პლატფორმა

Warning! პოსტი შეიცავს უამრავ სპოილერს. 🙂

მიშელ უელბეკის “პლატფორმა” არის წიგნი კაცის შესახებ, რომელიც ერთი შეხედვით სექსიდან სექსამდე ცხოვრობს. უცნაური ადამიანია,  მექანიკური, გამოთიშული ცხოვრებით და თითქოს მისი ერთადერთი შეგრძნება ორგაზმია. თუმცა ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ სექსისთვის არსებობს. გარყვნილია, მაგრამ მკითხველი მაშინვე ხვდება, რომ ეს არ არის ფანატიზმი სექსისადმი.

ის არც მოზარდია, რომ მდუღარე ცხოვრებით იცხოვროს, არც ახალგაზრდა, რომ ცხოვრებაში პროტესტისთვის იღვწოდეს, არც უკვე დაბრძენებული ადამიანი – რომელმაც დაგვიანებით, მაგრამ უკვე იცის, როგორ უნდა იცხოვროს სწორად. ის შუა ხნის, დროსა და სივრცეში გაყინული კაცია, რომელსაც არც საინტერესო სამუშაო აქვს, არც საინტერესო საზოგადოება ახვევია თავს და (ჩემი არ იყოს) არც ეძებს რაიმე მსგავსს. ამიტომ ვამბობ, რომ ‘ერთადერთი’ მძაფრი შეგრძნება მისთვის – ორგაზმია.

მამის გარდაცვალების შემდგომ, მიღებული მემკვიდრეობით იგი ტაილანდში მიემგზავრება ტურისტული სააგენტოს, “ნუველ ფრონტიერის” მეშვეობით. მისი თანამეგზური ტურისტები საკმაოდ სახასიათო პერსონაჟები არიან. მათი განხილვა ცალკეც შეიძლება. ისინი სწორედ იმიტომ არიან საინტერესონი, რომ მიშელს, მთავარ გმირს აქვს უინტერესო ცხოვრება. ის ყველაფერს ათვალიერებს, ფიქრობს, აღწერს და ჩემთვის ეს ძალიან მიმზიდველია. მომწონს მისი მსჯელობა, მიუხედავად იმისა, ვეთანხმები თუ არა მას.

მიშელი ათვალიერებს ტაილანდს, თითქოს ტკბება კიდეც ამ სილამაზით, მას უდავოდ შესწევს ფიქრის, შეგრძნებების, არაცხოველური მსჯელობის უნარი… თუმცა ამაზე მოგვიანებით. მიშელი ყოველ წამს, როდესაც ამოსუნთქვის საშუალება და დაფიქრების დრო აქვს, სექსზე იწყებს ფიქრს. მისი ერთადერთი პრობლემა ისაა, სად ‘იშოვოს’ ქალი სექსისთვის. მისთვის სექსი იგივეა, რაც ნარკომანისთვის ნარკოტიკი, ლოთისთვის სასმელი ან მწეველისთვის სიგარეტი. ვერ ითმენს, სექსი მისი სიხარულია. ის ყოველთვის მიდის ქალებთან, ნაირ-ნაირ, ფერად ფერად გოგონებთან (რომელთა რიცხვიც ტაილანდში განუზომელია, ისინი საკმაოდ პატარა ასაკში იწყებენ ბიზნესს – საკუთარი სხეულით ვაჭრობას და ეს მშვენივრად გამოსდით).

როდესაც ქალი არაა ახლომახლო, პრობლემა მაინც გვარდება.

მაგრამ… ეს ყველაფერი ერთი კაცის პირადი ცხოვრებაა. ამის მიღება და გაგება ადვილია. ფსევდო-უმანკოებას რომ თავი ვანებოთ, ის არაფერს აშავებს, არ ანგრევს ოჯახებს, არ ძალადობს, არ სტკენს გულს ქალებს, არავის არაფერს ჰპირდება… უბრალოდ გარკვეული კუთხით მგრძნობიარეა…

მთავარი ეს არ არის. მთავარი არც მსოფლიოს ეკონომიკური მდგომარეობაა ტურიზმის განხრით.

