სტამბოლი

ორჰან ფამუქის ”სტამბოლი – მოგონებები და ქალაქი” 2003 წელს გამოქვეყნდა. ეს ავტობიოგრაფიული წიგნი ცნობილი რომანისტის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად ითვლება.

book_52baa4fbcf2a7 “ნებისმიერი ადამიანი ცხოვრებაში ერთხელ მაინც სვამს კითხვას თავის არსებობასთან, არსებობის არსთან, დაბადების ადგილისა და დროის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. ნეტავ რა განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მაინცდამაინც მსოფლიოს ამ წერტილში, დროის ამ მონაკვეთში ჩვენს მოვლინებას? სამართლიანია, თუ არა, რომ ლატარიის ბილეთივით შემხვდა ეს ოჯახი, ქვეყანა, ქალაქი, რომელიც უნდა შემყვარებოდა და გულწრფელად შემიყვარდა კიდეც”…

ეს წიგნი სტამბოლზეა. ფამუქისეულ სტამბოლზე; იმაზე, როგორ მოსწყდა აზიას ეს ქალაქი, მაგრამ ევროპის ნაწილიც ვერ გახდა; თითქოს ერთნაირად განიცდიან სტამბოლელები გაევროპელების მიუღწეველ ოცნებას და ვერ დათმობილ აზიურ წარსულს. განიცდიან და სევდა იპყრობთ. სტამბოლი სევდიანი ქალაქია, თან ძალიან ლამაზი. როგორც იაჰია ქემალი წერდა, აქ ისინი ცხოვრობენ, ვინც სევდით ტკბება. ეს იმდენად ხელშესახები გრძნობაა, რომ ფამუქმა მას ცალკე თავიც დაუთმო წიგნში. ეს არის გაფლანგული დიდების სევდა, რომელიც სრულიად განსხვავდება მელანქოლიისგან:

„ეს უკანასკნელი ერთი ადამიანის განცდაა, ის სევდა კი, რომელზეც ვსაუბრობ, არის გულს შემოწოლილი გრძნობა, მილიონობით ადამიანს, უზარმაზარი ქალაქის – სტამბოლის მოსახლეობას რომ აერთიანებს“.

istanbul-hd-widescreen-wallpapers

სევდა, რომელსაც ავტორის თქმით სტამბოლელები სიამაყით ატარებენ და შეთქმულებივით განიცდიან. ამ სევდის განმარტებისას და მთლიანად სტამბოლის მკითხველამდე მიტანის მცდელობისას ფამუქი აღწერს ქალაქის ყოველგვარ ჩვეულებას, წვრილმანს, რომელიც ქალაქს ახასიათებს, მის მცხოვრებლებს, ქუჩებს, ღარიბ გარეუბნებს, ხის სახლებს, რომლებიც ნელნელა მთლიანად შთანთქა ხანძარმა და მათ ადგილას ბეტონის შენობები წამოიმართა; აღწერს ბოსფორის სრუტეს, მის სილამაზესა და ხედებს; ბოსფორზე მომხდარ კატასტროფებს, გემებს, რომლებსაც სტამბოლელები თავიანთი ცხოვრების ყველაზე სევდიან ჟამს ითვლიდნენ; იხსენებს ევროპელების ინტერესს ეგზოტიკური სტამბოლისადმი, სადაც დასავლელები უპირველეს ყოვლისა ჰარამხანებით და მონების ბაზრით ინტერესდებოდნენ.

„და თუ თქვენ გრძნობთ ამ სევდის არსებობას ქალაქურ პეიზაჟებში, ქუჩებში, ხალხში, მაშინ საითაც უნდა გაიხედოთ, ის ხანდახან თითქმის ხილული ხდება, მსუბუქი კვამლივით, ბოსფორზე რომ ჩამოწვება ხოლმე ზამთარში, როცა ღრუბლებიდან მზე გამოიხედავს“.

მთავარი ამ სევდაში ის არის, რომ ოსმალური კულტურის აღორძინების ხანა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა და მისი კვალი სტამბოლში ჯერაც ყველგან შეიმჩნევა. როგორც არ უნდა დაივიწყონ და მიჩქმალონ წარსულის უტყვი მოწმე მეჩეთები,  ისტორიული შენობები, თუ უბრალო შადრევნები – ყველაფერი მაინც მათ გვერდით მცხოვრები მილიონობით ადამიანისთვის დაცემული იმპერიის სიდიადის სევდას ბადებს.

