შემაჯამებელი პოსტი

ორიოდე კვირაში ოცი წელი შემისრულდება. ამ პოსტსაც ალბათ 25 მაისს დავწერდი, მაგრამ მაგ დროს ფინალი უწევს, ჩემპიონთა ლიგის, ჩემი გუნდის გარეშე და რაღაც წინასწარ ვერ ვარ განწყობაზე.

ოცი წელი რომ ძალიან ბევრიცაა და ძალიან ცოტაც, ამაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. საუკუნის მეხუთედია რა. სავარაუდოდ ამაზე მეტი კიდევ წინ მაქვს, ასე რომ დროზე მაინცდამაინც არ მეფიქრება.

რომ მახსენდება რა კარგად დაიწყო, ვერაფრით ვხვდები ასე როგორ უნდა დასრულდეს! ჩემი დაბადების დღის ნაცვლად მიუნხენის ბაიერნის მოგებას ვზეიმობდი, მილოცვების უმრავლესობაც მე კი არა ბავარიას ეხებოდა. რა დრო იყო… ახლა კი რა, ახლა მადრიდის რეალთან მთლად კატალონიურად წავაგეთ და მომიწევს ფინალში ესპანელებს ვუყურო (რამენაირად გილოცავთ მადრიდისტებო, ყველას არა ოღონდ).

წიგნის ფესტივალი და უამრავი საყვარელი ნაცნობი მახსენდება წინა მაისში, რომელთაც ახლა ისევ ვნახავ ფესტივალზე. იმედია წელსაც უხვად წავაცუნცულებ წიგნებს სახლში.

ჩემმა ზაფხულმა უღიმღამოდ ჩაიარა, მხოლოდ წიგნები და ფილმები იყო საინტერესო მგონი. ჰო, კიდევ რემონტი სახლში.

სასწავლო წელი საშინლად დაიწყო. მე და ეკონომიკამ ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა გამოვუცხადეთ და აშკარად ვაგებდი, დროზე რომ არ მეშველა თავისთვის. ახლა კლასიკური ფილოლოგიის სტუდენტი ვარ. არა სრულად უნდა ვთქვა: ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის მეორე კურსის სტუდენტი. ეკონომისტს მილიონჯერაც სჯობს. მე მგონი კმაყოფილი ვარ და აქ დავრჩები. თუმცა ხანდახან მაინც გამირბის ხოლმე თვალი ხან ისტორიისკენ, ხან ხელოვნებათმცოდნეობისკენ, მაგრამ არსად წამსვლელი აღარ ვარ, ვიცი.

ჰო მართლა, რამდენიმე დღეში თინეიჯერი აღარ ვიქნები.

ამ წელს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანიც დავკარგე, ვიღაც ძალიან მნიშვნელოვანიც. შეძენის კი რა გითხრათ, რამდენიმე სურვილის გარდა ვერაფერი შევიძინე.

უი, ქინდლი მოვიგე, ამ ბლოგის და სანტა-ესპერანსას წყალობით. გახსენებაზე, ერთი-ორი ადამიანიც მაშინ დავკარგე, საშინლად იმედგაცრუებულმა.

ჭადრაკის თამაში დავიწყე. ისე ჩემთვის. ბევრი ვერაფერი, მხოლოდ კომპიუტერს ვეთამაშები და მეხუთე დონის მეტს ვერ ვუგებ.

შემიძლია ცოტა ციფრებიც მოვიშველიო: სამოცდაათიოდე წიგნი წავიკითხე, ორასამდე ფილმი ვნახე, ათამდე მეგობარი შევიძინე, ხუთიოდე კილოგრამი დავიკელი და ორი კაპიკიც არ მიშოვია. აი ასე.

პირადი ფრონტი, ისევ ფრონტია, დროდადრო ხანმოკლე ზავი თუ ამომასუნთქებს, სხვა მხრივ მძიმე არტილერია და ახალი მთავარსარდალი არ მაწყენდა.

Facebook ახლახანს გავაუქმე, საბოლოოდ. უკვე მივეჩვიე კიდეც თუმცა ამ ერთმეგობრიან ფეიქ პროფილებს ვერ გადავეჩვიე).

ახლა მსოფლიო ჩემპიონატს ველოდები და გერმანიის ნაკრების მჯერა.

ჰოდა ჩემო თავო, გაოცებას გილოცავ და ნამდვილ გაოცებას გისურვებ, გფარავდეს მერლინის წვერი!

პ.ს. კიდევ მოხდებოდა რამე ალბათ, მაგრამ მეშინია სხვა წლებში არ ავურიო, თან ვის აინტერესებს ერთი.

პ.პ.ს. თქვენც გილოცავთ ჩემს დაბადების დღეს, გისურვებთ მეორედაც დავიბადო.

Advertisements

9 thoughts on “შემაჯამებელი პოსტი

  1. გილოცავ და წარმატებებს გისურვებ არათინეიჯერულ ცხოვრებაში 🙂

    Like

  2. გილოცავ 🙂 არათინეიჯერული ცხოვრება სულაც არ განსხვავდება თინეიჯერულისგან, მაგრამ წარმატებები მაინც საჭიროა 😉 ბაიერნიც ხან მოიგებს, ხან წააგებს. ჩვენ უკვე 7 წელია ლიგა არ მოგვიგია, მაგრამ ვუძლებთ 😀 მთავარია გაქცევა მაღლივიდან და ქინდლ-კონკურსი წარმატებით დასრულდა და კიდევ იქნება ბევრი კარგი რაღაც წინ 🙂

    Like

  3. გილოცავ! 🙂 ყველა მიზნის მიღწევას, ბევრ წარმატებას და ბედნიერებას გისრუვებ 🙂
    20-იანებში შედიხარ, ამბობენ ეს ყველაზე კარგი პერიოდიაო 🙂 მე ვეთანხმები 🙂 თუმცა ალბათ ეს ყველა ასაკზე შეიძლება ითქვას 🙂

    Like

    • სპამებში ჩაუგდია შენი კომენტარი ((
      დიდი მადლობა ^_^ ვნახოთ როგორ გაამართლებს 20იანი ^_^

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s