პირველი ღიმილი

ჩვეულებრივ ღია კაფეში უყვარდა წახემსება. არასოდეს ამბობდა ვსადილობ ან ვვახშმობო, მხოლოდ წახსემსება მოსწონდა. ჩამოჯდებოდა მზის გულზე, შეუკვეთავდა ფინჯან ყავასა და ბუტერბროდს და საათობით მიირთმევდა. მხოლოდ ხანდახან, როცა გაცივდებოდა ხოლმე, ყავას მოითხოვდა განმეორებით. ეგ იყო და ეგ.

სევდიანი ჩაცმულობა ჰქონდა, თითქოს ცდილობდა ხალისიანი ფერების ტანისამოსი სცმოდა და არ გამოსდიოდა, მაინც ნაღვლიანი იერი სდევდა თან.

კითხვა უყვარდა ძალიან. ამბობდა, ყოველგვარ ამინდს განწყობა სჭირდება, ყოველგვარ განწყობას კი შესაბამისი წიგნიო. არასოდეს მინახავს ერთი და იმავე წიგნით ხელში, ყოველ დღე რაღაც ახალს მახვედრებდა. მოჰქონდა ახალ-ახალი, პრიალა წიგნები, ერთი ნათითურიც რომ არ ემჩნეოდა ზედ. მოჰქონდა ძველი, გაცრეცილი, მასავით მოწყენილი წიგნები. მოჰქონდა დაფლეთილი, ლუპით საკითხავი წიგნები, მოკრძალებით გადასაშლელი.

კითხვის დროს თავს ვერ ააწევინებდით. მიწისძვრა იქნებოდა თუ ჭექა-ქუხილი, ომი იწყებოდა თუ მეორედ მოსვლა მისთვის  სულერთი იყო, ვერ ამჩნევდა. ასე მგონია შუბლში ტყვია რომ დაგეხალათ, თვალს მაინც არ მოაშორებდა სტრიქონებს.

წიგნის კითხვას სახლში იწყებდა და კაფეში აგრძელებდა. წლობით გამომუშავებული ჩვევა იყო თუ რა, არ ვიცი, მაგრამ კითხვას ყოველთვის ერთსა და იმავე დროს ამთავრდებდა. სწორედ მაშინ მივდიოდი მეც, არც ერთი წუთით ადრე.

რაც დრო გადიოდა მით უფრო იშვიათად მეცნობოდა მოტანილი წიგნი. მას ათასობით წიგნი ჰქონდა წაკითხული, მე _ არ ვიცი.

ძირითადად ის ლაპარაკობდა. მე ვდუმდი.

მეუბნებოდა, ამ დუმილით უფრო მეტს ამბობ, ვიდრე ლაპარაკითო. თავიდან მწყინდა ხოლმე, რატომ მეთქი. მერე მითხრა, ლამაზი ქალი რაც ხშირად დუმს, მით ჭკვიანიაო. იქნებ მე არ მინდა ჭკვიანი ქალი ვიყო მეთქი. მხოლოდ გამიღიმებდა და ხელის გაურკვეველი მოძრაობით მაჩუმებდა.

ნეტავ ლამაზი ვიყავი თუ ჭკვიანი?

თეთრ-ჭაღარა წვერი ჰქონდა. სწორედ ასაკის შესაფერისი. უკვე 73 წლის იყო. თუმცა რატომ უკვე, იქნებ ჯერ კიდევ 73?

უსაქმურ, მარტოხელა ბიბლიოთეკართა წყვილს უწოდებდა ჩვენს ტანდემს. დამცინოდა, რომ ბიბლიოთეკაში ვმუშაობდი. ეს დაცინვა ირონია არ იყო. უბრალოდ ვერ ეგუებოდა იმ აზრს, რომ მე მხოლოდ 18 წლის ვიყავი.

ლაპარაკს ისე ვიყავი გადაჩვეული, შეკვეთასაც ჩემს მაგივრად აძლევდა ხოლმე. ყოველთვის ერთი და იგივე. მას ყავა, მე ჩაი. მას ბუტერბროდი, მეც ბუტერბროდი. არასოდეს მივსალმებივართ ერთმანეთს. არასოდეს დავმშვიდობებივართ. ის არასოდეს იცინოდა, მხოლოდ ღიმილი იცოდა. მე საერთოდ არ მიყვარდა ღიმილი და სიცილი. არ ვიცოდი სად ცხოვრობდა. არც მან იცოდა. ან რა საჭირო იყო.

მას ოჯახი არ ყავდა, ათეული წლების განმავლობაში ეცხოვრა მარტო… მიჩვეული იყო სიჩუმეს ღამით, ლაპარაკს საკუთარ თავთან. ამბობდა ხოლმე, შენთან და საკუთარ თავთან საუბარს შორის განსხვავებას ვერ ვხედავო.

როგორ მინდოდა ეს ჩემებურად გამეგო…

მეუბნებოდა მშურს შენიო. ჩემი ოჯახის შურდა. მე კი ყველაფერს დავთმობდი მისებრ მარტო ყოფნისთვის… მასთან ერთად.

არასოდეს მითქვამს ეს მისთვის. მე ხომ საერთოდ არაფერს ვეუბნებოდი. მეშინოდა ის არ წამომცდენოდა რის გაგონებაც არ სურდა და მერე არ წასულიყო.

ორი თვე მასწავლიდა ჩუმად ყოფნას და ორი წელი ვიყენებდი ამ ცოდნას.

მერე მართლა წავიდა, ოღონდ ისე, რომ მე არაფერი მითქვამს. ასე უბრალოდ ადგა და მიმატოვა. კაფეში რომ მივედი ჩვეულ დროს, იქ არ დამხვდა.

გულმა ცუდი მიგრძნო. არც მეორე დღეს მოსულა, არც მესამეს…

მხოლოდ ერთი თვის შემდეგ მომივიდა სასამართლო უწყება. ანდერძის წასაკითხად მიხმობდნენ. ყველაფერი მე დამიტოვა, სახლი, წიგნების უზარმაზარი, არაჩვეულებრივი კოლექცია და თავისი დღიურები…

წერილიც დამიტოვა. ყოველთვის სიტყვაუხვს წერილში ჩემთვის ბევრი ვერაფერი გაემეტებინა და ერთადერთი წინადადება მოეწერა:  “არ შემეძლო საკუთარ სურვილებთან გულწრფელი ვყოფილიყავი.”       

აი მაშინ გავიღიმე პირველად მისი აჩრდილის თანდასწრებით. გული არ დამწყვეტია, ეს ჩვენთვის ზედმეტად ბანალური იქნებოდა. ფილოსოფიურად გადავიტანე მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ტკივილი.

მხოლოდ ერთ რამეს ვნანობდი, როგორ არ ვუთხარი სიცოცხლეში ის, რისი გაგონებაც ასე სურდა?

Advertisements

10 thoughts on “პირველი ღიმილი

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s