ზაფხულის დილა, ზაფხულის საღამო

ალბათ, ერთხელ მაინც, ყველა მკითხველს სმენია რეი ბრედბერის შესახებ და ასე მგონია, თუ სმენია, წაიკითხავდა კიდეც. ისეთი babuacveras-gvino-500x5001მწერალია, მის ერთ ნაწარმოებს რომ მოუღებ ბოლოს, მეორესაც აუცილებლად მიაყოლებ და მესამესაც. ხოლო თუ თქვენი ნაცნობობაც ამ მწერალთან “ბაბუაწვერას ღვინით” დაიწყო, მით უმეტეს.

ეს მცირე რომანი 1957 წელს გამოიცა და როგორც თავად ბრედბერი მოგვითხრობს, მისი თავდაპირველი სათაური “ზაფხულის დილა, ზაფხულის საღამო” უნდა ყოფილიყო. საერთოდაც, “ბაბუაწვერას ღვინო” და “მშვიდობით, ზაფხულო” ერთ წიგნად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ გამომცემელმა შეიცხადა, ძალიან დიდია, გავყოთ ორ ნაწილად, ერთი ახლა გამოვცეთ და მეორის გამოსაცემად შესაფერის დროს დაველოდოთო. ჰოდა, პირველ ნახევარს სათაური შეუცვალეს, “ბაბუაწვერას ღვინო” დაარქვეს და ისე გამოსცეს. მეორე ნაწილმა კი დღის სინათლე ნახევარი საუკუნის შემდეგ, 2006 წელს იხილა.

“ბაბუაწვერას ღვინოში” არ არის ერთი გამოკვეთილი სიუჟეტური ხაზი, ამბავი, თავგადასავალი; განსხვავებით მისი სხვა ქმნილებებისგან, ერთი შეხედვით არც ფანტასტიკაა. თუმცა შეიძლება სწორედ ეს წიგნია რეალურსა და ფანტასტიკურს შორის ზღვარის წაშლის მცდელობა.

dandelion-wine-book-coverწიგნი ერთგვარად ავტობიოგრაფიულია, არა მხოლოდ იმის გამო, რომ მთავარ პერსონაჟს ბრედბერის მეორე სახელი ჰქვია, ან წიგნში აღწერილი ქალაქი გრინთაუნი ავტორის მშობლიური ქალაქის, უოკიგანის ზუსტი ასლია; არამედ იმის გამოც, რომ ავტორი საკუთრი სიყმაწვილის განცდებს გვიამბობს. რომანის გაგრძელება “მშვიდობით, ზაფხულო” მომდევნო წლის ზაფხულის მიწურულს ასახავს, მაგრამ ორივე ნაწარმოები ერთად ბევრად მეტს იტევს, ვიდრე ორი ზაფხულის უბრალო მოგონებებია.

“ბაბუაწვერას ღვინოში” მწერალი არ გვავიწყებს თავისი ფილოსოფიის უმთავრეს ცნებას, რომ ნებისმიერი ჩვენგანი, ან ჩვენს გარშემო არსებული საგანი, უსასრულო სამყაროს მთლიანობის ნაწილია.

“…უკვე მართლაც ღამდებოდა ამ პატარა ქუჩაზე, პატარა ქალაქში, დიდ შტატში, უზარმაზარ კონტინენტზე, პლანეტა დედამიწაზე, რომელიც უსასრულო კოსმოსურ სივრცეში არარასკენ, ან იქნებ, რაღაც მიზნისაკენ მიექანებოდა, და ტომიც ამ უსასრულო ვარდნის ყოველ კილომეტრს შეიგრძნობდა. ის შემოსასვლელი კარის მინაში გაჰყურებდა ამ მქროლავ სიბნელეს, უცოდველი იერით თავს რომ იკატუნებდა, აქაო და უძრავად ვარო. თვალებს თუ მოხუჭავდი და წამოწვებოდი, მაშინღა გრძნობდი შენი საწოლის ქვეშ სამყაროს ტრიალს…”.

