მე – სნობი მკითხველი

Clinton-Nixon-87723658678_xlarge ამას წინათ ე.წ. ‘მარშუტკა’ გავაჩერებინე შუა გზაზე, ბიბლუსი დავინახე და მომინდა რვეული მეყიდა, სადაც ჩემს უაზრო ფიქრებით გამოვსებულ თავს ცოტათი მაინც დავაცარიელებდი. როგორც ყოველთვის ამჯერადაც წამში გავაკეთე არჩევანი, მწვანეყდიანი რვეული დავინახე და სხვა რა გზა მქონდა, ვიყიდე. მაგრამ როგორც კი მასში ჩანაწერის გაკეთების საშუალება მომეცა, მაშინვე ისე გამოვცარიელდი, ძლივს გავიხსენე, საერთოდ რას ვკითხულობდი იმ ხანებში.

მერე მაინც გავიხსენე, რასაკვირველია. გვახარიას ‘ცრემლიან სათვალეს’ ვკითხულობდი მაშინ; გრასის “თუნუქის დოლს” და დიბისი პიერის “ვერნონ გენიოს ლითლის”. ვერაფერს დაუწუნებ ისეთი ჩამონათვალია ხომ? ამათ გარდა პლატონის “ფედონს”, ჰომეროსის “ოდისევსს” და არისტოტელეს “რიტორიკას” ვაცოდვილებდი, რა მექნა, უნივერსიტეტში მჭირდებოდა. თუმცა უნდა ითქვას, ძალით არასდროს არაფერი წამიკითხავს. ვერ წამიკითხავს. როგორც კი შესაბამისი განწყობა მოინახა, მაშინვე თავფეხიანად გადავეშვი ყოველივე ანტიკურის შესწავლაში და აღმოვაჩინე, რომ მალე შეიძლება აღარაფერმა დამაინტერესოს, რაც ქრისტეს დაბადების შემდგომ მომხდარა.

მაგრამ სათაურში ხომ მოგახსენეთ – მე ყველაზე საზიზღარი სნობი ვარ სამყაროში. წინა აბზაციც ხომ გამომივიდა სნობური. ვკითხულობ იმიტომ, რომ უკეთესი ვიყო, შენზე, სხვაზე, საკუთარ თავზე უკეთესი. იმიტომაც ვკითხულობ, რომ ამ სამყაროს გავექცე და იმიტომაც ვკითხულობ, რომ ჩემი ეს გაქცევა მუდამ უძღები შვილის იგავს ჰგავდეს, თუმცა ზუსტად არ ვიცი, რომელმა მამამ უნდა მიმიღოს და მაპატიოს.

სულ მიყვარდა კითხვის დროს მთხრობელის ტყავში შეძრომა – შეძლებისდაგვარად. გვახარიას თვალითაც ვცადე თითქოს უკვე ჩავლილი საბჭოეთის ეპოქის დანახვა. შეიძლება ნიშანდობლივიცაა, რომ სანამ ‘ცრემლიან სათვალეს’ ავიღებდი ხელში, ‘თუნუქის დოლი’ დავიწყე. ეს უკანასკნელი ხომ მეორე მსოფლიო ომის ეპოქაა, ცოტა მანამდე, ცოტა ომის დროს და ცოტაც შემდეგში… რამდენად ცოტა? ეს დაახლოებით იმდენია, რომ ბავშვმა გადაწყვიტოს სამი წლის ასაკში ზრდის შეწყვეტა.

შეიძლება იმდენიცაა, რომ არა მხოლოდ მშობლიური ერი, არამედ ზოგადად კაცობრიობა შეგაძულოს და ეს სიძულვილი საბოლოოდ საკუთარ თავს მიუტრიალო. ყოველთვის ასე ხდება, ჯერ სხვა მძულს, მერე ამის გამო საკუთარი თავი, საბოლოოდ მხოლოდ სნობური ნარცისიზმი მრჩება ხელთ და არ მკითხოთ ეს რა არის. არ მინდა მარლონ ბრანდოს სიტყვები, ქალებს იმიტომ ვერ ვიტან, რომ ჰგონიათ ყველაფერი იციან ჩემზე და კიდევ უფრო მეტი საკუთარ თავზეო, საკუთარ თავზე მივიღო. ვაღიარებ, არათუ სხვების, არამედ საკუთარი თავის შესახებაც აღარაფერი ვიცი (აჰა, ხომ გამოვავლინე, რომ ბერტოლუჩის “უკანასკნელი ტანგო პარიზში” ნანახი მაქვს).

თითქოს ოდესღაც ვიცოდი კიდეც, მაგრამ დამავიწყდა. შეიძლება ჩვენ ყველამ ვიცოდით ვინ ვართ, რანი ვართ, საიდან მოვდივართ… მაგრამ დაგვავიწყდა. ისე დაგვავიწყდა, რომ შევშფოთდით და ძიება დავიწყეთ, მაგრამ ამ ძიებამ მეტისმეტად მიგვაჯაჭვა წარსულს და უკან, მომავალში დაბრუნებას ვეღარ ვახერხებთ.

მე არ მინდა კაცებმა ისევ აიფარონ თვალებზე ხელი “გრძნობათა იმპერიის” ყურებისას. არ მინდა ისეთი ვიყო, ჩემ გამო, ჩემნაირების გამო ვინმემ (თუნდაც წიგნში) ზრდა შეწყვიტოს.

წეღან ჩამოვთვალე ჩემი სნობიზმის მიზეზები და თუ ვინმეს ეცოტავა, დავამატებ, მე იმ წიგნის ჭიებს ვბაძავ, ‘ყველაფერი’ წაკითხული რომ აქვთ. ყველაფერს ვკითხულობ. სულ ვკითხულობ. ბევრს, გამუდმებით. ახლა ხომ მოდაშია წიგნების კითხვა, ჰოდა მეც ვკითხულობ.

ახლა ხომ ისიც მოდაშია ვინმე ძალიან უცნობს კითხულობდე, ან რთულ გვარიანს მაინც, რა ვიცი. ან ძალიან ცნობილს და მარტივ გვარიანს ლანძღავდე. ჰო, კიდევ სასიკვდილე ორმოცდაათეულების (ორმოცდაცხრეულების, ორმოცდარვეულების, ორმოცდაშვიდეულების… სიკვდილსაც არ გაცლიან…) შედგენა და მათი ‘მოსწრებაა’ მოდაში.

სხვისი (სექსუალური) ცხოვრების განხილვა ხომ ყველაზე მოდური რამაა ალბათ. ვის უჩანს ძუძუ, ტრაკი, ვისთვისაა მისაღები ორალური სექსი და ვინ წავიდა ბერი გაბრიელის საფლავზე – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები იყო, სანამ Facebook–ს გავაუქმებდი, ახლა არ ვიცი. ბევრი არაფერი შეიცვლებოდა. ))

ნუ, პრინციპში, ესეც მოდაშია: ასეთ პოსტებს წერდე. ვითომ სნობიზმს ამოფარებული (?) და არ იცოდე სინამდვილეში რისი თქმა გინდა.

P.S. “I don’t have sexual relations with that woman, Miss Lewinsky. There is no sexual relationship.”

Advertisements

10 thoughts on “მე – სნობი მკითხველი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s