Istanbul-4

ეს სევდა ახსენებს ქალაქის მცხოვრებთ, რომ ძველი სიმდიდრე და კულტურა წარსულს ჩაბარდა და დარჩა მხოლოდ სიღარიბე და დაბნეულობა. წიგნში ერთი თავი მთლიანად დასავლურ შეხედულებებს ეძღვნება, რომელშიც კარგად ჩანს, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ სტამბოლელები ევროპელთა აზრს საკუთარი ქალაქის შესახებ. მათ სურთ დასავლეთისგან შექების დამსახურება, მათი ყურადღების მიპყრობა, ევროპას კი სტამბოლში სწორედ ის უყვარს, რომ ქალაქი ‘ეგზოტიკურ აღმოსავლეთად’ არის დარჩენილი. ინგლისურ და ფრანგულ ლიტერატურაში სტამბოლის ერთგვარი სახეც კი ჩამოყალიბდა: „დერვიშთა სავანეები, ხანძრები, სასაფლაოები, სულთნის სასახლე, ჰარამხანა, ღატაკები, მაწანწალა ძაღლები, ალკოჰოლური სასმლის აკრძალვა, თავით ფეხებამდე შებურული ქალები, ქალაქის იდუმალება, გასეირნებები ბოსფორზე და მისი ხედების სილამაზე” – აი, რაზე უნდოდათ წერა მოგზაურ ლიტერატორებს. სტამბოლი კი ნელნელა თავის ეგზოტიკურობას კარგავს. ოსმალეთის იმპერია ხომ აღარ არსებობს, მის ადგილას დასავლეთის მიმბაძველი რესპუბლიკა შეიქმნა. ქვეყანა მოსწყდა სამყაროს და დაივიწყა ბრწყინვალებისა და გამარჯვებების ეპოქა, დაცარიელდა, დაძველდა (როგორც ბროდსკი წერდა: „როგორი დაძველებულია აქ ყველაფერი! არც ძველი, არც ძველებური და არც მოდიდან გადასული, არამედ სწორედ დაძველებული!“) და შავ–თეთრ, მონოტონურ და ერთფეროვან ადგილად გადაიქცა.

„ჩემში შავ–თეთრი, მომწარო–მოტკბო გრძნობა იბადება, როცა მოქუფრულ და ნისლიან დღეებში ან წვიმიან და ქარიან ღამეებში ვხედავ მეჩეთების გუმბათებზე ჩამომსხდარ თოლიებს, ფანჯრებიდან ქვემეხების ლულასავით გამოშვერილ ღუმლის მილებს, საიდანაც ჭვარტლიანი ბოლი გამოდის, დაჟანგულ სანაგვე ყუთებს, დაცარიელებულ და მიტოვებულ ზამთრის ბაღებსა და პარკებს, ზამთრის ჭყაპსა და ტალახში მოსიარულე ადამიანებს, რომლებიც შინისაკენ მიიჩქარიან – ერთი სიტყვით, მაშინ, როცა აქაურ ბინძურ ჰაერს ჩავისუნთქავ.“ – წერს ფამუქი.

ავტორი ამბობს, რომ სტამბოლი საკმაოდ ჩამორჩენილი ქალაქია, კიდევ დიდხანს ვერ დააღწევს თავს სიღატაკესა და დამარცხების შეგრძნებას, წუხს ქალაქისა თუ საკუთარ ბედზე და ყოველი სხვა სტამბოლელივით ერთგვარი მორჩილებით, მაგრამ მაინც სიამაყით ატარებს სევდას, რომელსაც სტამბოლის სევდა ჰქვია…

2-istanbul-v-oben

Advertisements

5 thoughts on “სტამბოლი

  1. რა თქმა უნდა არანაირი ასლი არაა. ამაში ფამუქი ცდება და ძალიან მწარედ 🙂 იმიტომ რომ მოკლე მახსოვრობა აქვს. 🙂
    წიგნი კი არაჩვეულებრივია. ყველაზე ძალიან მომწონს ფამუქის რიმანებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ არ ვეთანხმები რაღაცებში 🙂

    Like

  2. რატომ მახსოვს, რომ ამ პოსტს ჩემი ლაიქი და კომენტარი ჰქონდა?..
    ნამდვილად წავიკითე და ნამდვილად მომეწონა.
    პირველი კვირის გამარჯვებულის სტატუსს გილოცავ, სოფი 🙂

    Like

    • კი კი ნამდვილად ჰქონდა და ისიც მითხარი რომ შესაძლოა მალე წახვიდე სტამბოლში 🙂
      მე “დავაშავე” რაღაც ვორდპრესის შიდა სამზარეულოში სამწუხაროდ და თავიდან მომიწია პოსტის დადება 😦

      Like

  3. ჩემი ფავორიტი ნაწარმოებია ფამუქის შემოქმედებაში 🙂 განსააკუთრებული სტამბოლი და განსაკუთრებული ორჰან ბეი 🙂

    Like

    • რაც წავიკითხე იქიდან მეც ყველაზე მეტად მომეწონა. და ისედაც ძალიან კარგი წიგნია ნამდვილად რა ❤

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s