თავისუფლებასა და ბედნიერებაზე….(ინტერვიუ ვაჟა-ფშაველასთან)

I ნაწილი

30 წლის წინ ჩამოყალიბდა სხვადასხვა ეროვნების მეცნიერთაგან შემდგარი ჯგუფი, რომელმაც დროის მანქანის შექმნა გადაწყვიტა. მეცნიერთა გარდა ამ ჯგუფში უამრავი ადამიანი მუშაობდა, რომელთაც მეტ_ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმე ევალებოდათ. ამ ჯგუფში ვმუშაობდი მეც, გავბედავ ვთქვა _ მწერალი. მე ამ ჯგუფის მუშაობის პროცესს აღვწერდი. ამ ჯგუფის შექმნას საფუძვლად ედო ინგლისელი მეცნიერის ჩანაწერები, ამიტომ ჯგუფის შექმნიდან 10 წელიწადში მანქანა მზად იყო. ეს ფორმალურად. თუმცა მანქანა გამოცდას საჭიროებდა, რაც ძალზე სარისკო საქმე გახლდათ. მანქანის გამომცდელი შესაძლოა წარსულში ან მომავალში ჩარჩენილიყო. მე მეცნიერი არ ვარ, მაგრამ ვხვდებოდი რამხელა რისკი იყო ეს. მაინც გადავწყვიტე მანქანა მე გამომეცდა, რადგან თუ პროექტი გაამართლებდა ამის საშუალება აღარ მექნებოდა, არადა ძალიან მინდოდა ვაჟა_ფშაველასთან საუბარი და ამის ერთადერთ საშუალებას მანქანის გამოცდა წარმოადგენდა. მასთან დაკავშირებული რისკი მე მხოლოდ ცნობისმოყვარეობას მიღვიძებდა. საბოლოოდ ჯგუფი დავარწმუნე და ერთი წლის მერე თავი 1915 წლის თბილისში ამოვყავი.

II ნაწილი.

ეს ვაჟა_ფშაველას ბოლო წელი იყო. მე მასთან მაისში მივედი. სამი თვის შემდეგ იგი გარდაიცვალა. 23 მაისს მისი საიუბილეო საღამო გაიმართა ორთაჭალაში, ღია ცის ქვეშ დიდი ნადიმის თანხლებით. სამწუხაროდ ვაჟა უფრო გაცივდა და კვლავ ლოგინად ჩავარდა. დააწვინეს ლაზარეთში, რომელიც ომიანობის გამო მოთავსებული იყო უნივერსიტეტის შენობაში. აქ მას თავს დასტრიალებდნენ საუკეთესო ექიმები, მწერლები, მეგობრები, მაგრამ ყოველივე ამაო იყო. ვაჟას მდგომარეობა უარესდებოდა.

ვაჟა_ფშაველას წარმოსადეგი გარეგნობა ჩემთვის ცნობილი იყო ფოტოებიდან. მართალია ველოდი, რომ ავადმყოფი და დასუსტებული იქნებოდა, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. პირველი შთაბეჭდილება მეტად მძიმე იყო. თითქმის ორი წუთი ვიყავი დადუმებული, ვეღარაფრის თქმა მოვახერხე. ხოლო, როცა შევატყვე მგოსანი წამოდგომას ლამობდა, მივუახლოვდი, ვთხოვე, ნუ წუხდებით_მეთქი, მივესალმე და გავეცანი. ვუთხარი, რომ ქართველი ვარ, მაგრამ უცხოეთში ვცხოვრობ და ვსწავლობ. აბა რამით ხომ უნდა გამემართლებინა ჩემი მეტყველება?…

თავიდან უხერხულობის გასაფანტად ჩემს შესახებ ორიოდე სიტყვა ვუთხარი. მოვუყევი, რომ მინდა ვიყო მწერალი, მიყვარს წერა და კითხვა… რომ მისმა ნაწერებმა აღმაფრთოვანა და ამისთვის მსურს მასთან საუბარი. დაინტერესდა, ალბათ იმიტომ რომ ვუთხარი წერა მიყვარს მეთქი. ცოტა მკვახედ კი მითხრა:

