ყვავილების ღვთისმშობელი

ასეთ წიგნებზე პოსტები ორნაირად შეიძლება დაიწყო (უფრო სწორად მრავალნაირად, მაგრამ საბოლოოდ ყველა ამ ორ კატეგორიაში მოხვდება): შორი გზიდან მოვლით და პირდაპირ, მოურიდებლად.

“ნოტრ დამ დე ფლერი” ჟან ჟენეს სადებიუტო ნაწარმოებია, პირველად იგი 1943 წელს გამოქვეყნდა… მერე მოვყვები რომ ჟან ჟენეს მძიმე ცხოვრება ჰქონდა, 15 წლის მოხვდა ციხეში, მიიღო პირველი ჰომოსექსუალური გამოცდილება და ა.შ. და ა.შ. მაგრამ…

რა შეიძლება განიცადო ამ წიგნის კითხვისას? შეიძლება დასველდე, ან გული აგერიოს, თვალებზე აიფარო ხელები, ვერსად გაიქცე, ან ჟანივით ცრემლები ქუთუთოებთან მოიყვანო და არ ატირდე, ან გული ყელში მოგებჯინოს, მაგრამ არა უშავს, გადაყლაპავ. მთავარია გულგრილი არ დარჩე და მთელი გემო არ გააფუჭო. ოღონდ გემო რისი იქნება ვერ გეტყვით. ჟანი ალბათ სპერმის გემოზე წერდა. იქნებ წარმოსახვას გააჩნია, რომელიც მე ბოლომდე არ მეყო. მაგალითად, ციხის სუნი ვერ წარმოვიდგინე, შარდის, ფორმალინის და საღებავების სუნი აქვსო აქ წერია.

ჟენე წერს, პერსონაჟები ათავებენ. წიგნი ავტობიოგრაფიულია, პერსონაჟები ნამდვილი.

ის წერს საკუთარი ცხოვრების შესახებ, ოღონდ ზოგჯერ გაუგებარია, მომხდარს, მოსახდენს თუ იმას, რაც უნდა/სურდა მომხდარიყო. ის წერს და პერსონაჟებიც მარიონეტებივით თამაშობენ, დადგენილ როლს არავინ გადაუხვევს, ეს მათი ცხოვრებაცაა, თვითმყოფადი, თავისთავადი და თვითკმარი. ბნელი მხრიდან თუ გასაქცევი არსად აქვთ, მეორე მხარეს მათი ნება შეუზღუდავია.

და აი, დივინი მარტო დარჩა ამქვეყნად. ვინ გავუხადოთ საყვარლად? ის ბოშა ხომ არა, ყველგან რომ ვეძებ და რომელსაც ფიგურა მარსელური მაღალქუსლიანების წყალობით გიტარას მიუგავს? ფეხებზე კი მეზღვაურის შარვალი მიუცოცავს, ზედ ეკვრის, რომ გულგრილად ჩაეხვიოს მის დუნდულებს.

ხანდახან ერთბაშად ამოხეთქილი, ასოსთვის დაღებული პირიდან ნიაღვარივით მოვარდნილი სიტყვების ძლიერი ნაკადი გეცემა ფურცლებიდან, რომელსაც შესაფერი წარმოსახვა თუ არ დაუხვედრე, მოურიდებლად წაგლეკავს; ხანდახან კი ქაოსური, მაგრამ კარგად მოფიქრებული, წინასწარ განზრახული ქმედებები პერსონაჟებისა, რომლებიც ნაფლეთებად აქცევენ შენს უსუსურად ძლიერ წარმოსახვას. ისინი ზოგჯერ ნელა, ზოგჯერ ერთბაშად, თუმც კი ყოველთვის შეუმჩნევლად იჭრებიან მკითხველში და მრავლდებიან, ერთდებიან, ყვირიან, ბილწსიტყვაობენ, სახეში გახლიან სიბინძურესა და ამორალურობას, თავად კი სავსებით უმანკონი რჩებიან.

არ ვიცი მართლა მათი სახეებია თუ არა, ჩემი საკნის კედელს ალმასისდარი ტალახივით რომაა შეშხეფებული, მაგრამ არც შემთხვევით ამომიჭრია ჟურნალებიდან ეს ცარიელთვალებიანი მშვენიერი თავები. ცარიელი მეთქი, ვამბობ, რადგან ღია ფერის თვალები აქვთ, არადა, ცისფერი უნდა ჰქონდეთ. ლითონის ძაფზე დაკიდებული მანათობელი გამჭვირვალე ვარსკვლავივით – ცისფერი და ცარიელი…

ჟენეს პერსონაჟების ღმერთი ძალიან მაგონებს ზევსს, რომელიც ასევე ჰომოსექსუალია, ლამაზი ყმაწვილი განიმედესი უყვარს. ჟანი კი წერს, უფალს ხომ, როგორც იეზუიტები იტყვიან, სულში შესვლის ათასი საშუალება აქვს, ოქროს მტვრად (წვიმად), გედად, ხარად, მტრედადო…

მეორე მარკიზ დე სადად წოდებული ჟან ჟენე კრიმინალია, ქურდი, ჰომოსექსუალი. ამერიკიდან გამოაძევეს კიდეც ორმოცდაათიანებში. ჟენე დედასაც კი არ გაუზრდა, ქალმა ის აღსაზრდელად უცნობ ადამიანებს მიანდო. მისი ცხოვრება ქურდობისა და გაქცევის მცდელობებისგან შედგებოდა, ამბოხისგან, დაუმორჩილებლობისგან და ამის შემდეგ რა გასაკვირია, თუ იგი საზოგადოებამ აითვალწუნა, გარიყა, უარყო.

”ჟენე ამისთვის დაიბადა – ენახვებინა ჩვენთვის ის, რისი დანახვაც არ გვინდა. რომ ესეც არსებობს და ესეც ცხოვრებაა. და რომ ჩვენ ცოტათი ავცდით ამ ცხოვრებას, რომ, შესაძლოა, ჩვენც წავსულიყავით ამ გზით. ჟენე კი გონიერად, თავისი სურვილით ირჩევს ამ ცხოვრებას და თითქოს უარყოფიდან ამტკიცებს დადებითს – მე რომ ასეთი ვარ, ასეთი არ უნდა იყოს ადამიანი. ჟენე სწორედ ამაში გვეხმარება, რომ დავინახოთ ყველა გზა და შევამციროთ სიბნელის არე და გავზარდოთ არე სინათლისა. ამაში მაინც ვუთხრათ მას მადლობა.” ასეთ მოსაზრებებსაც წააწყდებით ჟანზე, მაგრამ რა გითხრათ, მიჭირს ასე გააზრება. მგონია, რომ ჟანს ასე ეცხოვრებოდა და იმიტომაც იყო ასეთი. ჩემთვის ძნელია ამ ადამიანში იმ თავგანწირული მეამბოხის დანახვა, რომელიც საკუთარ გზას იმისთვის ამრუდებს, რათა სხვებმა მის შეცდომებზე ისწავლონ..

წიგნი მორის პილორჟის ხსოვნას ეძღვნება, რომელსაც 1938 წელს თავი მოჰკვეთეს. “ის რომ არ ყოფილიყო, რომლის სიკვდილმაც სიცოცხლე გამიმწარა, ამ წიგნს არასოდეს დავწერდი”, ასე იწყება წიგნი.

რომანის ქართული გამოცემა დიოგენეს დამსახურებაა.

notre_dame_des_fleurs_by_liyiwei

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s