ლიტერატურა

ტიბოს ოჯახი

ადრე ერთმა ასაკოვანმა ქალმა, რომელიც ფრიად ნაკითხი გახლდათ და ამის გამო ხშირად მივმართავდი რჩევისთვის, მითხრა, რომ თუ ფრანგების ცხოვრების გამორკვევა მინდოდა, “ტიბოს ოჯახი” უნდა წამეკითხა, ხოლო ინგლისელების ცხოვრების უკეთ გასააზრებლად კი “ფორსაიტების საგა”. ასეც მოვიქეცი.

როჟე მარტინ დიუ გარის “ტიბოს ოჯახი” ქართულ გამოცემაში სამტომიანია. პირველი ტომი მთლიანად ოჯახს ეთმობა, მეორე ტომში პირველი მსოფლიო ომი და მასთან დაკავშირებული ტიბოები არიან, მესამე ტომში ერთერთი ტიბოს სიკვდილია აღწერილი.

ტიბოს ოჯახი ფრნაგების ცხოვრებას, წეს–ჩვეულებებს, ხასიათებს ნამდვილად კარგად გადმოსცემს, მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ წიგნი პირველი მსოფლიო ომის მიზეზებსა და მასში ჩართულ საზოგადოებაზეა უფროა.

ოსკარ ტიბო ძველი ტრადიციების მიმდევარი კაცია, რომელიც მიჩვეულია სიტყვის შეუბრუნებლად ბრძანების ასრულებას. მაგრამ გადის დრო და მისი ვაჟები მაინც თავიანთ არჩეულ გზას მიუყვებიან და ერთადერთი რასაც ტიბო თავის მოსაგონრად დატოვებს, გვარში ჩამატებული მისი სახელია. მისი გვარის გამგრძელებლები ტიბოები კი არა, ოსკარ ტიბოები იქნებიან. თავის დროზე გამეცინა ამ წვრილმანზე, მაგრამ… ძნელია, როდესაც ადამიანს რაღაცის მტკიცედ გწამს და გჯერა და ვერ ახერხებ სხვებიც დაარწმუნო შენს ჭეშმარიტებაში. უბრალოდ ოსკარ ტიბომ არასწორი გზა შეარჩია ამისათვის.

მისი უმცროსი ვაჟი – ჟაკი, ერთობ მეამბოხე ადამიანია. კათოლიკურ ოჯახში აღზრდილი ყმაწვილი არად აგდებს მამის და გიმნაზიის წინააღმდეგობას და უმეგობრდება პროტესტანტთა ოჯახს, კერძოდ კი დანიელ ფონტანენს. მთელი რომანი ტიბოებისა და ფონტანენების გარშემო მიმდინარეობს. ჟაკი ჰუმანური ადამიანია, მთელი ცხოვრება ძალადობის, ჩაგვრის წინააღმდეგ იბრძვის და არ სარგებლობს იმ მდგომარეობით, რაც მას და მის ოჯახს გააჩნია. ასე მოხვდა იგი ინტერნაციონალურ საზოგადოებაშიც და ასე ცდილობდა ომის აცილებას.

ტიბოს უფროსი ვაჟი ანტუანი – ექიმია. ძალიან უყვარს თავისი საქმე და ამის მეტი არაფერი აინტერესებს. ის ათეისტია, არ სწამს ღმერთის, სიყვარულის… რომ არა ჟაკი და რომ არა კეთილი გული, ანტუანი ჩვეულებრივი, ექიმის ერთფეროვნად გადატვირთული ცხოვრებით მოკვდებოდა. ამის ნაცვლად კი იგი მესამე ტომში ასრულებს სიცოცხლეს. მესამე ტომი მთლიანად ანტუანის წერილებითა და დღიურებითაა დაკომპლექტებული. კარგად ჩანს მისი ხასიათი და თვისებები.