_მაინცდამაინც წერის უფლებას ჩვენ ვერავის წავართმევთ, ყველას ნება აქვს წერისა და ფიქრისა, როგორც სიყვარულისა, სიხარულისა, სიცოცხლისა და ხეირიანი ცხოვრებისა, მაგრამ ყველას კი ვერ დავაჩემებინებთ მწერლის სახელსა, მით უმეტეს უსულგულო ადამიანს.

_აბა როგორი უნდა იყოს ნიჭიერი მწერალი?

_იგია ნიჭიერი მწერალი, ვინც რასაც თავად ჰგრძნობს და ფიქრობს, აქვს უნარი სხვასაც ისე აგრძნობინოს და აფიქრებინოს, ვისშიც ძლიერად სჩქეფს ეროვნული სისხლი, ვინაიდან ის უმთავრესი ფესვია იმის შემოქმედებისა, ეს, როგორც ქართველი ერი ამბობს “ალალი რძეა დედისა” და ნუ ჰგონია ვისმე, _ უამისოდ ნაყოფი გამოიღოს მისმა ნიჭმა.

_”ნიჭიერი მწერალი ექიმია ცხოვრებისა”,_ვუთხარი მისივე სიტყვებით. გაეღიმა. მერე ვკითხე:

_ადამიანი რომ არ იყოთ, რა იქნებოდით ამ ქვეყნად?

_”რამ შემქმნა ადამიანად, რატომ არ მოვედ წვიმადა…”_ წაიღიღინა ვაჟამ.

_რატომ წვიმა?

_”რომ ვყოფილიყავ მუდამა ღრუბელთ გულ_მკერდის მძივადა, მიწაზე გადმოსაგდებად, ცვარად ან თოვლად ცივადა? არ გამწირავდა პატრონი, ასე ოხრად და ტივლადა!

_ რა უპირატესობა აქვს წვიმას ადამიანთან შედარებით? რას მოელით უფლისგან?

_”ცაშივე ამიტაცებდა, თან მატარებდა შვილადა. ასე არ დამჭირდებოდა სულ მუდამ ყოფნა ფრთხილადა. მზის მოტრფიალედ ვივლიდი სიკვდილის გამაწბილადა; მაღლა ცა, დაბლა ხმელეთი მე მექნებოდა წილადა.”

_ადამიანურ საზრუნავს ხომ არ გაურბიხართ?

_”გავიხარებდი, მთა_ბარსა ოდეს ვნახავდი მწვანედა, მორწყულსა ჩემის ოფლითა, ყვავილებს შიგნით, გარეთა, გადავუშლიდი გულ_მკერდსა დღსით მზეს, ღამით მთვარესა. სიცოცხლეს ვაგრძნობინებდი მომაკვდავ არე_მარესა.”

_ადამიანს სარგებლობა ვერ მოაქვს დედამიწაზე? ნუთუ იმედი არ არსებობს?

_”თოვლად ქცეულსა გულშია ცეცხლად იმედი მრჩებოდა, რომ ისევ ჩემი სიკვდილი სიცოცხლედ გადიქცეოდა, და განახლებულ ბუნებას ყელ-ყურზედ მოეხვეოდა.”

_ეს იმედია თუ ბედისწერა?

_იმედი ბევრად სჯობია უაზრო ბედისწერასა!

გამეღიმა და ვუთხარი:

_კარგის თქმა ჭკვიანთ ვალია,_ და ისევ შევეკითხე:_ესე იგი წვიმა უფრო თავისუაფალია, ვიდრე ადამიანი, იმის მიუხედავად რომ ის უსულო არსებაა. რა გამოდის, რომ თავისუფლება მხოლოდ მკვდართათვისაა ხელსაყრელი და არა ცოცხალთათვის?

