სასუფეველთან ახლოს…

ოთახში ნერვიული მიმოსვლა შეწყვიტა და ფანჯარას მიუახლოვდა. გალაკტიონმა დაძაბულობის ზღვარს მიაღწია.

_ასეთი ქალი უბედურებაა. თუ მას არ უყვარს სიმშვიდე და მყუდროება…- გალაკტიონმა ამოისუნთქა და რაღაც მოიშორა თავიდან, _ ჩემი უკანასკნელი სიყვარული გედის სიმღერა იყო იმ უკანასკნელ ბედნიერების…

გაჩუმდა. საწოლთან მისული ისევ შემობრუნდა. აფეთქების ხელახალი ტალღისთვის მოვემზადე.

მან კი ვითომც არაფერიო, მშვიდად მითხრა:_ მე მგონია შენ ერთადერთი არსება ხარ დედამიწაზე რომელსაც ჩემი უბედურება გულს ატკენს, – და საწოლზე ჩამოჯდა.

_ნუთუ… – დავიწყე მე, მაგრამ მის მზერას ვერ გავუძელი და გავჩუმდი.

მხოლოდ მისი სტრიქონები წამოტივტივდა თავში:

“წვიმის წვეთები დასცურავენ ფანჯრის მინებზე,

ქარი ვედრებით კარებთან დგას:_გამიღეთ კარი!

რა ადრე გაჰქრა გაზაფხულის მზიანი ჩრდილი,

რა ადრე გაჰქრა ჩემი ყრმობა, ჩემი სიზმარი!”

_ადრე არ ყოფილა… – ჩაილაპარაკა და ისევ გაჩუმდა…

ყელის ძარღვები დაებერა, მკერდი მძიმედ აუდ-ჩაუდიოდა, ხელები უკანკალებდა… მაგრამ ამის შემჩნევა არ შემეძლო, ეს მე არ მეხებოდა…

შემომხედა. თვალებიც ჩამუქებოდა… დაუმთავრებელი წინადადებების კორიანტელი ჩანდა ამ თვალებში… ორნი ვიყავით მხოლოდ, მე და გალაკტიონი.

ახლოვდებოდა აღმაფრენის წამი.

სადღაც ყვავის ავისმომასწავებელი ხმა გაისმა. გალაკტიონი შეკრთა, მოიბუზა. ფანჯარას ორივემ ერთდროულად გავხედეთ.

მარტის სუსხი ოთახის ყოველი კუნჭულიდან იპარებოდა… მაგრამ ახლა სიცივე მეტისმეტად მატერიალური იყო იმისთვის, რომ ვინმეს შეემჩნია. აყვავებული ტყემალი შეუმჩნევლად ირხეოდა და ფანჯრის მინებს ეხებოდა… ძლიერდებოდა ქარი და მატულობდა ხმაურიც…

“ანგელოზს ეჭირა გრძელი პერგამენტი, მწუხარე თვალებით მიწას დაჰყურებდა…” პერგამენტს ებარა სასოებაც და იმედგაცრუებაც…

_ამაოდ დაგენდე…- მისი მზერა უფსკრულებს აღწევდა, ძნელი იყო მისთვის თვალის გასწორებაც და თავის არიდებაც… დამატყვევებელი მზერა ჰქონდა… ჩაგიჭერდა თავის კლანჭებში და მკაცრი გამომეტყველებით დაგამუნჯებდა. იყო მკაცრი, მაგრამ ამ სიმკაცრეში აუხსნელი ლმობიერება იხატებოდა.

“ქართა მორევში დაეშვა ფარდები.” ოთახი ბინდის საბურველმა მოიცვა. “საღამო ნელდება და კვდება ვარდები…” კუთხეში, სასთუმალთან იყო ყვავილები ჩემთვის. არ მინდოდა, მაგრამ ყოყმანის უფლება არ მქონდა.

_საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას, სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი?.. – ეს იყო კიდეც და არც იყო კითხვა.

მე უნდა მეპასუხა.

მე მისი სიკვდილი, ვისი სიტყვებით ვუპასუხებდი, თუ არა გალაკტიონის… შთამბეჭდავია. სიკვდილზეც წინასწარ იცოდა… თუმცა არაფრის შეცვლა არ შეეძლო.

კითხვებს სვამდა გალაკტიონი და თავადვე პასუხობდა.

_”აქ ხილულ ოცნებას თან სდევენ ჯადონი. აქ გული მონაა და თანაც ბატონი…”

_რატომ ყველაფერი ასე რთულად?