ფონტანენებს არცთუ უმნიშვნელო როლი უჭირავთ წიგნში, მაგრამ მე მაინც ყურადღების გამახვილება ტიბოებზე მსურს.

ჟაკისადმი სიმპათიები იმიტომ მაქვს, რომ ის ომის დაწყების წინ, რაიმე მოძღვრებას კი არ ქადაგებდა ან გამარჯვებისკენ კი არ მოუწოდებდა ვინმეს, არამდე ომის ასაცილებლად იბრძოდა. ასეთივე სიკვდილი ეწვია მას, პირდაპირ ჰაერში, როდესაც პროკლამაციებს ყრიდა…

ანტუანი ძალიან საინტერესო, განათლებული პიროვნებაა, მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნებითა და მოსაზრებებით. ყველა დიალოგი, რომელშიც ანტუანი მონაწილეობს, ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. და რაც ყველაზე მეტად მიყვარს ხოლმე წიგნებშიც და ფილმებშიც: ანტუანი კი იყო ათეისტი და სხვებისადმი გულგრილი ადამიანი, რომელსაც სიყვარულის არ სჯეროდა, მაგრამ წიგნის შუიდან დასასრულისკენ კარგად ჩანს, რომ ბევრად უფრო კეთილი, მოსიყვარულე და მგრძნობიარეა, ვიდრე თავს აჩვენებს.

დანიელ ფონტანენის დედა, მამა, და და მასთან ერთად ჟაკი, შემდეგ ჟაკის შვილი…

ანტუანის სიკვდილმა ძალიან დამამწუხრა. ის კი არა საძაგელი ბერიკაცი ტიბოც ისე მოკვდა – შემეცოდა.

ასე რომ წაიკითხეთ წიგნი. ფრანგებზეც ბევრს შეიტყობთ, ომის მიზეზებსაც ღრმად ჩასწვდებით და ტიბოებისა და ფონტანენების საგასაც გაეცნობით. ფორსაიტებზე კი შემდეგ პოსტში ვისაუბროთ.

19 thoughts on “ტიბოს ოჯახი”

  1. საჩემო წიგნი ყოფილა, მეზობლის თაროებზე განისვენებდა და მგონი, იმიტომ არ წავიკითხე, რომ რომელიღაც ტომი აკლდა…
    მიყვარს ასეთი, გრძელი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებითა და დეტალებით გადატვირთული რომანები, ოჯახური საგები მით უფრო. მოკლედ, თუ ჩამივარდება ხელში, წავიკითხავ 🙂
    კარგი პოსტია!

    Like

    1. სწორად აღნიშნე თამარა, გრძელია და ერთი შეხედვით უმნიშვნელო წვრილმანებით გადატვირთული, რომ ვკითხულობდი ბევრი მეუბნებოდა მოცლილი ხარო, მაგრამ ძალიან კი მომეწონა და ის უმნიშვნელო დეტალებიც კარგად მახსოვს, თუმცა კი წლები გავიდა 🙂

      Like

  2. მეც მახსოვს, რომ როცა წავიკითხე მომეწონა, მართალია ნახევარი აღარ მახსოვს, მაგრამ რომ მომეწონა, ეს ნამდვილად მახსოვს 🙂

    Like

    1. პოსტს რომ ვწერდი ბევრი წვრილმანი გამახსენდა, ჟაკის და დანიელის ურთიერთობა, დანიელის მამის შესახებ – ოჯახიდან იყო წასული და დედამისს მაინც უყვარდა, დანიელის და, ჟაკის შვილი, ანტუანის საექიმო კარიერა და მისი დიალოგები, ბოლო ნაწილში საავადმყოფო და ანტუანის ავადმყოფობის აღწერა, იქაც ექიმობდა ცოტ ცოტას, ოსკარ ტიბო მახსოვს კარგად და მაგათი მადმუაზელი 🙂 ბებერი მოსამსახურე ქალი, ტიბოს და იმას ევასებოდათ ერთმანეთი… მოკლედ მხსომებია რა 🙂 ოთხი თუ ხუთი წლის წინ წავიკითხე

      Like

  3. არ მიყვარს მე ეს ოჯახური საგები 😦 თუმცა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მე არ მიყვარს და მეტს არაფერს.