მთავარი პერსონაჟი დუგლასი სწორედ იმ ზაფხულს იწყებს ბლოკნოტში მოვლენებისა და მათთან დაკავშირებული განცდების აღნუსხვას ორ ნაწილად: “რიტუალები და ცერემონიები” და “აღმოჩენები და გამოცხადებანი”. პირველში ზაფხულის ყოველწლიურად გამეორებული აუცილებელი ატრიბუტებია ჩამოთვლილი: ვერანდაზე საქანელის ჩამოკიდება, ბალახზე შიშველი ტერფებით პირველი გარბენა, სპორტული ფეხსაცმლის ყიდვა, პირველი კოღოს ნაკბენი… ყველაზე მნიშვნელოვანი რიტუალი კი ოჯახის უხუცესის, პაპას ხელმძღვანელობით ბაბუაწვერას ღვინის დაწურვაა. ბაბუაწვერას სასმელი საკუთარ თავში ინახავს ზაფხულის ფერსაც, გემოსაც და სურნელსაც, – და, რაც მთავარია, მის სულს.

ზაფხულის (და წიგნის) ბოლოს დუგლასი და მისი ძმა ტომი აღმოაჩენენ, რომ ეს საოცარი ზაფხული ბაბუასთვის სულაც არ ყოფილა საოცარი და ყოველი დღე არაფრით განსხვავდებოდა მეორისგან. და მაინც, რჩება სარდაფში შენახული ბაბუაწვერას ღვინო, რომელიც უამრავ რამეს ინახავს:

“გაიხედავ ჭურჭელში ზამთრის დღეს და დამდნარი თოვლი წამში ბალახად გადაიქცევა, შიშველი ხეები ჩიტებით, ფოთლებით, ყვავილებით დაიხუნძლება, – თითქოს ყველაფერს პეპლების ფარფატით აღძრულმა ზღაპრულმა სიომ შემოუქროლაო.”

“მშვიდობით, ზაფხულო” უკვე ზაფხულთან გამოთხოვებით იწყება. ამ რომანში მოქმედება ისევ გრინთაუნში ვითარდება. სიუჟეტის farewell-summer-coverცენტრში კვლავაც დუგლას სპოლდინგია. წიგნში მოთხრობილია ომის შესახებ, რომელიც ბავშვებსა და მოხუცებს (პატარა მეტიჩრებსა და ბებრუხანებს) შორის მიმდინარეობს. რომანი სამ ნაწილადაა დაყოფილი და დასათაურებულია სამი ყველაზე ცნობილი სამოქალაქო ომის სახელწოდებით.

ნაწარმოები აგრეთვე მოგვითხრობს დუგლასის ურთიერთობის შესახებ მის მეგობრებთან, ძმასთან, ბაბუასთან. სპოლდინგი იზრდება სულიერად, ფიზიკურად და მკითხველი ხედავს, როგორ გადაიქცევა ის პატარა ბიჭიდან ახალგაზრდა მამაკაცად, როგორ ახერხებს უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, გაუგოს საკუთარ ცხოვრებას.

მე ვიტყოდი “მშვიდობით, ზაფხულო” მიმავალ ბავშვობასთან გამოსათხოვარი ერთგვარი ჰიმნია. ეს თავგადასავალი მშვენიერიცაა, მძაფრიც, ნაღვლიანიც, მხიარულიც, გულში ჩამწვდომიც, დაუვიწყარიც, ის ხომ მთელი 50 წლის განმავლობაში ყალიბდებოდა… ესაა წიგნი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენზე უსახელო, გამოუთქმელი ჭეშმარიტებანი, ის _  რასაც ვკითხულობთ.

Advertisements

4 thoughts on “ზაფხულის დილა, ზაფხულის საღამო

  1. სოფი, არცისე დიდი სნის წინ წავიკითხე “ბაბუაწვერას ღვინო” და შენი პოსტით მთელი ის ემოციების ზღვა გამახსენე, რომელიც წიგნის კითხვის დროს შევიგრძენი… დიდებული წიგნია: ჯადოსნური, სევდიანი, ნოსტალგიური, ზვიადი, მაგიური, იმედიანი… სიცოცხლეს რომ გაგრძნობინებს, თითქმის ხელშესახებად და მატერიალურად შეგაცნობინებს და ჩაგაფიქრებს. სულ სხვაგვარი ბრედბერი აღმოვაჩინე ამ წიგნით.
    აი, “მშვიდობით, ზაფხულო” კი არ წამიკითხავს და ჩავინიშნე უკვე.
    მშვენიერი პოსტია. მადლობა 🙂

    Like

    • მადლობა ბრედბერს უპირველეს ყოვლისა და მადლობა შენ გამხნევებისთვის :* 🙂
      ეს წიგნი “დიდი რომ გავიზრდები” კიდევ უნდა წავიკითხო არაერთხელ…

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s