მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა

წინა პოსტს მშვენივრად მოვარგე უსაყვარლესი სერიის სათაური და აქაც იგივენაირად მოვიქცევი. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა დღესდღეობით ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს თავის საქმეში და ამ ბლოგის ავტორიც ყურადღებით ადევნებს თვალს მათ გამოცემებს. ფიქრობს, რომ მათ არაერთ წიგნს შეიძენს წიგნის ამ ფესტივალზე. უკვე ტრადიციულად, ჯერ სერიებს განვიხილავ.

მსოფლიო ბიბლიოთეკის ლიტერატურა

ვფიქრობ, ეს სერია მეტ-ნაკლებად ყველამ იცის უკვე. შესანიშნავი ხარისხის, მაგარყდიანი, ლამაზი გამოცემა, ას ტომად ჩაფიქრებული, მოიცავს ყველაზე მნიშვნელოვან ავტორებს ანტიკური ხანიდან მოყოლებული ვიდრე დღემდე. ეს ასი წიგნი დაყოფილია ერთგვარ ქვესერიებად:

✶ ანტიკური მწერლობა (33 ტომი)
✶ აღმოსავლური კლასიკური მწერლობა (22 ტომი)
✶ შუა საუკუნეების ევროპული ლიტერატურა (15 ტომი)
✶ ძველი ქართული მწერლობა (10 ტომი)
✶ აღორძინების ხანისა და XVII საუკუნის ევროპული მწერლობა (20 ტომი)

დამეთანხმებით, შესანიშნავი შენაძენი იქნება ნებისმიერი ბიბლიოფილისთვის. მე პირადად ყველაზე მეტად მაინც ანტიკური მწერლობა მხიბლავს, ჩემი მომავალი პროფესიის გამო ალბათ და რომელიც უკვე სრულადაა გამოსული (თუ არ ვცდები, ბოლო ორი წიგნის ბედი ჯერაც გასარკვევი მაქვს 🙂 ).

მე რომ აქ თავი არ შეგაწყინოთ ვრცელი სიებით, პირდაპირ გადაგამისამართებთ გამომცემლობის გვერდზე, სადაც თავად შეგიძლიათ უფრო დაწვრილებით გაიგოთ ყოველივე. ჩემი ვარაუდით, ფესტივალზე თითოეული წიგნის ფასი 10 ლარი იქნება. შეიძლება ყველას ერთად შეძენის მსურველისთვის, უფრო იაფიც ღირდეს, არ ვიცი.

ორიოდე სიტყვით ამ სერიაზე ვერაფერს იტყვი. ცალკეული წიგნების შესახებ მოკლედ საუბარიც გაჭირდება. მგონი, ვინც ამ სერიით დაინტერესდება, ისედაც ეცოდინება რასთან აქვს საქმე. ჰომეროსის “ილიადას” და “ოდისეას” წარდგენა არ სჭირდება, ძველი ბერძნული ლირიკა – ალკეოსი და საპფო (საფოდ ცნობილი), ანაკრეონი, თეოკრიტოსი… პინდაროსის დიდებული ოდები; ჰეროდოტე და თუკიდიდე ისტორიებით, რომელიც სულაკაურმა სამხედრო ბიბლიოთეკის სერიაშიც გამოსცა (და შარშან ორ ლარად შევიძინე); დრამის წარმომადგენლები – სამი დიდი ტრაგიკოსი: ესქილე, სოფოკლე, ევრიპიდე და კომედიის მამა: არისტოფანე. პლატონი, ქსენოფონი, აპოლონიოს როდოსელი, ჩემი უსაყვარლესი ჰესიოდე და ერთი ტომიც – ძველი ბერძნული პროზა. ამის შემდეგ უკვე რომაული ლიტერატურის დრო მოდის, სადაც ასევე ლეგენდარული ვირგილიუსი, ციცერონი, ოვიდიუსი, პლუტარქოსი და სხვები დაგხვდებათ (როგორ უცებ დამეტყო, რომ ჯერ მხოლოდ ბერძნულ ლიტერატურას ვაცოდვილებ და რომაულის სწავლა არ დამიწყია).

Untitled

 

მსოფლიო კლასიკა

შემდეგი, ასევე საყურადსაღებო სერიაა მსოფლიო კლასიკა, რომელიც შემდეგი წიგნებითაა წარმოდგენილი:

ვლადიმირ ნაბოკოვი – ლოლიტა
ხულიო კორტასარი – სამხრეთის გზატკეცილი
იასუნარი კავაბატა – თოვლიანი მხარე / ათასფრთიანი წერო
მიგელ ანხელ ასტურიასი – სენიორ პრეზიდენტი
ავგუსტ სტრინდბერგი – რომანი და პიესები
ჯეიმზ ჯოისი – ულისე
იოჰან ვოლფგანგ გოეთე – ფაუსტი
კობო აბე – ქალი ქვიშაში / ადამიანი ყუთი
უილიამ ფოლკნერი – ხმაური და მძვინვარება
თომას მანი – ჯადოსნური მთა
უილიამ გოლდინგი – ბუზთა ბატონი
მაქს ფრიში – Homo Faber / ვიქნები თუნდაც განტენბაინი
კნუტ ჰამსუნი – მისტერიები
მიშელ უელბეკი – პლატფორმა
მარიო ვარგას ლიოსა – დეიდა ხულია
ჰერმან ჰესე – ტრამალის მგელი
ორჰან ფამუქი – მე წითელი მქვია

