მკვლელის ჰიგიენა

 ამელი ნოტომი 1967 წელს იაპონიაში დაიბადა ბელგიელი დიპლომატის ოჯახში. რამდენიმე წელი გაატარა ჩინეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში. გამოქვეყნებული აქვს 12 რომანი.

„მკვლელის ჰიგიენა“ _ ნოტომის პირველი რომანი, 1992 წლის აღმოჩენად აღიარეს. მას მიენიჭა რენე ფალეს პრიზი და გამომცემელთა პრიზი გერმანიაში.

ამ წიგნის ქართული გამოცემა ოჩობუქსის დამსახურებაა, ასეთი გადასარევი ყდით:

11053906_759714817479110_6465866102100860084_n

ფრანგულიდან მანანა ბოსტოღანაშვილმა თარგმნა, ყდის დიზაინერი კი გიორგი ახუაშვილი გახლავთ.

ნოტომის ძირითადი დამახასიათებელი ნიშანი იუმორია. მკაცრი და ყოვლისმომცველი იუმორი. ყოველთვის ახალი სიუჟეტებით გვევლინება და სადა სტილს ინარჩუნებს. მისი გმირები, ეგზომ საინტერესო ხასიათები, ყოველთვის საკუთარ თავთან ან მარადისობასთან ჭიდილში ცდილობენ სიყვარულის ძიებასა თუ მოპოვებას. იგი უაღრესად საინტერესო, ინოვაციური და ემოციური მწერალია.

„მკვლელის ჰიგიენა” არის ამბავი ერთი მწერალის შესახებ, რომელმაც გაიგო, რომ დაავადდა ელცენვიივერპლაცის სინდრომით, ან უბრალოდ ხრტილების კიბოთი და გადაწყვტა საბოლოოდ მიეცა ინტერვიუები ჟურნალ-გაზეთთათვის. ეს სინდრომი მე-19 საუკუნეში იგივე გვარის მეცნიერმა ქალაქ კაიენში, სექსუალური ძალადობისა და მსხვერპლის მკვლელობისათვის  დაპატიმრებულ რამდენიმე კატორღელს აღმოუჩინა. მას შემდეგ აღარ შეუნიშნავთ ეს სინდრომი… თუმცა როგორც ნოტომი წერს, მწერალმა ეს სინდრომი მოულოდნელ გააზნაურებასავით მიიღო, სულაც არ სურდა სულელურ გულსისხლძარღვთა დაავადებით სიკვდლი.

მწერალს ჰქვია პრეტექსტატ ტაში. ‘საოცრად’ მსუქანი მწერალია. მარტო ცხოვრებას სწორედ ამით ამართლებს.

პირველ რამდენიმე ჟურნალისტს ის ულმობელი სიმკაცრით შეხვდა, რაც არ გამოიხატებოდა პირად დამოკიდებულებაში. უბრალოდ ის ირონიულად, დამცინავი თავდასხმებით, დამაბნეველი კითხვა პასუხითა და თითქოს ყოვლისმომცველი ცოდნითა და შეხედულებებით ელაპარაკება „მსხვერპლს“.

კითხვაზე: _თავს როგორ გრძნობთ? მან უპასუხა: _თავს ვგრძნობ ოდნავ.

ჟურნალისტები, რომლებიც ცდილობენ იყვნენ ორიგინალურები და რომელთაც მწერლის არც ერთი რომანი არ წაუკითხავთ, სულელურად ებმებიან მახეში და მწერალთან კამათობენ ლიტერატურაზე, მის როლზე, მწერლებზე და მათ ხასიათზე, ლიტერატურულ ხერხებზე და ადამიანებზე. საოცრად საინტერესო დიალოგებია. საერთოდაც ნოტომი გამოირჩევა სადა სტილით, არ ყავს ბევრი პერსონაჟი, არ ახასიათებს ბევრი მოქმედება და გადახვევები. მისთვის დიალოგიც საკმარისია.

საინტერესო ადგილია წიგნში მეტაფორაზე კამათი. მწერალი ამბობს, რომ მის წიგნებში არაფერია მეტაფორის მსგავსი და როდესაც ჟურნალისტი გაოცებული ეუბნება, რომ მეტაფორების გარეშე მისი წიგნები მხოლოდ ცუდი გემოვნებაა, ტაში არ ეკამათება. ამბობს რომ არსებობს კარგი „ცუდი გემოვნება“ და ცუდი „ცუდი გემოვნება“. მისი თქმით ეს არის სიტყვა, რომელიც კარგად იყიდება.

