პარიზში დაწერილი წერილები

პირველი წერილი

ზედმეტად რბილად რომ გითხრათ, განრისხებული ვარ და ამ მრისხანების მიზეზი თქვენ ხართ. როგორ ბედავთ და ასე ურცხვად მიმხელთ საკუთარ გრძნობებს, მაშინ როცა იცით ამით შეურაცხყოფას მაყენებთ? როგორ ბედავთ და მამცირებთ საკუთარი მოსაზრებებით? ნუთუ იმდენი კეთილგონიერებაც არ შეგრჩენიათ ჩაიხშოთ გრძნობები, რომელთა მიზეზიც როგორც თავად ბრძანებთ, მე გახლავართ? იმასაც კი არ მოერიდეთ ეს ამბავი გაგეხმაურებინათ!

თუკი ოდესმე რაიმე პატივისცემა მქონდა თქვენდამი, სამუდამოდ დავკარგე!

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ამდენს გამიბედავდით. იმასაც კი ბედავთ დაბეჯითებით მიმტკიცოთ, რომ მეც იგივეს განვიცდი თქვენს მიმართ და ამას ვმალავ! გეფიცებით, იმის რომ არ შემშინებოდა, რომ ვინმე ყურს მოჰკრავდა ჩვენს საუბარს, ჩემგან საკადრის პასუხს მიიღებდით!

როცა მახსენდება, როგორ იღიმებოდით და მიმითითებდით ვითომდა ჩემს იმ საქციელზე, რომელიც მიანიშნებდა რომ თქვენს მიმართ გულგრილი არ ვარ, თქვენი მოკვლა მინდება. კიდევ რომ გაიმეოროთ, შესაძლოა ასეც მოვიქცე! იცოდეთ მე მუქარა არ მჩვევია, მხოლოდ გაფრთხილებთ.

ძალიან ვწუხვარ, თუკი თქვენი გული ასეთი აღფრთოვანებული და აღვსილია ჩემდამი გრძნობებით, თუკი ვერ ახერხებთ მათ შეკავებას და რამენაირად თქვენი ტანჯვის მიზეზი გავხდი. ღმერთია მოწამე ეს განგებ არ მიქნია და არც მდომებია. მაგრამ მაინც ვალდებული ხართ როგორმე მოახერხოთ და დამალოთ თქვენი გულისნადები.

მიუხედავად თქვენდამი ჩემი უდიდესი მრისხანებისა, ვიქნები გულმოწყალე და კიდევ ერთ შანსს მოგცემთ, თუმცა ამას უფრო იმიტომ ვიზამ, რომ როგორმე ბრაზი დავიცხრო და გავიქარწყლო ის შეხედულება, რომელიც ამ უკანასკნელ საღამოს შემიქმენით საკუთარ თავზე.

უფლებას გაძლევთ ბოდიში მომიხადოთ და შემდგომ ამისა ჩემს სიახლოვეს აღარ დაგინახოთ.

არ გქონდეთ იმედი, რომ მოახერხებთ ჩემი და ჩემი თქვენდამი დამოკიდებულების შეცვლას!

პატივისცემით მადამ დე ლა მელომან…

მეორე წერილი

მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა, ვხედავ თქვენსას არ იშლით და მტკიცედ გადაგიწყვეტიათ თქვენი გაიტანოთ. უნდა გითხრათ, რომ ამის ნამდვილი მიზეზი ჩემთვის უკვე ნათელია. თქვენ თავგადასავლების მაძიებელ ავანტიურისტს მაგონებთ, რომელსაც დაუჟინია, ყველაზე ჯიუტ და უკარება ქალსაც კი მოვარჯულებო. თუკი ასეა, გამოწვევას ვიღებ. თუმცა იმედია ჩემს უეცარ ცვლილებას საკუთარ თავს არ მიაწერთ. პირიქით, მინდა იცოდეთ, რომ ამით ძალიან ცუდ სამსახურს გიწევთ და თქვენი თავდაჯერებულობის უკვალოდ განადგურებას ვაპირებ. ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი გამოწვევა ჯერ არავის გაუბედავს.

თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ის, როგორც თქვენ უწოდებთ “მრისხანებით აღსავსე წერილი” მოგწერეთ, მაგრამ ოდნავადაც არ შეისმინეთ ჩემი. ამიტომაც აუცილებლად დაისჯებით ამისათვის, თუმცა გახსოვდეთ, წესების და საზღვრების დაცვა ყველგან და ყველასათვის აუცილებელია. როცა გეუბნებით, რომ საჯაროდ ჩემ მიმართ გრძნობების გამოხატვით შეურაცხმყოფთ, ეს უნდა გაიგოთ, დაიმახსოვროთ და ასე აღარ მოიქცეთ.

თუკი ამ საკითხში შეთანხმებას მივაღწევთ, ჩვენი “დუელიც” შედგება.

“მარად თქვენი” მადამ დე ლა მელომან…

მესამე წერილი

მოულოდნელად იძულებული გავხდი ქალაქიდან გავმგზავრებულიყავი და გადავწყვიტე ეს თქვენთვის მეცნობებინა, რადგან გრაფინია ბ**სთან ვახშამზე არ ვიქნები როგორც დაგპირდით და არ მინდა იფიქროთ, რომ სიტყვა გავტეხე. ამას გარდა, მინდა ზოგიერთ საკითხზე მოგელაპარაკოთ, რასაც წერილობით უკეთ მოვახერხებ, რადგან საშუალება არ გექნებათ შემაწყვეტინოთ და არ დამაცადოთ, როგორც გჩვევიათ.

ერთმა ფრიად პატივსაცემმა მანდილოსანმა, რომლის ვინაობის გამხელის უფლებაც არ მაქვს, მაგრამ ეჭვი მაქვს მაინც მიხვდებით, გამიმხილა, რომ ჩემს შესახებ ზედმეტად ბევრს ლაპარაკობთ იქ, სადაც მე არ ვარ. არ მგონია ჩემი შეხსენება გჭირდებოდეთ, რომ ასეთი საქციელი არასაკადრისია. ვიცი ახლა დამიწყებთ იმის მტკიცებას, რომ ეს თქვენი ჩემდამი გრძნობების გამო ხდება და რომ ვერ ახერხებთ დაფაროთ რა ნაზად გიყვარვართ. მაპატიეთ, თქვენს გრძნობებს სულაც არ დავცინი, მაგრამ თუ ასეთი მგრძნობიარე ხართ, იქნებ გეცადათ და ვინმე უფრო შესაფერისი მოგეძებნათ თქვენი გულისთვის? მე თქვენზე ვზრუნავ ჩემო მეგობარო და არ მინდა უიმედო სიყვარული გტანჯავდეთ. მეგონა ეს მოგბეზრდებოდათ, მაგრამ ვგონებ რაც მეტად გამეჯიბრებით სიჯიუტე მით მეტად დაგეუფლებათ. სიჯიუტეში გადაზრდილი სიყვარული საშინელი რამაა.

როცა მთხოვეთ თქვენთან ერთად მეცეკვა, უარი იმიტომ გითხარით, რომ არ მსურს ჩემთან იმაზე მეტი სიახლოვე გამოსცადოთ ვიდრე აქამდე. თქვენთვის ისიც საკმარისი უნდა იყოს, რომ გრაფინიასთან ვახშამზე ჩემს გვერდით ადგილს გითმობთ…

წერილს აქ ვამთავრებ, ეტლში საკმაოდ რთულია წერა. თუ ქალაქში დაბრუნება დამიგვიანდა, კიდევ მოგწერთ, არ მსურს თქვენი გრძნობების გაციება ჩემგან სიშორის გამო მოხდეს. უმჯობესია ამის მიზეზი თქვენი ჩემდამი მრისხანება და წყენა იყოს. დაგელოდებით, როდის აღიარებთ საკუთარ მარცხს.

