აღსარება

სხვისი წერილების კითხვა არ შეიძლებაო, გაგონილი გექნებათ. კიდევ კარგი, წიგნად გამოცემული წერილები და დღიურები არ იგულისხმება მაგ ამბავში. იმიტომ, რომ მე ძალიანაც მიყვარს სხვისი წერილების კითხვა, დღიურების – მით უფრო. ახლა კი რამდენჯერმე უნდა გადავუხვიო თემიდან, იმიტომ რომ სინამდვილეში თემა არც მაქვს.

პირველი გადახვევა: ჩემი თაროები ხომ უკვე რა ხანია სავსეა წიგნებით,  მალე დამატებაც მომიწევს, მაგრამ რამდენიმე ბიბლიოთეკით მაინც აქტიურად ვსარგებლობ და შესაბამისად, “იძულებულიც” ვარ ჯერ ეს “ნათხოვარი” წიგნი წავიკითხო. ჰოდა ერთი ასეთი წიგნი, რომელიც თაროზე ვიპოვე, იყო “ჯორჯია ნიკოლსონის აღსარება”, ლუის რენისონის წიგნი.

მეორე გადახვევა: ეს წიგნი ერთი უცნაური გამომცემლობის გამოცემულია. არა, უცნაური იქნებ არც არაფერი ჭირდეს ამ გამომცემლობას, მაგრამ რაღაც იდუმალების ელფერი დაჰკრავს. ნამდვილად ვერ არის დიოგენე ან სულაკაური, რეკლამას ესენი არ იკეთებენ, ბესტსელერებს ესენი არ ეტანებიან და სხვა მისთ. ის კი არა, ახლა პოსტისთვის მათ საიტზე შევედი და გაუქმებული დამხვდა. ძალიან საინტერესო კი იქნება, უცებ რომ აღმოჩნდეს, რომ მხოლოდ მე წავიკითხე ეს წიგნები, მერე რაიმე უცნაურს მივაგნო და ბოლოს ვერაფრით დავამტკიცო მათი არსებობა საერთოდ. ღმერთმანი, ისევ გადავუხვიე. აი გუგლი მაინც პოულობს მათ წიგნებს, მაგრამ საიტს რაღაც სჭირს.

მესამე გადახვევა: ბავშვობისას (ჰო, კარგი, ახლაც ბავშვი ვარ, ცოტა დიდი ბავშვი, მაგრამ მაინც. ჰოდა აი პატარა ბავშვი რომ ვიყავი იმას ვგულისხმობ) მე და ჩემი და ხშირად ვრჩებოდით სახლში მარტონი. მე ყოველთვის ცოცხალი, აქტიური, დამოუკიდებელი ბავშვი ვიყავი, ძალიანაც მიყვარდა მარტო ყოფნა სახლში. ხომ გესმით, რაც უფრო პატარა ხარ, მით მეტად გედიდებათ სახლი (მაკიუენი წერს ამაზე კარგად “მეოცნებეში”), ჰოდა მეც არ მელეოდა თავგადასავლები და აღმოჩენები. აბა რა იქნება, როცა იმხელა ხარ, რომ დედის გარდერობში თავისუფლად შეძვრები, კარსაც მიიხურავ და შიგნით სათამაშო ადგილიც დაგრჩება. მით უფრო, ჩვენ დიდი, ძველებური გარდერობები გვქონდა სახლში. მამას ფარანს შევიყოლებდი ხოლმე, მისივე პატარა სარკეს (რომელსაც ლურსმანზე ვკიდებდი. ლურსმანი კიდევ მე ჩავარჭვე კარადაში შიგნიდან. არავისთვის არ მითქვამს სანამ დედას ერთი პიჯაკი არ გამოედო და თავად არ აღმოაჩინა), დედას კოსმეტიკის ჩანთას (არ წარმოიდგინოთ ერთ ხელში ფარნით როგორ ვისვამდი სახეზე იმდენ რაღაცას იმ სიბნელეში) და საათობით ვთამაშობდი.

მეოთხე გადახვევა: აი ჩემი და სხვანაირი ბავშვია. ბოლო დრომდე ისეთი პაწაწინა იყო, ისეთი შეუმჩნეველი… ეს მერე გამასწრო სიმაღლეში საუბედუროდ. ჰოდა იმას ვამბობდი, პატარა იყო მეთქი. სულ დედას მისტიროდა. აბა რა იქნებოდა, მე უკვე დიდი გოგო ვიყავი, მასთან თამაში მეთაკილებოდა, ისიც იყო მარტო მთელი დღე. მისთვის დედას მეორე გარდერობი იყო თავისუფალი. ჩემგან განსხვავებით, ნინო იქ რომ შეძვრებოდა, გაეხვეოდა დედას ტანსაცმელში, მის ხალათს ჩაიხუტებდა და გაიტრუნებოდა ხოლმე. გეფიცებით, მაშინაც მაწუხებდა სინდისი, მაგრამ რა მექნა, ერთი ბეწო ბავშვს ვერ მივცემდი მაკიაჟის გაკეთების უფლებას, ვერც ქუსლიან ფეხსაცმელს დავუთმობდი და ვერც ჩემს საიდუმლო თამაშში ჩავრთავდი. თანაც ჩემი და ცივი ბავშვია და როცა მე გამოპრანჭული, სამსახურიდან ახალ დაბრუნებული ქალის როლს მოვირგებდი და მსურდა ‘შვილი’ გულში ჩამეკრა, ველური კატასავით მკაწრავდა და მკბენდა ხოლმე.