ერთი ტურისტი, რომელიც მიშელთან ერთად ათვალიერებს ტაილანდს, “ნუველ ფრონტიერის” თანამშრომელია, თუმცა მხოლოდ ისვენებს, არ მუშაობს. მიშელი და ვალერი ერთმანეთს მხოლოდ და მხოლოდ გაიცნობენ. მათ შორის რაღაც მიზიდულობა, საერთოდაც რაღაც ჩნდება, მაგრამ მხარეები თავს იკავებენ.

ფროიდის არ იყოს, “სექსის ეფექტი არის ჩახშობათა ჯამის პირდაპირპროპორციული”.  რაც მეტად იკავებენ თავს, მით მეტია ვულკანის ამოფრქვევის ძალა. თავიდან მომეჩვენა, რომ სერიალის უაზრო პრინციპით შეიკავეს თავი: მე შენ მიყვარხარ, მაგრამ ჯობს დავშორდეთ. ვისთვის ან რისთვის ჯობს, ვერავინ გეტყვით, თუმცა მიშელსა და ვალერს შორის სიყვარული მოგვიანებით გაჩნდა, ან ადრევე გაჩნდა და გვიან გამოვლინდა.

უკან დასახევი გზა _ გაცვლილი ტელეფონის ნომერები.

მოგზაურობის დასრულების შემდეგ, მიშელი ვალერისთან მივიდა. არ ვიცი ეს რა იყო, მონატრება, სურვილი თუ ინტერესი, მაგრამ მათ დანახვისთანავე “გაიცნეს” ერთმანეთი უფრო ახლოს. უფრო ახლოს ნიშნავს უფრო ახლოს საძინებელთან. ეს კი თავის მხრივ სიამოვნების გავლით ბანალურ სიტყვას – ურთიერთგაგებას უკავშირდება.

აქედან იწყება მათი ურთიერთობა. არავითარი კომპლექსები, ვალდებულებები, საყვედურები, არაფერი ზედმეტი, მხოლოდ მშვიდი, წყნარი, კმაყოფილი და გაწონასწორებული ცხოვრება.

მერე ვალერის შეფს ახალი სამსახური შესთავაზეს და მან თავის მხრივ ვალერის შესთავაზა გაყოლა. ვალერი დათანხმდა.

ვალერისა და ჟანს (შეფი) დაევალათ აზიაში (და არა მხოლოდ) ტურიზმის “მიხედვა”. ე.წ. ჩამკვდარი ბაზების გამოცოცხლება. ეს არ იყო იოლი, რადგან არსებული ბაზები უკვე დაკავებული აღმოჩნდა. საჭირო იყო ინოვაციური გეგმა, რაიმე სიახლე, რითაც წარმატება გარანტირებული ექნებოდათ.

მიშელს აღმოაჩნდა ასეთი ფანტასტიკური გეგმა.

მან შესთავაზა ვალერისა და ჟანს პროსტიტუციის ლეგალიზება. ასე თუ ისე ყველა მამრი ტურისტი მაინც მონახავს გზას სიამოვნების წყაროსაკენ. თუკი ჩვენ გავუადვილებთ მათ ამ გზას, უპირატესობასაც მოვიპოვებთ. თანაც ეგზოტიკური ქალები უფრო მეტად იზიდავენ ტურისტებს, დაღლილებს ევროპელი ქალების შაბლონურობითა და ერთფეროვნებითო. (შეიძლება დაასკვნა, რომ ევროპაში საშინლად მდარე (?!) სექსი იციან ქალებმა). სწორედ ეს უთხრა მიშელმა ვალერის და მათ გეგმა მიიღეს.

განახორციელეს კიდეც.

წარმატება მოულოდნელად დიდიც კი აღმოჩნდა.