    Like

    1. რა გითხრა აბა მოლი, ზოგადად მეც არ მიყვარს, მაგრამ წიგნს თუ ხელს მოვკიდებ ყოველთვის ვკითხულობ, მე კიდევ ყველა წიგნს ხელს ვკიდებ 🙂 🙂 ჰოდა ესეც წავიკითხე და ძალიან დიდი და გაწელილი კია, მაგრამ ცხოვრებაც ესეთი არაა? 🙂 თან ძალიან ბევრი ძალიან, ძალიან კარგი მომენტი შემხვდა წიგნში…
      თუმცა, ეს მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მე მომეწონა და მეტს არაფერს 🙂

      Like

  4. ამ წიგნის პირველი ტომი რომ აღმოვაჩინე თაროზე, მთლიანი მეგონა 🙂 მერე კარგა ხანს ვეძებე დანარჩენი ორი და საბოლოოდ მაინც მივედი ბოლომდე 🙂 ეხლა აღარ მეყოფოდა ნერვები, არადა თავის დროზე ძალიანაც მომეწონა 🙂

    Like

    1. მეორედ წაკითხვაზე დროს ვერ ვხარჯავ 🙂 თანაც ეს საგა იმიტომაა, რომ ამბავია – წაიკითხავ და მორჩა 🙂 ეს არაა ფოლკნერი ან ორუელი ან რა ვიცი კიდევ, ვინმე ისეთი, რომ რამდენჯერაც არ უნდა წაიკითხო, რამე ახალი იპოვო და გაგება სჭირდებოდეს დიდი 🙂

      Like

        1. არცაა საჭირო გენაცვალე 🙂 თუ რამე მე მოგიყვები 🙂 დამერწმუნე ამ წიგნს მაინც მილიონში ერთი თუ გკითხავს წაკითხული გაქვს თუ არაო 🙂

          Like

  5. ადრე ერთმა ასაკოვანმა ქალმა, რომელიც ფრიად ნაკითხი გახლდათ და ამის გამო ხშირად მივმართავდი რჩევისთვის, მითხრა, რომ თუ ფრანგების ცხოვრების გამორკვევა მინდოდა, “ტიბოს ოჯახი” უნდა წამეკითხა, ხოლო ინგლისელების ცხოვრების უკეთ გასააზრებლად კი “ფორსაიტების საგა”. ასეც მოვიქეცი.

    იმედია, ეგ ქალი ცოცხალი აღარაა და ტვინს ვეღარავის აურევს.

    Like

    1. ცოცხალია, მაგრამ საბერძნეთშია და “ტვინს ვეღარ ამირევს” 🙂
      ლორდ გასაგებია როგორი ლიტერატურაც მოგწონს და როგორიც არა 🙂 მაგრამ… 🙂

      Like

        1. რატომ? 🙂 ასეთი “სისულელე” რომ მირჩია, თუ არასწორად მირჩია და ფრანგებს და ინგლისელებს ვერ გავიცნობ მაგ წიგნებით? 🙂

          Like

          1. რჩევის ფორმულირება იყო თავისთავად უკიდურესად სულელური. აეგრე. 🙂
            და საერთოდ დიუ გარი თუ იყო ეგეთი მწერალი მაგის შთამომავლებსაც არ ახსოვთ 🙂

            ინგლისელებს კისერიც უტეხიათ ისე 🙂

            Like

            1. რას გიშლიან ნისლიანი ალბიონის მცხოვრებნი ჰა 🙂 როგორ არ ახსოვდათ, “ტიბოს ოჯახს” ჰიუგოს პრემია აქვს მიღებული 🙂

              Like

Leave a comment