მეტაფორა ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ისაა რის მიღწევასაც ვცდილობ ამდენი წლის მაძილზე ჩემს შემოქმედებაში. ტაშის ნათქვამი ჩემთვის არ ნიშნავს მის უარყოფას. უბრალოდ მეტაფორა ნებისმიერ რამეს ნიშნავს.

ტაშის სიძულვილი ქალებისადმი (ზოგადად მას ადამიანთა მოდგმა სძულთ და რატომღაც წყეული ფსიქოლოგია აქ ყოველთვის მართალია: ადამიანთა სიძულვილს აუცილებლად აქვს რაიმე მიზეზი, რაიმე ტრამვისმაგვარი. ამას ვერ უარყოფ.) მეტად საინტერესო ადგილია. აი რას ამბობს ის ქალებზე:

_ მახინჯები არიან: გინახავთ ოდესმე ქალზე მახინჯი არსება? აქვს აზრი ძუძუების, თეძოების ქონას, სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ? თანაც, ქალები მძულს ისევე, როგორც ყველა მსხვერპლი. ძალიან საზიზღარი მოდგმაა მსხვერპლი. ძირფესვიანად რომ მოგვესპო ეს მოდგმა, იქნებ ბოლოს და ბოლოს, სიმშვიდე მოგვეპოვებინა და მათაც მიეღოთ ის, რაც სურთ, სახელდობრ, წამებით სიკვდილი. ქალები განსაკუთრებით სახიფათო მსხვერპლნი არიან, რადგან უპირველეს ყოვლისა ისინი საკუთარი თავისა და სხვა ქალების მსხვერპლნი არიან.

ამ ადგილმა ჩეხოვის ერთი მოთხრობა გამახსენა – „ქალი ძაღლით“. მთავარ გმირს სწორედ ასევე არ უყვარს ქალები და „დაბალ მოდგმას“ უწოდებს. მისი სიძულვილი (?) ცოლიდან გამომდინარეობს, მისი ხასიათიდან (და აღნაგობიდან). მაგრამ ეს კაცი თავადვე აღნიშნავს, რომ მიუხედავად ამ დამოკიდებულებისა, ქალების გარეშე ცხოვრება მას მაინც ვერ წარმოუდგენია. ტაშის საქმე კი ამ მხრივ სხვაგვარადაა.

ის, რაც აგრეთვე უნდა ავღნიშნო, ტაშის დამოკიდებულებაა მწერლებისა და მკითხველებისადმი. თითქმის სულ ეთანხმება ჩემს მოსაზრებას.

„როგორ უნდა იყოს მწერალი მოკრძალებული? ეს მსოფლიოში ყველაზე ურცხვი ხელობაა, სტილის, იდეების, ამბების, ძიების საშუალებით მწერლები მხოლოდ საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, თანაც სიტყვებით. მხატვრები და მუსიკოსებიც საკუთარ თავზე ლაპარაკობენ, მაგრამ ჩვენზე გაცილებით ნაკლებად მძაფრი ენით.“

თუმცა მხატვრებისა და მუსიკოსების ენა ნაკლებად მძაფრი სულაც არაა, დამეთანხმებით ალბათ.

ხოლო მკითხველებზე აი რას ამბობს ის:

