ბაბუა

მეგონა დღევანდელი პოსტის თემა ისევ რომელიმე მწერალი იქნებოდა, მაგრამ გუშინ “სამი მუშკეტერი” გადავიკითხე და ბაბუა გამახსენდა.

წიგნების კითხვა სისხლში მაქვს, ოჯახში ყველა ბიბლიოფილი მყავს და მყავდა. განსაკუთრებით ჩემი აწ უკვე გარდაცვლილი ბაბუა, რომელსაც ოთხმოცი წლის ასაკში გასაოცარი სიზუსტით ახსოვდა საყვარელი წიგნებიდან სხვადასხვა დეტალი. მშურდა ხოლმე, წლებსაც რა კარგად იმახსოვრებდა… სხვათა შორის მისი საყვარელი წიგნი “სამი მუშკეტერი” იყო და როგორც თავად ამბობდა, პირველად ათი წლის ასაკში წაიკითხა. მას შემდეგ წელიწადში მინიმუმ ერთხელ მაინც ვკითხულობო, მეუბნებოდა ხოლმე.

სკოლა დამიმთავრდებოდა თუ არა მივდიოდი ბებია–ბაბუასთან. თუ თბილოდა ბაღში, ბაბუას ხელით გაკეთებულ მაგიდასთან ვსხდებოდით, თუ ციოდა _ სახლში, ღუმელთან და თან კარტს ვთამაშობდით, თან ვლაპარაკობდით. მისგან არასოდეს მიგრძვნია, რომ პატარა ვარ და ბევრი რამ არ ვიცი, ან რაიმეს ვერ გავიგებ. იმიტომ კი არა, რომ კარგად იცოდა როგორ მოქცეოდა ბავშვებს, უბრალოდ როგორც მერე მივხვდი, ვერ ამჩნევდა ადამიანთა ასაკობრივ სხვაობას. არჩევდა მხოლოდ რაღაც ისეთ თვისებას, რასაც არ ვიცი რა შეიძლება ვუწოდო. ეს თვისება ბაბუასთვის ბევრ რამეს, უპირველეს ყოვლისა კი გულისხმიერებასა და გულითადობას გულისხმობდა.

მასთან საუბარი ძალიან მიყვარდა. ყველა ამბობდა ხოლმე, რომ რთული ხასიათი აქვს, რომ ვერ იტანს, როცა არ ეთანხმებიან… მე არასდროს მიჩხუბია მასთან და ამას მუდამ მსაყვედურობდა. საკუთარი აზრი უნდა გაგაჩნდეს ცხოვრებაშიო. თუკი ვინმეს შენზე მეტი გაეგება და წაუკითხავს, არ ნიშნავს რომ მას ყველაფერში უნდა მიბაძოო. მირჩევდა ყოველთვის ინდივიდუალური ვყოფილიყავი და სხვებისთვის თუმცა კი ყოველთვის მომესმინა, მაგრამ გადაწყვეტილება თავად მიმეღო…

მის ერთერთ გამორჩეულ “ნაკლად” მის სიყვარულს სტალინისა და კომუნიზმისადმი მიიჩნევდნენ. პირდაპირ არასოდეს უთქვამს, რომ სტალინი უყვარდა, მაგრამ ეს ისედაც ცხადი იყო. ძალიან, ძალიან ბევრი რამ მაქვს წაკითხული კომუნიზმის შესახებ, მხატვრული ლიტერატურაც და პუბლიცისტიკაც. მართლაც ძალიან ბევრი, ეს პაპას დამსახურებაც იყო და კიდევ სხვა რამისაც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ამ ეპოქას ისე ვიცნობ, რომ მეცხოვრა მეტს მაინც ვერ გავიგებდი. აგრეთვე მშვენივრად ვაცნობიერებ ოთხმოცდაათიანი წლების გაჭირვებასაც. კარგად ვიცი რას ნიშნავს გაზის, დენის და წყლის გარეშე ცხოვრება… რას ნიშნავს უფულობა და უპურობა. ბაბუა ამ ყველაფრის მიზეზად კომუნიზმის “გაძევებას” მიიჩნევდა. არ ვაპირებ ამის განსჯას, ეს ისე, უბრალოდ ვახსენე.