თავადაც ხედავთ, რამდენი ქვეყანა, რამდენი ეპოქა და ჟანრია წარმოდგენილი სერიაში. შესანიშნავი ხარისხის წიგნებია, რაც მათ ფასზეც აისახება. არც კი ვიცი, რამდენ პროცენტიანი ფასდაკლებით შეიძლება ეს წიგნები შეძენადი გახადო. თუმცა, უმრავლესობა ისეთი წიგნია ერთხელ რომ უნდა იყიდო და დადო სახლში (ალბათ). მე პირადად მაქს ფრიშს აუცილებლად ვიყიდი, მერე რა რომ წაკითხული მაქვს. ეგ წიგნი აუცილებლად უნდა/მინდა მქონდეს სახლში და ღირდეს რაც გინდა. უფულობისა რა ვთქვი, თორემ ნაბოკოვსაც წავიღებდი სახლში, სტრინდბერგსაც, კობო აბესაც, უელბეკსა და ჰესესაც…

ფესტივალზე დაგვხვდება ლემის “სოლარისი”! მართალია პირველად არ გამოიცემა, მაგრამ იმდენი ხნის წინ გამოიცა და იმდენად აღარ იშოვება ეს წიგნი, რომ ნამდვილად კარგი ახალი ამბავია, სახლში ახალთახალი სოლარისის მიცუნცულება რომ შეგვიძლია. საერთოდაც, მეტი ფანტასტიკა/ფენტეზი ხალხს!

პერსი ჯექსონი ვინმემ არ იცით? ამ გამომცემლობამ რიორდანის “მეხის ქურდიც” გამოსცა. სალმან რუშდის “ფლორენციელ ჯადოქარს” არ იკითხავთ? თქვენი მონა-მორჩილი აგრეთვე აპირებს ფრანსუა ვიიონის, ოსბორნის, უელბეკის, ვაგნერის, შოუს, ნაბოკოვის, სიეშტადის შეძენას (რა თქმა უნდა სადამდეც ჯიბე გასწვდება). ყოველ შემთხვევაში უელბეკის “რუკა და ტერიტორია” და “სიცოცხლის გაგრძელება და სხვა ტექსტები” ნამდვილად მინდა.

 ასევე ამ გამომცემლობამ წამოიწყო იმ წიგნების გამოშვება, რომელთა ეკრანიზაციებმაც სხვადასხვა დროს დიდი გამოხმაურება ჰპოვა. უკვე გამოსულა გრუმის “ფორესტ გამპი”, კეპოტის “საუზმე ტიფანისთან” და ჭეიშვილის “ცისფერი მთები”. ზემოთ ნახსენები “სოლარისიც” ამ სერიისაა. საყვარელი გამოცემებია, თან ძვირიც არ ღირს; ფესტივალზე სავარაუდოდ უფრო იაფად იქნება.

წესით ამით უნდა დამეწყო, მაგრამ ახლა ვიტყვი ასტრიდ ლინდგრენის შესახებ. სირცხვილიც კია ახსნა დაგიწყოთ ვინაა ეს ადამიანი. ❤ სულაკაურმა მისი იმდენი წიგნი გამოსცა, მხოლოდ ამის გამო უნდა სცემდეს პატივს მკითხველი გამომცემლობას. პეპი, ემილი, კალე, რასმუსი, ლოტა, მიო, ბიულერბიუელი ბავშვები… ❤ ასაკობრივ ჯგუფებადაც აქვთ დაყოფილი, ასე რომ ბავშვებისთვის საჩუქრების გასაკეთებლად შესანიშნავი დროა (მეც ბავშვი ვარ და ლინდგრენის მოყვარულ ჩემზე ორჯერ დიდ ბავშებსაც ვიცნობ ^_^).

აი ის ლურჯი წიგნები შეგინიშნავთ, ვაგნერის შესახებ რომაა? ბერნარდ შოუს “ჭეშმარიტი ვაგნერიანელი”, ჩარლზ ოსბორნის “ვაგნერის საოპერო შემოქმედება” და თავად ვაგნერის მოთხრობები, წერილები და ესეები. შარშან ვაგნერის 200 წლის იუბილეს აღსანიშნავად გამოვიდა ეს წიგნები.