_ ესენი მკითხველი-მყვინთავები არიან. ისინი მკითხველი ადამიანების უდიდეს ნაწილს წარმოადგენენ და მაინც ძალზე გვიან აღმოვაჩინე მათი არსებობა. აი, ასეთი მიამიტი ვარ. მეგონა, ყველა ჩემსავით კითხულობდა; მე ვკითხულობ ისევე, როგორც ვჭამ: ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ მჭირდება, უფრო იმას, რომ ყველაფერს შევისისხლხორცებ და შინაგანი სამყარო მეცვლება. ჩვენ იგივენი არ ვართ იმის მიხედვით, სისხლიანი ძეხვი შევჭამეთ თუ ხიზილალა. ჩვენ ვიცვლებით კანტის თუ კენოს წაკითხვისას. ისე უნდა მეთქვა არა „ჩვენ“, არამედ „მე და რამდენიმე სხვა“, რადგნა ადამიანტა უმრავლესობა ერთანაირად აღიქვამს პრუსტს და სიმენონს ისე, რომ ერთ ბეწოსაც არ კარგავენ იმისა, რანიც იყვნენ და არც არაფერს იძენენ. მათ წაიკითხეს, სულ ესაა: საუკეთესო შემთხვევაში, იციან რას ეხებოდა წიგნი. არ გეგონოთ ვალამაზებდე. რამდენჯერ მიკითხავს ჭკვიანი ადამიანისთვის: შეგცვალათ ამ წიგნმა? და ისინი გაოცებულნი მიყურებენ, თითქოს მეუბნებოდნენ: რატომ უნდა შევეცვალეთ?

ყველა ამ ჟურნალისტის შემდეგ მოდის ქალი. მან უკვე იცის ყველაფერი, რაც მის მოსვლამდე შეემთხვათ ჟურნალისტებს, მაგრამ ეს ოდნავადაც არ აღელვებს და თანდათან ირკვევა რატომაც.

მას ტაშის ყველა რომანი წაკითხული აქვს. საკმაოდ განათლებულია და შეიძლება ითქვას რაღაც გარკვეული ფორმის შეხედულებები გააჩნია.

აქედან მოყოლებული პოსტი შეიცავს სპოილერებს!

მისი და ტაშის დაპირისპირება ამ დიალოგში განაპირობა ნინას (ჟურნალისტის სახელი) ცნობისმოყვარეობამ. ტაშის ერთერთ რომანში _ „მკვლელის ჰიგიენა“, სრული სიმართლეა აღწერილი. სად დაიბადა, სად და როგორ ცხოვრობდა, ვისთან ერთად ცხოვრობდა… მოკლედ თითქმის ყველაფერი ტაშის 18 წლამდე.

ტაში ძალიან ცდილა თავის დროზე თავისი ბავშვობის კვალი გაექრო და არავინ არაფერი იცოდა ამის შესახებ. ნინა ალბათ დაეჭვდა, როცა ეს რომანი წაიკითხა და გამოძიება დაიწყო.

ტაში 18 წლამდე ასეთი სულაც არ იყო. მას ლეოპოლდინა უყვარდა და მათ გაზრდა არ სურდათ. ბავშვური ფანტაზიები და ოცნებები, გეგმები, შეხედულებები… იმდენად ძლიერი, რომ ასრულდა. ტაში ოცნებობდა სამუდამოდ ბავშვად დარჩენილიყო და ის უიმედო მეოცნებეთა რიგს არ მიეკუთვნებოდა. მან ლეოპოლდინას ფიცი დაადებინა, რომ თუ რომელიმე მაინც გაიზრდებოდა მეორე მას მოკლავდა.

რასაკვირველია მაინც გაიზარდნენ. ლეოპოლდინას მენსტრუაციამ ბოლო მოუღო მათ იდილიას. პრეტექსტატმა ლეოპოლდინა დაახრჩო და ამის შემდეგ მან ჩათვალა რომ მოკვდა. ისე ცხოვრობდა მომდევნო წლები, თავი ცოცხალთა რიგებისთვის არ მიუთვლია.

ლეოპოლდინას დახრჩობის მოყოლისას, ნინამ ტაშს უთხრა ხრტილებით მკვლელი ხრტილებითვე მოკვდებაო. აქედან იწყება ჩემი გაბიაბრუება რომანით. ტაში სწორედ ხრტილების კიბოთია დაავადებული. მან ეს ნიშანდობლივად მიიჩნია და ნინათი ისევ აღფრთოვანდა. ისიც კი უთხრა ბოლოში მიყვარხარო.

ბოლოს ნინამ ტაში დაახრჩო და მშვიდად ჩამოჯდა დივანზე.

Advertisements

8 thoughts on “მკვლელის ჰიგიენა

  1. რაღაც საინტერესოდ ჟღერს 🙂 ამელის იუმორი მომწონს და 2012-ში ალბათ “ამ” მწერალსაც გავიცნობ… 🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s