ვირთხას პირველი წერილი

მშვიდად დაჯექი და ისე წაიკითხე. ფეხზე დგომისას საკითხავი წერილი არ დამიწერია. მე კარგად ვარ, არაფერი მიჭირს. შენ?

ახლა საქმე, რომელიც არ მაქვს.

შენც კარგად იცი ამ ბოლო დროს რამდენს დავდივარ. უკვე დავიღალე კიდეც, მაგრამ ამ ცხოვრებაში მაინც არაფერია ისეთი, რისი შეცვლა ან თავიდან მოშორებაც მინდა. ეს ძალიან კარგია! ოთხი თვეა ქალს არ გავკარებივარ. კი არ ვწუწუნებ, უბრალოდ ვტრაბახობ. ჯანდაბა, ქალებთან მე არასოდეს მიჭირდა, მაგრამ ახლა დროა ჩემს შარმს, სექსუალურობას თუ რაღაც ასეთს მოვუხმო. ეს კი ყოველთვის მქონდა. ისე, შენთან ერთი თხოვნა მაქვს და თუ ამ თხოვნას შემისრულებ მზად ვარ ეს თვისებაც დაგითმო. თუ შეგიძლია… თუმცა იქნებ არც ღირდეს?… რა ვიცი, რა ვიცი… ვერ გადამიწყვეტია. ამ ბოლო დროს მერყევი გავხდი.

ჰოდა, რას ვამბობდი, ქალები მეთქი. არა ამ ქალებში არასოდეს მიჭირდა, მაგრამ ასე თუ გაგრძელდა ინტერესს დავკარგავ ადამიანებისადმი, რაც სულ არ მინდა. ბოლო ქალაქში სადაც ვიყავი, ერთი გოგო გავიცანი, ჯენი.

ქერა იყო. ბარში მუშაობდა. კლიენტები კი ბარის ხარჯზე ერთ პატარა ბუნგალოში მიჰყავდა. მოკლედ არ ვიცი რამდენს მუშაობდა და ეს არცაა ხომ ჩემი საქმე? მაგრამ ჯენი ხომ ქალი იყო.

ვიცი ჩაგეცინება, მაგრამ ქალი იყო რა… სხვათა შორის ლურჯი თვალები ჰქონდა.

ახლა აღარ აქვს. საქმეც ისაა რომ მოკვდა.

ერთ საღამოს ზღვის პირას ვიჯექი და ვარსკვლავის ჩამოვარდნას ველოდებოდი, რაღაც სათხოვარი მქონდა. სწორედ ამ დროს დავინახე ჯენი კლიენტთან ერთად. ის კლიენტიც მეცნო. ბარში ხშირად დამინახია. ადგილობრივი ბურჟუა იყო, მინდოდა მეთქვა რაღაც საშუალო მეწარმე. ეშმაკმა უწყის ამ ქალაქში ვინ რას აკეთებს.

ლურჯი თვალები ზეცას მიაპყრო (ეს ძალიან პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ჯენის უხდებოდა პათეტიკა). იცი ჯენი რატომ მომწონდა? როცა რაღაც უხაროდა ყოველთვის თვალებს ხუჭავდა, ენას გარეთ გამოყოფდა და ღრმად ისუნთქავდა. ეს უნდა ნახო რომ იგრძნო.

ჰოდა ზემოთ რომ აიხედა ის პირუტყვი ბურჟუა უხეშად ჩაეჭიდა და კოცნა დაუწყო. ჯერ ყელში კოცნიდა, მერე ტუჩებში სწვდა და თმებით უკან დაქაჩა.

გგონია ჯენიმ ან ხმა ამოიღო ან გაიბრძოლა? შენც არ მომიკვდე! მე უფრო მტკიოდა მისი ყურება ვიდრე თავად მას.

უყურებდა ვარსკვლავებს გაოგნებული და ვერ ამჩნევდა ვერაფერს. მერე ქოხში შეათრია.

ცოტა ხანს ხმა არ გამიგია. და მერე მეც ვარსკვლავებს მივუბრუნდი.

ძალიან შორს, ვარსკვლავისთვისაც კი მეტისმეტად შორს, თვალი მოვკარი, როგორ ჩავარდა, კი არ ჩამოვარდა, ჩავარდა ერთი ალმოდებული მნათობი…

ეტყობა მას უყურებდა ჯენი…

ნეტა რა სათხოვარი ჰქონდა…

ის დღე გამახსენდა მე რომ წამომიყვანა ამ ბუნგალოში.

არც გარეთ შევხებივარ და არც ბუნგალოში.

ერთმანეთის პირისპირ ვიდექით და თვალებით ვჭამდით ვითარებას.

მკაფიო მოხაზულობა ჰქონდა, გამოკვეთილი. ოღონდ არა ქალური.

არც მაღალი იყო, არც დიდი მკერდი ჰქონდა.

მაგრამ ლამაზი იყო. ყველაფერი სწორედ ისეთი ჰქონდა, როგორიც გინდა რომ ქალს ჰქონდეს.

ქალი იყო მეთქი ხომ გეუბნები.

უსიტყვოდ წამოვიწყეთ თამაში.

ვგრძნობდი როგორ მაშიშვლებდა წარმოდგენაში და მეც იგივე ვცადე.

