მკითხველის ხელშეუვალი უფლებები

 დღეს ბიბლიოთეკაში პენაკის “რომანივით საკითხავი” წავიკითხე.

სათაურში ნახსენები უფლებების შესახებ ოდნავ მოგვიანებით ვისაუბრებ, მანამდე კი მინდა გითხრათ, რომ კითხვა შეიძლება არც გიყვარდეთ, მაგრამ მაინც სცადეთ ამ წიგნის წაკითხვა. თუ მასწავლებელი ხართ, შვილი გყავთ, ან თავად გიყვართ კითხვა და გინდათ სხვებსაც შეაყვაროთ, თქვენც წაიკითხეთ. ერთად “გავტესტოთ” პენაკის მოსაზრებანი წიგნებთან, კითხვასთან და კითხვის სიყვარულთან დაკავშირებით. იქნება და გამოდის.

(იცოდით, რომ ფლობერი თავის ლუიზას იმიტომ უგზავნიდა წიგნებს, რომ მას ცოტა ხნით მაინც დაენებებინა თავი მისთვის? ამასობაში კი თავად ‘მადამ ბოვარს’ წერდა!)

პენაკმა კი ბევრი ილაპარაკა იმაზე, რომ წაკითხულზე საუბარი (იმაზე თუ რა გაიგე, რა აზრი გამოიტანე და რა მოგეწონა/არ მოგეწონა) არ ეგების, საჭირო არაა, მაგრამ ის გულისხმობდა ადამიანებს, რომლებსაც კითხვის იმიტომ ეშინიათ, რომ მოუწევთ უპასუხონ კითხვას რა გაიგეს. მე კიდევ არავინ არასდროს მეკითხება რა გავიგე, ჰოდა რამდენსაც მინდა იმას ვილაპარაკებ თუნდაც ამ წიგნზე.

რა ვიცი, მოგიყვეთ, რომ ბავშვებს ზღაპრები უნდა უკითხოთ, კითხვა არ დააძალოთ, არ დააჩქაროთ ისწავლოს, არ აიძულოთ ჩარჩოში ჩაჯდეს… მოკლედ ეს თავად წაიკითხეთ, მე ერთი-ორი მომენტი ჩამრჩა გულში და იმას ვიტყვი.

აი მაგალითად ის მომენტი, მასწავლებელი ძნელად აღსაზრდელთა კლასში (აი ვისაც Dangerous method ან Detachment გინახავთ, მიხვდებით როგორი ძნელად გასაზრდელებიც იგულისხმება) რომ შევა და უბრალოდ ზიუსკინდის ‘სუნამოს’ წაუკითხავს. ხომ გახსოვთ როგორც იწყება… პენაკი ამბობს, რომ ზიუსკინდს სტივენსონი მოჰყვა, იმას უაილდი, იმას კიდევ… რა ვიცი აბა. მთავარია ბავშვებმა წიგნი მართლა აიღეს ხელში და კითხვას შეუდგნენ. თავისით. ამას მოჰყვება ბავშვების კომენტარები, რომლებიც ამა თუ იმ წიგნს განიხილავენ და პენაკი წერს:

ლიტერატურულ გემოვნებას ჯერ დახვეწა აკლია, მაგრამ ეგ არაფერია… დრო უნდა და თავისით მოვა… დაანებეთ თავი, მთავარია იკითხონ, იკითხონ და ყველაფერი თავისით მოვა…

მერე მოსწავლეები დოსტოევსკსაც ახსენებენ და ავტორმაც დაუმატა: აი, ხომ ხედავთ… უკვე მოდის.