თურმე ყველა კითხვაზე არ ჰქონია პასუხი…

_ეს შენი პოეზიაა, შენი იდილია, შენი ომი და შენი მშვიდობა…

_ეს ჩემი ჭრილობაა… – ნაღვლიანად მითხრა და წამოდგა.

ფანჯარასთან მივიდა. ვიფიქრე რომ დადგა დრო და წამოვდექი. ის კი უცებ მოტრიალდა და წამოიძახა:

_მე პოეზიამ დავიწყების ცელს ამარიდა!

_შენ მიზეზს ეძებ… – მეც გამიკვირდა.

_მიზეზი არსებობისა, ნიჭისა და მიზეზი მისთვის!

_”და მეც მოვკვდე სიმღერებში ტბის სევდიან გედად, ოღონდ ვთქვა თუ ღამემ სულში როგორ ჩაიხედა,”- გამახსენდა მე.

_ნიჭი?! – ჩამეკითხა დაჟინებით.

გონება დავძაბე და გავიხსენე: _”თუ სიზმარმა ვით შეისხა ციდან ცამდე ფრთები და გაშალა ოცნებათა ლურჯი იალქნები…”

_და მიზეზი მისთვის, – ამოისუნთქა და მხრები გაუბედავად გაშალა.

_”ბედი რომელიც მე არ მეღირსა, -ქარს მიჰყვებოდა როგორც ნამქერი.” – უჩუმრად ჩავილაპარაკე და ზურგი ვაქციე.

_ჰო, – თქვა და ამოიოხრა.

ბედს შეგუებულს მაინც არ ჰგავდა. სიჩუმემ დიდხანს გასტანა…

ეს სიჩუმე დიდხანს ყვიროდა. საშველად უხმობდა პოეზიას, მაგრამ “სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა…” ულმობელ სიკვდილს ბავშვის სახე ჰქონდა, და “ამ გზაზე ზღაპარია მგოსანთ სითამამე.”

გალაკტიონი ჩუმად იყო, მაგრამ მისი გული ყვიროდა. მისი სახე მშვიდი იყო, მაგრამ თვალები ღელავდნენ…

არადა როგორ შფოთავდა წუთის წინ… არ მომეწონა ეს უეცარი გარეგნული სიმშვიდე, როგორც ზღვაზე იცის ხოლმე ქარიშხლის წინ…

ბოლო ერთი იყო, საშველი არსად ჩანდა. მაგრამ ბრძოლა მომიწევდა. ბრძოლა მისი სულისთვის. ბრძოლა გალაკტიონთან. ბრძოლა იმისთვის რაც უკვე ჩემი იყო, მაგრამ მას ეს არ სჯეროდა.

ღამდებოდა. მე ვჩქარობდი ის კი არა. მე მინდოდა, მას კი არა. მე მჯეროდა, მე ვფიქრობდი და მე შევიშალე. გალაკტიონი კი არა…

ცარიელ სუფრაზე როდი ლოცულობენ.

მივუხლოვდი. მისი სუნთქვა ყურს მჭრიდა. ჩემი სიგიჟე, ჩემი ფიქრი და ჩემი თავდაჯერება მას გადავეცი. მან კი არ მიიღო.

ქარმა დაუბერა. ფანჯარაც გაიღო. ვუყურებდი მიმავალს და არ მტკიოდა. ვედრება დავინახე მის თვალებში. არც მაშინ შემცოდებია.

თავს ვირწმუნებდი რომ ეს ჩემი ვალი იყო.

ფანჯრის რაფაზე ასულმა უკანასკნელად გამომხედა და მის თვალზე ცრემლმაც გაიბრწყინა.

თვალები დავხუჭე. ამოსუნთქვის ხმა მომესმა. ერთი… ორი… სამი…

ქარმა კიდევ უფრო მძლავრად დაუბერა. ტყემლის ტოტები ფანჯრის მინაზე ახმაურდნენ.

ქვემოთ გადახედვის შემეშინდა. თუმცა მაინც მეტკინა…

რაფაზე ოთხი გრძელი ნაკვალევი ჩანდა. მაინც მაჯობა. გალაკტიონის მოკვლა უკვე შეუძლებელი იყო…

მან მარადისობა მოიპოვა…

Advertisements

9 thoughts on “სასუფეველთან ახლოს…

  1. აუ სოფო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე, გავოცდი. ვაჟაზეც კი მქონდა წაკითხული, მარა ეს განსაკუთრებით მომეწონა…

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s