წარმოვიდგინე როგორ გაიხდიდა ყველაფერს და ერთი წამით აღარ შემიხედავს მისი ტანსაცმლისთვის.

მიუხედავად რეალობისა, ის შიშველი იდგა ჩემს წინაშე.

ალბათ მეც.

ჯერი ბუნებაზე იყო და მანაც არ დააყოვნა.

ჩვენ ყველაფერი ვიგრძენით. ქალური ერთიანობა და მამაკაცური  შეერთება. ყოველივე განვიცადეთ და ერთმანეთს არც კი შევხებივართ.

ისე რა უცნაური არსებანი არიან ეს ქალები, ბედნიერების დაფასება არ იციან. ერთი წამის სიცოცხლე არ ძალუძთ. ყოველთვის რაღაცაზე ოცნებობენ და არასოდეს ყოფნით სიამოვნება.

ჯენიმ თვალები რომ გაახილა, მისი თვალები ლურჯი კი არა ნაცრისფერი იყო.

მერე წვიმა წამოვიდა.

ბუნგალოდან ისევ არავითარი ხმა არ ისმოდა. მიყურადება მომინდა. მაგრამ ვიცოდი ისეთს ვერაფერს გავიგონებდი, რაც გამახარებდა.

მერე გარეთ გამოვიდნენ. გამიკვირდა. ადრე იყო.

ცოტა გაიარეს და საცოდავმა ბურჟუამ ლუდის ბოთლი დაახეთქა ძირს.

სანამ მეორე ბუნგალოს მიუახლოვდნენ, რომელთანაც მე ვიჯექი, უკვე ხმამაღლა ეკამათებოდა თავის თავს.

ჯენი ისევ დუმდა, ისევ ვარსკვლავებს შეჰყურებდა  და არ დამინახია, მაგრამ ალბათ თვალებიც ისევ ნაცრისფერი ჰქონდა. მალე წვიმა წამოვიდოდა.

მერე დავინახე და გავიგონე, გაცოფებული პლებეი როგორ უყვიროდა და ურტყამდა.

ჯენის კი ისევ გაშტერებული მზერა ჰქონდა.

წამოვდექი და მათ მივაშურე. მე რომ დამინახა ყვირილსაც უმატა და დარტყმებსაც.

მხარში ხელი წავავლე და ვცადე გამომეწია, მაგრამ ხელი მომიქნია და ტუჩებში ბლანტი სისველე ვიგრძენი.

ჯენი გამოფხიზლდა თითქოს და არ გინდაო, მითხრა.

როცა ბურჟუას თავისი ადგილი მივუჩინე, ჯენიმ ხელი მომხვია, გაჩერდიო.

ხელი ვკარი.

და წამოვედი.

მეორე დღეს გადაუღებლად წვიმდა. ჩემთან დილაადრიან მოვიდა სტუმარი…

ბურჟუა…

მითხრა შენ მოკალიო.

ხელი ჰკარი და ბუნგალოს კედელს მიეჯახაო.

კედელს რომ მიეჯახა კეფაში ლურსმანი შეერჭოო.

არ დავუჯერე მაგრამ ქალაქში რაღა გამაჩერებდა.

ერთი კვირის თავზე იმ ბარში დავრეკე, სადაც ჯენი მუშაობდა. ვიკითხე როგორ არის მეთქი.

მითხრეს ერთი კვირის წინ გაუჩინარდა, მასზე არავინ არაფერი იცისო.

ისეთი მძინარა, გაზეპირებული ხმით მითხრეს…

ჯენი რომ მომკვდარიყო, არ მეტყოდა?

არა მითხარი, არ მეტყოდა?

კარგი რა ძმაო, ის ხომ ქალი იყო, ნამდვილი ქალი!

სწორედ ეს მჭირდება ახლა!

ოთხი თვე ნამდვილად დიდი დროა, თანაც არ მინდა ადამიანებს გადავეჩვიო.

სათხოვარი გადამავიწყდა. თუ შეგიძლია, რა მისამართითაც ამ წერილს მიიღებ, იმ მისამართზე ის წიგნი გამომიგზავნე მაშინ რომ დამპირდი.

წინასწარ გმადლობ.

P.S. ისე არ გეჩვენება რომ ხანდახან მართალი ვარ?

Advertisements

8 thoughts on “ვირთხას პირველი წერილი

  1. შენ არ იცი რა სასიამოვნოდ დავწერე… დიდი არაფერი, მაგრამ ხშირად არ გამომდის ასე გულახდილად გადმოვცე ზუსტად ის, რაც მინდა : )

    Like

  2. ვაააა…… ვირთხა ვიცანი :დ

    მაგარია, წავიღე ჩემს კედელზე.. ჯერ ასე არ ავღფრთოვანებულვარ, ასე მგონია მწერლისას ვკითხულობ :დ

    Like

    • მურაკამი ძალიან მომეწონა, რომ იტყვიან ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ბევრიც მაფიქრა… უამრავი ჩანაწერი გავაკეთე და მოკლედ მივაკალი თავი ის დრო 🙂 მიყვარს ეს მწერალი

      Like

  3. Pingback: წერილი მოგზაურობიდან დაბრუნებული ვირთხასგან |

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s