დაუსრულებელი ამბავი

10441119_1444329872496936_4092873424148886164_nგპირდებით, ეს პოსტი დაუსრულებელი არ იქნება, თუმცა თუ გულით გსურთ, მიგასწავლით ასეთ ამბავსაც. მაგრამ ჯერ როგორც რიგიან მწერალს შეჰფერის, ყველაფერს თავიდან მოგიყვებით.

იყო და არა იყო რა, იყო გამომცემლობა „დიოგენე“. ერთ ქალაქში, მყუდრო ადგილას მოკალათებული ერთი მაღაზიაა და მის ლამაზ გამყიდველს გვერდს თუ აუქცევ და წრიულ კიბეზე თავბრუსხვევასაც გადაიტან, სწორედ იქ ამოყოფ თავს, გამომცემლობაში. ხმები დადის, აქ თეთრი ჯადოქრები მუშაობენო. ერთხელ თქვენმა მონა–მორჩილმაც შეჰბედა იქაურობას. სწორედ ეს ჯადოქრები უშვებენ ქალაქში უამრავ ამბავს და მერე ხალხი ჩემსავით გაღიმებული დადის ქუჩაში. თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.

ჰოდა ამ ჯადოსნურ ადგილას, ერთხელ, არ ვიცი როგორ, რანაირად, მიხაილ ენდეს „დაუსრულებელი ამბავი“ გაჩნდა, ჩვენთვის გასაგებ – ქართულ ენაზე. ლამაზი, წითელი, ყუათიანი წიგნია, ფოლიანტს ჰგავს. ღამე საბანი უნდა გადაიფარო თავზე და ფარანი მიანათო, თითებს ჩაიკვნეტთ ისეთი გემრიელია.

ისე როგორ იქნება წაკითხვამდე ერთი უბრალოდ არ გადაფურცლოთ და არ გადაათვალიეროთ. მაშინვე მოგხვდებათ თვალში ფერადი ნაწერი. წითელი, ლურჯი, წითელი, ისევ ლურჯი და ასე შემდეგ. მაგრამ ესეც სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.

პატარა ვინ არ ყოფილა (ისე კი ამბობენ ზოგი პირდაპირ ზრდასრული იბადებაო. რა უსამართლოდ ექცევა ასეთებს ცხოვრება), ვის არ ჰყვარებია წიგნი (იმასაც ამბობენ, არსებობენ ადამიანები წიგნი ერთხელაც არ გადაუშლიათო, ბაბუა მაშინებდა ასე ბავშვობაში); ვის არ გაუთენებია კითხვისას, ვის არ აღმოუჩენია ახალი სამყარო წიგნებში. ვერც გაიხსენებთ, რამდენი ამბავი იცით, არა? ხომ ლამაზია ეს სამყარო, თქვენს გემოზე გაფერადებულ–ჩახატული; ვინ იცის რამდენ ამბავს ინახავთ გულში და შეიძლება ყოველ ჯერზე ასხვაფერ–ალამაზებთ მათ.

თქვენს მონა–მორჩილ მთხრობელს აპატიეთ, ჯერ ახალია მთხრობელ–მემატიანეთა რიგებში და სიტყვები ეურჩებიან. იმას ვამბობდი, რომ იყო ერთი პატარა, პუტკუნა, ლოყაწითელი ბიჭი, ბასტიან ბალთაზარ ბუქსი.

ბასტიანმა ერთხელ წიგნი მოიპარა (ოღონდ თქვენ არასოდეს მოიქცეთ ასე), ამის გამო სახლიდან გაქცევა გადაწყვიტა და… ეჰ, ასე ხომ სიტყვა გამიგრძელდება. ამგვარად მან ფანტაზიაში ამოჰყო თავი. არის ასეთი სამყაროც. ფანტაზიური. უჰ, იქ მას ისეთი ამბები გადახდა… თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით.