ზიუსკინდის “სუნამოს” ასე 7-8 წლის წინ ‘მოვკარი’ თვალი პირველად. კინო ამირანში ლიტერატურული კაფე იყო ხოლმე და ერთხელ იქ ყოფნისას სწორედ ეს წიგნი გადმოვქექე. ვიცოდი დაწყებას აზრი არ ჰქონდა, ბოლომდე მაინც ვერ წავიკითხავდი, მაგრამ მაინც დავიწყე და ის ოცდაათიოდე გვერდი დღესაც ზეპირად ვიცი. ერთი ეგაა, მაშინ პატარა ვიყავი და არც წიგნი მქონდა გაგონილი, არც მწერალი, არც ფილმი. მალევე მიმავიწყდა, რადგან ავტორი ვერ დავიმახსოვრე. წლების მერე, როცა თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მივხვდი, რომ სწორედ ეს იყო ის ‘სუნების მეფისა’ და ‘ჟრუანტელის გამომწვევი’ გრენუის თავგადასავალი, რომელიც იმ წვიმიან-ბურუსიან დღეს წავიკითხე (როგორ მიყვარს ასეთი ვითომ ლირიკული ჩართვები),  რაღაცნაირი დეჟავიუს გრძნობა დამეუფლა, თუმცა რაღა დეჟავიუ ესაა.

ჰო, კიდევ გვერდების თვლაზეა ორიოდე აბზაცი წიგნში, ფრიად სახალისო. აი იმ ადამიანს, რომელსაც კითხვა არ უყვარს, რომ დაუთვალო თუკი დღეში ერთ საათს დაუთმობს კითხვას, კვირის ბოლოს რამხელა წიგნს დაამთავრებს, ვითომ მოაბრუნებ ლიტერატურისკენ? ორიოდე აბზაცი კი იმაზეც იყო, გვაქვს თუ არა დრო კითხვისთვის.

მე მჯერა, რომ ყოველი ინდივიდისთვის სწორად შერჩეული ლიტერატურა, მათ აუცილებლად გაუღვიძებს ცნობისმოყვარეობას და შეაყვარებს წიგნებს და როგორც პენაკი წერს, ჯერ წიგნების ამხელა მოცულობა შეაწუხებთ, მერე კი ის, რომ ასე ცოტაღა დარჩა წასაკითხი.

ბიბლიოთეკარებსა თუ წიგნის მაღაზიაში მომუშავე გამყიდველების შესახებ კი პენაკის თქმა ნამდვილად არ მინდოდა, ისედაც უამრავი რამ მსმენია. მე პირადად არც ერთ მათგანზე არ დამცდება აუგი, ყველგან და ყოველთვის კარგად მეპყრობიან, რა გითხრათ. მაგრამ… არა, ცუდი იქნებოდა ბიბლიოთეკარი სანამ საჭირო თაროსთან მიგიყვანს ორიოდ სიტყვას ამა თუ იმ წიგნზეც გეტყოდეს? ზეპირად რომ იციან სად რომელი წიგნი უდევთ, ხანდახან რჩევებიც გასცენ ისე, სასხვათაშორისოდ.

სანამ დამვიწყებია მკითხველის ხელშეუვალ უფლებებსაც ჩამოგითვლით:

1) არ წავიკითხოთ

2) გამოვტოვოთ გვერდები

3)ბოლომდე არ წავიკითხოთ

4) ხელახლა წავიკითხოთ

5) რაც გვინდა ის წავიკითხოთ

6) ბოვარიზმის უფლება (ტექსტუალური გზით გადამდები დაავადება)

7) სადაც გვინდა იქ ვიკითხოთ

8) საიდანაც გვინდა იქიდან დავიწყოთ კითხვა

9) ხმამაღლა ვიკითხოთ

10) არ ვილაპარაკოთ წაკითხულზე.