მერე მოდის მიშელისა და ვალერის ტაილანდში დაბრუნება. ვალერის სურს აქ იცხოვროს, მიშელს მასთან ერთად ცხოვრება სურს. ის შეყვარებულია.

ის იმ წუთიდანაა შეყვარებული, რაც ვალერი შეიგრძნო, დაინახა. ძლიერი სიყვარული იღვრება იცით წიგნის ფურცლებიდან და სწორედ ეს არის ის, რაც მე მომწონს ამ წიგნში.

მიყვარს, როცა ისეთ ადამიანებს უყვართ, რომელთაც ერთი შეხედვით სიყვარული არაფრად უღირთ, ან არ შეუძლიათ. არ იყოს ეს გრძნობა მოულოდნელი, მაგრამ მაინც ლამაზია.

აცნობიერებს რა, რომ ბედნიერია, მიშელი ცხოვრების გაანალიზებას იწყებს. მას მოსწონს ცხოვრება, მოსწონს ვალერი, მოსწონს სიყვარული. უკვე აღარაა ცხოვრება არაფრისმთქმელი და უღიმღამო, გაყინული ერთ წერტილში და მოსაწყენი. აღარც უაზროა…

რამდენი შეუძლია სიყვარულს.

მერე არაბებმა ტერორების სერია წამოიწყეს მიშელის მოფიქრებული კამპანიის წინააღმდეგ. მათ გააპროტესტეს ლეგალური სექსი..? არც აქამდე კრძალავდა ვინმე. ალბათ უფრო წაქეზება ამისაკენ.

არაბებს არ დაეთანხმებით. ისინი ხალხს ხოცავენ და კრძალავენ ნებისმიერ თავისუფლებას.

მიშელს დაეთანხმებით? კაცს, რომელსაც დრო და ადგილი არაფრად უღირს სექსისთვის. წიგნი უნდა წაიკითხოთ, ამას რომ მიხვდეთ. როცა ტერორისტებმა ვალერი მოკლეს, აი სწორედ მაშინ შემძულდა მიშელი.

შემეცოდა კიდეც, რაღაც სინდრომი დაემართა, გაშეშდა, არ მოძრაობდა, არ ჭამდა, არ ფიქრობდა, არ ხედავდა და არ ესმოდა. რამდენიმე თვე გონს ვერ მოვიდა. ვალერის დაკარგვა მისთვის ყველანაირ ტკივილზე მეტი აღმოჩნდა. ტკივილის ზღვარსაც გასცდა.

უხაროდა, როცა თუნდაც ერთი მუსლიმის სიკვდილს შეიტყობდა. საბოლოოდ დასახლდა ტაილანდში.

მაგრამ ასეთი ლეგალური სექსი გარყვნილებაში კი არა, რაღაც ამაზრზენ საზიზღრობაში გადაიზარდა.  თვითონ ეს არც უფიქრია. ალბათ იმიტომ, რომ ეს არც ავტორს უფიქრია. იმიტომ, რომ ავტორმა სულ სხვა რამე იფიქრა.

პოსტის ბოლოს აზრები აირ დაირია, გადაირია. ძნელი ასახსნელია, რატომ არ მომეწონა მიშელის იდეა.  თავისუფლება ვინმესთვის რამის დაძალებას არ გულისხმობს.

პრობლემა კი იმაშია, რომ დედამიწის მოსახლეობის უმრავლესობას  საკუთარი აზრი არ გააჩნია. ყოველგვარ აზრს ებღაუჭებიან, რომელიც მათ ინტერესებს აკმაყოფილებს, ამას კი დანარჩენი ჭკვიან, ინტელიგენტ და ორიგინალურად მიჩნეული საზოგადოების წევრები შეუგნებლად იყენებენ.

Advertisements

5 thoughts on “პლატფორმა

  1. პოსტის კითხვა დავიწყე, მაგრამ მგონი სპოილერია. ამიტომაც შევწყვიტე. ჯერ წიგნს წავიკითხავ.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s