მახსოვს ერთხელ ბიბლიოთეკაში ფადეევის წიგნს გადავაწყდი, “ახალგაზრდა გვარდიას”. გაგონილი მქონდა მის შესახებ, სხვაგანაც ამომეკითხა. დავავლე ხელი და წამოვიღე. წავიკითხე თითქმის იმ დღესვე და ძალიანაც მომეწონა (პატარა ვიყავი 🙂 ). ამაზე ბაბუასთანაც ვილაპარაკე რასაკვირველია. როგორ დამწყვიტა გული როცა მითხრა სინამდვილეში ასეთი ერთგულები სულაც არ ყოფილანო. მომიყვა თურმე მოღალატეები რომ ყოფილან ეს ჩემი გმირები და მხოლოდ სტალინის ბრძანების გამო იყო, რომ ეს წიგნი არსებობდა და ეს ამბავი ნაკლებად იყო ცნობილი. აცრემლებულმა ვუსაყვედურო, მე რაღა დავაშავე ეგ რომ მითხარი მეთქი.

“სტეფანე რაზინიც” მომეწონა თავის დროზე, როცა წავიკითხე. მის შესახებაც ბევრ რეალურ თუ ლეგენდარულ ფაქტს მიყვებოდა ბაბუა. საერთოდაც ისეთი რაღაცეები იცოდა, ძნელად თუ იპოვიდი წიგნებში, ამისათვის მართლაც ყველაფერი უნდა გადაგეკითხა.

“დამონებულნი” რომ წავიკითხე, ემოციების მწვერვალზე ვიყავი. აივაზოვის ეს წიგნი დღემდე ძალიან მიყვარს. ამას მოჰყვა “კლელია” და “კრაზანა”. ამ თემატიკის წიგნებზე ცხარე დისკუსია გვქონდა ხოლმე. ო როგორ ვკამათობდით და როგორ არ მეთანხმებოდა… მაგრამ არასდროს არ მეჩხუბებოდა მე, თუმცა კი ნერვები ძალიან ეშლებოდა.  ომი, რევოლუცია, აჯანყება ჩვენი სტიქია იყო.

ბაბუამ ჭადრაკი ძალიან კარგად იცოდა. რამდენიმე პირველობაც ჰქონდა მოგებული, თავის დროზე გაფრინდაშვილსაც მოუგო ერთი ერთზე. არ ვიცი რატომ არ გაჰყვა ჭადრაკს, საოცარი მოთამაშე იყო. ცვაიგის “მოჭადრაკე” რომ წავიკითხე და მოვუყევი, ბევრ რამეზე იდავა. ასეთი რამ სინამდვილეში შეუძლებელიაო, ჩემთვის გაუგებარ რაღაცეებზე დაიწყო ლაპარაკი. მეორე დღეს კი შევნიშნე თავის თავს ეთამაშებოდა.

ასეთი ბაბუის პატრონმა რატომ არ ვიცი ჭადრაკი მიკვირს. რასაკვირველია ცოდნაში ელემენტარულ სვლებს და წესებს არ ვგულისხმობ, ეს ყველაფერი ჩინებულად ვიცი. კარგად ვიცი ბაბუასგან ცნობილი მოჭადრაკეები, საჭადრაკო პარტიები, პარადოქსები ისტორია… მაგრამ თამაში? ოდნავადაც არა. 😦 ძალიან კარგი წიგნები ჰქონდა ბაბუას ჭადრაკზე, საკმაოდ იშვიათი ეგზემპლარები და დღემდე მიკვირს რომ ყოველ დღე კითხულობდა. ყოველ დღე!

ისე ჟიულ ვერნი არ მიხსენებია. ეს ფრანგიც ჩვენი სასაუბრო თემა გახლდათ საკმაოდ ხშირად. მისი წიგნებიდან ფიზიკას, ასტროლოგიას და მექანიკას ვარჩევდით ხოლმე, ერკვეოდა ფიზიკაში. ალბათ ამიტომაა ჩემთვის ფიზიკა–მათემატიკა ასეთი ახლობელი. აი მაინ რიდი კი დიდად არ უყვარდა, ნატურალისტობას ნამდვილად ვერ დავაბრალებ. ამ თემაზე არასდროს არ მისმენდა.