და ბოლოს, “მკითხველის” ცნება. ჩემს გარშემო უმრავლესობას ავადმყოფი ჰგონიხარ თუ ბევრს კითხულობ (მე არ ვიცი ბევრი რამდენია, ზოგისთვის ორი უკვე მრავლობითი ცნებაა). აბა რატომ კითხულობ ამდენს თუ შეშლილი არ ხარ ან როგორ არ ხარ შეშლილი თუ ამდენს კითხულობ. ნუ როგორც უხარიათ. არადა ჩვენ ყველანი ვახერხებთ იმას, წიგნების კითხვა არ უყვარდეთ ადამიანებს. პირველი კლასიდან ვაშინებთ კითხვით: რა გაიგე? როგორ ვერ გაიგე? მერე ვაიძულებთ იკითხოს და ვაძულებთ კითხვას. ვაშინებთ, ვაფრთხობთ და ისინიც ღრმად იბეჭდავენ თავში, რომ კითხვა არაა მათი საქმე, რომ კითხვა დროის ფლანგვაა, რომ კითხვის ნიჭი (?) არ აქვთ, რომ ეს მოძველებული ჩვევაა, არქაული გადმონაშთი… რომ… რომ… რომ…თორემ მე აგერ სნობურად გავიხსენებ, რომ ხარბედიას ‘პირად ბიბლიოთეკაში’ ერთ სიტყვას წავაწყდი _ “ბიბლიოფაგი”, ანუ ადამიანი, რომელიც განურჩევლად ყველაფერს კითხულობს. ბიბლიოფილი სხვაა, ეგ ჩამოყალიბებული გემოვნების ადამიანია, ერთი წიგნისთვის სამყაროსაც რომ გადააქოთებს.მე მთლად ყველაფერს ვერ ვკითხულობ, მაგრამ საკითხავის ძიება ჯერ არ დამჭირვებია. მთავარი სურვილია და იმიტომ.

Advertisements

6 thoughts on “მკითხველის ხელშეუვალი უფლებები

  1. ამ წიგნის წაკითხვამდე მასწავლებლებს დიპლომს არ უნდა აძლევდნენ და მშობლებს შვილს არ უნდა ატანდნენ სამშობიაროდან 😀

    Like

    • არ იქნებოდა ურიგო 🙂 მეც ახლაღა წავიკითხე, კიდევ კარგი დიპლომი ჯერ არ მაქვს 😀

      Like

  2. ძალიან საინტერესო და მსუბუქი ირონიით დაწერილი წიგნია. ისეთი წიგნი ყველას თაროზე და არა მარტო თაროზე, ყველას გულში საპატიო ადგილს რომ იკავებდეს ❤ თუმცაღა ერთ რამეში არ ვეთანხმები ავტორს: "ბევრი არ ილაპარაკო წაკითხულზე". ბევრი არ ვილაპარაკო? თუ ენა არ მოვიქანცე და წიგნის ავ-კარგიანობაზე არ მოვყევი მსჯელობას რა გამაძლებინებს

    Like

    • ჰო მეც არ მიყვარს დუმილი მაგ დროს, მაგრამ მე ვიფიქრე იმას გულისხმობს, ნუ დააძალებთ ლაპარაკსო, ვინაიდან სწორედ მაგიტომ ეშინიათ კითხვის, რომ მოუწევთ ახსნან ‘რა გაიგეს’. ეს უმთავრესად სკოლის მოსწავლეებს ეხებათ სავარაუდოდ, განსაკუთრებით პატარა ბავშვებს, რომ დაუმარცვლიან დ ე დ ა, რა გამოვიდაო და ბატიო.
      იყო კიდევ ერთი მომენტი, ბევრს იმიტომ არ უნდა წაკითხულზე ლაპარაკი რომ იმედგაცრუებულია. თავად წაიკითხა აღფრთოვანდა, შეიცვალა, გრძნობებით აღივსო და უცებ ხვდება რომ ამ წიგნმა სამყაროში ბევრი ვერაფერი შეცვალა და ასე უსასრულოდ მოკლედ.

      ჩვენ ვილაპარაკოთ, პენაკი რას დაგვიშლის :დ :*

      Like

  3. ბავშვობა სწორედ ის ეტაპია, როდესაც გაქვს უფლება იკითხო ყველაფერი, განურჩევლად მისი ავკარგიანობისა:) მხოლოდ ასე და მხოლოდ შენით შეიძლება მიხვდე რა არის ღირებული.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s