Mein name sei Gantenbein

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მესამე კვირა.

მაქს ფრიშის “ვიქნები თუნდაც განტენბაინი”-ს კითხვა ნიშნავს გამუდმებულ ფიქრს გამოგონილ ისტორიებზე, რომლებიც თავის თავში სხვა ისტორიებს მოიცავენ. თუმცა შესაძლოა, წიგნში აღწერილი ამბებიდან მთავარ გმირს სინამდვილეში ერთი მათგანიც კი არ გადახდენია. საერთოდაც ძნელია იმის თქმა, ვინაა აქ მთავარი.

როგორც არ უნდა იქცეოდეს გმირი რომელიმე მომენტში, ავტორი აუცილებლად მოიფიქრებს მომხდარის ალტერნატივას. ხოლო თუ არაფერიც არ მოხდება, ესეც კარგია

სასიყვარულო ისტორიების უმრავლესობას საერთოდ რომ არ ეარსება, უკეთესი იქნებოდა.

ფრიში თითქოს ქუჩა-ქუჩა დაეძებდა თავის პერსონაჟებს და ტანსაცმელივით აზომებდა ცხოვრებისეულ ისტორიებს. ნაწარმოებში ერთმანეთში ირევა ავტორის ასოციაციები, რეალური, გამონაგონი და წარმოდგენითი ეპიზოდები. ამის მაგალითად შეიძლება ბარის ეპიზოდიც გამოდგეს. მთხრობელი ზის ბარში, უსმენს ბარმენს, რომელიც თავისი ცხოვრების შესახებ უყვება, ბარმენის მონათხრობს ენაცვლება მისი საკუთარი ცხოვრების ერთი რომელიღაცა ეპიზოდი, შემდეგ კი მთხრობელი ეკამათება ბარმენს, ხან ხმამაღლა, ხან კი ფიქრებში, რომ ყველა ისტორია გამოგონილია და ყალბი, თუ როგორ უჭირთ ადამიანებს შეჩვეული როლის დათმობა. მაგალითად ერთი კაცი იმდენად დიდხანს თამაშობდა უიღბლოს როლს, რომ როდესაც მოულოდნელად ლატარიაში ბევრი ფული მოიგო, იღბლიანის როლზე გადართვას, ისევ უიღბლობა არჩია.

მერე მთხრობელი, რომელიც გარკვეულ მომენტამდე შეიძლება ავტორთან გავაიგივოთ, უეცრად გვევლინება ერთ-ერთი პერსონაჟის როლში, უფრო სწორად, მის არსებაში ჩნდება ვიღაც სხვა, უცხო მამაკაცი, რომელიც მის დაუკითხავად მოქმედებს, ემიჯნება მას, სხვა სახეს იღებს და შემდგომი მოქმედება უკვე მის ირგვლივ თამაშდება.

ამგვარად ნაწარმოებში თითქოს ქაოსი სუფევს, მაგრამ ყველა სიუჟეტური ხაზი, ყველა ეპიზოდი ერთ წერტილში იყრის თავს – იკვეთება თანამედროვე ადამიანის განზოგადებული ხასიათი.

როგორც რომანის სათაურიდან ჩანს, მწერალი თავისი პერსონაჟებიდან განტენბაინს უფრო ტიპიურად მიიჩნევს. განტენბაინი თვითონ ირჩევს ცხოვრებისეულ როლს – ეს ბრმის როლია. იგი აწონ-დაწონის ამ როლის უპირატესობასა და ნაკლს და ასკვნის, რომ ბრმის როლის თამაში ცხოვრებაში ყველაზე ხელსაყრელია. სიბრმავე უფლებას ანიჭებს ადამიანს იყოს პასიური,  მას არავინ სთხოვს გადაწყვეტილება მიიღოს, პროსტესტი გამოთქვას და ა.შ. ამას აქვს მეორე მხარეც – მისი არსებობა საზოგადოებასაც ხელს აძლევს:

მას ისე წარმოუდგენენ ქვეყანას, როგორც გაზეთებში ხატავენ ხოლმე და რაკი განტენბაინი თავს მოიკატუნებს, ასეც მჯერაო, კარიერაც განაღდებული ექნება. ნიჭისა და უნარის ნაკლებობა ნუ შეაშინებს. ქვეყანას სწორედ განტენბაინისთანა ხალხი სჭირდება, ასეთები არასდროს ამბობენ იმას, რასაც ხედავენ.

ბრმის წინაშე ადვილია მორგებული როლის თამაში.

მერე მწერალი ექსპერიმენტს გვთავაზობს. ვთქვათ განტენბაინმა უარი თქვა ბრმის როლის თამაშზე. რა მოხდება მაშინ? მაგრამ საზოგადოება ისე იოლად იჯერებს ადამიანის სიბრმავეს, რომ ბრმის როლიდან აშკარა გამოსვლაც კი შეუმჩნეველი რჩება.

დასასრულ, მინდა ერთგვარი დასკვნა გავაკეთო _ ადამიანი კი ან თვითონ ირჩევს ან საზოგადოება დააკისრებს ამა თუ იმ როლს ცხოვრებაში, მასაც კარგა ხანს თავისთვის ზედგამოჭრილი ჰგონია ეს როლი, მაგრამ დგება დრო, როცა გრძნობ, რა შეცდომით გიცხოვრია ამქვეყნად, როგორ დაგითრგუნავს საკუთარი პიროვნება, ამხედრებულხარ საკუთარი ბუნების წინააღმდეგ.

Advertisements

One thought on “Mein name sei Gantenbein

  1. Pingback: მსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკა |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s