“სიყვარულით” მადამ დე ლა მელომან…

Advertisements

28 thoughts on “პარიზში დაწერილი წერილები

  1. ააა, ეპისტოლარული ჟანრი როგორ მიყვარს ^^
    მადამ კიარა მადმუაზელ მელომან, ხო, რა მინდოდა მეთქვა.. ხო, ერთხელ მეც უნდა მოგწერო წერილი :დ :დ
    ნუ გეშინია “ცუდს” არაფერს ჩავიდენ :დ :დ

    Like

    • მაგაზე ბევრი ვიფიქრე და მადამ ჯობია 🙂 კიდე დავწერ მერე წერილებს – გაგრძელებას და ქმარი შეიძლება დამჭირდეს, ჰოდა ჯობია მადამ ვიყო 🙂

      Like

        • გოგოო 🙂 როდის ქორწილი იყო აღარც მახსოვს 🙂 რა არის აქ გაუგებარი, მე ვარ დაახლოებით 20 წლის მადამ სოფია დელა მელომანი, სამი წლის წინ გავთხოვდი და უკარებას სახელი მაქვს 🙂 ჰოდა ფრიად სასიამოვნო ახალგაზრდა მამაკაცი გაუჯიუტდა ჩემს უკარება სახელს და ცდილობს მომარჯულოს 🙂 არ იცის რომ ჩემს ხელშია ჩავარდნილი 🙂

          Like

  2. ამ წერილების წერა რაღაც კარგად გამოგდის! 🙂 ჰმმ.. ერთი იმ წერილზე უნდა გიპასუხო! 🙂 ელოდე პასუხს! 🙂

    Like

  3. მეოთხეს, მეხუთეს, მეექვსეს და ყველა დანარჩენს ველოდები :)))

    როგორ მოქმედებს შენზე აპრილი და დე ლაკლო თურმე 🙂

    Like

    • აი ასე მოქმედებს 🙂 შეუძლებელია მოლი ჩემსავით ყოველ დღე ასეთი კარგი მზის ქვეში დახეტიალობდე, მღეროდე, ლაკლოს კითხულობდე, გრძნობდე და იცოდე რომ ვიღაც შენზე ფიქრობს და რამე მსგავსი არ დაგეწერინოს 🙂

      Like

        • მეც ასე ვფიქრობ მოლი, ყველაფრის მიუხედავად, კარს მომდგარი ამდენი გამოცდის მიუხედავად, შემიძლია თავს უფლება მივცე და ასეთი გახარებული ვიყო მხოლოდ იმიტომ რომ გაზაფხული როგორც იქნა მოვიდა 🙂

          Like

          • ვეჭვობ, მანდ მხოლოდ გაზაფხულის ბრალი არ უნდა იყოს 🙂 ენივეი, ძალიან კარგია, კარგად რომ გრძნობ თავს 🙂

            Like

  4. აწწ კარგია! მომწონს!
    და პოსტთან რა შუაშუა და – დაფიცებული მაქვს რომ თუ კი პარაიზში მოვხვდები იმ ჯართის სანახვად დროს არ დავკარგავ! (სისულელეა და არ შეიმჩნიო) 🙂

    Like

    • ეიფელიი? 🙂 სისულელე როდია ცოტნე, უამრავ ცნობილ ადამიანს ეჯავრებოდა ეიფელი 🙂 მოპასანის ცნობილი მაგალითიც კმარა 🙂

      Like

  5. ხელმოწერა მომეწონა :)) დიუმას დროს რომ წერდნენ, ისეთი წერილებია 🙂

    Like

    • ასეთი კომპლიმენტი მგონი ჯერ არავის უთქვამს 🙂 დიუმას დროს რომ წერდნენო ❤ ❤ :* გმადლობ ❤
      პატივისცემით, მადამ დე ლა მელომან 🙂

      Like

  6. მოლივით ლაკლო ამომიტივდა ეგრევე 🙂 კარგია კარგი, ველი გაგრძელებას 🙂

    Like

  7. ველოდები, კიდევ როდის გაუგზავნი წერილებს იმ თავგასულს :))))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s