ვირთხას მეორე წერილი

ჰეი მეგობარო…

ასე არ უნდა ვიწყებდე მართალი ხარ. იმდენი ხანია არ მომიწერია, შენი ბოლო წერილიც უპასუხოდ დავტოვე. იმედია იმდენად არ ხარ გაბრაზებული, რომ… იმედია პასუხს მომწერ.

მაპატიე. ამ სიტყვას შენზე მეტად ვერავინ დამიფასებს და შენზე მეტად ვერც ვერავინ გაჯავრდება მის გამო, მაგრამ სხვაგვარად როგორ გაგრძნობინო, რომ გულში დანაშაულის შეგრძნებით აბრდღვიალებული კოცონი გიზგიზებს და მინდა შენი სიტყვებით დამიამო, გამინელო, ჩამიქრო…

შენც ძალიან ფიცხი ხარ ისე, პასუხი რომ არ მოგწერე, ნუთუ ერთხელ მაინც არ გაიფიქრე, რამე ხომ არ მოუვიდაო? ბანალური ხარო მეტყვი. შენ ხომ არც კი იცი რა მოხდა.

მე… რა უცნაურია ამას რომ ვამბობ, მაგრამ მე ის ვიპოვე! არ მკითხო ახლა რა “ისო”! ჩემი ცხოვრების წიგნი ვიპოვე მეგობარო, კიდევ ერთს მივაგენი, გესმის თუ არა ეს რას ნიშნავს? კიდევ ერთი ვიპოვე…

სხვათა შორის პირველად მოხდა, რომ წიგნი სანამ არ დავხურე, მანამდე ვერ მივხვდი რომ ის იყო. სხვას ვის მოვუთხრო თუ არა შენ, როგორ მოხდა ეს. იმედია იმდენი სიყვარული მაინც შეგრჩა, გაიხსენო ამ აღმოჩენის მნიშვნელობა ჩემთვის. ეგოისტი არ მიწოდო გთხოვ, შენც ხომ კარგად იცი რომ შენ მაინც მე ხარ, მე კი შენ.

ესეც ძალიან უცნაურია… ყველანაირი სიყვარული არსებობს, ისეთის გარდა, მე და შენ რომ გვაკავშირებს. მაგრამ სანამ არ მოგიყვები არ დამიჯერებ, ასე რომ მისმინე.

დაახლოებით ნახევარი წლის წინათ, ერთ ბინძურ ქუჩაზე მოვხვდი. ერთ კაცს ვეძებდი, რომელზედაც მითხრეს, ძველ, დაფლეთილ წიგნებს ყიდისო. ვერც კი დავფიქრდი ისე აღმოვჩნდი იმ ადგილას, სადაც ის კაცი თურმე მოდის ხოლმე ხანდახან. იმ იმედით, რომ ვინმეს ან რამეს ვიპოვიდი –  ქუჩას ავუყევი. სულ ოდნავ მარცხნივ გახვეული გზა იყო, გეგონება გატყუებს რომ სწორად მიდის, სინამდვილეში კი შენი მარცხნივ გატყუება უნდაო.

ძლივს მივახვედრე გამვლელები ვის შესახებ ვეკითხებოდი (ალბათ დროა ლაპარაკი მეორედ ვისწავლო).
სახლის კარზე დიდხანს ვუბრახუნე. იმდენად დიდხანს, რომ იმედი გადამეწურა. სახლის წინ ჩამოვჯექი, ქვაფენილზე. იქ ვიჯექი სანამ არ ჩამობნელდა. მერე ისევ ბრახუნი ავტეხე.

მერე მთვარე გამოჩნდა. ისე მოწითალო ფერის მთვარე იყო, მანამდე ასეთი არ მინახავს. სერიოზული მხატვარი მთვარისთვის ყვითელ საღებავს რომ გაამზადებს და ონავარი ბავშვი შიგ წითელს შეურევს, მერე შეეშინდება გალახვის და იმ წითელს ისევ უკან ამოიღებს. მაგრამ ხომ დარჩება ცოტა. ჰოდა რაც გამოვა იმ საღებავისგან, აი ისეთი ფერის მთვარე იყო. სანამ მე მთვარეს ვუყურებდი კარი მკვეთრად შეიღო, სიბნელიდან ვიღაცამ წიგნი ისროლა, რომელიც მკერდზე მომხვდა და ძლისვ დავიჭირე. უფრო სწორად ხელში რამდენიმე გვერდი შემრჩა, დანარჩენი იატაკზე დაცვივდა. კარი მიიკეტა. მივხვდი რომ აღარავინ გამიღებდა მას, წიგნი ავიღე და გამოვბრუნდი.

ოი, რომ იცოდე ეს რა იყო… როგორი ფერადი იყო… როგორი მხატვრობა იყო… რასაკვირველია შენც იცი ყოველივე ის რაც მე, სხვაგვარად მე შენ აღარ იქნებოდი და შენ მე. მაგრამ ასე მგონია შენც კი არ იცი ემოცია.

წითელი ემოცია. საღებავების შერევით, უენოს ამეტყველებით, უხილავის და არარსებულის აზრებით გაჯერებული წითელი ემოცია.
ეჰ, მეგობარო როგორ მაკლიხარ. ვიცი რომ იცი, განა არ ვიცი, მაგრამ ეს უნდა ვთქვა, რომ დავიჯერო. მე კი არ ვიცი მარტომ როგორ ვთქვა. დამეხმარე თუ შეგიძლია.

სიყვარულით,
მარად შენი მე

Advertisements

15 thoughts on “ვირთხას მეორე წერილი

    • ბაიერნი რეალს რომ მოუგებს, პირობას ვდებ უზარმაზარ პოსტს გამოვაცხობ

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s