აღარ გავაგრძელებ, თორემ მე და ბაბუას იმდენი სასაუბრო თემა გვქონდა… რამდენი მწერალი, წიგნი, პერსონაჟი, მოვლენა თუ რა აღარ განვიხილეთ… სათუთად ვინახავ გულში მოგონებებს, ვინ იცის, ოდესმე მეც გავხდე ასეთივე სასარგებლო ბებია. 🙂

Advertisements

19 thoughts on “ბაბუა

  1. რა თბილი პოსტია 😦 როგორ გაუხარდებოდა, რომ წაეკითხა…

    და შენ ნამდვილად გახდები ასეთივე ბებია. ამას აქედანვე გეუბნები 🙂

    Like

    • მადლობა მოლი 🙂 წეღან ბებიას მოვკარი თვალი, ეძინა და გამახსენდა მისი მეუღლე, ჩემიი ბაბუა 🙂 ჩემი ბებიობა… რატომაც არა 🙂

      Like

    • უკვე წარმოვიდგინე “სასარგებლო ბებია” 🙂 ზუსტად ბებიაჩემისნაირი 🙂 90 წლის ასაკშიც კი ჩემზე “მაგარი” მკითხველია და დღემდე ახერხებს ჩემს “დაინტრიგებას” 🙂

      Like

      • ჰოდა მეც ეგრე ვიქნები 🙂 90 წლის ასაკში ასი ბიბლიოთეკა მექნება გადაკითხული 🙂

        Like

  2. რომ იცოდე, როგორ მესმის შენი. მე თითქმის ბებია-ბაბუას გაზრდილი ვარ. ბაბუა მამაზე მეტად მიყვარდა ყოველთვის და აღიარების მრცხვენოდა 🙂 ეს პოსტი კი მეორე ბაბუაზეა და გიძღვნი http://wp.me/p1MT1L-6y 🙂

    Like

      • ხო ზუსტად ეგეთი – ნამდვილი ინტელექტუალი და ასაკის შეუფერებელი ერუდიციის მქონე. ბევრ დიდს შეშურდება ამ მხრივ შენი. 🙂

        Like

        • მადლობა ცოტნე მადლობა 🙂 როგორც მერი პოპინსმა თქვა შევიფაკლე 🙂 ისე კი რაღა ასაკს შეუფერებელი, ქალი დავბერდი, სადაცაა 18–ის გავხდები 🙂

          Like

          • 😀 ჩემი ძმის გამო (19-ისაა) სულ შენი ასაკის ან ერთი-ორი წლით უფროს ბავშვებთან მიწევს ურთიერთობა და ჩემი ძმისა და მისი რამდენიმე მეგობრის გარდა, ნამდვილად ცოტას ვიცნობ შენნაირს. 🙂 მიხარია, რაც ბევრი იქნებით მით უკეთესი.

            Like

            • 🙂 შენც არა გიშავს ცოტნე, ყველაზე მთავარი ცნობისმოყვარეობაა 🙂 არც მონდომება, არც ნიჭი, არაფერი საერთოდ, ცნობისმოყვარეობა და მორჩა! 🙂

              Like

  3. 3 მუშკეტერი მეც ძალიან მიყვარს :უსერ:
    ძაააალიან დიდი ხნის წინ მაქვს წაკითხული და კიდევ ერთხელ გადავიკითხავდი :/
    რკინის ნიღაბს მუღამი ვერ დავუჭირე.
    საერთოდაც არ მომწონდა რომ გაიზარდნენ და უკვე 40+ კაცები იყვნენ და ვეღარ ვკითხულობდი :დ

    Like

    • ბევრისგან მოვისმინე რომ ოცი წლის შემდეეგ გაგრძელება არ უყვართ.. 🙂 მე ისე ძალიან მიყვარს ორივე ისე ისე რომ რა ვიცი 🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s