მემატიანეები ამბობენ, ბასტიანმა სწორედ ფანტაზიაში იპოვა თავისი მიზანიო. აქ ისწავლა მან სიყვარული და სიხარული რომ ერთი და იგივეა და მას მერე ეს აღარც დავიწყებია. იმასაც ამბობენ, ბევრ სხვასაც ჩაუნერგა ეს ნიჭიო. ამ ბიჭუნამ ფანტაზიაში მოახერხა საკუთარი თავის შეყვარება. აქ მან თავისი თავი ისეთი მიიღო, როგორიც სინამდვილეში იყო, მიხვდა, რომ არჩევანი თავიდანაც რომ მიეცათ, ისევ საკუთარ თავს აირჩევდა და არა იმას, ვინც ფანტაზიაში იყო – ძლიერ, გონიერ, მამაც, უშიშარ, ლამაზ ყმაწვილს. თუმცა ფანტაზიიდან ჩვენს სამყაროში დაბრუნებულ ბასტიანს სწორედაც რომ შევნიშნე სიმამაცე, გონიერება და კიდევ სხვა მრავალი სიკეთე.

ამ ლამაზ წითელ ფოლიანტში ისეთი კითხვები მომაყარეს პერსონაჟებმა, პასუხის გაცემას ეგება მთელი ცხოვრებაც მოვუნდე. რა არის სურვილი? რა გვახსოვს წარსულიდან? საერთოდ, შეგვრჩა მოგონებები? გვახსოვს ბავშვობა? რაზე ვოცნებობდით ბავშვობაში, რისი გვჯეროდა? ხომ გვქონდა სურვილები… ლამაზი, კეთილი, გულწრფელი სურვილები და ოცნებები. ჰოდა, რატომ დაგვავიწყდა? მაინც როდის ვაქციეთ ზურგი საკუთარ თავს და როდის გავხდით ისინი, ვინც დღეს ვართ… ზოგიერთ ჩვენგანს შეიძლება სულაც გადაავიწყდა როგორი იყო ერთ დროს.

ბასტიანმა ფანტაზიაში ისეთი მეგობარი შეიძინა, ათასჯერ რომ დაიბადოთ, შეიძლება ერთხელაც ვერ წააწყდეთ მისებრ ერთგულს. იქნებ ესეც უნდა დაიმსახუროთ. აბა წარმოიდგინეთ, რამდენი ადამიანი გიყვართ და რამდენს გეამაყებათ, რომ მას თქვენც უყვარხართ? მე მგონია რომ ბასტიანმა დაიმსახურა ეს მეგობარი. ის ხომ მიხვდა, რომ სურდა ყოფილიყო სწორედ ისეთი, როგორიც არის და სურდა ჰყვარებოდათ თავისი შეცდომებიანად, ან თავისი შეცდომების მიუხედავად. ოღონდ თუ საკუთარი თავი არ გიყვარს, სხვას ვერ შეიყვარებ. მაგრამ როცა შენი მეც გიყვარს, შენი მამა გიყვარს, დედა გიყვარს, მეგობარი, შეყვარებული, ადამიანები გიყვარს, მერე შენც უყვარხარ მათ და ამას იმსახურებ კიდეც.

დაუსრულებელ ამბავში ერთი თეთრი დრაკონია, იღბლის დრაკონი. ალბათ მე ყველაზე მეტად სწორედ ის მიყვარს ამ წიგნიდან. იმიტომ, რომ ის იმედს არასოდეს კარგავს, ყოველთვის ოპტიმისტია. ის ხომ იღბლის დრაკონია, სხვაგვარად შეუძლებელიცაა.

თქვენმა მონა–მორჩილმა იმდენი იტირა წიგნის დასასრულს, ერთ ამარგანთის ქალაქს კიდევ ააშენებდა, თუმცა ეს უკვე სხვა ამბავია და სხვა დროს მოგიყვებით. მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ სიკეთის და მეგობრობის მწამს, სიყვარული სიხარულად მიმაჩნია და ყველანი მიხარიხართ.

მადლობა მიხაილ ენდეს, რომ არსებობდა და ეს წიგნი დაწერა.

P.S. ისედაც სულ ვეჭვობდი, რომ მეც ერთი წიგნის პერსონაჟი ვარ და წესით ავტორიც უნდა მყავდეს. ალბათ ამიერიდან სულ მომინდება ამ მწერალს დავთრები ავურიო, მაგრამ როგორ გავექცე მის ნებას, ჯერ არ ვიცი.

Advertisements

4 thoughts on “დაუსრულებელი ამბავი

  1. სოფი, ღიმილით ჩავიკითხე პოსტი, ისე სასიამოვნოდ გიწერია 🙂
    წიგნი კი გენიალურია – არ შემრცხვება და მოურიდებლად ვუწოდებ ასე!

    Like

    • მადლობა ^_^ სავსებით გეთანხმები. ასე რა ხანია არაფერს ავუღელვებივარ

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s