უბრალო მოგონებები

პატარაობაში კიდევ უფრო შეშლილი მკითხველი ვიყავი ვიდრე დღეს ვარ, მივაგნებდი თუ არა წიგნს, იმ ადგილიდანვე ვიწყებდი კითხვას და სანამ არ დავამათავრებდი არ ვჩერდებოდი. თუკი გავიგონებდი, რომ ესა და ეს წიგნი ვიღაცას ძალიან მოეწონა, ან ესა და ეს მწერალი ძალიან კარგად წერს, მაშინვე მეძებრის ყნოსვით ვიწყებდი წიგნის ძებნას. ასე და ამგვარად მესამე კლასში სანამ გადავიდოდი შესანიშნავად ვიცოდი რა განძის მფლობელი ვიყავი სახლში. მესამე კლასში რომ გადავედი უკვე მეთქმოდა, რომ რაღაც მეც მქონდა წაკითხული და ამის გამო გავთამამდი ცოტა, რის გამოც სამი მეზობლის ბიბლიოთეკა დავიმსახურე. არა არ უჩუქნიათ, რას ამბობთ, მაგრამ უფლება მქონდა წამეკითხა რაც მსურდა.

მერე დავიპყარი ჩემი კლასელების ბიბლიოთეკები. მშობლები სიხარულით მათხოვებდნენ ხოლმე წიგნებს, ოღონდ კი მათ შვილებსაც წაეკითხათ რამე. სკოლის ბიბლიოთეკაში ხომ ისედაც ვიყავი ჩაწერილი. მაგრამ ჩვენს ბიბლიოთეკარს უცნაური წესები ჰქონდა, თვეში ერთხელ გვატანდა მხოლოდ წიგნებს და ისიც ზღაპრებს. ეს ზღაპრები უცებ შემომელია და ქალი მაინ რიდსა და შექსპირს (ჯიუტად წავიკითხე შექსპირი, რადგან ყველა მიმტკიცებდა ვერ გაიგებო) ვკითხულობდი და ის ზღაპრებსაც კი ძლივს მატანდა. ახლა აღიარებით ჩვენებას გავაკეთებ, რაც მხოლოდ მოლისთან მაქვს ნათქვამი, ვიპარავდი ხოლმე წიგნებს. ავიღებდი, წავიკითხავი და უკანაც ვაბრუნებდი. აბა თქვენ რას იზამდით ჩემს ადგილზე ლინდგრენის პეპი, კარლსონი, ემილი, ბიულერბიუელი ბავშვები, ჩვენ სალტროკელები ვართ… რომ გეპოვათ, და არ გამოეტანებინათ სახლში? ორ დღეში ყველა ეს ნაწარმოები სახლში მქონდა და მშვიდად ვკითხულობდი. ჩემი დედიკო ასე ძალიან იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს ასეთ წვრილმან საქმეებში არასოდეს ერეოდა.  თანაც უფრო პატარა რომ ვიყავი, ქალაქის ბიბლიოთეკაში მივიდა, საბავშვოში და არ გამოატანეს ჩემთვის ზღაპრები. ბიბლიოთეკარს ჩემს ბაბუასთან რაღაც ძველი უსიამოვნებები ჰქონდა და ამას მე შევეწირე.

მერე მეგონა მეც უარს მეტყოდა, ამიტომ სხვა სახელი და გვარი, მისამართი და ნომერი ვუთხარი. ორი წელი ვატყუებდი და მერე გაიგო. იმ დღესვე ამომიკვეთეს ფეხი იქიდან…

მერე შემთხვევით ერთ მიყრუებულ ქუჩაზე გავიარე და დავინახე ფანჯარაში ბევრი წიგნი. უკეთ შეთვალიერების მიზნით მივუახლოვდი შენობას და შევნიშნე, რომ ბიბლიოთეკა ყოფილა. პაწაწინა ასოებით ეწერა დაწესებულების დასახელება.  შევედი, ჩავეწერე და პირველი წიგნი რაც გამოვიტანე ჩემს მიერ უკვე მრავალგზის ნახსენები “სტეფანე რაზინი” იყო, რომლის წაკითხვასაც ორი კვირა მოვანდომე და ამ ორ კვირაში ბიბლიოთეკა დახურეს.

მთლად სწორად არ ვთქვი, კი არ დახურეს, არამედ ერთ დიდ ბიბლიოთეკას შეუერთეს ესეც და ის ჩემი საბავშვო ბიბლიოთეკაც. ამ დიდ ბიბლიოთეკაში მე ჩაწერილი არ ვიყავი, მეშვიდე კლასში სანამ არ გადახვალ არ შეიძლებაო.

