ძველი გულებისა და ხმლისა

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეორე კვირა.

ეს რომანი აკამ თითქმის ერთ კვირაში დაწერა და ის  მაინცდამაინც არ ჰგავს მის სხვა წიგნებს. სიუჟეტი წრფივი და თანმიმდევრულია, კომპოზიცია სიმეტრიული – ორი ამბავი ერთმანეთის პარალელურად მიედინება და ელოდები, როდის ან როგორ გადაიკვეთებიან ისინი. რომ გადაიკვეთებიან – რით გაგრძელდება.

 დასავლეთისა და აღმოსავლეთის ამბავია, ოსმალეთისა და რუსეთისა, ომისწინანდელი. არ იყო ხშირი მიმოსვლა ერთი საქართველოდან მეორეში, ამიტომ აღმოსავლეთმა ზღვისა არაფერი იცოდა. შუაში ერთი დიდი ქედი იდო, რომელიც დასავლეთისკენ “ჯანღისფერ ღრუბლებსა და ველების მოწყენილობას” არ უშვებდა და აღმოსავლეთისკენ ზღვის ჰაერს.

იდგა ასე შუაში ეს მთაგრეხილი და ყოველ ადამიანს ეგონა, საქართველო ორიაო. დრო და ამბავი ისე მიდიოდა, რომ საქართველო ხან ერთი იყო, ხან – ორი, ხან კიდევ ათი, მაგრამ რომ დაფიქრდებოდნენ, მაინც ერთი იყო, ოღონდაც ზღვისა მაინც არაფერი იცოდა აღმოსავლეთმა მხარემ.

ჰოდა იმდენად ერთი ეჩვენებოდათ, რომ ამ ქედს სარკედ აღიქვამდნენ და ყოველი ჩამხედი თავის თავს ხედავდა შიგ. თუმცა სიღრმის გამო ზღვა მაინც არ ჩანდა.

დასავლეთისთვის აღმოსავლეთი სულაც არ იყო სარკე. დასავლეთს თავისი თავი ისედაც მოსწონდა: იერი ჰქონდა ასეთი. აღმოსავლეთს კი სარკე უყვარდა, ბევრ ისეთ რამეს აღმოაჩენდა საკუთარ თავში, რაც მანამდე არ იცოდა. სარკის გარეშე კი აბა რას იზამ?!

აკა ისტორიას ასწავლიდა უნივერსიტეტში, მაგრამ ამ წიგნში ის ისტორიკოსზე მეტია თავისი პერსონაჟებით, რომელთა შორის არიან მკვლელი, მოძალადე, ადამიანთა გამტაცებელი, სამხედრო პირი – რომელსაც უნდობლობა პათოლოგიაში გადასდის, აუტისტი – რომელიც მუდმივად მზისკენ მიისწრაფვის ბავშვობაში გადატანილი ტრავმის გამო… ეს პერსონაჟები საქართველოს ისტორიას ქმნიან, თუმც კი თარიღებს არად დაგიდევენ.

იყო ქორწინებები გარიგებით, დიდი მოლაპარაკებებით, ნაჩუმათევი შეთვალიერებებით…

დუმილი ქორწინებებშიც იყო: რაღაცნაირი, ფრთხილი, მომლოდინე დუმილი, რომელიც მოთმენასაც შეიცავდა. მოთმენას და მიჩვევას. მიჩვევას და გაძლებას. გაძლებას და მერე კი იმას, რასაც ცხოვრება ჰქვია.

მერე კიდევ ტყვეთა სყიდვა და ტყვეები, რომლებიც რატომღაც აღარ ბრუნდებოდნენ სახლში, თუმც კი ხშირად ჰქონდათ ამის საშუალება; გზები, “იდუმალი გზები. გზები, რომელიც მიწას არ ამჩნევია. გზები, რომლებსაც ვერ დაარქმევ სახელს. ეს გზები უჩინარი გზები იყო.”

ოღონდ მე მაინც მგონია რომ მთავარი ამ წიგნში ამბავია. იმის მიუხედავად, რომ ავტორი პატიოსნად ტოვებს მინიშნებებს გზადაგზა, ამბავი მაინც მოულოდნელი განვითარებისაა, უკვე მოტაცებული ტყვეების, გავლილი გზების, უცნაური დამთხვევების. ყველაფერი მეორეხარისხოვანია, პოლიტიკაც და ისტორიაც, მთავარი ნაღვლიანი, ოჯახური ტრაგედიის ამბავია.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s