_თავისუფლება ცოცხალთათვისაა ხელსაყრელი და არა მკვდრებისთვის.

_რაში გამოიხატება ის?

_ადამიანის ნდობა_მისწრაფებაში: თავისუფლება მოქმედებაა, განხორციელებაა ნებისა, აზრისა, გრძნობისა და არა განსვენება, უქმად ყოფნა. თავისუფლება პიროვნებისა და ერისა ერთმანეთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.

_როდის არის ერი თავისუფალი?

_სადაც არაა პიროვნება თავისუფალი, იქ ერი დამონებულია და დამონებულ ერში რა თქმა უნდა, პიროვნებაც მონაა. უთავისუფლო, სხვის ხელში სათამაშო ნივთი.

მიჭირდა საუბრის გაგრძელება, რადგან მწერალი მხოლოდ მპასუხობდა და თვითონ არაფერს მეკითხებოდა. იმედი გამიცრუვდა. თუმცა რატომ ველოდი, რომ სრულიად უცნობ ადამიანს აღფრთოვანებით შემხვდებოდა? ალბათ შემატყო დაბნევა და მითხრა:

_ფიქრობთ? ფიქრი კაი საქმეა, უფიქრელი მხოლოდ ქვაა.

_კაცს საბოლოო ფიქრიც უნდა ჰქონდეს.

_კაცს რომ ფიქრი არ ჰქონდეს, შენი მტერი, რომ კაცის ყოფნა იქნებოდა წუთისოფელში…

_რატომ? ზოგი მხოლოდ ლაპარაკობს და საამისოდ ფიქრი არ სჭირდება.

_მაშინ ხომ ვეღარც ენა იენავებდა და დამუნჯდებოდა მთელი კაცობრიობა, სამართლით რომ ვსთქვათ, ენა უფრო ცოდვიანია ფიქრზე.

_რატომ ცუდი და ბოროტი ფიქრები ცოდვა არ არის?

_ფიქრს რა ცოდვა აქვს, მანამ საქმედ არ გადაიქცევა? არაფერი. შემწყვდეული ერთს ძვლის კოლოფში, ფიქრი ფიქრობს თავისთვის, ჩუმად, კაცის ფიქრით, რასაკვირველია, კოწიწობს, რაღაც კოშკებს აშენებს, მემრე ისევ არღვევს, მაგრამ არც ასაშენებელი მასალის ჩქამი-ჩქუმი ისმის შენების დროს და არც დარღვევის ჩხრიალ-გრიალი.

_ფიქრი მაშინ არის კარგი როცა შედეგი აქვს. თუ უსაქმურობაში გადაიზარდა რა მადლი ექნება?

_რამდენიც ცოტა საქმე აქვს კაცს, ცოტას აკეთებს, იმდენად ბევრსა ლაპარაკობს, სცალიან და იმიტომ. მაგრამ თუ ფიქრობს უსაქმურად აღარ არის უკვე.

_მე ჩემს ნებაზე ვწერ, ვლაპარაკობ… თავისუფალი ვარ?

_მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო,_არა! უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის, ხალხისთვის.

_ერთმა ფილოსოფოსმა თქვა, რომ ადამიანს მისჯილი აქვს თავისუფლება. საშიშია თავისუფლება?

_ერთ ფილოსოფოსს ისიც უთქვამს, რომ თავისუფლების შეზღუდვა შიშისგან, ვაი_თუ იგი ბოროტად გამოიყენონო, თავისუფლების მიმართ შიშით ჩადენილი ბოროტმოქმედებაა.

_გეთანხმებით.

სამწუხაროდ მწერალთან უფრო დიდი ხნით დარჩენის უფლება არ მომცეს, მაგრამ როგორც ჩანს მას ინტერესი არ განელებია და ჩემს თხოვნაზე მომდევნო დღესაც მენახულებინა იგი, თანხმობა მომცა.