ყოველთვის ასეთი იღბლიანი ვიყავი კი.

“სტეფანე რაზინი” შემრჩა, არც მიფიქრია დამებრუნებინა. ხოლო იმ დიდ, ახლა უკვე საჯარო ბიბლიოთეკაში კი რაკი მე არ მიშვებდნენ, ერთი გოგონა მოვნახე, სტუდენტი უკვე და ის ჩაეწერა, მოჰქონდა ჩემთვის წიგნები, ოღონდ თავად არჩევდა (ან რაც ხელში მოხვდებოდა ის მოჰქონდა), ამიტომაც ასე შემთხვევით წავიკითხე მარკესის “მარტოობის ასი წელი”, კიდევ ერთი მაგარი წიგნი – კერიუს “შავი მიდასი”, სტივენსონის “შავი ისარი” და “ბატონი ბალანტრე” (“განძის კუნძული” აგრეთვე ღრმა ბავშვობაში მათხოვა მეზობელმა და დღესაც მე მაქვს). დანარჩენი წიგნები რაც მოჰქონდა ყოველთვის სულაც არ მომწონდა, მაგრამ ძირითადად ყველას ვკითხულობდი – არჩევანი არ მქონდა. მერე ვთხოვე “ათას ერთი ღამე” მაინც ეცოდინებათ თუ აქვთ და წამომიღე მეთქი. ასე ავედი მეოთხე ტომამდე და გეცოდინებათ ისე პატარავდება ამბები, ისე წვრილმანდება, რომ მეტი დღესაც არ მაქვს წაკითხული, თუმცა კი ვაპირებ მივუბრუნდე.

ასე და ამგვარად ერთი მეზობლის მოპასანსა და ცვაიგზე, მეორის შექსპირზე და მესამის “ანჟელიკასა” და “რვაფეხაზე” (კორადო კატანი გახსოვთ?) გავიზარდე, ანუ გადავედი მეშვიდე კლასში და გიჟივით ჩავეწერე ბიბლიოთეკაში, ეს ხუთი წლის წინ იყო.

დღეს კი, ვინც მიცნობს, ყველა წიგნებს მთავაზობს. როგორ აღარ ვუნამუსობ რომ იცოდეთ, ხმას აღარ გამცემდით.

ამ გაზაფხულზე ორმა კლასელმა მთხოვა ქიმიაში დაგვეხმარეო.  კვირაში სამჯერ ვუტარებდი გაკვეთილებს და სულ ორი კვირა დაგვჭირდა. ამ ორი კვირის სანაცვლოდ მათგან ხელში ჩავიგდე ჰამსუნის “მისტერიები”, პარადისისის “ბალთაზარ კოსა” (ეს უკანასკნელი სახლიდან მოვატანინე) და გოლდინგის “ბუზთა ბატონი”.

პირადი ბიბლიოთეკა ცალკე მაქვს. საკუთარ სახელს აუცილებლად ვაწერ ხოლმე კუთხეში და ვამაყობ, მაგრამ რად გინდა, ჩემდა ჭირად საკმაოდ ბევრ წიგნს ფანქრით გავუკეთე წარწერა, ჩემმა ძვირფასმა დამ კი წაშალა და პასტით დააწერა თავისი.  ძველ წიგნებს სულ დედაჩემის და დეიდაჩემის სახელები აწერია. არადა მშვენიერი კოლექცია აქვთ იმათაც. დედაჩემის წიგნები მარტივად ჩავიგდე ხელში, ახლა უბრალოდ ჩემია და მორჩა.

ამჟამად ბიბლიოთეკის ყველა თანამშრომელი გადასარევად მცნობს. მათზე უკეთ ვიცი სად რა დევს, აქვთ თუ არ აქვთ და ხშირად რჩევასაც მეკითხებიან ხოლმე, აბა რა გავატანოთო.  რჩევებს არ ვიძლევი,  ჯერ მაგდენი არ წამიკითხავს. გარდა ამისა ბიბლიოთეკის დირექტორი ძალიან დამიმეგობრდა, როგორც ამბობს ჩემნაირი მკითხველი არ ყავს (მომიტევეთ თუ მოკრძალება და თავმდაბლობა ვერ გამოვიჩინე პოსტში, მე არ ვთვლი რომ გადასარევი მკითხველი ვარ).