მეხუთე გადახვევა: “ჯორჯია ნიკოლსონის აღსარება” (აღსარება ვისიც გინდა იყოს ყოველთვის მაშინებს. აბა რა იქნება როცა უნივერსიტეტში გაიძულებენ ნეტარი ავგუსტინეს აღსარებანი იკითხო) ერთი… როგორ გითხრათ, 14 წლის ადამიანის დღიურია. თავად ამბობს, 14 წლისა ვარ, დავქალიშვილდი, უკვე ბიუსტჰალტერიც მაცვიაო. ჰოდა, არ მინდა ვაწყენინო, მაგრამ ბიუსტჰალტერი (მართალია დედაჩემის) მე სამი თუ ოთხი წლის ასაკიდან მაცვია! მის ამოსავსებად მთელი ჩემი ავლა-დიდება იყო ხოლმე საჭირო და თეძოებზე თუღა ვახერხებდი მათ გაჩერებას, მაგრამ მაინც! მაშინ მთელ ტრაგედიად მიმაჩნდა, რომ დედაჩემი ასეთი უშველებელი ქალი იყო და მისი ტანსაცმელი ასეთი დიდი მქონდა. ახლაც ერთი 45 კილო ლავიწებამოჩრილი გოგო ვარ, ოღონდ დედაჩემი სულაც აღარ არის უშველებელი ქალი. თუმცა ამ გადახვევაში მგონი მხოლოდ იმის თქმა მინდოდა, რომ ასაკი საძაგელი რამეა. მით უმეტეს, თუ იმით განსაზღვრავ გაცვია ლიფი უკვე, თუ ჯერაც ვერა.

მეექვსე გადახვევა: პატარაც (ოღონდ სამი ან ოთხი წლის კი არა, ასე 13-14 წლის) ამგვარივე არეული ადამიანი ვიყავი. არაფერი და ყველაფერი ერთად მომწონდა და მინდოდა. როცა დედას გავიგულებდი და მისი ტანსაცმლითა თუ კოსმეტიკით ‘თავს მოვიწესრიგებდი’, სახლში რაღა გამაჩერებდა. მეხუთე ავენიუზე ვსაუზმობდი (და აუცილებლად საღამოს ხუთ საათზე), სადილად მონმარტრზე მეპატიჟებოდა რომელიმე კავალერი (რომელიც აუცილებლად მხატვარი ან მუსიკოსი უნდა ყოფილიყო, თუმცა დროდადრო მწერალი კაცი ყველაფერს მერჩია), ხოლო ვახშამს სახლში მივირთმევდი (უამრავ სტუმართან ერთად).

მეშვიდე გადახვევა: ეს პოსტი კიდევ მარტო იმიტომ დავიწყე, რომ მეგონა 14 წლის მოზარდზე რაიმეს ვიტყოდი. შეიძლება ირონიაც მქონდა ჩაფიქრებული. მაგრამ გადავიფიქრე. როგორც აღვნიშნე, ასაკი საძაგელი რამეა. რატომღაც მოზარდები მარტო 13-16 წლის ადამიანებს ჰქვიათ (ამ ასაკობრივ ზღვარზე არ გამომეკიდოთ, ზოგადად ვთქვი), არადა გარშემო 20-25 წლის დეპრესიული გოგონების ცვენაა. დაულაგებლების და ჩამოუყალიბებლების კი არა, პოტენციური შინაბერების, მენტალიტეტისგან დაჩაგრული, კომპლექსიანი გოგონების ცვენაა.

ჰოდა ამ ბოლო დროს, ასეთები ამაყად რომ შემომაცქერდებიან ხოლმე, მინდება ვუთხრა… მაგრამ რა აზრი აქვს. დამალავენ იმ თავის სამ ზომა ძუძუებს ბიუსტჰალტერებში და თვითონაც მხოლოდ აბაზანაში თუ შეეხებიან, უთხარი რაც გინდა.

Advertisements

6 thoughts on “აღსარება

  1. საიდან სადაო 🙂
    ისე, მშვენივრად შედის ამ საიტზე, რა გინდა! 🙂
    http://mtp.ge/
    და წიგნის ლინქზეც: http://mtp.ge/%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/%E1%83%AF%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%98%E1%83%90_%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98/
    გამომცემლობის შესახებ კი პირველად როდესგან (უფრო სწორად, როდეს ბლოგიდან) გავიგე:
    http://popularpopcorn.blogspot.com/2014/02/SofiOksanen.html

    Like

    • უი რა კარგია. გუშინ ნამდვილად არ მუშაობდა და გული დამწყდა. მადლობა პოსტისთვის ^_^

      “საიდან სადაო” – ექსპერტი ვარ მაგ ამბავში :დ

      Like

  2. ჰაჰა რა კარგი პოსტია. მაგას ბლოგიდან გადმოვედი და კმაყოფილი ვარ :დ

    ბიუსტჰალტერზე გამახსენდა, მეც ძალიან პატარა ვიყავი და რომ ვთამაშობდი და “ნასკებს” ვიწყობდი ამოსავსებად.

    უი, უი 20-25 წლის ასაკი ჯერ დასაწყისია ყველაფერი საუკეთესოსი, კაცო, რა ადეპრესირებთ.

    Like

    • :დ ბევრი გოგო თამაშობდა მსგავსად ეჭვი მაქვს

      შეზღუდულობა ადეპრესირებთ, გარემო ახრჩობთ. მაგაზე დაუსრულებლად შეიძლება ლაპარაკი ალბათ )) მე მგონი ალბათ უბრალოდ უნდა ადგე და იცხოვრო რა. მაგრამ არა, ვერ ახერხებენ :/

      Like

    • ისე რა კარგია სოფი რომ ხარ :დ არ ვიცი რატომაა კარგი, უბრალოდ კარგია. თან სანი ))

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s