III ნაწილი

მეორე დღეს მწერალი თითქოს უკეთესად გამოიყურებოდა. მეც უფრო ხალისიანად შემხვდა, ისიც კი მითხრა, გელოდითო.

_უკეთ გამოიყურებით,_ვუთხარი ღიმილით.

_დრონი წავლენ და წამოვლენ, ფერს იცვლის ყველაფერია…

_იცით ალბათ თქვენზე დავწერ…

_ვისი დახასიათებაც გინდა, ჯერ უნდა იმას კარგად იცნობდე, მისი გარემოება, ავი და კარგი შეგნებული გქონდეს, რომ განაჩენიც სამართლიანი გამოდგეს.

_და თუ ადამიანებზე არ ვწერ?… ვთქვათ ცხოვრებაზე ვწერ, ბუნებაზე…

_ვინაც ბუნების ავი და კარგი შეიგნო, იმას არ გაუძნელდება ცხოვრების ვითარების გაგება. მხოლოდ უნდა მწერალი უყურებდეს ცხოვრებას, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, ბუნების თვალით…

_მე ვაჟკაცობაზეც ვწერ, თქვენ რას ფიქრობთ, რა არის ვაჟკაცობა?

_ვაჟკაცობა ის არის, კაცმა მტერი მოკეთედ გაიხადოს, თორე მოკეთე რო გადაიმტეროს, ეგ რა ბიჭობაა.

_საიდან მოდის ვაჟკაცობა?..

_გულიდან!_ასეთი პასუხი მოსალოდნელი იყო, მაგრამ რატომღაც დავიბენი და ხმა ვერ ამოვიღე. მწერალი თვითონ შემეშველა და მითხრა:

_ხომ იცით მონობაშიც არწივი ას წელს ვერ ცოცხლობს, ხოლო თუ თავისუფალია, ორასსაც გადაჭარბებს. არ გინახავს ქათამზე ნადირობის დროს დატუსაღებული ქორი? დიაღ, როცა უკვე თავისუფლებაში აღზრდილ ქორს, თავისუფლებას ჩვეულს, ატუსაღებს ვინმე, იგი ერთ კვირასაც ვერა სძლებს მონობაში და კვდება. რამ მოკლაო რომ იკითხოთ, “გულმაო” _ გიპასუხებენ.

_მონობას სხვადასხვანაირად ეგუება ადამიანი… მდიდარს მეტი უნახავს, თავადი შეჩვეულია თავისუფლებას… გლეხს ასე არ გაუჭირდება დათმობა… მესმის თავისუფლება ყველას უყვარს, მაგრამ თუ არ იცი ეს რაა, მაშინ მას ვერც დაკარგავ…_ვცადე შეკამათება.

_ნუ ეძებთ იქ თავისუფლებას, სადაც ცხოვრებას ისევ საფუძვლად წოდებრივი განსხვავება აქვს დადებული, საცა ყველას განურჩევლად წოდებისა და გვარიშვილობისა, არ ეძლევა საშუალება პატიოსანი შრომით მოიპოვოს პური არსობისა, საცა შრომა ღირსეულად არ ფასდება, საცა არ არის თანასწორად განაწილებული ცოდნა, ქონება._ არ დამითმო მან.

_გაუნათლებელი კაცი შეიძლება თავისუფალი იყოს? თუმცა მე არ ვგულისხმობ მაინცდამაინც გლეხს, წერა_კითხვის უცოდინარს…_ვერ ვისვენებდი, მაგრამ პასუხიც ჯეროვანი მივიღე.