ამ საჯარო ბიბლიოთეკაში ოთხი განყოფილებაა, რომლებიც თავის მხრივ კიდევ იყოფა. დირექტორის გადაწყვეტილებით ახალ წიგნებს ძველებში არ ურევენ, ცალკე გამოუყო ოთახი. უკვე საკმაოდ ბევრი დაუგროვდა. ამას გარდა არის საბავშვო განყოფილება, “დიდების” განყოფილება და დარბაზი. დარბაზში რუსულენოვანი, მეთოდური–პროფესიული ლიტერატურა აწყვია. ეს ბოლო წელია ერთ რუს ქალს მივაგენი, რომელიც რუსულს მასწავლის და ერთი წელი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ რუსული ლიტერატურაც დამელაშქრა. ამის გამო ხშირად ვიყინები დარბაზშიც.

დარბაზზე გამახსენდა, საბჭოთა ენციკლოპედიები ვნახე ადრე ერთ მეზობელთან, ყველა ჰქონდა (შურიანი ბავშვის მზერა) . ჰოდა დავყევი და სათითაოდ მომქონდა ყველა, უნდა წავიკითხო მეთქი. ნუ ახლა, ყველაფერს კი რა წამაკითხებდა, მაგრამ პირველ ტომში გავედი ბოლომდე. გეფიცებით, არ მახსოვს რატომ მინდოდა ასე ყველაფრის წაკითხვა. ახლა მხოლოდ მაშინ მივმართავ, როცა მჭირდება და ინტერნეტი ან არ მაქვს, ან წიგნი მირჩევნია.

მშიდობიან დღეს თუ ღამეს გისურვებთ, ჩემსავით ბევრი წიგნი დაგსიზმრებოდეთ.

Advertisements

32 thoughts on “უბრალო მოგონებები

  1. შენ რა დღეში ყოფილხარ :)))) ბიბლიო-ეპოპეაზე ბევრი ვიხალისე 🙂 სანამ მეშვიდე კლასს მიაღწევდი, რეები გადაგხდენია თავს 🙂

    Like

    • აბაა მოლი. მესმის გაუფრთხილდე წიგნებს მაგრამ ჩვენს დროში წიგნის კითხვაზე უარს ვის ეუბნებიან? 😐 დღემდე მეზიზღება ის ქალი და ჩემდა საუბედუროდ დუშეთში ერთადერთ წიგნის მაღაზიაში მუშაობს ეხლა, კიდევ კარგი გამყიდველი არაა და ყოველ დღე არ მხვდება თორე ალბათ არც მომყიდიდა წიგნებს 🙂

      Like

  2. ვაიმე აი როგორ მომეწონა, ბიბლიოთეკა რო დახურეს ? :დ რა ძალიან კარგი პოსტი იყო. ყოველთვის მინდოდა მეც ბევრი წიგნი მეკითხა მაგრამ სიზარმაცე ყოველთვის მჯობნიდა ხოლმე : | :დ ნეტავ შენნაირი ვიყო :დ

    Like

  3. საინტერესო მოგონებები იყო. კარგად ვიხალისე 🙂 მთელი 14 წიგნი თუ მოიძებნა, ე.ი. სკოლის ბიბლიოთეკების საქმეც გამოსწორებულა:)
    აი, ბოლო სურვილი არ მომეწონა 😀 ღამე მაინც მომასვენეთ 😀

    Like

  4. ადრე ყველაზე ჭკვიანში ერთი ბიჭი მონაწილეობდა და იმან თქვა (12 წლის იყო ჯერ), 400 წიგნი მაქვს წაკითხულიო 🙂 წაკითხული წიგნების თვლის კი არ მწამს, მაგრამ ა ბავშვი ის იყო 🙂 მე რა, მე ერთადერთი ზედმეტსახელი შემრჩა მარტო, წიგნის ჭია 🙂

    Like

    • აუ ეგ მეც ვნახე, ჟურნალში იყო ინტერვიუ მაგ ბავშვთან (დმეტრე ქარდავაა) და სერიოზულად დავფიქრდი მრეთქი მაგ დროისთვის რამდენი წიგნი მაქვს წაკითხულითქო. მე მაგის უფროს ძმას ვიცნობ, შენ ის უნდა ნახო. მაგარი ხალხია! 🙂

      Like

      • წაკითხული წ?გნების თვლა, ვინც არ უნდა იყოს, დიდი სისულელე მგონია. ეს იმას ნიშნავს, რაოდენობისთვის კითხულობ და ინიშნავ, თვეში ამდენი და წელიწადში ამდენიო.