ამავე გამომცემლობისაა ორი ბესტსელერთა შორის ბესტსელერი (ორი კი არა ექვსი): კოლინზის “შიმშილის თამაშები” და ლარსონის გოგონა დრაკონის ტატუთი, რომელმაც კრაზანების ბუდე დაანგრია და ცეცხლს ეთამაშებოდა. 🙂 ჰოდა ვისაც ჯერაც არ წაგიკითხავთ, ან წაიკითხეთ და ყიდვა გინდოდათ, თქვენ იცით, სწორედ შესაფერი დროა.

ვინ აღარ იცის ერიკ-ემანუელ შმიტი, რომლის რვა წიგნი სწორედ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა:

  • ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი
  • პილატეს სახარება
  • ულისე ბაღდადიდან
  • ბატონი იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები
  • ნოეს შვილი
  • სუმოისტი, რომელიც ვერ სუქდებოდა
  • კონცერტი ანგელოზის ხსოვნას
  • ოდეტ ტულმონდი

ამ წიგნებიდან ზოგი ისედაც ისეთი იაფია, ჩათვალეთ ფასდაკლებით უფასოდ ჩაგივარდებათ ხელში. მე პირადად მომეწონა შმიტი, სულ ორი-სამის წაკითხვა მოვასწარი, მაგრამ გავბედავ და გირჩევთ სცადოთ წაკითხვა თუ ჯერაც არ იცნობთ ამ ავტორს.

აგრეთვე უკვე ყველასათვის ცნობილი ორჰან ფამუქი, გამომცემლობის ერთერთი ნიშაა, მისი ხუთი წიგნი (სხვადასხვა ფორმატში) დაბეჭდა:

  • შავი წიგნი
  • ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები
  • თოვლი
  • მე წითელი მქვია
  • მდუმარე სახლი

ამ ავტორის მოყვარულებს შეუძლიათ დრო იხელთონ და შეივსონ კოლექცია.

მე საიეშტადის “გროზნოს ანგელოზის” ყიდვას ვაპირებ, მაგრამ ჯერ არ წამიკითხავს და ვერაფერს გეტყვით. თუმცა ძალიან საინტერესო კი მგონია. სეიფედინის “პირველი ცოდვაც” ნამდვილად არ იქნება ურიგო, ხოლო ფონკინოსის “ჩემი ცოლის ეროტიკული პოტენციალი” ზუსტად ვიცი რომ საინტერესო წიგნია. ძალიან, ძალიან მიყვარს გიუნტერ გრასის “თუნუქის დოლიც”, ასევე ამავე გამომცემლობის პროდუქტი და დიდი მადლობა მათ მისი გამოცემისათვის. გრასის “დედალი ვირთაგვაც” გვაჩუქეს ქართულ ენაზე, რომელიც ჯერ არ წამიკითხავს, მაგრამ დიდხანს აღარ გადავდებ.

ამ გამომცემლობის წიგნებს ნამდვილად ვერ ამოვწურავ ერთ პოსტში და აქ გავჩერდები, თუმცა დაინტერესებულ მკითხველს ვურჩევ ეწვიოს მათ საიტს, ყურადღებით გადაავლოს თვალი და აუცილებლად მიაკითხოს მათ სტენდს წიგნის ფესტივალზე. 🙂

 

Advertisements

10 thoughts on “მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა

  1. თაროებს ვალაგებდი რამდენიმე დღის წინ და “დიოგენეს” შემდეგ ყველაზე მეტი სულაკაურის გამოცემები მქონია 🙂 ❤ ფესტივალზეც შევმატებ რამეს – "ჩრდილი გზაზე" მაინტერესებს ძალიან და კიდევ გადავხედავ, აკა ისეთ ტემპში წერს, რამე გამომრჩებოდა 😀 ფორესტს, მურაკამის და რუშდის ახალ თარგმანებსაც გადავინაწილებთ "დროებით მფლობელობაში გადაცემის" პერსპექტივით :)))

    Like

    • შენს თაროებს მეც კი დავალაგებდი ისე 😀
      აკა აღარ ვახსენე უკვე და ძაანაც მივქარე ისე ვატყობ :დ აღარ ვიცი ფული როგორ გადავანაწილო ფესტივალისთვის, არადა 200 ლარი მაქვს გადადებული, ცოტა ნამდვილად არაა :/
      ტყუილად წამოვიწყე მგონი ეს “საქმე”, კაი რთული რამეა, მარა შუა გზაზე მიტოვებაც არ მიყვარს, რაც არის არის :/

      Like

  2. სერიოზული ნაშრომია )))
    თუნდაც მხოლოდ ამისთვის იმსახურებს ვარსკვლავს ))
    მე რომ წიგნის მაღაზია მქონდეს, სოფიზე უკეთეს კონსულტანტს ალბათ ძნელად ვიპოვიდი ))

    Like

    • ტერა ❤ შენ თუ ამბობ სერიოზული ნაშრომიაო, გამომსვლია რაღაც. მიხარია ))

      პ.ს. მომენატრე.

      Like

  3. კავაბატა ცუდადაა შერჩეული.
    მთის გმინვა როგორ გამოტოვეს.. რა თოვლიანი მხარე 😦

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s