_ჩვენში და რუსეთში ჯერაც არ გამოლეულა იმისთანა განათლებული, შავს რომ თეთრს უწოდებს და თეთრად მიაჩნია და თეთრი შავად. საკვირველია ეს ჩემთვის, ვგონებ რომ შენთვისაც, ჩემო კარგო, მაგრამ არც კი უნდა გვიკვირდეს, დიაღ, არ გაგიკვირდება, თუ იმ აზრს წავიმძღვარებთ წინ, რომ ყველას ერთნაირი საღი ტვინი და გრძნობა არა აქვს, ყველა ერთნაირს წრეში არ აღზრდილა, ერთს და იმავე პრინციპზე, და მტკიცედ არ დარწმუნებულა, რომ თვითეულ ჩვენგანის ბედნიერება მთელი ქვეყნის ბედნიერებასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. აი, სწორედ ამის გამო ხდება ეს ზნეობრივი და გონებრივი სიმახინჯე.

_გლეხებში და ღარიბ ხალხში რატომ არ ვრცელდება განათლება?

_უბირი გლეხი თავის ცოდნას, თავის გამოცდილებას, თავის ძალ_

ღონეს არა ჰზოგავს, დილიდგან მოყოლებული საღამომდე წელებზე ფეხს იდგამს, რომ აცხოვროს თავი და ცოლ_შვილი, გაუძღვეს ამასთანავე ათასნაირს ხარჯს და სხვა.

_როგორ გგონიათ გლეხს არ სჭირდება რაიმე სულიერი საზრდო?…

_როგორ არა, ეტყვის მკითხავი, სადმე ხატისას_კურატით უნდა მიხვიდე და ილოცოო, იმდენს თავში ქვას იხლის, ტანზე პერანგს აღარ შეირჩენს, საითაც იქნება, თუ თვითონ არა ჰყავ, იყიდის, და ხატ_ღმერთთან კი პირშავად არ გამოვა, და არც თავის სინდისთან არის პირშავი, რის გაკეთებაც შეუძლიან, აკეთებს.

_არ არის ეს ყალბი?

_როგორც ეხერხება თავის ხშირად ყალბი გრძნობის დაკმაყოფილება, ისე აკმაყოფილებს; რაც აზრი და რწმენა აქვს, იმისდაგვარად შესაფერისად იქცევა, და მას სრულ ადამიანად ჰქმნის.

_ბოლო კითხვას დაგისვამთ, განათლებული ინტელიგენტი ჯობია, თუ პატიოსანი გლეხი?…

_ეს დილემაა…

მეგონა მწერალი კიდევ მეტყოდა რამეს, მაგრამ ფიქრებში წავიდა და აღარაფერი უთქვამს… ვეღარ გავბედე მისი შეწუხება და წამოვედი.

ჩემი დრო ამოიწურა. თუ არ დავბრუნდებოდი, იფიქრებდნენ, რომ მანქანამ არ იმუშავა და მე ვეღარ შევძლებდი დაბრუნებას. ვჩქარობდი, მაგრამ ერთი წუთით არ მავიწყდებოდა ის, რაზეც მსოფლიოს უდიდეს მწერალს ვესაუბრე.

დავბრუნდი. დავბრუნდი მაგრამ სული და გული წარსულში დამრჩა, შორეულ წარსულში, სადაც მე და ვაჟა_ფშაველა თავისუფლებასა და ბედნიერებაზე ვსაუბრობდით…

Advertisements

8 thoughts on “თავისუფლებასა და ბედნიერებაზე….(ინტერვიუ ვაჟა-ფშაველასთან)

  1. ეს შენ დაწერე არა? აი , ძალიან, ძალიან მომეწონა…
    თან მგონი შენს ბლოგზე პირველად ვარ, 2 პოსტი წავიკითხე ჯერ და მომეწონა აქაურობა 🙂 ყველგან შევიხედავ ახლა 🙂

    Like

  2. არაფრის… 🙂 ძალიან მომეწონა… თან რა ორიგინალურად და კარგად მოგიფიქრებია! დიდი ლაიქი შენ 🙂

    Like

  3. რა კარგ რაღაცეებს წერ 🙂 პირველად ვარ შენთან და მომეწონა ძალიან!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s