდა. დამამახინჯა, დამაქუცმაცა, დამასუსტა, საკუთარი თავის რწმენა დამაკარგვინა – პირდაპირი მნიშვნელობით ოღონდ.

საერთოდაც:

2014 წელი რომ დგებოდა, აღფრთოვანებისგან სული მიგუბდებოდა, რაღაც მიხაროდა, რაღაცას ველოდებოდი, ვიღაცას ვულოცავდი, შთაბეჭდილებებს ვიწერდი და საკუთარ თავს საცდელი კურდღელივით ვაკვირდებოდი. წელს ვაჯამებდი, დაკარგულ და შეძენილ მეგობრებს ვითვლიდი, ნანახსა და გაგონილს ვიხსენებდი და ვაანალიზებდი.

2015 წელი რომ დგებოდა, სული მოწყენილობისგან მიგუბდებოდა, რაღაც მაღიზიანებდა, რაღაც არ მყოფნიდა, ვიღაც საერთოდ არ იყო, მილოცვებს კი რა გამოლევდა. საცდელი კურდღელი ახლაც ვიყავი. მხოლოდ დაკარგული მეგობრები გადავთვალე და მივხვდი, მტკივნეული რაღაცების ხარჯზე ისე არ დამიკარგავს, უკან ვერ დავიბრუნო. ოღონდ მათთან ჩემი ადგილი არაა და აღარაფერს ვეცდები.

როცა დადგა 2015, ერთი ლამაზი მეგობარი ნამდვილად შევიძინე, გულახდილობის ხარჯზე, მისი გულახდილობის. ფბ–ზე ლაიფ ივენთიც მივუძღვენით ამ ამბავს. ამის გამო რაღაცები ძალიან დალაგდა. რამდენიმე დღეში ამ და კიდევ ერთ ლამაზმანთან ერთად დავჯდები სადმე, დავლევთ ყავას, მივირთმევთ ნამცხვარს და მოვუსმენ. ამ წელს აქტიური მსმენელის როლში ვიქნები, ლაპარაკს აღარ ვაპირებ.

რამდენიმე დღეში კიდევ ერთ ადამიანთან ერთად მივირთმევ ჩაის, ვისაუბრებთ წიგნებზე, იქნებ დიზაინზეც. florida-gay-marriageზელაზნის ხუთწიგნეულს იმეტებს ჩემთვის რამდენიმე დღით. ბედნიერებისთვის მართლა რა ცოტაა საჭირო.

ამ წელს აღარც დაბადების დღეს ვახსენებ. ოცი დაბადების დღე მიხაროდა და მიმართლებდა, ოცდამეერთეს სხვანაირად შევეგებები, ან საერთოდ დავივიწყებ.

ფლორიდაში კიდევ… უკვე იქაც შესაძლებელია ერთსქესიანთა ქორწინება. ნეტა როგორ უნდა ჩავიყვანო ახლა დარჩენილი მსოფლიო ფლორიდაში.

Advertisements

10 thoughts on “მორჩენილი ამბები

  1. “რამდენიმე დღეში კიდევ ერთ ადამიანთან ერთად მივირთმევ ჩაის, ვისაუბრებთ წიგნებზე, იქნებ დიზაინზეც” 🙂
    მოუთმენლად ველდოები შენს ჩემოსვლას, სოფი 🙂

    Liked by 1 person

  2. გუშინ მახსოვს რომ წავიკითხე დღისით, მერე რაღაცის დაწერასაც ვაპირებდი და ჩამეძინა :დ
    რა პესიმისტური სული ტრიალებს ამ პოსტში,
    მე დავაკვირდი, რომ ყველა შავ კატას ხასხასა, ყვითელი თვალები აქვს..

    Like

    • პესიმისტური? შეიძლება :დ მე უფრო შენელებული კადრივით ვარ, აღარც მიხარია, აღარც მენაღვლება ეს ცხოვრება რა :დ პრაგმატული გავხდი, რეალისტი :დ ნუ რაცაა :დ

      ეს კატა მაგარი ვინმეა რა, ხერხემალზე ვუყურებ ხოლმე რომ დადის, რა გრაციოზულია, გეცოდინება

      ორი პოსტი რა იყო ასე ზედიზედ შენ კიდევ :დ

      Like

      • დიახ, პესიმისტური იმდენად არა, ვიდრე ინდიფერენტული ადამიანის ჩანაწერი. რაც შეეხება მეორე წინადადებას, აშკარად წინააღმდეგობაში ხარ. თუ არ გენაღვლება ეს ცხოვრება, პრაგმატული რანაირად გახდი? სასტიკად გამორიცხავს ერთი მეორეს. მოკლედ როგორც რ უნდა იყოს, მაინც გავიგე სათქმელი ასე თუ ისე…
        კატების გრაცია ხო ნუ ცალკე დიდებული თემაა ^^
        მე რაც შემეხება , მოხდა საოცრება და ორი დღე ზედიზედ აღმოვჩნდი სახლში მთელი დღით, ამან იმოქმედა ალბათ )))

        Like

        • ჩემი თეორია მაქვს პრაგმატულ ადამიანებზე :დ იქნებ ერთი პოსტი მაგაზეც დავწერო. ნუ ეგ არ გამორიცხავს, რომ შეიძლება მართლა წინააღმდეგობაში მოვდივარ ჩემს თავთან, მაგრამ დიდად არ მიკვირს ეგ ამბავი :დ

          კატაზეც მექნება ერთი პოსტი, ჯერ არა. ერთ კონკრეტულ, ლიტერატურულ კატაზე :დ

          მოცლილი ვარ რა მოკლედ :/

          Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s