        Like

        • ხო სრულად გეთანხმები! 🙂 ინტერვიუში ეგრე თქვა რომ დედაჩემი მითვლიდაო. ნამდვილად, მაშინ რა აზრი აქვს კითხვას? 🙂 უბრალოდ დავფიქრდი მაშინ რამდენი წიგნი მექნებოდა წაკითხულითქო. 🙂

          Like

  5. ძალიან კარგი იყო 🙂 ვიხალისე კარგად 🙂
    წიგნების თვლა მეც სისულელედ მიმაჩნია, აზრზე არ ვარ რაოდენობრივად რამდენი წიგნი მაქვს წაკითხული ან ფილმი ნანახი :)))
    წიგნებს ადრე ვაწერდი ჩემს სახელს, შარშან გაზაფხულზე ექსლიბრისი გავაკეთებინე და ახლა ვარტყამ 🙂 სახლში ყველა წიგნია ჩემია და ამით ძალიან ამაყი ვარ. დავწერო უნდა ჩემს ბიბლიოთეკაზე აუცილებლად 🙂

    Like

      • აუ რა კარგი იდეაა 🙂 კარგი მომაგონე, მეც მასე ვიზამ 🙂 ის კი არა სხვებსაც დავურტყამ და მერე სასამართლოში ვუჩივლებ ჩემი წიგნები მიითვისეს მეთქი 🙂
        არასდროს დამითვლია, და ვერც კი ვვარაუდობ რამდენი მაქვს წაკითხული, ხანდახან ათიც ბევრი მგონია, ხან კიდევ ათასიც მეცოტავება 🙂

        Like

  6. Pingback: მოლი და ბიბლიოთეკა « Molly Bloom's Day™

  7. საჯარო რომელი? ჩვენი საჯარო? აი გუდიაშვილზე როა? მანდ ისეთი ბიბლიოთეკარები არიან, მტრისას :დ :დ ცივები ძალიან… და თან საცავში ვინ შეგიშვებს, საათიც გალოდინებენ… ახლა დარბაზს არემონტებენ და მივატოვე საჯარო, გადავედი მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკაში (სხვათაშორის აქედან წიგნს გატანენ, საჯაროდან არა), აქ ისეთი ტკბილი და თბილი ხალხია, რითი ვცე პატივი არ ვიცი :დ :დ

    გეპეის ბიბლიოთეკა გაიხსნა და ვერ შევედი, მაინცდამაინც კვირას არ მუშაობენ, 😦

    Like

    • შეხვალ ნუ ღელავ გეპეიშიც 🙂 ხო საჯაროზე ძაან ცუდი ამბები დადის 🙂 მაგრამ მოვარჯულებ როგორმე მაგათაც 🙂

      Like

      • ალექსიძის 3. ანუ, სპორტის სასახლესთან რომ ჩამოხვალ, იქ, სადაც მშენებარე კორპუსებია, ზოგი უკვე დასრულდა, ზოგი არა, სადაც ალია ჰოლდინგის ოფისია, იქ გაუხვიე. ეგ არის ალექსიძის ქუჩა, პატარაა, დანომრილია და მიაგნებ. ოღონდ საშვის გაკეთებაზე მოგიწევს წვალება: ან უნივერსიტეტის ცნობა, ან სამსახურის ცნობა

        Like

  8. სიამოვნებით ჩავიკითხე. მაგარი ვინმე ხარ… : )) მე ერთი პრობლემა მქონდა საბავშვო წიგნები არასდროს მიყვარდა და მეორე კლასიდან უკვე საშინლად დიდი წიგნების კითხვა დავიწყე, ეხლა კი აღმოვაჩინე, რომ ბევრი კარგი საბავშვო წიგნი არ მქონია წაკითხული… : ))

    Like

  9. რა კარგი პოსწიკები გამომრჩენია შენთან 🙂 კარგია, ძველებიც დადე ხოლმე, გავიხსენებთ და ვისაც არ წაგვიკითხავს, წავიკითხავთ 🙂

    Like

  10. რა გემრიელობა პოსტი იყო!
    წიგნი რომ არ მაქვს წასაკითხი დისკომფორტს ვგრძნობ სერიოზულს.. :დ
    ეხლა კიდე to read ლისტში იმდენი წიგნი მაქვს.. ^_^ წინასწარმიხარია!

    Like

    • ეგეთი ლისტი კაი ხანია აღარ მაქვს, რაც ხელში მომხვდება ყველაფერს ვკითხულობ 🙂 იმდენია წასაკითხი…

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s